წინასიტყვაობა

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის კრებულის – „საქართველო და საერთაშორისო პოლიტიკა“ – მეექვსე გამოცემაში გაერთიანებულ სტატიებში გაანალიზებულია თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები.

გლობალურ პოლიტიკაში დღეს მიმდინარე ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნების მზარდი როლი, ასევე საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევაში რეგიონული გავლენის მქონე სახელმწიფოების მზარდი ჩართულობა. ჩინეთისა და ინდოეთის აღმასვლა აზიის რეგიონს ძალის ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად აყალიბებს, ხოლო ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, იზრდება თურქეთისა და სხვა რეგიონული სახელმწიფოების მნიშვნელობა. ამავდროულად, ახალი გეოპოლიტიკური და გეო-ეკონომიკური რეალობა, ევროკავშირის შიგნით მიმდინარე ინტეგრაციული პროცესები, ასევე ორგანიზაციის წინაშე მდგარი სხვადასხვა გამოწვევები, მათ შორის მიგრაცია, ევროკავშირის იდენტობის ახლებურ გადააზრებს საჭიროებს. ყოველდღიური გლობალური პოლიტიკური მოვლენები აჩვენებს, რომ ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტური კრიზისის წინაშე დგას და მიმდინარეობს ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირება. ახალი წესრიგის ბუნება კი განისაზღვრება, ერთი მხრივ, ძალის ახალ ცენტრებს შორის ინტერაქციისა და, მეორე მხრივ, მიმდინარე ცვლილებებისადმი სხვადასხვა სახელმწიფოების მიდგომების შედეგად.

კრებულის ავტორების კონტრიბუციები საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე მიმდინარე სხვადასხვა, გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად მნიშვნელოვან პროცესებს ეხება. დავით პიპინაშვილი აანალიზებს ინდოეთის მზარდ როლს გლობალურ პოლიტიკაში და ავითარებს მოსაზრებას, რომ მრავალპოლუსიან საერთაშორისო სისტემაში ძალის ერთ-ერთ ცენტრად ჩამოყალიბების ამბიციას  ინდოეთი დასავლეთთან და ჩინეთ-რუსეთთან პრაგმატული, პარალელური ჩართულობის სტრატეგიის წარმოებით ახორციელებს. ლიკა ჭიპაშვილი ესპანეთის ევროპულ პოლიტიკასა და პრიორიტეტებს განიხილავს და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისას, უკრაინისა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მხარდაჭერით, ესპანეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გეოპოლიტიკური და სუვერენული ევროპის მშენებლობის პროცესში. ეთერ ხაბელაშვილი თურქეთის საგარეო პოლიტიკის კონტურებს აანალიზებს და ხაზს უსვამს თურქეთის მისწრაფებას, ჩამოყალიბდეს ძალის დამოუკიდებელ ცენტრად, რისთვისაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის მზარდი მედიატორული იდენტობა,  ბალანსირების პოლიტიკა, მეზობლებთან კავშირების გაძლიერება და ეკონომიკური და ენერგო პოლიტიკის პრიორიტეტიზაცია.

თამარ ჩაჩიბაია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ევოლუციასა და ჰიბრიდული ომის სტრატეგიას განიხილავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მაგალითზე და თვლის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ პარალელურად და მეტნაკლები ეფექტურობით წარმოებულმა საინფორმაციო კამპანიებმა არათუ დააზიანა საქართველოს იმიჯი, არამედ გახდა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის რღვევის ერთ-ერთი საფუძველი. ოთარ ნიშნიანიძე რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი მიგრაციული ნაკადების ფონზე, გერმანიის მიერ ევროკავშირის დროებითი დაცვის დირექტივის ამოქმედებასა და მისი განხორციელების პრაქტიკას განიხილავს და ევროკავშირის პოლიტიკისთვის ამ მოვლენის მნიშვნელობას აანალიზებს.

იმედი მაქვს, რომ ავტორთა ანალიზი და მიგნებები თქვენთვის საინტერესო, ახლის მომცემი და დამაფიქრებელი იქნება.

ირაკლი სირბილაძე

ანალიტიკური კრებულის მთავარი რედაქტორი

სარჩევი