ზაალ მარგველაშვილი – სომხეთ – აზერბაიჯანის კონფლიქტი

ავტორი: ზაალ მარგველაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი

ოქტომბერი, 2020

2020 წლის 27 სექტემბერს გამწვავდა კონფლიქტი საქართველოს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მთიანი ყარაბაღისა და მის გარშემო არსებული 6 რაიონის გამო, რომლებიც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში იყო ოკუპირებული სომხური შეიარაღებული ძალების მიერ, რუსეთის მხარდაჭერითა და დახმარებით. ამ კონფლიქტის შედეგად დღემდე აზერბაიჯანის დარჩენილ ტერიტორიაზე მთიანი ყარაბაღიდან და მის მიდებარე ტერიტორიებიდან დევნილი მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს, რაც ქვეყანას უქმნის დიდ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა სახის სირთულეებს.
საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს არც მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას და არც მის მიმდებარე 7 რაიონზე სომხეთის იურისდიქციას. უფრო მეტიც, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ ცნობს თავად სომხეთიც. საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობის კვალდაკვალ, მხარს უჭერს აზებაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ურღვევობასა და სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას.
სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს მრავალი მიზეზი აქვს. 1991 წელს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა რესპუბლიკამ, რომელიც იყო აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში და რომლის მოსახლეობის უმრავლესობასაც შეადგენდნენ ეთნიკური სომხები, გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ამ კონფლიქტის წარმოშობაში გარკვეული როლი ითამაშა დემოგრაფიულმა ფაქტორმა, თუმცა გარდა ამისა, იმ პერიოდში სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაცია შედიოდა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისა და ძალოვანი სტრუქტურების ინტერესებშიც, რადგან მოკავშირე რესპუბლიკებში ძლიერდებოდა ეროვნული მოძრაობები და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა ცდილობდა მათზე კონტროლის შენაჩუნებას სხვადასხვა ეთნოსებს შორის შუღლის ჩამოგდებითა და მათი ურთიერთდაპირისპირებით. შესაბამისად, საბჭოთა ხელმძღვანელობამ და მოგვიანებით მისმა სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციამ არ მიიღეს ქმედითი ზომები არა მარტო ამ კონფლიქტის, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე წარმოშობილი სხვა კონფლიქტების პრევენციისა და დარეგულირების მიზნით. უფრო მეტიც, მათ ხელი შეუწყვეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მათ მიერვე ინსპირირებული კონფლიქტების გაღვივებას, თუმცა ფორმალურად აცხადებდნენ მათ მიმართ ნეიტრალურობას, მხარი დაუჭირეს ამ კონლიქტებში მათთვის უფრო ლოიალურ მხარეს და შექმნეს რამდენიმე ე.წ. „გაყინული კონფლიქტი“, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებდნენ ზეწოლას ამ კონფლიქტებში მონაწილე სახელმწიფოებზე.