ზაალ მარგველაშვილი – უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში
ავტორი: ზაალ მარგველაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი
ნოემბერი, 2019
უსაფრთხოება და სტაბილურობა წარმოადგენს წინაპირობას სტაბილური განვითარების, გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებში წარმატებული ინტეგრაციის და შავი ზღვის რეგიონში და შავი ზღვის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მდგრადი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
ცივი ომის პერიოდში, შავი ზღვა „დაყოფილი“ იყო ერთი მხრივ, თურქეთის რესპუბლიკას, როგორც ნატო-ს წევრს და მეორე მხრივ, ყოფილ საბჭოთა კავშირს და ვარშავის პაქტიდან მოკავშირეებს – ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკას და რუმინეთის სოციალისტურ რესპუბლიკას შორის. შესაბამისად, შავი ზღვის უსაფრთხოება ეფუძნებოდა ძალთა და ინტერესთა ბალანსს ნატო-ს და საბჭოთა ვარშავის პაქტს შორის.
ცივი ომის დასრულების შემდეგ, შავი ზღვის რეგიონში, სტრატეგიული ბალანსი შესამჩნევად შეიცვალა. ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების რამდენიმე ტალღის მეშვეობით, შავი ზღვის რეგიონში, თურქეთის რესპუბლიკასთან ერთად, ნატო-ს ორი ახალი წევრი ქვეყანა გამოჩნდა, რომლებიც ამავდროულად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იყვნენ: ბულგარეთის რესპუბლიკა და რუმინეთი. ნატოში გაწევრიანების შემდეგ, მათი უსაფრთხოება, მათ შორის, გარანტირებულია ვაშინგტონის ხელშეკრულებით და ნატოს შესაძლებლობებით.
აღნიშნული ისტორიული მოვლენების შედეგად, შავის ზღვის როლი და გეოპოლიტიკური ეკონომიკური მნიშვნელობა შესამჩნევად გაიზარდა. შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს და უკრაინას მიენიჭათ ახალი გეოპოლიტიკური როლი, ახალი შესაძლებლობები და ახალი გამოწვევები.
წინამდებარე ნარატივი, მიზნად ისახავს, შავი ზღვის რეგიონში, ძალთა ბალანსის და უსაფრთხოების მექანიზმების შესახებ, განვითარების პროცესის გაანალიზებას.