წინასიტყვაობა
ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის კრებულის, „საქართველო და საერთაშორისო პოლიტიკა“, მეოთხე გამოცემაში გაერთიანებულ სტატიებში გაანალიზებულია თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. მიმდინარე ომი და მისი შედეგები კვლავაც განსაზღვრავს ევროპული და გლობალური პოლიტიკის ძირეულ ასპექტებს, კერძოდ:
- რუსეთის აგრესიამ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკის ახლებური გააზრება გამოიწვია, უპირველესად რუსეთთან მიმართებით. ამავე დროს გაჩნდა ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისთვის ალტერნატიული, საერთოევროპული პლატფორმის საჭიროება, ასევე ახალი ელფერი შეიძინა ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის შესახებ დებატებმა;
- დასავლეთის ქვეყნები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის აგრესიის დელეგიტიმაციისკენ მიმართულ ძალისხმევას, რაც საჭიროებს სკეპტიკურ, ე.წ. გლობალური სამხრეთის, ქვეყნებთან აქტიური დიპლომატიის წარმოებას;
- რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სამხრეთ კავკასიამ სხვადასხვა საერთაშორისო აქტორის უფრო მეტი ყურადღება დაიმსახურა. მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის მიზანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთმისაღები სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება და ამით რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა.
კრებულის სტატიები ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. მარინე ნარჩემაშვილი, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, სამხრეთ კავკასიის მზარდ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ როლს და რეგიონში სხვადასხვა საერთაშორისო აქტორის ინტერესებს განიხილავს. ავტორი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო აქტორების აქტიურობის ხარისხი და სამი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სამხრეთ კავკასიის სამომავლო განვითარებას. ალექსი იასაშვილი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მაგალითზე დაყრდნობით, საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგსა და ძალის პრიმატს შორის შეპირისპირებაზე მსჯელობს. მისი აზრით, აგრესიასა და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევებზე საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პასუხი საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის შენარჩუნებისა და ლეგიტიმაციის წამყვანი წინაპირობაა. ირინე ხულუზაური და ლიკა ჭიპაშვილი ემანუელ მაკრონის პრეზიდენტობის პერიოდის საფრანგეთის საგარეო პოლიტიკას განიხილავენ და აღნიშნავენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ევროპულ და გლობალურ პოლიტიკაში საფრანგეთის როლი იზრდება, ხოლო რუსეთის მიმართ საფრანგეთის პოლიტიკის თანდათანობითმა ტრანსფორმაციამ ქვეყნის ახალ დღის წესრიგში შეიტანა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მომავლისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა.
ეკატერინე მეგრელიშვილი მიმოიხილავს რუსეთ-უკრაინის ომის კვალდაკვალ თურქეთის ბალანსირების პოლიტიკას და კონფლიქტის მოგვარებაში აქტიური როლის თამაშის მცდელობას. ავტორი აღნიშნავს, რომ თურქეთი მედიატორის როლის მორგებას კვლავ გააგრძელებს, რამდენადაც ქვეყანა ჯერჯერობით ამ მიმართულებით უალტერნატივო ძალად რჩება. ხუტა სალია განიხილავს ნიდერლანდების ევროსკეპტიციზმის საფუძვლებს და, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ქვეყნის „პრაგმატული გამბედაობის“ პოლიტიკას, რაც უკრაინისადმი ძლიერ მხარდაჭერაში გამოიხატა. ავტორის აზრით, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისადმი ნიდერლანდების მიდგომა დაეფუძნება არამხოლოდ გეოპოლიტიკურ არგუმენტს, არამედ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილებასაც. ერეკლე იანტბელიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შექმნის ისტორიასა და პლატფორმის უკვე მიღწეულ შედეგებს განიხილავს. ავტორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისგან დამოუკიდებელია, სახელმწიფოს მეთაურების მონაწილეობამ და პლატფორმის მოქნილმა ფორმატმა, შესაძლოა, ის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიზნების მიღწევის ხელშემწყობ ინსტრუმენტად აქციოს.
იმედი მაქვს, რომ ავტორთა ანალიზი და მიგნებები თქვენთვის საინტერესო, ახლის მომცემი და დამაფიქრებელი იქნება.
შენიშვნა: ანალიტიკური კრებულის სტატიების ძირითადი ნაწილი შესრულებულია 2023 წლის მაისის მდგომარეობით.
ირაკლი სირბილაძე
ანალიტიკური კრებულის მთავარი რედაქტორი
სარჩევი
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემო და სამხრეთ კავკასიის მზარდი როლი
მარინე ნარჩემაშვილი
„მაკრონიზმი“ – საფრანგეთის ევროპული და გლობალური საგარეო პოლიტიკა
ლიკა ჭიპაშვილი, ირინე ხულუზაური
თურქეთის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა და მედიატორის როლი უკრაინა-რუსეთის ომის კონტექსტში
ეკატერინე მეგრელიშვილი