წინასიტყვაობა

დიპლომატიური ინსტიტუტის ანალიტიკური სტატიების კრებული „საქართველო და საერთაშორისო პოლიტიკა“ მეორედ გამოიცემა და აერთიანებს კონტრიბუციებს საერთაშორისო და რეგიონულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

სტრუქტურული ცვლილებები თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში თვალსაჩინოა. დიდ სახელმწიფოთა შორის გამოკვეთილ მეტოქეობას განმსაზღვრელი შედეგები მოაქვს გლობალური და რეგიონული პოლიტიკისათვის. ამერიკასა და ჩინეთს შორის მეტოქეობა ძლიერდება, როგორც გლობალურ დონეზე, ისე – ინდო-წყნარ ოკეანეთში, ხოლო უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიამ ევროპული უსაფრთხოების სრული გადააზრება გამოიწვია. ევროკავშირის გეოპოლიტიკური იდენტობა კიდევ უფრო გამოკვეთილი ხდება, მათ შორის, ჩინეთთან მეტოქეობისა და გაფართოების პოლიტიკის განახლების თვალსაზრისით. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაძლიერდა სხვადასხვა აქტორის ძალისხმევა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების მიმართულებით.

კრებულის სტატიები სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, რომლის სტატიაც სტუმრის კონტრიბუციის სექციაშია წარმოდგენილი, განიხილავს საქართველოს ინიციატივას მშვიდობიანი სამეზობლოს შესახებ და რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად ქვეყნის ხედვასა და როლს.

ავტორები საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტს ეხებიან. ანა ჩიტალაძე აანალიზებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში არსებული კრიზისის საფუძვლებს და აღნიშნავს, რომ კრიზისის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი რუსეთის მიერ დიდი ძალის სტატუსის მოპოვების სურვილი და საერთაშორისო პოლიტიკის გავლენის სფეროს ჭრილში აღქმაა, რომელშიც პატარა ქვეყნების სუვერენიტეტი შეზღუდულია. დავით პიპინაშვილი მიმოიხილავს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს უსვამს ორ აქტორს შორის გამოკვეთილ ღირებულებით მეტოქეობას, რაც გავლენას ახდენს მათ შორის არსებულ ტრადიციულ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე. ლიკა ჭიპაშვილი მიმოიხილავს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და წარმოაჩენს ევროკავშირის დილემას, გააღრმაოს ინტეგრაცია უკვე არსებულ წევრებთან თუ მიიღოს ახალი წევრები. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ წევრობის განაცხადის წარდგენის ფონზე ავტორი ხაზს უსვამს გაფართოების პოლიტიკის ძირეული განახლების საჭიროებას, რისი პირველი გამოვლინებაც „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება.

აღმოსავლეთ-პარტნიორობის ინიციატივის ცამეტწლოვან მიღწევებსა და გამოწვევებს აანალიზებს ბაია კაპანაძე და აღნიშნავს, რომ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების ევროკავშირის წევრობის განაცხადზე პასუხს გარდამტეხი გავლენა ექნება პარტნიორობის შემდგომ განვითარებაზე. იმედი (ივი) ალშიბაია განიხილავს სამმხრივ სამხედრო პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიას (AUKUS) შორის და მის მნიშვნელობას გლობალურ პოლიტიკაში. მინილატერალიზმის კონცეფციის მოხმობით, ავტორი მსჯელობს საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების დამატებითი ინსტრუმენტების შესახებ.

იმედი მაქვს, რომ განხილული საკითხები და ავტორთა დასკვნები თქვენთვის საინტერესო, დამაფიქრებელი და მრავლისმომცემი იქნება.

*შენიშვნა: ანალიტიკური კრებულის ძირითადი სტატიები შესრულებულია 2022 წლის მაისის მდგომარეობით.

ირაკლი სირბილაძე

ანალიტიკური კრებულის მთავარი რედაქტორი

სარჩევი