წინასიტყვაობა

დიპლომატიური ინსტიტუტის ანალიტიკური სტატიების კრებულის „საქართველო და საერთაშორისო პოლიტიკა“ მესამე გამოცემა აერთიანებს სტატიებს, რომლებშიც გაანალიზებულია თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენები და გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ პოლიტიკაზე მათი შესაძლო გავლენა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა საფუძვლიანად შეცვალა და გამოკვეთა საფრთხეთა სპექტრი: ომი არა მხოლოდ ადამიანთა სიცოცხლეს და, ზოგადად, უსაფრთხოებას ემუქრება, არამედ გავლენას ახდენს მთელ რიგ სფეროებზე, მათ შორის, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, გარემოზე, ენერგო- და კვებით უსაფრთხოებასა და გლობალურ ვაჭრობაზე. რუსეთის აგრესიულმა ომმა დასავლეთის პოლიტიკის ფუნდამენტური გადააზრება გამოიწვია, მათ შორის, ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და ევროკავშირის, როგორც უსაფრთხოების აქტორის გაძლიერების მიმართულებით. ამავდროულად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მზარდი მეტოქეობა საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი მოცემულობა ხდება, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საერთაშორისო სისტემაში ძალთა ბალანსზე.

კრებულის სტატიები ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებს ეხება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია, რომლის სტატიაც სტუმრის კონტრიბუციის სექციაშია, განიხილავს ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებას და, აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოადგენს ხედვას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მომავლის შესახებ.

კრებულის ავტორები საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა მოვლენებს განიხილავენ და აანალიზებენ. გიორგი რობაქიძე დეტალურად აღწერს და აანალიზებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე დასავლეთის ქვეყნების (ასევე საქართველოს) რეაგირებას და ყურადღებას ამახვილებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის წინაშე მდგარ პოტენციურ გამოწვევებზე. დავით პიპინაშვილი მიმოიხილავს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მეტოქეობას და აღნიშნავს, რომ განსხვავებული ხედვები საერთაშორისო წესრიგის შესახებ ქვეყნებს შორის ცივი ომის სახეს იღებს. ირინე ხულუზაური განიხილავს და აანალიზებს ნატოში აქამდე ნეიტრალური ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესს, ნატოს გაფართოების ამ ტალღის მიმართ რუსეთის რბილი რეაგირების მიზეზებსა და ნატოს სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობას. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, თავდაცვის სფეროში ევროკავშირის ინტეგრაციის პერსპექტივებს განიხილავს ალექსი იასაშვილი და ასაბუთებს, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და თავსებადობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია წევრ ქვეყნებს შორის ამ მხრივ არსებული უნდობლობის გადალახვა. ლიკა ჭიპაშვილი აანალიზებს ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიურობის ხედვის ევოლუციას და ასახელებს იმ ძირითად გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ევროკავშირი დგას სტრატეგიული ავტონომიურობის მიღწევის თვალსაზრისით.

იმედი მაქვს, რომ ავტორთა მიგნებები თქვენთვის საინტერესო და დამაფიქრებელი იქნება და განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ახალ იდეებსა და მოსაზრებებს წარმოშობს.

ირაკლი სირბილაძე

ანალიტიკური კრებულის მთავარი რედაქტორი

სარჩევი