„რუსეთის რევიზიონისტური საგარეო პოლიტიკის ევოლუცია დასავლეთთან ურთიერთობების ფონზე: განმაპირობებელი ფაქტორები და სამომავლო საფრთხეები“ – მერაბ ანთაძე, გიორგი ყარალაშვილი
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული, რუსეთის ფედერაციის საგარეო, ისევე როგორც იდეოლოგიური კლიშეებით გაჯერებული, საშინაო პოლიტიკა ემსახურებოდა ერთ მთავარ მიზანს – საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძვლის ეტაპობრივად მოშლას და ახალი, კრემლისათვის მისაღები მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას.
რუსეთში მიმდინარე მოვლენების ანალიზის საფუძველზე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კრემლის მიერ წარმოებული საგარეო და საშინაო პოლიტიკა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, წარმოადგენს ერთიანი, მიზანმიმართული ქმედებების ერთობლიობას, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა პუტინის 22 წლიანი მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბებული რეჟიმისა და არსებული ხელისუფლების დაუბრკოლებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.