
ზაალ მარგველაშვილი – თურქეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა და კონფლიქტი სირიაში
ავტორი: ზაალ მარგველაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი
თებერვალი, 2020
საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის არეალის უსაფრთხოება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული როგორც თავად ამ რეგიონში, ისე მიმდებარე რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე. ამ თვალსაზრისით საკვანძო სახელმწიფო თურქეთის რესპუბლიკაა, რომელიც გადის როგორც შავ ზღვაზე, ისე ხმელთაშუა ზღვაზე და რომელზეც უშუალოდ აისახება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკა რეგიონში იყო აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლო მოკავშირე, მაგრამ ფეტულა გულენთან და რუსული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ს-400-ის შეძანასთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო შეიმჩნევა თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობების „გაცივება“, რაც ამცირებს აშშ-ს გავლენას რეგიონში. კვლავ „გაყინულ“ მდგომარეობაშია, თურქეთ – სომხეთის ურთიერთობები, რასაც იწვევს თურქეთის რესპუბლიკის პრინციპული უარი აღიაროს სომეხი ხალხის გენოციდად პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენები და თურქეთის რესპუბლიკის თანამიმდევრული მხარდაჭერა აზერბაიჯანისთვის, სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში თურქეთის რესპუბლიკა რჩება პალესტინელთა ერთგულ მხარდამჭერად. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკა ტრადიციულად ცდილობს ბალანსი დაიცვას ურთიერთობებში დასავლეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის.
თურქეთის რესპუბლიკა განლაგებულია პოლიტიკურად და ეკონომიკურად მოწყვლად არეალში, რაც ძირითადად განპირობებულია შავი და ხმელთაშუა ზღვებისა და მათ მოსაზღვრე რეგიონებში მიმდინარე დრამატული პროცესებით.