„ მონაცემთა გზამკვლევი გლობალური განვითარების რაკურსში – სტატისტიკა, ინდექსები, რეიტინგები“ – მიხეილ უკლება, ნუკრი თავაძე

მონაცემთა მეცნიერება დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მოთხოვნადი მეცნიერებაა. სტატისტიკური მონაცემები, ინდექსები და რეიტინგები ხშირად გამოიყენება საერთაშორისო კვლევებში და გვაძლევენ საერთაშორისო მოვლენების შეფასებისა და ანალიზის შესაძლებლობას. ცნობილი გახდა გამოთქმა ’’მონაცემები ახალი ნავთობია’’ და რომელთა დამუშავებისა და სწორად გამოყენების გარეშე შეუძლებელია გლობალურ სამყაროში გახდე კონკურენტუნარიანი და მიაღწიო წარმატებას.

დღეს საერთაშორისო და ეროვნული სტატისტიკური მონაცემთა ბაზები მოიცავს გლობალური და რეგიონული განვითარების ყველა ასპექტს. ამ სტატისტიკური მაჩვენებლების წყაროდ გვევლინება საერთაშორისო უნივერსალური, რეგიონული და ეროვნული ორგანიზაციები. ამასთან, საერთაშორისო კვლევებისთვის და ანალიზისთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია გლობალური ინდექსები და რეიტინგები.

2020 წელს, დიპლომატიურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია „მონაცემთა გზამკვლევი გლობალური განვითარების რაკურსში“ (მიხეილ უკლება, ნუკრი თავაძე), რომელიც მოიცავდა 140 სტატისტიკურ წყაროს, ინდექსსა და რეიტინგს, მათ შორის: 50 სტატისტიკური წყაროს, 65 ინდექსს და 25 რეიტინგს. მოცემული ნაშრომის ავტორებმა დაპირებისამებრ დღეისათვის განაახლეს პუბლიკაცია, რომელიც უკვე მოიცავს 169 სტატისტიკურ წყაროს, ინდექსს და რეიტინგს. ’’მონაცემთა გზამკვლევი გლობალური განვითარების რაკურსში’’ იძლევა მოცემულ წყაროებთან დაკავშირებისა და მონაცემების გადმოტვირთვის საშუალებას ინგლისურ ენაზე. მონაცემთა გზამკვლევი განთავსდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ გვერდზე და გაგრძელდება პერიოდულად მისი განახლება.