წინასიტყვაობა

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის კრებულის – „საქართველო და საერთაშორისო პოლიტიკა“ – მეხუთე გამოცემაში გაერთიანებულ სტატიებში გაანალიზებულია თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები.

დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკაში ცვლილებები საერთაშორისო, რეგიონულ და სახელმწიფო დონეებზე ერთდროულად მიმდინარეობს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ნატოსა და ევროკავშირის პოლიტიკაში ახალი მიდგომების საჭიროება გააჩინა და ახალი განზომილება შემატა რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს. ამავდროულად, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, სამხედრო აგრესიის გასამართლებლად, რუსეთი აქტიურად იყენებს დეზინფორმაციის კამპანიებს უკრაინის წინააღმდეგ და ცდილობს ევროკავშირის სამი ახალი ასპირანტი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას. მიმდინარე გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მოვლენების ფონზე, გლობალურ დონეზე დასუსტებული რუსეთი ასევე ცდილობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე ზეგავლენის ბერკეტების გაზრდას და ამით მათ საკუთარ გეოპოლიტიკურ ორბიტაზე შენარჩუნებას.

კრებულის ავტორების კონტრიბუციები ამ და სხვა აქტუალურ საკითხებს შეეხება. გიორგი რობაქიძე აანალიზებს ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს ცვალებად იდენტობასა და ორგანიზაციის ტრანსფორმაციის უნარს როგორც ტრადიციული საფრთხეების დღის წესრიგში დაბრუნების, ისე – უსაფრთხოების ახალი გამოწვევების ფონზე. მარიამ განუგრავა განიხილავს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რუსეთის მიერ შემუშავებულ ძირითად დეზინფორმაციულ ნარატივებს როგორც უკრაინის, ისე – საქართველოსა და მოლდოვის მიმართ. ავტორის აზრით, რუსეთის დეზინფორმაციული ნარატივები მიმართულია როგორც შიდა, ისე – გარე აუდიტორიებისადმი და მისი მიზანი რუსეთის სამხედრო აგრესიის გამართლებასთან ერთად, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის დასავლური ინტეგრაციის დაბრკოლებაა. მაკა გურგენიძე ევროკავშირის სტრატეგიულ სექტორებსა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ დებატებზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას განიხილავს. ავტორი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეძლეს რიგ სფეროებში სტრატეგიული ხედვების დაახლოება და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულის შემცირება; ასევე, განახლდა დებატები ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფორმისა და შინაარსის შესახებ.

ლუკა გაწერელია ჩინეთსა და რუსეთს შორის პარტნიორობის ბუნებას განიხილავს და ავითარებს არგუმენტს, რომ ორ ქვეყანას შორის საერთო დღის წესრიგის არსებობის მიუხედავად, ჩინეთის მისწრაფებები და სხვადასხვა დარგებში რუსეთის ჩინეთზე დამოკიდებულების ზრდა ურთიერთობების გაცხადებულ ჰარმონიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

იმედი მაქვს, რომ ავტორთა ანალიზი და მიგნებები თქვენთვის საინტერესო, ახლის მომცემი და დამაფიქრებელი იქნება.

შენიშვნა: ანალიტიკური კრებულის მე-5 გამოცემის სტატიების ძირითადი ნაწილი შესრულებულია 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით.

ირაკლი სირბილაძე

ანალიტიკური კრებულის მთავარი რედაქტორი