მიხეილ უკლება და ზაალ მარგველაშვილი – კორონავირუსის პანდემია და მისი გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე

დოკუმენტის გადმოწერა

ავტორები: მიხეილ უკლება და ზაალ მარგველაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარები

აპრილი 2020

2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უჰანში აღმოცენებულმა ახალმა კორონავირუსმა და მისი გლობალური გავრცელებით გამოწვეულმა პანდემიამ მომდევნო თვეებში მნიშვნელოვანწილად შეცვალა საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგი და ამ პანდემიასთან ბრძოლა გახდა მთელი მსოფლიოს და მათ შორის წამყვანი სახელმწიფოების ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი. სხვა ფაქტორებთან ერთად ეს განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებაა, ადვილად ვრცელდება და ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა მოწყვლად ჯგუფებს, როგორიცაა ხანდაზმული მოსახლეობა და პირები, რომლებსაც აქვთ თანამდევი მძიმე, ქრონიკული დაავადებები. ამასთან, დაზღვეული ამ დაავადებისაგან და მისი მძიმე შედეგებისგან არც ერთი ჯგუფი არაა. აღსანიშნავია, რომ ჯერ არ არსებობს ახალი კორონავირუსის პროფილაქტიკისა და მკურნალობის საშუალება და მეცნიერებს სჭირდებათ გარკვეული დრო მის შესაქმნელად.
კორონავირუსის პანდემია არ ცნობს საზღვრებს და ვრცელდება სამყაროს თითქმის ყველა ნაწილში. მის მნიშვნელობას და გავლენას ადასტურებენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ გაკეთებული კვლევები, შეფასებები და მიღებული ზომები. საფრთხის შემცველია აგრეთვე ის ფაქტი, რომ უკვე ადგილი აქვს ამ ვირუსით განმეორებით დაავადების ფაქტებს და შესაძლოა გავრცელდეს კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა.
კორონავირუსის პანდემიას, მიუხედავად მისი გლობალური გავრცელებისა, ჯერჯერობით არ გამოუწვევია რაიმე შესამჩნევი გეოპოლიტიკური ცვლილებები, თუმცა მკვეთრად გაამძაფრა არსებული საერთაშორისო ურთიერთობები და მათ ახალი დინამიკა შესძინა. მან ასევე მოიტანა მრავალრიცხოვანი ადამიანური მსხვერპლი და მთელ სამყაროს უბიძგა, რომ მისი დაძლევისაკენ მიემართა მნიშვნელოვანი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსები. კორონავირუსის პანდემიამ ასევე მოითხოვა საზოგადოების უპრეცენდენტო მობილიზაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან შეზღუდვების დაწესება და უფრო აქტიური ურთიერთქმედება სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის.

დოკუმენტის გადმოწერა