პროგრამები
უცხოელებისათვის

დიპლომატიური ინსტიტუტი გთავაზობთ სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს,
რომელიც საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატებისთვისაა განკუთვნილი.

პროგრამა
„საქართველოს შესახებ“

დიპლომატიური ინსტიტუტის ეს პროგრამა, საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენი მთავარი მიზანია, პროგრამის მონაწილეებს უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, საკუთარი თვალით დავანახოთ ქართული კულტურა და ხელშესახები გავხადოთ მისი საუკუნოვანი ისტორია.

პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება და მოიცავს როგორც სალექციო ფორმატის შეხვედრებს, ისე ტურებს ქალაქის კულტურულ ცენტრებში. მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოისმინონ ლექციები ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა საქართველოს ევროპული წარსული, ქართული დიპლომატიის ისტორია, ქართული ლიტერატურა დასაბამიდან დღემდე, თბილისის ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობა, საქართველოს მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობა და სხვა.

სტუმრობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდსა თუ ოკუპაციის მუზეუმში, ხელოვნების სასახლეში, ტურები ძველ თბილისსა და მის გარეთ – ყველაფერი ეს საგულდაგულოდ შეირჩა, რათა ჩვენი ქვეყნის ისტორია თავისი კულტურული ცხოვრებითა და ამბებით, გასტრონომიული მიღწევებითა თუ პოლიტიკური ციებ-ცხელებით, კურსის მონაწილეთათვის გაცოცხლდეს და თითოეული მათგანისათვის დასამახსოვრებელ მოგზაურობად იქცეს.

პროგრამა „საქართველოს შესახებ“ ყოველ წელს, იმართება. მისი ხანგრძლივობა 1 თვეა და მასში მონაწილეობა უფასოა.

ქართული ენის კურსი
უცხოელებისათვის!

თუ ხართ საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატი, მოგბეზრდათ თქვენთვის გაუგებარ ენაზე საუბრების მოსმენა, ქუჩაში ონლაინლექსიკონით სიარული და უარს არ იტყოდით, ქართულად გამოგეთქვათ თქვენი მოსაზრება ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე, ამის გაკეთება ახლა უკვე თავისუფლად შეგიძლიათ. ჩვენი ინსტიტუტი და ენის სკოლა, ქართული ენის შემსწავლელ სპეციალურ კურსს გთავაზობთ, რომელიც უძველეს ქართულ ენას და მის არც ისე მარტივ გრამატიკას, სრულიად უფასოდ შეგასწავლით.

კურსზე მსურველთა მიღება ყოველი წლის სექტემბერში ხდება. დეტალური ინფორმაციისთვის კი, შეგიძლიათ ჩვენ დაგვიკავშირდეთ: 032 294 40 05 (2392)

ძალიან მოკლედ ქართულ ენაზე:

ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი ენაა, რომელიც ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით თარიღდება. ენა ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ ბუნებრივია, რომ დროთა განმავლობაში მან ცვლილება განიცადა, როგორც სალაპარაკო, ისე წერით ფორმებში და დღეს, რა თქმა უნდა, არქაული ქართული ენით აღარავინ საუბრობს. ჩვენს ანბანში სულ 33 ასოა და რამდენიმე მათგანის სწორად გამოთქმას, თქვენგან საკმაო ძალისხმევა და მონდომება დასჭირდება. მართალია, ითვლება, რომ მისი სწავლა არც ისე მარტივია რთული გრამატიკის გამო, თუმცა, ძალიანაც ნუ შეშინდებით, მეორე მხრივ, ჩვენს ენაში რაღაცები საკმაოდ გამარტივებულიცაა – ყველაფერი ისე იკითხება, როგორც იწერება და ჩვენს ენას მამრობითი და მდედრობითი ფორმები არ გააჩნია.

2016 წელს იუნესკომ ქართული ანბანის სამი სახეობა – ასომთავრული, ნუსხური და მხედრული, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.