უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემო და სამხრეთ კავკასიის მზარდი როლი
აბსტრაქტი
უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა გარემომ, სხვა ფაქტორებთან ერთად, დასავლეთისთვის აქტუალური გახადა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება და დღის წესრიგში წინ წამოსწია ე.წ. “შუა დერეფნის” კონცეფცია. შესაბამისად, გაიზარდა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისა და სამხრეთ კავკასიის როლი, რომელთა ირგვლივაც კვლავ ფოკუსირდა გლობალური აქტორების ყურადღება. სამხრეთ კავკასიის რეგიონში, თითოეული ქვეყნის თავისებურების ფონზე, კვლავ შენარჩუნებულია საგარეო პოლიტიკის ეკლექტიკური ხასიათი, თუმცა რეგიონის სამომავლო განვითარება დამოკიდებულია, როგორც სამი ქვეყნის მიერ არჩეულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე, ისე – სხვადასხვა საერთაშორისო აქტორებს შორის დღეს მიმდინარე გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მეტოქეობის შედეგებზე.
მარინე ნარჩემაშვილი
2023 წლის მიუნხენის კონფერენციამ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა: პირველად უახლოეს ისტორიაში ერთად შეიკრიბნენ აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ლიდერები. სესია მიეძღვნა სამხრეთ კავკასიის ცალკეულ ქვეყნებში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რომლებიც რეგიონში შეიქმნა უკრაინაში რუსეთის აგრესიისა თუ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. კონფერენციის მთლიანი კონტექსტი და მასში რეგიონის ამ ფორმით პოზიციონირება მიანიშნებდა რეგიონისადმი დასავლეთის მზარდ ინტერესსა და ფრთხილ მიდგომაზე.1 ეს ერთი მხრივ დაკავშირებულია იმ გაზრდილ უსაფრთხოების რისკებთან, რაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში წარმოიშვა, ასევე ევროკავშირისთვის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებისა და გლობალურ სატრანზიტო მარშრუტებში ცვლილებების აუცილებლობასთან. გაიზარდა ინტერესი სამხრეთ კავკასიის რეგიონის, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული დამაკავშირებელი კვანძის, მიმართ. საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში გააქტიურდა ე.წ. „შუა დერეფნის“ კონცეფცია, სადაც მნიშვნელოვანი წილი სწორედ აღნიშნულ რეგიონს აქვს.
უკრაინაში რუსეთის აგრესიამ განაპირობა რუსეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების საფრთხეთა გადაფასების აუცილებლობა, რაც, ბუნებრივია, აისახა აღნიშნული ქვეყნების, როგორც მოკლევადიან პოლიტიკაზე, ისე – გრძელვადიან ხედვაზე მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით, მათ შორის, რეგიონულ ჭრილში.
ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი გახდა, რომლითაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები – განსაკუთრებით კი აზერბაიჯანი და საქართველო – შეეცადნენ პოზიციონირებას ახალ გლობალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში. ორივე ქვეყანა უკრაინის ომამდეც მრავალი წლის განმავლობაში არწმუნებდა დასავლელ პარტნიორებს ალტერნატიული მარშრუტების აუცილებლობაში.
რაც შეეხება სომხეთს, ერევანი ცდილობს ყარაბაღის საკითხის გადაჭრას და ომის შემდგომ რეაბილიტირებას. ამ ეტაპზე აზერბაიჯანთან წარმოებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ერევნის დღის წესრიგის მთავარი საკითხია, როგორც საგარეო პოლიტიკის, ისე – შიდა დინამიკის გათვალისწინებით.
მიუხედად უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა მოსკოვის ყურადღება სამხრეთ კავკასიის მიმართ არ სუსტდება – კვლავ სახეზეა მისი სამხედრო დომინირება რეგიონში, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე აზერბაიჯან-სომხეთის შეიარაღებული დაპირისპირების შემდგომ გაზრდილი სამხედრო კონტიგენტი. მოსკოვი კვლავ აქტიურია სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებში და ასევე, 2022 წლის 22 თებერვალს, დამატებით აზერბაიჯანთან გააფორმა მოკავშირეობის დეკლარაცია.
აღნიშნული გარემოებების მიუხედავად საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკავშირის მზარდი ინტერესი აზერბაიჯანის ენერგომატარებლების მიმართ და მთლიანობაში დასავლეთის ერთგვარი შემობრუნება რეგიონის საკითხებისკენ აჩენს სამხრეთ კავკასიის თანდათანობითი ტრანსფორმაციის ფრთხილ იმედს, რა დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომის საბოლოო შედეგები, ასევე, სხვა აქტორების პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსები, რომელთა დასახარჯადაც ისინი მზად იქნებიან.
სტატიაში განხილულია უკრაინაში რუსეთის აგრესიამდე სამხრეთ კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკური მოცემულობა, გაანალიზებულია: საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების მნიშვნელობა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები და სამხრეთ კავკასიის მზარდი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური როლი.
უკრაინის ომამდე ორი წლით ადრე საერთაშორისო ყურადღება სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებულმა დაპირისპირებამ მიიპყრო. 44-დღიანი ომი, რომელიც, 1994 წლის შემდეგ კონფლიქტის ისტორიაში ერთ-ერთი უმწვავესი აღმოჩნდა, 2020 წლის 9 ნოემბერს მოსკოვის შუამავლობით დადებული შეთანხმებით შეჩერდა. მალე ცხადი გახდა რეგიონში ძალთა გადალაგების ახალი კონტურები: აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამ კიდევ უფრო გაამყარა არსებული ხელისუფლების ავტორიტეტი და ბაქოს პოზიციები რეგიონში; კონფლიქტის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო მისიით განთავსებამ კიდევ უფრო გაზარდა მოსკოვის ისედაც დიდი სამხედრო წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში; შეთანხმების გაფორმებით სომხეთი დადგა რთული შიდა პოლიტიკური ვითარების, ისევე როგორც ახალ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა აუცილებლობის წინაშე. საქართველომ გამოიყენა მომენტი და, როგორც სამხრეთ მეზობლებს, რომლებთანაც ტრადიციული მეგობრობა აკავშირებს, ისე გლობალურ მოთამაშეებს აჩვენა, რომ გადამწყვეტ მომენტში თბილისს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად; თურქეთს პირველად მიეცა შესაძლებლობა რეგიონში წარმოდგენილი ყოფილიყო სამხედრო მონიტორინგის ჯგუფით; კონფლიქტის ზონაში განთავსდა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაც.
ექსპერტები თავიდანვე აღნიშნავდნენ მოსკოვის შუამავლობით დადებული შეთანხმების მყიფე ხასიათს, რომელიც ემსახურებოდა ცეცხლის შეწყვეტას და არა გრძელვადიან მშვიდობას. კონფლიქტის შედეგები ნათლად წარმოაჩენდა რუსეთის სამხედრო ბერკეტებს ვითარებაზე კონტროლისთვის.2
კონფლიქტის შედეგად, აზერბაიჯანის ძალისხმევით, ანკარას პირველად მიეცა შესაძლებლობა ღიად ჩართულიყო რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში. მან კონფლიქტის ხაზიდან 20 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ასევე განალაგა რუსეთთან ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი.3 ომის დროს აზერბაიჯანი თურქეთისგან, როგორც სტრატეგიული პარტნიორისგან, სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებდა. შესაბამისად, გასაკვირი არ იყო, რომ ბაქო, პროცესში რუსეთის ძლიერი გავლენის დასაბალანსებლად, თურქეთის გააქტიურებასაც მოიწადინებდა. თავის მხრივ, რეგიონში ერთპიროვნული ჰეგემონიის შენარჩუნების დიდი სურვილის მიუხედავად, მოსკოვმაც მისცა ანკარას ამის შესაძლებლობა და გაიმყარა პოზიციები თურქეთთან, რაც მას უფრო მეტად გლობალური გეოპოლიტიკური ჭადრაკისთვის სჭირდება და ეს გამოჩნდა კიდეც უკრაინაში სამხედრო აგრესიის დროს.4 წარმომადგენლობის აღნიშნული დონე ხელს აძლევს თურქეთსაც, რომელსაც აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ისედაც აკავშირებს პარტნიორული ურთიერთობები.
ყარაბაღის ომის შემდეგ იკვეთება სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების საინტერესო კონტურები. ამის ერთ-ერთი მინიშნება იყო მიწისძვრისას ერევნის მიერ ანკარისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარება. მართალია, მიუნხენში პრემიერმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ჰუმანიტარული მიზნით გადაიდგა, მაგრამ აშკარაა, რომ ერევანსა და ანკარას შორის თანდათან მზადდება ნიადაგი ურთიერთობების ცვლილებებისთვის, რისთვისაც ორივე მხარე შესაბამის მომენტს დაელოდება. ე.წ. „კრიზისის დიპლომატიას“ მოჰყვა კონკრეტული შედეგები, მათ შორის, მაღალი დონის შეხვედრა, შეთანხმებები საზღვრის გახსნის, დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ.
ყარაბაღის კონფლიქტმა კიდევ ერთხელ წამოაჩინა, თუ რა გავლენისა და ხასიათის მოთამაშეები არიან რეგიონში ევროკავშირი და აშშ. ჯერ კიდევ შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე ცხადი იყო, რომ მათი მონაწილეობით ეუთოს ფარგლებში არსებულ მინსკის ფორმატს დაკარგული ჰქონდა პროცესებზე ზეგავლენის ბერკეტები. მოსკოვის მიერ მოპოვებული უპირატესობა კი მოითხოვდა ვაშინგტონისა და ბრიუსელის გააქტიურებას. ცხელი ფაზის დასრულებიდან მალევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, შედგა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა, რაც მიანიშნებდა ბრიუსელის ინტერესზე, გავლენა მოეხდინა კონფლიქტის შემდგომ პროცესებზე.5
თუ საწყის ეტაპზე ბრიუსელის მცდელობები სუსტად გამოიყურებოდა (განსაკუთრებით, აზერბაიჯანის პოზიციის გამო), ცეცხლის შეწყვეტიდან ორი წლის თავზე, კონფლიქტის ზონაში, სომხეთის ინიცირებით6 ევროკავშირის მონიტორინგის საკმაოდ წარმომადგენლობითი მისია გამოჩნდა.7 აქვე აღსანიშნავია ბრიუსელის ძალისხმევით მოლდოვაში 2023 წლის 1 ივნისს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში გამართული ლიდერთა მორიგი შეხვედრა, რომელიც, მიუხედავად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლოდინებისა, კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდა. ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომ პროცესებზე ზეგავლენის შენარჩუნებას ცდილობს ვაშინგტონიც, რომელიც არაერთხელ გამოვიდა სამშვიდობო პროცესის შუამავლად, რაც გამოიხატა საერთაშორისო ფორუმებზე სახელმწიფო მდივნის მონაწილეობით გამართული შეხვედრებით, მათ შორის, ვაშინგტონში. ვაშინგტონისა და ბრიუსელის ძალისხმევა მიმართულია მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ, რისთვისაც აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა არაერთხელ გამოხატეს მზაობა.
საგულისხმოა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს როლიც. 2021 წელს, საქართველოს აქტიური ფასილიტაციითა და აშშ-ის მონაწილეობით, კონფლიქტის მხარეებს შორის შედგა გარიგება, რომელიც სამხედრო ტყვეებისა და დანაღმული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის გაცვლით დასრულდა. ამის შემდგომ თბილისმა განავითარა რეგიონის სამშვიდობო პოლიტიკის ხედვა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა წარადგინა „სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივა“, რომლის აქტუალობაც დღითიდღე იზრდება.
საქართველო და აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მალევე ჩაერთნენ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში, რომლებმაც თავიდანვე განსაზღვრა ორი ქვეყნის განვითარების მომავალი და დასავლეთისთვის შექმნა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ალტერნატიული შესაძლებლობები. აღნიშნულმა განსაკუთრებული აქტუალურობა სწორედ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე შეიძინა და დღეს ერთ-ერთ საკვანძო რგოლად იკვეთება ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში.8
ამის დასტური იყო რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მოკლე ხანში ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში9 და ენერგეტიკის სექტორში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმადაც 2027 წლისთვის ბაქომ ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მოწოდება უნდა გააორმაგოს. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მემორანდუმი სრულიად ახალ ფურცელს შლის ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაში.
ევროკავშირის ინტერესი, ბუნებრივია, არ შემოიფარგლება ბუნებრივი რესურსებით. ის ასევე უკავშირდება სამხრეთ კავკასიის გავლით კასპიის ენერგორესურსების გამტარობის ზრდასაც. ამის მორიგი დადასტურებაა საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი შავ ზღვაში მაღალი ძაბვის წყალქვეშა კაბელისა და ქსელის პროექტის შესახებ.
საინტერესოა, რომ წყალქვეშა ელექტროკაბელის იდეა ქართულ მხარეს ეკუთვნის. თბილისი, უკვე მრავალი წელია, ცდილობს, ევროკავშირთან ურთიერთობის კონტექსტში, დაკავშირებადობა პარტნიორობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აქციოს. ჯერ კიდევ 2021 წელს, მომდევნო 10 წლის საგარეო პოლიტიკური ხედვის წარდგენისას, ევროინტეგრაციის მთავარ მიზნებად თბილისმა სწორედ გაწევრიანების განაცხადის გაკეთება (გეგმით 2024 წელს) და ევროკავშირთან დაკავშირებადობის დიალოგის გააქტიურება დაასახელა.10
ენერგოტრანზიტის მიმართ ევროპის ინტერესმა გააქტიურა საქართველოსა და აზერბაიჯანის დიპლომატია ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში,11 ამავდროულად, ქვეყნებმა დაიწყეს ენერგორესურსების მობილიზება. აზერბაიჯანი, რომელიც ბუნებრივად ფლობს გაზისა და ნავთობის მარაგს, საუბრობს მწვანე ენერგიის წარმოების გააქტიურებაზე,12 თბილისს კი, განსაკუთრებით შავი ზღვის პროექტში ჩართვის შემდგომ, გაუჩნდა მწვანე ენერგიის გაზრდის ჯანსაღი ამბიცია საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის გზით.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მათ წინაშე მდგარი სირთულეების, მრავალწლიანი დაპირისპირებებისა და რუსეთის გავლენის ნეგატიური ფაქტორის გათვალისწინებით, ტრადიციულად ვერ ახერხებდნენ რეგიონის ერთიან პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე, თუ არ ჩავთვლით საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ საერთაშორისო პროექტებს. ამას ხელს უწყობდა რეგიონის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის განსხვავებული ხასიათიც, რომელიც, ბუნებრივია, ახლაც დაცულია.
თუმცა ყარაბაღის ომის შედეგებმა, უკრაინაში რუსეთის აგრესიამ და მისმა თანმდევმა პროცესებმა, ერთი შეხედვით, თითქოს შექმნა გადაკვეთის წერტილები სამხრეთ კავკასიის ერთიანი რეგიონული კონტექსტისთვის. სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი უნდა გახდეს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რუსეთის უარყოფითი გავლენის შემცირება და განვითარების შესაძლებლობების მაქსიმალური ძიება.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ენერგორესურსები და მჭიდრო კავშირი თურქეთთან ბაქოს ყველაზე მეტად აძლევს ამბიციური საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის შესაძლებლობას, იგი მაინც ფრთხილად უდგება რუსეთის ინტერესებს რეგიონში. უკრაინაში რუსეთის აგრესიამდე ცოტა ხნით ადრე ბაქომ მოსკოვთან მოკავშირეობის დეკლარაცია გააფორმა.[i]
კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანის მზარდ როლზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს ირანის ფაქტორი და მისი ადგილი სამხრეთ კავკასიის საჭადრაკო დაფაზე. გამომდინარე იქიდან, რომ სანქციების ფონზე ირანისთვის სომხეთი მეტნაკლებად რჩება მისი ინტერესების გამტარად კავკასიის რეგიონში, უნდა ველოდოთ, რომ თეირანი ამ მოკავშირეობას აქტიურად გამოიყენებს, როგორც სატრანზიტო მარშრუტების განვითარების, ისე – რეგიონში შემდგომი პოლიტიკური გავლენისთვის. აღსანიშნავია ასევე ბაქოსა და თეირანს შორის არსებული დაძაბულობა, რომელიც პერიოდულად მწვავდება. აღნიშნული ფაქტორი კი აჩენს ბაქოს მიმართ დასავლეთისა და მისი მოკავშირეების დამატებითი მხარდაჭერის შესაძლებლობას. შესაბამისად, ენერგორესურსებით, სატრანზიტო ფუნქციითა და თურქეთთან კავშირებით, აზერბაიჯანი, მიუხედავად რუსეთის გავლენისა, მომავალშიც განამტკიცებს თავის საერთაშორისო როლს.
ყარაბაღის ომის შემდეგ არსებული პოზიციიდან ერევანი ნამდვილად მიისწრაფვის მშვიდობის, სტაბილურობის უზრუნველყოფისა და სომხეთის მრავალწლიანი იზოლაციონიზმის დასასრულისკენ. ამაზე მიანიშნებს ბევრი ნიუანსი სომხეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, მათ შორის, დასავლეთში იმიჯის განმტკიცების მცდელობა დემოკრატიული პოლიტიკის გზით. ბუნებრივია, მის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ბაზების, ევრაზიული კავშირის წევრობისა და ბევრი სხვა ფაქტორის ფონზე, სომხეთი ამ თვალსაზრისით ყველაზე ნაკლებად მოქნილია. შესაბამისად, ერევანი კვლავ ინარჩუნებს მეგობრულ პოლიტიკას მოსკოვთან. მიუხედავად რუსეთის გავლენის ძლიერი ბერკეტებისა, ერევანი ცდილობს საერთაშორისო პარტნიორებისგან პრაქტიკული ხასიათის მხარდაჭერის მობილიზებას და მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას, როგორც ევროკავშირთან, ისე ვაშინგტონთან თანამშრომლობის გზით; ასევე, პრაქტიკულ დაახლოებას ევროკავშირთან. ერევნის მხრიდან ასევე არა ერთხელ მაღალ დონეზე გაკეთდა განცხადება კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციიდან პოტენციური გასვლის შესახებ.
საქართველომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან მალევე გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობის თაობაზე. თბილისი, რომელიც რეგიონის ქვეყნებიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მედროშე და დასავლეთის სანდო მოკავშირეა, კიდევ უფრო დაუახლოვდა ისტორიულ მიზანს. ევროკომისიისა და შემდეგ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე მართლაც მნიშვნელოვანი შედეგია თბილისის მრავალწლიანი მისწრაფების ფონზე, თუმცა კანდიდატის სტატუსის მინიჭება გარდამტეხი იქნება რეგიონის მიმართ ბრიუსელის პოლიტიკაში. ევროკავშირის დამოკიდებულება რუსული ოკუპაციის პირობებში მყოფ საქართველოსადმი ინდიკატორის როლს შეასრულებს რეგიონის ქვეყნებისთვის და სამომავლოდ შესაძლოა განსაზღვროს კიდეც მათი საგარეო პოლიტიკის „სითამამე.“ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც აშშ-ის მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. შესაბამისად, საქართველოს მხარდაჭერა, მისი საგარეო პოლიტიკური ამბიციების რეალიზაციისა და ქვეყნის განვითარების კონტექსტში, ვაშინგტონის ინტერესშიც უნდა შედიოდეს.
სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალევე, მოსკოვმა აქტიური ნაბიჯები გადადგა თავისი გავლენის განსამტკიცებლად.
სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დასავლეთს დიდხანს არ ჰქონდა გააზრებული საკუთარი სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიის, როგორც „ტერა ინკოგნიტას“ მიმართ, განსაკუთრებით, – 90-იან წლებში. ამან შესაძლებლობა მისცა რუსეთს, კიდევ უფრო გაემყარებინა სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენები რეგიონში. მაშინ სწორედ საქართველომ და აზერბაიჯანმა გააკეთეს ამბიციური განაცხადი – შეესრულებინათ ორი კონტინენტის დამაკავშირებელი სატრანზიტო როლი. საქართველო უფრო შორს წავიდა და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობითა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გაცხადებით სამხრეთ კავკასიაში საფუძველი დაუდო რუსეთის გარდა სხვა გლობალური აქტორების ინტერესის გაძლიერებას.
დასავლეთის რეგიონთან დაკავშირებული გრძელვადიანი სტრატეგიის არარსებობა იმ ფაქტორმაც გამოიწვია, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს არასდროს ჰქონიათ ერთიანი ხასიათის საგარეო პოლიტიკა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მათთვის მთავარ ამოცანად ყოველთვის რჩებოდა მძიმე შეიარაღებული კონფლიქტების დასრულება, ცეცხლის შეწყვეტა და ესკალაციის პრევენცია.
ბუნებრივია, აშშ-მა და ევროკავშირმა მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი რეგიონის ქვეყნების განვითარებას, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ნაკლებად თამამი ნაბიჯები ყოველთვის ქმნიდა იმის განცდას, რომ თითქოს დასავლეთი ცდილობდა, ანგარიში გაეწია რუსეთის ზოგიერთი ინტერესისთვის რეგიონში, განსაკუთრებით – ნატოს გაფართოების მიმართულებით.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგები, რაც დღეს მოსკოვის სრულ იზოლაციასა და სამხედრო თუ ფინანსურ დანაკარგებში გამოიხატება, ერთი შეხედვით, რუსეთის ძლიერი გავლენების მიუხედავად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცვლილებების ფრთხილ იმედს იძლევა.
რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად უმთავრესი იქნება დასავლეთის აქტიური ჩართულობა, თუმცა თავისი წილი პასუხისმგებლობა რეგიონის ქვეყნებმაც უნდა აიღონ. თავისი როლის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიაში დასავლეთიც უნდა აცნობიერებდეს. თბილისის სამშვიდობო ინიციატივა ამ კუთხით მართლაც კარგ შესაძლებლობებს იძლევა და მას მეტი მხარდაჭერა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში საკუთარი გავლენის მოპოვებას დღეს ბევრი გლობალური მოთამაშე ცდილობს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი პლატფორმის არსებობა, რომელიც რეგიონის ინტერესებს მოემსახურება.
საქართველოს შემდგომი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის სამომავლო განვითარების ტრაექტორიისთვის, როგორც მისი გეოგრაფია, რომელიც ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკური ბედის განმსაზღვრელი, ამყოფებდა რა, მას პოლიტიკური ინტერესების კვეთაზე, შესაბამისად მსოფლიოში გეოპოლიტიკური სურათის ცვლილებების შესაბამისად, სამხრეთ კავკასია გლობალურ მოთამაშეთა ინტერესების გზაჯვარედინი ან გზაგასაყარი ხდებოდა.
დღეს სამხრეთ კავკასიაში კვლავ თავი მოიყარა დიდი სახელმწიფოების ინტერესებმა. ამასთან, ბუნებრივია, სამივე ქვეყანა ეძებს გზას რუსული ზეგავლენისგან თავის დასაღწევად, მაგრამ ამ პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია დასავლეთის შემხვედრი ნაბიჯები.
https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2022/10/07/statement-following-quadrilateral-meeting-between-president-aliyev-prime-minister-pashinyan-president-macron-and-president-michel-6-october-2022/ [6] Avetisyan, A. 2023. “EU Parliament calls for OSCE peacekeepers in Nagorno-Karabakh.” OC Media. January 20, 2023. https://oc-media.org/eu-parliament-calls-for-osce-peacekeepers-in-nagorno-karabakh/ [7]European Council/Council of the European Union. 2023. “Armenia: EU launches a civilian mission to contribute to stability in border areas.” February 20, 2023. https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2023/02/20/armenia-eu-launches-a-civilian-mission-to-contribute-to-stability-in-border-areas/ [8] European Commission. 2013. “Gas from Azerbaijan: Commission welcomes final investment decision to extract gas pledged for Europe.” December 17, 2013. https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/IP_13_1271 [9] European Commission. 2022. “Statement by President von der Leyen with Azerbaijani President Aliyev.” July 18, 2022. https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/STATEMENT_22_4583 [10] Garibashvili.ge. n.d. „დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა.“ https://garibashvili.ge/files/ShowFiles?id=35ad53ed-d111-435f-bbe3-adcbafff41c1 [11] Sharifli, Y. 2022. “Azerbaijan Pivot to Central Asia.” Caucasus Watch. November 18,2022. https://caucasuswatch.de/en/insights/azerbaijan-pivot-to-central-asia.html; https://www.gov.ge/news [12] President.az. 2023. “Ilham Aliyev attended the 9th Southern Gas Corridor Advisory Council Ministerial Meeting and 1st Green Energy Advisory Council Ministerial Meeting.” February, 3, 20223. https://president.az/en/articles/view/58807
* მარინე ნარჩემაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი
სარჩევი
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემო და სამხრეთ კავკასიის მზარდი როლი
მარინე ნარჩემაშვილი
„მაკრონიზმი“ – საფრანგეთის ევროპული და გლობალური საგარეო პოლიტიკა
ლიკა ჭიპაშვილი, ირინე ხულუზაური
თურქეთის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა და მედიატორის როლი უკრაინა-რუსეთის ომის კონტექსტში
ეკატერინე მეგრელიშვილი