22-24 ივლისს, უნგრეთის დიპლომატიური დიალოგის პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის დიპლომატიურმა აკადემიამ ახალგაზრდა ქართველი დიპლომატების სასწავლო ვიზიტს უმასპინძლა.
ვიზიტის პირველ დღეს მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნგრეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, მიკლოშ ლენგიელმა. პროგრამის ფარგლებში ლექციები დაეთმო საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, უნგრეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, უნგრეთის საგარეო ეკონომიკურ და სავაჭრო პოლიტიკას, ენერგეტიკულ პოლიტიკას, ასევე, უნგრეთის დიპლომატიური აკადემიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების გაცნობას.
სალექციო შეხვედრებთან ერთად, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ უნგრეთის პარლამენტის შენობა და დასწრებოდნენ კულტურულ ტურებს.
ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდა დიპლომატებს საქართველოს საელჩომ უმასპინძლა. მონაწილეებს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ირინა ცერცვაძე შეხვდა და საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, მათი საქმიანობის სპეციფიკა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნო.
ახალგაზრდა დიპლომატებთან ერთად, სასწავლო ვიზიტს ესწრებოდა დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი, ირინე დახუნდარიძე, რომელმაც უნგრულ მხარეს მადლობა გადაუხადა გულითადი მასპინძლობისთვის და საინტერესო პროგრამის ორგანიზებისთვის და დიპლომატიურ აკადემიებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და უნგრეთის დიპლომატიურ აკადამიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის 3 დეკემბერს გაფორმდა.