დავით აფციაური – სარტყელი და გზა – “ჩინეთის ინიციატივა, როგორც გლობალური ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მოდელი”

ავტორი: დავით აფციაური, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი (2019 წლის აგვისტომდე)

ივლისი, 2019

შეიძლება თუ არა, ინიციატივა „სარტყელი და გზა“ მივიჩნიოთ გლობალური ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ და პერსპექტიულ მოდელად?

არგუმენტები სასარგებლოდ:

• ინიციატივა „სარტყელი და გზა“ ღიაა ყველა პოტენციური მონაწილისთვის და ეფუძნება თავისუფალ არჩევანს თანამშრომლობის გადაწყვეტილების შესახებ.

• დღეს, საერთაშორისო ურთიერთობების გლობალურ ჩარჩოში, დავების ახალ ტალღას ვაკვირდებით: აშშ-ჩინეთი (ვაჭრობის სფერო), აშშ-რუსეთი (უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია, ეკონომიკური სანქციები და სხვა), აშშ-ევროკავშირი (ვაჭრობა, მიგრაციის პოლიტიკა და სხვა), ევროკავშირ-რუსეთი (რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია, ეკონომიკური სანქციები და სხვა); პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებზე ევროკავშირში სხვადასხვა პოზიცია ფიქსირდება უცხოელი პარტნიორების მიმართ, კრიზისი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში და ასე შემდეგ. აღნიშნული ტენდენციები მსოფლიო სტაბილურობას ნაკლებად პროგნოზირებადს ხდის.

• ჩინეთი ცდილობს, ხელი შეუწყოს გამჭვირვალობას და კორუფციასთან მიმართებით აცხადებს ნულოვან ტოლერანტობას, რომელიც ეფუძნება 2019 წლის პეკინის „სარტყელის და გზის“ ინიციატივის ფორუმზე გამოცხადებულ „სუფთა აბრეშუმის გზის“ კონცეფციას.

• ჩინეთმა კარგი მომენტი აირჩია ახალი ინიციატივის გამოსაცხადებლად – 2008 წლიდან საერთაშორისო საზოგადოება მსოფლიო ფინანსური კრიზისის მძიმე შედეგების წინაშე დგას, მათ შორის, აღსანიშნავია, ევროზონის ფინანსური ტურბულენტობა და მსოფლიო ეკონომიკური სტაბილურობის რისკების პრევენციის კუთხით მსოფლიო ბანკის ეფექტიანობის შემცირება.