ზაალ მარგველაშვილი – ბრექსიტის ძირითადი გამოწვევები და საქართველო
ავტორი: ზაალ მარგველაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი
ნოემბერი, 2019
სადღეისოდ, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს „ბრექსიტად“ წოდებული პროცესი, რომლის ფარგლებშიც დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ცდილობენ შეათანხმონ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის მომავალი ურთიერთობების მოდალობა და პირობები.
თავად ბრექსიტი წარმოიშვა როგორც დიდი ბრიტანეთის შიდა პოლიტიკური პროცესების ნაწილი იმ ფონზე, როდესაც როგორც თავად დიდ ბრიტანეთში, ისე მთელ რიგ ევროპულ სახელმწიფოებში აღინიშნებოდა ეკონომიკური ზრდის შენელება. დიდ ბრიტანეთს ამ დროს ჰქონდა მნიშვნელოვანი ფინანსური დეფიციტი და მაშინდელი კონსერვატორი პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის მთავრობას მოუწია მთელი რიგი იძულებითი რეფორმების გატარება, რათა შეემცირებინა ბიუჯეტის დეფიციტი, სოციალური დაცვის სისტემების შესუსტებისა და ეროვნული ფოსტის პრივატიზების ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში ასეთივე ეკონომიკური კრიზისი შეეხო საბერძნეთს, ესპანეთსა და პორტუგალიას და გერმანიამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ კრიზისების დაძლევაში, თუმცა ამ კრიზისის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იყო ევროკავშირის ე.წ. „მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა“ (severe austerity), რომელსაც თავდაპირველად მხარს უჭერდა გერმანიის მთავრობა. გარდა ამისა, კრიზისით მოცული ქვეყნები აცხადებდნენ, რომ საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მიზნით საჭირო იყო ევროკავშირის ეფექტიანობის ზრდა, პირდაპირი დემოკრატიის შესაძლებლობების უფრო ფართო გამოყენებით, ევროკავშირის რეგულაციებისა და მართვის სტილის გამარტივებითა და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით.