თურქეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები რეჯეფ თაიფ ერდოღანის ახალი ვადით მმართველობის პირობებში

აბსტრაქტი

რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და „სამართლიანობისა და აღორძინების პარტიის“ (AKP) ახალი ვადით არჩევის შემდეგ, თურქეთის სახელმწიფომ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად დაისახა რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების „გადატვირთვა“, ასევე, პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნება სამეზობლოსთან, აშშ-სთან და ევროპის ქვეყნებთან. ხელისუფლებისთვის საგარეო დღის წესრიგის განსაზღვრის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი გახდება თურქეთის ინტერესები სავაჭრო-ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში.

ეთერ ხაბელაშვილი

2023 წლის მაისში, თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მმართველი „სამართლიანობისა და აღორძინების პარტიის“ (AKP) ეგიდით ჩამოყალიბებული კოალიცია „სახალხო ალიანსის“ გამარჯვებით დასრულდა.

ერდოღანის ახალი ვადით მმართველობის პერიოდში, თურქეთის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრა, შესაძლებელია, 2023 წლის აპრილში, AKP-ის მიერ გამოქვეყნებული „საარჩევნო მანიფესტის“1 კონცეფციასა და „თურქეთის საუკუნის“2 სტრატეგიულ დოკუმენტზე დაყრდნობით. ამ მიმართულებით, ასევე, მნიშვნელოვანია 2023 წლის 5-9 აგვისტოს, თურქეთში გამართული „ელჩების მე-14 კონფერენციის“ ფარგლებში, პრეზიდენტ ერდოღანისა3 და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანის4 მიერ გაცხადებული გზავნილები.*

2023 წლის ოქტომბერში, თურქეთის რესპუბლიკას დაფუძნებიდან მე-100 წელი შეუსრულდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ, რესპუბლიკის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შემუშავებული სტრატეგიული ხედვა-„თურქეთის საუკუნე“, ორიენტირებულია შემდეგი მიზნების მიღწევაზე: ეკონომიკური კრიზისის დაძლევა; ექსპორტის ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება; სასამართლო რეფორმების განხორციელება; თავდაცვის სფეროში იმპორტზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება; დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გატარება, რომელიც, მათ შორის, მოიაზრებს რეგიონის ქვეყნებთან თურქეთის დაძაბული ურთიერთობების ნორმალიზებას. ანკარის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი, ასევე, მიმართული იქნება სამეზობლოში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიღწევაზე; სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში თურქეთის, როგორც ძლიერი რეგიონული მოთამაშის როლის განმტკიცებაზე; ეფექტიანი საერთაშორისო სისტემის ფორმირებაში მონაწილეობაზე, რომელიც უკეთ გაუმკლავდება თანამედროვე რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებს.5

სტატიის მიზანია, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და AKP-ის ახალი ვადით მმართველობის პირობებში, მომდევნო ხუთი წლის მანძილზე, თურქეთის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გაანალიზება, სამეზობლოსთან, რეგიონის ქვეყნებთან და დასავლეთთან თურქეთის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებების გამოკვეთა, ასევე, მომავალში, თურქეთის, როგორც ძლიერი რეგიონული აქტორისა და მედიატორის როლის კიდევ უფრო გამყარების შესაძლებლობების განხილვა.

სტატიის „რეგიონული გადატვირთვის პოლიტიკის“ ნაწილი ეთმობა თურქეთის ხელისუფლების მიერ, რეგიონის ქვეყნებთან დაძაბული ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა და მათთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას. სტატიაში, ასევე, ყურადღება გამახვილებულია თურქეთის მიერ გაწეულ მედიაციაზე რუსეთ-უკრაინის ომში და თურქეთის მცდელობებზე, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების დარეგულირების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის. ნაშრომის ფარგლებში, ასევე, განხილულია თურქეთის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა მეზობელ ქვეყნებთან, აშშ-სა და ევროკავშირთან. ხოლო, დასკვნით ნაწილში, საკითხის შეჯამებასთან ერთად, ასახულია თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში გადასადგმელი მოსალოდნელი ნაბიჯები.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, რეგიონის ქვეყნებთან თურქეთის ურთიერთობები საკმაოდ წინააღმდეგობრივ ხასიათს ატარებდა. 2020-2021 წლებიდან, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაიწყო „რეგიონული გადატვირთვის“ პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ეგვიპტესთან, სირიასთან, საუდის არაბეთთან, ისრაელთან, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას.6 აღნიშნული პოლიტიკა, პოლიტიკური კავშირების გამყარებასთან ერთად, სავაჭრო-ეკონომიკური ფაქტორებითაც შეიძლება აიხსნებოდეს  და „თვითკმარი ეკონომიკის“ მიღწევით ქვეყნის ეროვნული ძლიერების უზრუნველყოფას ისახავდეს მიზნად.7

„რეგიონული გადატვირთვის“ ფარგლებში, თანამშრომლობის „ახალი ერა“ დაიწყო თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის. 2021-2022 წლებში, გაიცვალა ერდოღანისა და შეიხ მოჰამად ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანის ვიზიტები. ხოლო, 2023 წელს, ხელი მოეწერა „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას“, რომლითაც, მხარეები გეგმავენ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, დამატებით ნავთობით ვაჭრობის, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის 40 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდას. ამავე წელს, თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში ხელი მოეწერა 13 ხელშეკრულებას, რომელთა ჯამური ღირებულება შეფასებულია 50 მილიარდ აშშ დოლარად.8

ნაბიჯები გადაიდგა საუდის არაბეთთან ურთიერთობების აღსადგენად. 2022-2023 წლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის საუდის არაბეთში რამდენიმე ვიზიტმა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის ისტორიაში შეიარაღების თაობაზე ყველაზე დიდ გარიგებას ჩაუყარა საფუძველი. კერძოდ, ხელი მოეწერა შეთანხმებას მაღალ სიმაღლეზე და შორ მანძილზე მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატ აქინჯის („Akinci“) საუდის არაბეთში წარმოების შესახებ.9 ურთიერთობის ნორმალიზების პროცესზე, ასევე, პოზიტიურად აისახა საუდის არაბეთის 2022 წლის გადაწყვეტილება, მოქალაქეებისთვის თურქეთში გამგზავრებაზე დაწესებული აკრძალვისა და თურქეთიდან შეტანილ პროდუქციაზე არაოფიციალურად დაწესებული ბოიკოტის მოხსნის  თაობაზე.10

2021 წელს, თურქეთსა და ეგვიპტეს შორის გაიმართა დიპლომატიური მოლაპარაკებები, რამაც, ათწლიანი შეჩერებული ურთიერთობები გამოაცოცხლა. ამასთან, 2023 წლის 10 სექტემბერს, ინდოეთში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდალ ფათაჰ ალ-სისის. მეორეჯერ, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა საუდის არაბეთში გამართული „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე გაიმართა. შედეგად, 2023 წელს, თურქეთმა და ეგვიპტემ, ელჩების დონეზე აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები.11

სირიის სამოქალაქო კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტის მიზნით, ოფიციალური ანკარა ჩართულია „სირიის საერთაშორისო მხარდამჭერთა ჯგუფის“, „ჟენევის პროცესის“, თურქეთ-რუსეთ- ირანის სამმხრივი თანამშრომლობის („ასტანის ფორმატი“) პლატფორმებში.

სირიის რადიკალური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების ერთ – ერთ მთავარ ამოცანად რჩება. სხვადასხვა წლებში, თურქეთის სახელმწიფომ განახორციელა სამხედრო ოპერაციები: „ევფრატის ფარი“, „ზეთისხილის რტო“, „მშვიდობის წყარო“, „ზამთრის არწივი“ და სხვა, რომლებიც მიზნად ისახავდა თურქეთსა და მოსაზღვრე ქვეყნებში „ტერორისტული ელემენტების“ აღმოფხვრას.12 თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, ტერორიზმთან ბრძოლის გაგრძელება მომავალშიც მანამ, სანამ თურქეთის საზღვრებთან არ აღმოიფხვრება ეს საფრთხე.

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წელს, მოსკოვში შედგა თურქეთისა და სირიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთა შეხვედრები. ამასთან, ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თუმცა, იქვე დასძინა, რომ ანკარისთვის მიუღებელია ასადის წინაპირობა თურქეთის მიერ, ჩრდილოეთ სირიის დატოვების თაობაზე, რამდენადაც, თურქეთი, იქ ტერორიზმს ებრძვის.13 ამდენად, გამორიცხული არ არის, კვლავ ჩიხში შევიდეს ორ ქვეყანას შორის ნორმალიზების მცდელობები, თუმცა, მოსალოდნელია, სირიელი ლტოლვილების რეპატრიაციის საკითხი დღის წესრიგში დარჩეს.

თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობად, შეიძლება, ჩაითვალოს 2022 წელს, ანკარაში ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის ვიზიტი, რომელიც, პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი იყო 2008 წელს მომხდარი „მავი მარმარას“ ინციდენტის შემდეგ.14 ხოლო, 2023 წლის სექტემბერში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ერდოღანის ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას, მხარეები შეთანხმდნენ ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე.

თუმცა, 2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის განახლებულმა დაპირისპირებამ ისევ ნეგატიური ფონი შესძინა ნორმალიზების გზაზე დამდგარ ორმხრივ ურთიერთობებს. კერძოდ, 25 ოქტომბერს, თურქეთის პრეზიდენტმა დაგმო ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ხოლო, „ჰამასი“ მოიხსენია „განმათავისუფლებელ მოძრაობად“, რომელიც იბრძვის საკუთარი მიწისა და ხალხის დასაცავად“.15 საპასუხოდ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა, რომ ისრაელი თავიდან შეაფასებს თურქეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო შეტევაზე თურქეთის „მკაცრი“ კრიტიკის გამო. ამასთან, კონსულტაციებისთვის გაიწვია თურქეთში ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლები.16 თუმცა, თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საელჩოს თანამშრომლებმა თურქეთი დატოვეს 19 ოქტომბერს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და არა დიპლომატიური დაძაბულობის გამო.17

ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ინტერესებიდან გამომდინარე, კავშირების შემდგომი გაძლიერება ერაყთან თურქეთის პრიორიტეტია.

2023 წლის 22-24 აგვისტოს, ერაყში შედგა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) განიარაღებისა და ქანდილის მთების, სულეიმანიეს რეგიონის, სინჯარის მთების გავლენის არეალიდან მისი განდევნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ფიდანმა გამოთქვა მოლოდინი, ერაყის მხრიდან, PKK-ის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების თაობაზე და ის ერაყისა და თურქეთის „საერთო მტრად“ გამოაცხადა.18 ვიზიტის ფარგლებში, ასევე, აღინიშნა ერაყის ქურთისტანის რეგიონიდან თურქეთში ნავთობის ექსპორტის განახლებისა და ერაყის ქ. ბასრისა და ხმელთაშუა ზღვას შორის, „საკომუნიკაციო გზის“, იგივე, „მშრალი არხის“ სარკინიგზო პროექტის რეალიზაციის მნიშვნელობა.19

თურქეთისთვის მნიშვნელოვანია ლიბიის საკითხიც. 2023 წლის აგვისტოში, „ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში, თურქეთის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს ლიბიაში „მდგრადი მშვიდობის“ შენარჩუნების აუცილებლობა. თურქეთსა და ლიბიის „ეროვნული  თანხმობის მთავრობას“ (GNA) შორის გაფორმებულია შეთანხმებები, ხმელთაშუაზღვის არეალში საზღვაო იურისდიქციის დელიმიტაციის შესახებ, ასევე, ენერგორესურსების მოძიების თაობაზე. ამდენად, ორმხრივ ურთიერთობებში წამყვანი ადგილი უკავია ენერგეტიკის სფეროს. ხმელთაშუა ზღვის არეალში საზღვაო იურისდიქციის დელიმიტაციის შესახებ ხელშეკრულება, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პარალელურად, თურქეთისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საკუთარი ექსკლუზიური ეკონომიკური ზონების გამიჯვნის კუთხით.20

2020 წელს, ლიბიის დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ერთიანი მთავრობის ფორმირების მიზნით მოლაპარაკებების დაწყებამ, ახალი შესაძლებლობა გააჩინა თურქეთსა და აღმოსავლეთ ლიბიას შორის ურთიერთობის დასამყარებლად. 2022 წელს, თურქეთში შედგა აღმოსავლეთ ლიბიის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელის და ხალიფა ხაფთარის მოკავშირის, აქვილა სალეჰის ვიზიტი, რომელიც შეხვდა პრეზიდენტ ერდოღანს და პარლამენტის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფს. 2023 წლის ივნისში, 38 თურქული კომპანიის წარმომადგენელი და 65 თურქი ბიზნესმენი დაესწრო ბენღაზიში გამართულ თურქულ სავაჭრო გამოფენას. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში, თურქეთი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ლიბიის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში.

წლების განმავლობაში, ოფიციალური ანკარა სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ერთ-ერთ წინაპირობად აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და მთიანი ყარაბაღის რეგიონის დაბრუნებას ასახელებდა. შესაბამისად, ყარაბაღის მეორე ომის შედეგებმა, თანამშრომლობის არეალი გაუხსნა ანკარასა და ერევანს. გაიცვალა მაღალი დონის ვიზიტები, მხარეებმა დანიშნეს სპეციალური წარმომადგენლები მოლაპარაკებების პროცესის წარმართვის მიზნით. 2022 წლის 6 ოქტომბერს, პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში, პირველად შედგა ერდოღანისა და ნიკოლ ფაშინიანის ორმხრივი შეხვედრა. ორმხრივი შეხვედრები, ასევე, გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რაც, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების დალაგების მცდელობებს, ასევე, იმპულსს სძენს ე.წ. „3+3 რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი“, რომლის ფარგლებშიც, 2023 წლის ოქტომბერში, ირანში, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ჰაქან ფიდანსა და მის სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს შორის.21

სომხეთთან საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში ორმხრივი თემატიკის პარალელურად, თურქეთისთვის, ასევე, აქტუალობას ინარჩუნებს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი და სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით წარმართვა.

ყარაბაღის მეორე ომის დროს, აზერბაიჯანისადმი გაწეული მხარდაჭერის გათვალისწინებით, ოფიციალური ანკარა, ლეგიტიმურად მიიჩნევს მის ჩართულობას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. 2023 წლის ოქტომბერში, AKP-ის სპიკერმა, ომერ ჩელიქმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომელმაც უარი განაცხადა ესპანეთში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, რომელზეც, მიწვეული არ იყო თურქეთის მხარე.22 ხსენებულმა ფაქტმა ანკარის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა, მომხდარი, დიდი ალბათობით, ხელს არ შეუშლის ანკარა-ერევანს შორის ურთიერთობების დალაგების მცდელობებს.

თურქეთის რესპუბლიკა, მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეფასებით, „მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება სამხრეთ კავკასიაში მუდმივი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად“.23

ყარაბაღის მეორე ომში ჩართულობამ და რუსეთ-უკრაინის ომში გაწეულმა მედიაციამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თურქეთის, როგორც ძლიერი რეგიონული აქტორის როლის განმტკიცებას.

თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი ვადით მმართველობის პირობებში, კიდევ უფრო წინა პლანზე წამოიწევა „დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის“ გატარების საკთხი, რაც, თავის მხრივ, მოიაზრებს რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების „დათბობას“, რეგიონული ბალანსის პრინციპის დაცვასა და თურქეთის თანმიმდევრულ ნაბიჯებს მედიატორის როლის შესრულების მიზნით.

თურქეთის, როგორც მედიატორი ქვეყნის როლის ადრეული გამოხატულება იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი და თურქეთის მიდგომა სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების მიმართ. პოლიტიკურ დონეზე, 2008 წელს და შემდგომაც, თურქეთის ხელისუფლებამ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.24 ამავდროულად, ნიშანდობლივია, რომ რეგიონული ბალანსის დაცვის კონტექსტში, თურქეთის სახელმწიფო, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების დარეგულირებისას, უმთავრესად, მოიაზრებს რუსეთის დაბალანსებას ადგილობრივი ინიციატივებით, საერთაშორისო აქტორების ჩართულობის გარეშე. მაგალითად, რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოვიდა „კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმის“ ინიციატივით,25 რომელიც გულისხმობდა თურქეთისა და რუსეთის დახმარებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. ანალოგიური რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, ე.წ. „3+3 ფორმატი“ შეიქმნა ყარაბაღის მეორე ომის დროს, რომელიც გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და რეგიონზე გავლენის მქონე ქვეყნების-რუსეთის, თურქეთისა და ირანის მონაწილეობას.

თურქეთმა, შეიძლება ითქვას, რომ „ოქროს შუალედი“ დაიკავა რუსეთ-უკრაინის ომის დროს და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, შეძლო, თავი აერიდებინა რუსეთთან კონფრონტაციული ურთიერთობისთვის. კერძოდ, ერთის მხრივ, მკაფიო სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისადმი, დაგმო 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრა და 1936 წლის მონტროს კონვენციის შესაბამისად, დაკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული საბრძოლო ხომალდების გასატარებლად. ამასთან, შეზღუდა რუსული სამხედრო ფრენები თავის ტერიტორიაზე. ხოლო, მეორეს მხრივ, თურქეთი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამავდროულად,  ანკარა-მოსკოვს შორის გაძლიერდა მცდელობები, სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გასაღრმავებლად. მედიაციის კუთხით, ასევე, აღსანიშნავია, პირადად რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობა „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების“ აღდგენის პროცესში. თუმცა, 2023 წლის ივლისიდან, რუსეთმა შეთანხმებაში მონაწილეობა დაასრულა.

მედიაციის სურვილი გამოთქვა ანკარამ 2023 წლის ოქტომბერში, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის განახლებული დაპირისპირების ფონზე. ამასთან, ჰაქან ფიდანმა გამოთქვა ინიციატივა, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტში მხარეთა ვალდებულებების ზედამხედველობის მიზნით საგარანტიო მექანიზმის შექმნის თაობაზე.26 დაპირისპირების განახლების მომენტიდან დღემდე, ოფიციალური ანკარა, აქტიურ დიპლომატიურ კამპანიას აწარმოებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მისაღწევად, თუმცა, რაც შეეხება თურქეთის, როგორც მედიატორი ქვეყნის როლს, „ჰამასის“ ლიდერებთან თურქეთის ოფიციალური პირების მჭიდრო კავშირების მიუხედავად,27 ისრაელთან ისევ გაუარესებული ურთიერთობების გამო, ფაქტია, ამ ეტაპისთვის, ვერ მოხერხდა თურქეთის ჩართულობა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ესკალაციის შემცირების მიზნით.

თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, „თურქეთის საუკუნის“ პერიოდში, სახელმწიფო ორიენტირებული იქნება მეზობელ ქვეყნებთან პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნებაზე და „მეგობრების რაოდენობის გაზრდაზე.“ ერდოღანის სიტყვებით, თურქეთს არავისთან არ აქვს „გადაუჭრელი პრობლემები.“ 28

თურქეთის საგარეო დღის წესრიგში აქტუალობას ინარჩუნებს აზერბაიჯანთან ურთიერთობა, რომელთანაც, თანამშრომლობა ვითარდება „ერთი ერი, ორი სახელმწიფოს“ პრინციპზე დაყრდნობით. ორ ქვეყანას აკავშირებს გლობალური მნიშვნელობის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები. მჭიდროა კავშირი სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, ინვესტიციების მიმართულებით. აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მთავარი ენერგომომმარაგებელი ქვეყანა თურქეთისთვის.

მიუხედავად პოლიტიკურ ურთიერთობებში რყევებისა, რუსეთსა და თურქეთს, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის და ენერგეტიკის სფეროებში,

რუსეთი თურქეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ კოლოსალურ მაჩვენებელს მიაღწია 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთისადმი დაწესებული საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.29 ენერგეტიკის სფეროს მიმართულებით, აღსანიშნავია „თურქული ნაკადისა“  და „აქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის“ პროექტები. 2022 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, გამოთქვა ინიციატივა, თურქეთის ტერიტორიაზე ენერგო ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით,30 რომლითაც, შესაძლებელი იქნება თურქეთის ტერიტორიის გავლით კიდევ უფრო მეტი რუსული ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდება.

ორ ქვეყანას, რიგ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, თუმცა, მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოაყალიბეს თავდაცვის სფეროში. აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობრივი პოზიციის მიუხედავად, 2019 წლიდან, თურქეთის ხელისუფლებამ დაიწყო რუსული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების, S-400-ის თურქეთის ტერიტორიაზე განთავსება.31

ქვეყნებს შორის, განსხვავებები შეიმჩნევა სირიის სამოქალაქო კრიზისის, ლიბიის, უკრაინისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებზე, რომლებიც, წლების მანძილზე წარმოადგენდა რეგიონის ორი ძლიერი მოთამაშის ინტერესისა და დაპირისპირების არეალს. თუმცა, ამ წინააღმდეგობების მიუხედავად, ორი ქვეყანა ახერხებს ბალანსის დაცვას ურთიერთობებში და პრაგმატული თანამშრომლობის გაგრძელებას, საკუთარი ინტერესების დასაცავად.

საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ოფიციალური ანკარა მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ისტორიულ მხარეებს-აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს შემადგენელ ნაწილებად მიიჩნევს. თურქეთი, ასევე, მტკიცეა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ორი ქვეყანა წარმატებულად თანამშრომლობს შემდეგ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე: „ბაქო-თბილისი-ერზერუმი“; „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“; „ბაქო-თბილისი-სუფსა“; „ბაქო-თბილისი-ყარსი“; „TANAP“.

ორმხრივი თანამშრომლობის პარალელურად, წარმატებულია რეგიონულ დონეზე კოორდინაციაც. 2012 წელს, დაფუძნდა აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი ფორმატი, რომელიც, მოგვიანებით გაფართოვდა და მოიცვა თანამშრომლობა თავდაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის, ასევე გენერალური შტაბის მეთაურების დონეზე.

ევროკავშირთან ურთიერთობების 50-წლიანი ისტორიის მანძილზე, თურქეთის ოფიციალური პირები, პერიოდულად, გულისწყრომას აფიქსირებენ თურქეთისადმი ორგანიზაციის მწვავე შეფასებების გამო, რომელიც ეხება თურქეთში, ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიზაციას, სასამართლო სისტემის კუთხით არსებულ პრობლემებს. თუმცა, ანკარისთვის, დღემდე, პრიორიტეტულობას ინარჩუნებს ევროკავშირში ინტეგრაცია. თურქეთის გადაწყვეტილება, ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებაზე ვეტოს მოხსნის შესახებ, განპირობებული იყო ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენის მცდელობითაც.

აშშ თურქეთის სტრატეგიული პარტნიორი და ნატო-ს ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. თუმცა, არსებობს საკითხები, რომლებმაც, ერთგვარად, უარყოფითი ფონი შესძინა ანკარა-ვაშინგტონის თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან-დღემდე, წარუმატებელია თურქეთში მომხდარ სამხედრო ამბოხში, ანკარის მიერ ბრალდებული თურქი თეოლოგის, ფეთულაჰ გიულენის აშშ-იდან თურქეთში ექსტრადიციის მცდელობა. თურქეთ-ამერიკის თანამშრომლობაში, ერთგვარ, „შავ ხვრელად“ რჩება აშშ-ის მიერ, სირიელი ქურთებით დაკომპლექტებული „სახალხო დაცვის ქვედანაყოფების“ (YPG) მხარდაჭერა, რომლებიც, ვაშინგტონისთვის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენენ ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო, თურქეთი, YPG-ის „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ (PKK) აფილირებულად მიიჩნევს.

აშშ-სა და თურქეთს შორის, აზრთა სხვადასხვაობაა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებითაც. ოფიციალური ანკარის უკიდურესი უკმაყოფილება გამოიწვია 2018 წელს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანის ფაქტმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, „უდიდეს შეცდომად“ შეაფასა ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთი იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქია და ერთ დღეს, პალესტინაში თურქეთის საელჩოს ადგილიც გახდება.32

ვაშინგტონსა და ანკარას შორის, უთანხმოება გამძაფრდა 2019 წელს, თურქეთის მიერ, რუსული ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის, S-400-ის შეძენის გამო.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც წინააღმდეგობრივ ხასიათს სძენს ორი ქვეყნის ურთიერთობებს, არის აშშ-ის პოზიცია ე.წ. „სომეხთა გენოციდთან“ დაკავშირებით. კერძოდ, 2019 წელს, აშშ-ის კონგრესმა მიიღო რეზოლუცია,33 რომელიც 1915-1923 წლებში, ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1.5 მილიონი სომხის დახოცვას „გენოციდად“ აღიარებს.34 ამასთან, ჯო ბაიდენი გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელმაც 2021 წლის 24 აპრილს, ოფიციალურად აღიარა „სომეხთა გენოციდი“.35

2023 წელს, თურქეთის მიერ, ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებაზე თანხმობამ, ერთგვარად, პოზიტიური ფონი შესძინა უკანასკნელი წლების განმავლობაში, თურქეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულ ურთიერთობას. მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოხატა მხარდაჭერა, თურქეთისთვის მრავალფუნქციური მოიერიშე თვითმფრინავების, F-16-ის პროგრამაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. 36 2024 წლის 23 იანვარს, თურქეთის პარლამენტმა მოახდინა შვედეთის გაწევრიანების ოქმის რატიფიცირება,37 ხოლო, 25 იანვარს, ოქმი თურქეთის პრეზიდენტის „ოფიციალურ გაზეთში“ გამოქვეყნდა, რის საფუძველზეც, იგი ძალაში შევიდა.38 27 იანვარს, აშშ-ის მთავრობამ მხარი დაუჭირა 23 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების თურქეთისთვის მიყიდვას.39 ზოგადად, თურქეთ-აშშ-ს შორის ურთიერთობები კომპლექსურია და მათი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ორი ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

  • მომდევნო ხუთწლიანი მმართველობის პირობებში, საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრისას, შესაძლებელია, თურქეთის ხელისუფლება დაეყრდნოს რიგ ქვეყნებთან, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროში არსებულ ინტერესს, რამდენადაც, მმართველ გუნდს, 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სახით, კიდევ ერთხელ მოუწევს მოსახლეობის „ნდობის ტესტის“ ჩაბარება. ამდენად, ხელისუფლების მიზანია, რომ გაუმჯობესებული იყოს არა მხოლოდ უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, არამედ ხელშესახები შედეგი იქნას მიღწეული ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც;
  • დიდი ალბათობით, გაგრძელდება მმართველი გუნდის მოქმედება სირიასთან ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით. გაცილებით რთულია ვითარება ისრაელთან მიმართებით. ერდოღანის განცხადებით, ღაზის დაბომბვის პარალელურად, იგი ვეღარ გააგრძელებს საუბარს ნეთანიაჰუსთან. ისრაელის მხარესთან კომუნიკაცია გაგრძელდება საგარეო საქმეთა მინისტრების და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელების დონეზე;40
  • პრიორიტეტულობას შეინარჩუნებს შეურიგებელი ბრძოლის გაგრძელება ერაყიდან და სირიიდან მომავალი ტერორიზმის საფრთხის აღმოსაფხვრელად. ამასთან, გაგრძელდება თურქეთის ძალისხმევა, რათა, სირია აღარ იყოს ISIS-ის ტერორისტული ორგანიზაციისა და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების „თავშესაფარი“;
  • დღის წესრიგში აქტუალობას შეინარჩუნებს პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების მცდელობები, ასევე, „ორი სახელმწიფოს პრინციპის“ („two state solution”) პერსპექტივის შენარჩუნება;
  • თურქეთის სურვილია, მონაწილეობა მიიღოს ლიბიის იმგვარად ფორმირებაში, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური დომინანტობის შენარჩუნებას, ასევე, უზრუნველყოს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის ინტერესების გატარება;
  • მოსალოდნელია, რომ ანკარა-ვაშინგტონის სამომავლო თანამშრომლობის პოზიტიურ ჭრილში განვითარებას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს F-16-ებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. ხოლო, ევროკავშირთან მიმართებით, თურქეთი კიდევ უფრო გაააქტიურებს მუშაობას საბაჟო კავშირის მოდერნიზაციისა და სავიზო დიალოგის განახლების მიზნით;
  • ამბასადორიალის ფარგლებში, ჰაქან ფიდანის განცხადება, რომლის თანახმადაც, „თურქეთ-სომხეთისა და აზერბაიჯან-სომხეთის პროცესების პროგრესი აუცილებელია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის, მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის“,41 კიდევ ერთხელ მიუთითებს მომავალშიც, თურქეთის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მნიშვნელობას, ასევე, სომხეთთან დაწყებული ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაგრძელების პერსპექტივას;
  • რუსეთ-უკრაინის ომმა შესაძლებელი გახადა თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური სფეროს გამოცოცხლება, რეგიონში თურქეთის პრესტიჟისა და გავლენის გასამყარებლად. ამასთან, თურქეთის მიერ გაწეული მედიაციისა და კიევისადმი გამოხატული სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ ომის დასრულების შემდეგ, დაპირისპირებულ მხარეთა მოლაპარაკებების პროცესში, ასევე, ვიხილოთ თურქეთის რესპუბლიკა, რაც, კიდევ უფრო გაზრდის ამ ქვეყნის წონადობას საერთაშორისო მასშტაბით. მოსალოდნელია, რომ ანკარა-კიევს შორის, პერსპექტიული გახდება თანამშრომლობა თავდაცვითი მრეწველობის სფეროში, 2023 წლის 7 ივლისს, ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, „სტრატეგიულ მრეწველობაში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერის გათვალისწინებით;
  • თურქეთში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ, რიგ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის განსაზღვრისას, წამყვან ფაქტორებად მოიაზროს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფერო. უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია დაემთხვა ეკონომიკურ კრიზისს თურქეთში, რამაც, გააღრმავა მოსკოვსა და ანკარას შორის, ხსენებულ სფეროებში არსებული კავშირები. ამდენად, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებისადმი თურქეთის ინტერესმა, ერდოღანის ახალი ვადით მმართველობის პერიოდში, შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო შეუწყოს ხელი რუსეთ-თურქეთის დაახლოებას;
  • დიდი ალბათობით, თურქეთის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნდება საქართველოსადმი განსაკუთრებული ინტერესი, ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი კავშირების გათვალისწინებით. ქვეყნებს შორის, ურთიერთობების ამჟამინდელი დინამიკა გვაფიქრებინებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში არ მოხდა რადიკალური ცვლილებები, გაგრძელდება თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, ასევე, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. ამასთან, აქტუალურობას შეინარჩუნებს მოქმედი სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტები და დღის წესრიგში პრიორიტეტულობას შეიძენს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის, იგივე, „შუა დერეფნის“ ინიციატივა, რომელიც, მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება უძველესი „აბრეშუმის გზის“ აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევაში. დიდი ალბათობით, სავაჭრო ურთიერთობები იქნება წამყვანი სფერო ორმხრივ თანამშრომლობაში, თუმცა, ახლოვადიან პერსპექტივაში, ნაკლებად სავარაუდოა, სავაჭრო ბრუნვის საქართველოს სასარგებლოდ შეცვლა;
  • რეგიონის კონფლიქტების დარეგულირების მიზნით, მოსალოდნელია, რომ თურქეთი კვლავ უპირატესობას მიანიჭებს „რეგიონული პატრონაჟის“ პოლიტიკას და ადგილობრივ ინიციატივებს. ამასთან, წარსულში, თურქეთის მიერ შესრულებული მედიაციის გათვალისწინებით, ერდოღანის ახალი ვადით მმართველობის პერიოდში, გამორიცხული არ არის, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ანკარა რეგიონის სხვა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. ამასთან, საჭიროა მუდმივი დაკვირვება, რომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგეტიკის სფეროში დაახლოების პარალელურად, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები უყურადღებოდ არ დარჩეს;
  • შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით, თურქეთის სახელმწიფოს ისტორიული თვალთახედვა გულისხმობს იმას, რომ შავი ზღვა დაცული უნდა იყოს არამონაწილე ქვეყნებისგან, ანუ რეგიონის გარე ძალებისგან (extra regional powers). რუსეთისგან მომავალი გაზრდილი საფრთხეების ფონზე, 2016 წელს, თურქეთის პრეზიდენტმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ შავი ზღვა „რუსულ ტბად“ გადაქცევის საშიშროების წინაშე დგას, 42 თუმცა, ანკარა მაინც ფრთხილი და დელიკატურია შავ ზღვაში საერთაშორისო წარმომადგენლობის გაზრდასთან დაკავშირებით.
  • შავ ზღვაზე ძალთა ბალანსის რეგულირების საფუძვლად, თურქეთი ეყრდნობა 1936 წლის მონტროს კონვენციას, რომელიც შეზღუდვებს უწესებს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების სამხედრო გემებს, ზღვაში შესვლისა და გაჩერების კუთხით. თურქეთის პრეზიდენტი მუდმივად აპელირებს მონტროს კონვენციის პრინციპების ერთგულებასა და პატივისცემაზე, შესაბამისად, ერდოღანის ახალი ვადით მმართველობის პირობებში, დიდი ალბათობით, შავ ზღვასთან მიმართებით, კვლავ აქტუალურობას შეინარჩუნებს კონვენციის მოქმედების საკითხი.

ერდოღანისა და AKP-ის ახალი ვადით მმართველობის პირობებში, ორიენტირი აღებულია სამეზობლოსთან, რეგიონის ქვეყნებთან, აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების „დათბობაზე“, პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნებაზე, რაც, განხორციელების თვალსაზრისით, რეალურია. თუმცა, მომდევნო ხუთ წელში, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ თურქეთმა სრულად შეცვალოს რიგ ქვეყნებთან არსებული დაძაბული დღის წესრიგი.

ოფიციალური ანკარისთვის პრიორიტეტი იქნება ზომიერი, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გატარება, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს თურქეთის მოზომილ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს მედიატორის როლის შესასრულებლად. თურქეთმა, ეს, წარმატებით შეძლო რუსეთ-უკრაინას შორის გაწეული მედიაციისას და მოსალოდნელია, რომ ოფიციალური ანკარა მომავალშიც შეეცდება ამ კუთხით თავისი როლის გამოკვეთას, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონების სხვა კონფლიქტების მოსაგვარებლად.

მმართველი გუნდისთვის, სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესი იქნება საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, შესაბამისად, „თურქეთის საუკუნეში“, ორმხრივ და რეგიონულ დონეზე ურთიერთობებში, კიდევ უფრო გაძლიერდება სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული და ფინანსური განზომილების მნიშვნელობა.

თურქეთს აქვს ამბიცია, რომ იყოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ქმნიან ახალ საერთაშორისო სისტემას. ხოლო, „თურქეთის საუკუნის“ ხედვის საგარეო პოლიტიკის მიზანია თურქეთის გადაქცევა „რეგიონში მიზიდულობის ცენტრად“, რომელიც დამოუკიდებელია ყოველგვარი საგარეო გავლენისგან. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში, ოფიციალურმა ანკარამ კიდევ უფრო მეტად მოახდინოს პოზიციონირება, არა როგორც პრო-რუსულმა ან პრო-დასავლურმა, არამედ, როგორც დამოუკიდებელმა მოთამაშემ.

[1] Yenisafak 2023. “Ak Party Election Manifesto”. https://www.yenisafak.com/en/secim-2023/akparti-secim-bildirgesi

[2] Daily Sabah 2022. “Right steps for Century of Turkey: AK Party’s election manifesto”. April 26, 2023. https://www.dailysabah.com/opinion/columns/right-steps-for-century-of-turkiye-ak-partys-election-manifesto

[3] Presidency of the Republic of Turkey. “Turkey has become a playmaker in international relation”. August 8, 2023. https://tccb.gov.tr/en/news/542/149028/-turkiye-has-become-a-playmaker-in-international-relations-

[4] Ministry of Foreign Affairs the Republic of Turkey. “Speech by H.E. Hakan Fidan, Minister of Foreign Affairs of the Republic of Turkey at the Opening Session of the 14th Ambassadors’ Conference”. August 7, 2023. https://www.mfa.gov.tr/disisleri-bakani-sayin-hakan-fidan-in-14-buyukelciler-konferansi-acilisinda-yaptigi-konusma–7-agustos-2023.en.mfa

[5] Insight Turkey. “Turkish Foreign Policy at the Turn of the “Century of Turkey”: Challenges, Vision, Objectives, and Transformation”. October 4, 2023. https://www.insightturkey.com/commentaries/turkish-foreign-at-the-turn-of-the-century-of-turkiye-challenges-vision-objectives-and-transformation

[6] Middle East Council on Global Affairs. Policy Paper. “Turkey’s Middle East Reset: A Precursor for Re – Escalation?” August, 2022. https://mecouncil.org/wp-content/uploads/2022/08/MECGA_Policy-Paper_Galip-Dalay_Final-Web.pdf

[7] Ministry of Foreign Affairs the Republic of Turkey. “Speech by H.E. Hakan Fidan, Minister of Foreign Affairs of the Republic of Turkey at the Opening Session of the 14th Ambassadors’ Conference”. August 7, 2023. https://www.mfa.gov.tr/disisleri-bakani-sayin-hakan-fidan-in-14-buyukelciler-konferansi-acilisinda-yaptigi-konusma–7-agustos-2023.en.mfa

[8] Anadolu Agency. Turkey, UAE sign 13 deal worth S50.78B. July 19, 2023. https://www.aa.com.tr/en/middle-east/turkiye-uae-sign-13-deals-worth-507b/2949799

[9] Defence Turk.net. “AKINCI TİHA Suudi Arabistan’da üretilecek”. August 8, 2023. https://www.defenceturk.net/akinci-tiha-suudi-arabistanda-da-uretilecek

[10]   Reuters. “Saudi crown prince, Erdogan meet in Turkey with “full normalization” in sights”. June 23, 2023.

https://www.reuters.com/world/middle-east/saudi-crown-prince-erdogan-meet-turkey-with-full-normalisation-sights-2022-06-22/

[11] Aljazeera. “Turkey and Egypt appoint Ambassadors to restore diplomatic ties”. July 4, 2023. https://www.aljazeera.com/news/2023/7/4/turkey-and-egypt-appoint-ambassadors-to-restore-diplomatic-ties#:~:text=Turkey%20and%20Egypt%20have%20appointed,as%20its%20envoy%20to%20Ankara.

[12] Ministry of Foreign Affairs of the Republic of Turkey. “Relations between Turkey and Syria. Turkey’s approach to the conflict in Syria”. https://www.mfa.gov.tr/relations-between-turkiye%E2%80%93syria.en.mfa

[13] Daily Sabah. “Turkey open to talks with Assad, rejects leaving Syria amid YPG presence”. July 17, 2023. https://www.dailysabah.com/politics/diplomacy/turkiye-open-to-talks-with-assad-rejects-leaving-syria-amid-ypg-presence

[14] BBC News. “Mavi Marmara: Why did Israel stop the Gaza flotilia?” June 27, 2016. https://www.bbc.com/news/10203726

[15] Euronews. “Hamas are not terrorists, says Turkey’s President Erdogan”. October 25, 2023. https://www.euronews.com/2023/10/25/hamas-are-not-terrorists-says-turkeys-president-erdogan

[16] The Times of Israel. “FM Cohen says Israel to reassess ties with Turkey due to “harsh” criticism over Gaza war”. October 28, 2023.  https://www.timesofisrael.com/liveblog_entry/fm-cohen-says-israel-to-reassess-ties-with-turkey-due-to-harsh-criticism-over-gaza-war/

[17] Anadolu Agency. “Israeli diplomats already left Turkey prior to Israeli Foreign Minister remarks”. October 29, 2023. https://www.aa.com.tr/en/middle-east/israeli-diplomats-already-left-turkiye-prior-to-israeli-foreign-minister-remarks/3036461

[18] Aljazeera. “Turkey wants Iraq to designate PKK a “terrorist” organisation: Top diplomat”. August 23, 2023. https://www.aljazeera.com/news/2023/8/23/turkey-wants-iraq-to-designate-pkk-a-terrorist-organisation-top-diplomat

[19]  იქვე.

[20] Anadolu Agency.  “Türkiye – Libya deniz yetki anlaşması Doğu Akdeniz’de hak ve dengeleri güvenceye aldı”. November 26, 2021. https://www.aa.com.tr/tr/gundem/turkiye-libya-deniz-yetki-anlasmasi-dogu-akdenizde-hak-ve-dengeleri-guvenceye-aldi/2431239

[21] Daily Sabah. “FM Fidan, Iranian President Raisi, discuss regional developments”. October 23, 2023. https://www.dailysabah.com/politics/diplomacy/fm-fidan-iranian-president-raisi-discuss-regional-developments

[22] Daily Sabah. “Turkey hails Azerbaijan for refusing to attend Karabakh meeting”. October 4, 2023. https://www.dailysabah.com/politics/diplomacy/turkiye-hails-azerbaijan-for-refusing-to-attend-karabakh-meeting

[23] Daily Sabah. “Turkey hails Azerbaijan – Armenia steps toward normalization”. December 8, 2023. https://www.dailysabah.com/politics/diplomacy/turkiye-hails-azerbaijan-armenia-steps-toward-normalization

[24]   Ministry of Foreign Affairs of the Republic of Turkey. “Political relations between Turkey and Georgia”. https://www.mfa.gov.tr/relations-between-turkiye-and-georgia.en.mfa#:~:text=T%C3%BCrkiye%20strongly%20supports%20territorial%20integrity,and%20sovereignty%20through%20peaceful%20means

[25] RadioFreeEurope. “Turkey revives “Caucasus Initiative”, But Faces Obstacles”. September 05, 2008.         https://www.rferl.org/a/Turkey_Caucasus_Initiative_Obstacles/1196703.html

[26] Hurriyet Daily News. “Turkish FM urges guarantee mechanism is Israeli – Hamas conflict”. Octoberნ 22, 2023.  https://www.hurriyetdailynews.com/turkish-fm-urges-guarantee-mechanism-in-israel-hamas-conflict-187240

[27] Reuters. “Turkey’s Erdogan discussed Gaza with Hamas leader – Turkish Presidency”. October 21, 2023. https://www.reuters.com/world/middle-east/turkeys-erdogan-discussed-gaza-with-hamas-leader-turkish-presidency-2023-10-21/

[28] Presidency of the Republic of Turkey. “Turkey has become a playmaker in international relation”. August 8, 2023. https://www.tccb.gov.tr/en/news/542/149028/-turkiye-has-become-a-playmaker-in-international-relations-

[29] Voice of America. “Russian trade rises despite sanctions, as NATO member Turkey offers “Critical Lifeline”. June 8, 2023. https://www.voanews.com/a/russian-trade-rises-despite-sanctions-as-nato-member-turkey-offers-critical-lifeline-/7128651.html

[30] The New York Times. “Putin Offers to Make Turkey a Gas Hub to Preserve EU Energy Hold”. October 13, 2022. https://www.nytimes.com/2022/10/13/world/europe/putin-russia-turkey-gas-eu-energy.html

[31] Reuters. “Russia confirms is has started delivery of S – 400 missile systems to Turkey: RIA”. July 12, 2019. https://www.reuters.com/article/turkey-security-russia-idINKCN1U7106/

[32] CNN. “Turkey’s Erdogan calls Jerusalem US Embassy move “huge mistake”. May 9, 2018. https://edition.cnn.com/2018/05/09/europe/erdogan-interview-becky-anderson-intl/index.html

[33] The Guardian. “Us House overwhelmingly votes to recognize Armenian genocide”. October 30, 2019. https://www.theguardian.com/us-news/2019/oct/29/us-house-overwhelmingly-votes-to-recognize-armenian-genocide

[34] CNN. “Senate passes resolution to formally “commemorate the Armenian Genocide”. December 12, 2019. https://edition.cnn.com/2019/12/12/politics/senate-armenian-genocide-resolution-passes/index.html

[35] The White House. “Statement by President Joe Biden on Armenian Remembrance Day”. April 24, 2021. https://www.whitehouse.gov/briefing-room/statements-releases/2021/04/24/statement-by-president-joe-biden-on-armenian-remembrance-day/

[36] Financial Times. “US says it “intends to move forward” with transfer of F- 16 jets to Turkey”. July 11, 2023. https://www.ft.com/content/cd8e7cc1-30c8-4b53-a605-8524d5815156

[37] Daily Sabah. “Turkish Parliament approves Sweden’s NATO membership”. January 23, 2024. https://www.dailysabah.com/politics/legislation/turkish-parliament-approves-swedens-nato-membership

[38] Reuters. “Turkey’s Erdogan signs off on Sweden’s NATO membership”. January 26, 2024. https://www.reuters.com/world/middle-east/turkeys-erdogan-signs-off-swedens-nato-membership-ratification-2024-01-25/#:~:text=The%20presidency’s%20communications%20directorate%20said,it%20to%20extract%20certain%20concessions

[39] BBC. “US approves F – 16 fighter jet sale to Turkey worth $23bn”. January 27, 2024. https://www.bbc.com/news/world-us-canada-68115978?fbclid=IwAR0gsnsMgTx-SnXRfxHlKTrcIh-QbMTnDwR9SmlSBUFJOytANMRwOY-xH1Y

[40] The Times of Israel. “Erdogan says he can no longer talk to Natanyahu: We erased him”. November 4, 2023. https://www.timesofisrael.com/liveblog_entry/erdogan-says-he-can-no-longer-talk-to-netanyahu-we-erased-him/

[41]   Ministry of Foreign Affairs the Republic of Turkey. “Speech by H.E. Hakan Fidan, Minister of Foreign Affairs of the Republic of Turkey at the Opening Session of the 14th Ambassadors’ Conference”. August 7, 2023. https://www.mfa.gov.tr/disisleri-bakani-sayin-hakan-fidan-in-14-buyukelciler-konferansi-acilisinda-yaptigi-konusma–7-agustos-2023.en.mfa

[42] Eurasianet. “Erdogan in Plea to NATO says Black Sea has become “Russian Lake”. May 12, 2016.        https://eurasianet.org/erdogan-plea-nato-says-black-sea-has-become-russian-lake

* თურქეთის რესპუბლიკას საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ცალკე დოკუმენტი არ გააჩნია

* ეთერ ხაბელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური რეზერვი

სარჩევი