მამუკა ციხელაშვილი მიხეილ უკლება – აშშ-ჩინეთის ურთიერთობები მსოფლიოში მიმდინარე გლობალური გამოწვევების ფონზე

ავტორები: მამუკა ციხელაშვილი და მიხეილ უკლება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები

ივლისი 2020

პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა მთელს მსოფლიოს. დაწყებულია გლობალური მშპ-ს სწრაფი ვარდნა და მიმდინარე ღრმა რეცესია აჭარბებს ყველა მანამდე არსებულ ეკონომიკურ კრიზისებს ბოლო 150 წლის განმავლობაში. მსოფლიო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა უფრო ნეგატიური პროგნოზი 2020 წლის მსოფლიო ეკონომიკის ვარდნასთან დაკავშირებით, 2020 წლის აპრილის თვის პროგნოზთან შედარებით (3,0%), ვარდნა შეადგენს 4,9%. ასევე 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა უფრო ნელა აღდგება, ვიდრე ვარაუდობდნენ (5,4%, ნაცვლად 5,8%-ისა). მსოფლიო ეკონომიკის მთლიანი დანაკარგი 2020-2021წწ. შეადგენს 12 ტრლნ აშშ დოლარს. ყოველივე ამას ასაბუთებენ პანდემიის გამო შექმნილი გაურკვევლობის მაღალი დონით. მსოფლიო ბანკი პროგნოზირებს ყველაზე მძიმე რეცესიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მათი ოპტიმისტური პროგნოზით 2020 წელს მსოფლიოში ეკონომიკური ვარდნა შეადგენს 5,2%, ხოლო პესიმისტური პროგნოზით – 8,0%. OECD პროგნოზით მსოფლიო ეკონომიკა შემცირდება 2020 წელს 6,0%-ით. ხოლო 2021 წელს გაიზრდება 5,2% იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსი დაექვემდებარება კონტროლს, ხოლო კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში 2020 წელს ეკონომიკა შემცირდება 7,6%, ხოლო 2021 წელს გაიზრდება 2,8%.

აშშ-მ და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა დაადანაშაულეს ჩინეთი, რომ მან არ მოახდინა კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დროული შეტყობინება, რათა მიეღოთ შესაბამისი ქმედითი ზომები. 2

ჩინეთმა ჩაკეტა ჰუბეის პროვინცია და დედაქალაქი უჰანი დანარჩენი ჩინეთისგან და პარალელურად არ აუკრძალა ჩინელებს მოგზაურობა მსოფლიოში და ამით ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას. თანაც ჩინელების მტკიცებით ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადაეცემოდა. აგრეთვე სახეზე იყო ჩინეთის მცდელობა, საწყის ეტაპზე, აშშ-სთვის დაებრალებინა ვირუსის გავრცელება, რამაც ზიანი მიაყენა ჩინეთის იმიჯს.