კონსტანტინე ჟღენტი – რუსეთის საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში. ხედვა საქართველოდან

ავტორი: კონსტანტინე ჟღენტი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი (2019 წლის სექტემბრამდე)

თებერვალი 2019

სტატიის მიზანი, პირველ რიგში, იმის შესწავლაა, თუ რას ემყარება მოლოდინები რუსეთის „დემოკრატიული მომავლის“ შესახებ: რუსული რეალობის ღრმა ცოდნას თუ დასავლეთის „რეალპოლიტიკით ნაკარნახევ სურვილებს“? ასევე შევეცდებით 21-ე საუკუნეში რუსული პოლიტიკის პროგნოზირებას, ძირითადად – პოსტ-საბჭოთა სივრცეში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართულ-რუსული ურთიერთობების გამოცდილებიდან გამომდინარე.

ეს ურთიერთობები, ორმხრივის გარდა, მრავალმხრივ რეგიონულ ინტერესებს ემყარება, რასაც განაპირობებს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის სამხედრო-სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა, არამედ მის მიმართ არსებული მზარდი საერთაშორისო ინტერესიც.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის მომავალთან დაკავშირებული მთავარი კითხვა, როგორც წესი, მის საშინაო პოლიტიკას უკავშირდება: როგორ განვითარდება რუსეთის მმართველი სისტემა? რამდენად შესაძლებელია, ის უფრო დემოკრატიული და ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული გახდეს?

ამგვარი ცვლილების გარეშე, გვაქვს კი საფუძველი, რუსეთის საგარეო პოლიტიკაში არსებით და სტრატეგიულ ცვლილებებს ველოდოთ?