საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური ტრენინგების მიმართულებით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

9 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს საგარეო უწყებების თანამშრომლობას დიპლომატიური ტრენინგების მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში, დიპლომატიური ინსტიტუტი და ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია შეძლებენ აქტიურ თანამშრომლობას დიპლომატების პროფესიული განვითარების მიმართულებით. თანამშრომლობა ითვალისწინებს ექსპერტების, სასწავლო მასალებისა და საინფორმაციო პუბლიკაციების ურთიერთგაზიარებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, გორდან გრლიჩ რადმანმა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში ხორციელდება.