ინსტიტუტის შესახებ
2011 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ შეიქმნა სასწავლო ცენტრი, რომელიც 2012 წელს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა, ხოლო 2014 წელს, მიენიჭა გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, ლევან მიქელაძის სახელი. 2018 წელს სასწავლო ცენტრს კვლევითი და ანალიტიკური მიმართულება დაემატა და დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.
ინსტიტუტის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კერად ჩამოყალიბება.
ინსტიტუტი საქმიანობას ძირითადად ორი – სასწავლო და კვლევითი მიმართულებით ახორციელებს. სასწავლო მიმართულება აერთიანებს გრძელვადიან სავალდებულო პროგრამებს, ასევე მოკლევადიან კურსებს/ტრენინგებს და სემინარებს, ხოლო ანალიტიკური მიმართულება გულისხმობს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ანალიტიკური პროდუქტის შექმნას და მიწოდებას დაინტერესებული მხარეებისთვის.
ინსტიტუტის მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დასაქმებული სხვა საჯარო მოხელეები, ასევე, სტუდენტები, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. ინსტიტუტის სამიზნე აუდიტორია მოიცავს აგრეთვე საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს.
ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური
სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი
ლევან მიქელაძე – გზის გამკვალავი
ხანგრძლივი საბჭოთა პაუზის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საგარეო საქმეთა სამინისტრო 1992 წელს გაიხსნა. ცხადია, მის თავდაპირველ გუნდს გზის გამკვალავის ფუნქცია ერგო – საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა და საერთაშორისო ურთიერთობების აწყობა, მოკავშირეების შემოკრება და მათთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება. შესაბამისად, გამადიდებელი შუშის ქვეშ დიპლომატები აღმოჩნდნენ, რომელთა მოხერხებულობასა და სიზუსტეზეც იყო დამოკიდებული გზის გაკვალვა და, შესაბამისად, გუნდის გამარჯვება. ლევან მიქელაძე მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.