ზაალ მარგველაშვილი – ახლო აღმოსავლეთის ახალი სამშვიდობო შეთანხმებები

დოკუმენტის გადმოწერა

ავტორი: ზაალ მარგველაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი

სექტემბერი, 2020

15 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენჯამენ ნეთანიაჰუმ, არაბთა გაერთიანებული საამიროების (საამიროები) საგარეო საქმეთა მინისტრთან შეიხ აბდულაჰ ბინ ზაიედთან და ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა მინიტრთან აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანთან ერთად აღნიშნეს სამშვიდობო შეთანხმებების დადება ისრაელსა და ამ ორ არაბულ საახელმწიფოს შორის. კერძოდ, ისრაელსა და საამიროებს შორის დაიდო “აბრაჰამის შეთანხმებებად“ წოდებული „ხელშეკრულება მშვიდობის, დიპლომატიური ურთიერთობების და სრული ნორმალიზაციის შესახებ“, ხოლო ისრაელსა და ბაჰრეინს შორის დაიდო შეთანხმება „მშვიდობის გამოცხადების შესახებ“.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ შეთანხმებებს „ისტორიის კურსის შემცვლელი“ უწოდა, რამდენადაც აქამდე ასეთი შეთანხმებების დადება წარმოუდგენელი ჩანდა, რადგან არაბული სამყარო, რომელიც მხარს უჭერდა პალესტინელებს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში, უარს ამბობდა სამშვიდობო შეთანხმებები დაედო ისრაელთან, ისრაელ -პალესტინის კონფლიქტის მოგვარებამდე.
გამონაკლის წარმოადგენდა ისრაელ – ეგვიპტის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც დაიდო 1979 წელს და დაასრულა ამ ორ ქვეყანას შორის 1948 წლიდან მიმდინარე ომი და ისრაელ – იორდანიის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც დაიდო 1994 წელს და დაასრულა ამ ორ ქვეყანას შორის დავები ტერიტორიებისა და წყლის რესურსების შესახებ. მან ასევე დააკანონა იორდანიის ვალდებულება, რომ იორდანიის ტერიტორია არ იქნებოდა გამოყენებული მესამე სახელმწიფოების მიერ ისრაელზე თავდასხმისათვის.

დოკუმენტის გადმოწერა