თურქეთის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა და მედიატორის როლი უკრაინა-რუსეთის ომის კონტექსტში

აბსტრაქტი

დასავლეთის მიმართ არსებულმა მზარდმა უნდობლობამ და რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსის პოლიტიკის ტრადიციამ მნიშვნელოვანწილად განაპირობეს თურქეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ფორმირება, რომელიც ამართლებს მოსკოვთან პრაგმატულ თანამშრომლობას და ამ მიდგომას უპირისპირებს აშშ-ის გლობალურ ჰეგემონიას. რუსეთთან აქტიური თანამშრომლობის პარალელურად, ანკარა განაგრძობს საკუთარი, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური კურსის განმტკიცებას. თურქეთი გახდა უნიკალური მოედანი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის, რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყარა შავ ზღვაში მარცვლეულისა და სურსათის უსაფრთხო ტრანსპორტირების მექანიზმს და ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებების პროცესს.

ეკატერინე მეგრელიშვილი

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები მრავალ საუკუნეს ითვლის, თუმცა მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიუხედავად, ამ ურთიერთობებს ფონად  მეტოქეობა, დაპირისპირება და უნდობლობა გასდევს. რუსეთ-ოსმალეთის ომებისა და  ცივი ომის პერიოდის დაპირისპირებამ განაპირობა გარკვეული დოგმებისა და სტრატეგიული მიდგომების ჩამოყალიბება თურქეთის პოლიტიკურ ელიტებში. ერთი მხრივ, რუსეთი აღიქმება, როგორც სტრატეგიული მეტოქე, რომელიც ცდილობს იყოს დომინანტი ძალა სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში, თუმცა ამავე დროს „დიადი რუსეთის“ ისტორიული პროექცია მას ანგარიშგასაწევი რეგიონული მოთამაშის სტატუსს უნარჩუნებს.1

ბოლო ხანს, განსაკუთრებით კი 2016 წლის ივლისში, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების მიმართ მზარდი სკეპტიციზმის ფონზე, მოსკოვთან თანამშრომლობა ანკარის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. იმის მიუხედავად, რომ 2015-2016 წლები რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე ტურბულენტური პერიოდი იყო, მხარეებმა მოახერხეს ურთიერთობების გარკვეული ნორმალიზება და პრაგმატულ სიბრტყეში დაბრუნება.

სხვადასხვა სფეროებში არსებული წინააღმდეგობრივი ინტერესების მიუხედავად, მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობენ მოსკოვსა და ანკარას შორის უთანხმოებების განტვირთვას. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია თურქეთმა მკაცრად გააკრიტიკა, თუმცა ამ ფაქტს არ გამოუწვევია ანკარა-მოსკოვის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა გააგრძელა თანამშრომლობის გაღრმავება თურქეთთან იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური ანკარა კიევს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს და შეიარაღებას აწვდის. თურქეთიც, თავის მხრივ, უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად, პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან პრაგმატული თანამშრომლობის შესანარჩუნებლად და წარმატებით ბალანსირებს ომში ჩართულ მხარეებს შორის.

სტატიაში განხილულია თურქეთ-რუსეთის ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები: რა გავლენა იქონია შავ და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში ძალთა ბალანსის ცვლილებამ ორმხრივ დღის წესრიგზე? როგორ შეიცვალა ანკარისა და მოსკოვის თანამშრომლობა დასავლეთთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე? რა ფაქტორები განაპირობებს თურქეთის მედიატორულ როლს რუსეთსა და უკრაინას შორის და რა სამომავლო პერსპექტივები აქვს ამ შუამავლურ ძალისხმევას?

ურთიერთობები თურქეთსა და რუსეთს შორის საკმაოდ წინააღმდეგობრივი  და კომპლექსურია. ანკარა და მოსკოვი, ერთი მხრივ, მეტოქეები არიან და ამავე დროს ინარჩუნებენ პრაგმატულ თანამშრომლობას შავი ზღვის, ახლო აღმოსავლეთის და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში საკუთარი გავლენებისა და ინტერესების დასაცავად.  უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ძალთა ბალანსის ცვლილებამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების სტრუქტურაზე. რეგიონში ამერიკული გავლენის შემცირებამ რუსეთს კარტ-ბლანში მისცა ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, სირიაში, საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად. სირიის კონფლიქტში, რომელშიც ბევრი რეგიონული მოთამაშეა ჩართული, რუსეთისა და თურქეთის პოზიციები მკვეთრად ეწინააღმდეგება ერთმანეთს: მოსკოვი მფარველობს ბაშარ ასადის რეჟიმს, ხოლო ანკარა არ ცნობს ასადის ლეგიტიმურობას და ოპოზიციურ ჯგუფებს უჭერს მხარს.

2015 წლის ნოემბერში თურქეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩამოაგდეს რუსული ბომბდამშენი „სუ-24“, რამაც სერიოზული დისონანსი შეიტანა ანკარისა და მოსკოვის ორმხრივ დღის წესრიგში. ამასთანავე, მტრული რიტორიკის გაცვლისა და მომდევნო 7 თვის მანძილზე შეჩერებული პოლიტიკური კონტაქტებისა და გაყინული ეკონომიკური ურთიერთობების შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერი დაუბრუნდა მოლაპარაკებების მაგიდას. სირიაში პოლარულად განსხვავებული სტრატეგიული ინტერესების, „წითელი ხაზების“ და თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ინიციირებული სამხედრო ოპერაციების მიუხედავად, მხარეებს შორის შეიქმნა საკოორდინაციო მექანიზმები და მიმდინარეობს დიპლომატიური დიალოგი ასტანის ფორმატში, რაც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის კონტროლის კუთხით.

2016 წლის ივლისში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის დასავლელი პარტნიორებისგან განსხვავებით, ოფიციალურმა მოსკოვმა პრეზიდენტ ერდოღანის მხარდაჭერა გამოხატა, რასაც, რუსული სამხედრო თვითმფრინავის ინციდენტის შემდეგ, ორი ლიდერის პირველი პირისპირ შეხვედრა მოჰყვა.2

ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობების „დათბობის“ პროცესზე ნეგატიური ზეგავლენა არც 2016 წლის დეკემბერში თურქეთის დედაქალაქში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობას არ მოუხდენია. მომხდარი ფაქტი ოფიციალურმა მოსკოვმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ჩაშლის მცდელობად შეაფასა.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია დაემთხვა ეკონომიკურ კრიზისს თურქეთში, რამაც, პუტინის რეჟიმის მზარდი იზოლაციის ფონზე, დამატებითი ბიძგი მისცა ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას: უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 198%-ით გაიზარდა. საგულისხმოა, რომ თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობის ტრადიციებმა ვაჭრობის გარკვეულ დარგებში ურთიერთდამოკიდებულება და მოწყვლადობა  წარმოქმნა – თურქეთის ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია რუსეთიდან ხორბლის, სიმინდისა და სასუქების იმპორტზე.3 უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, მოსკოვთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების კონტექსტში თურქეთი უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს – ის არის ნატოს ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და არ გააუქმა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა.4

თურქეთსა და რუსეთს შორის მოქმედებს შეთანხმება ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორების შესახებ.5 თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ფათიჰ დონმეზის განცხადებით, 2022 წელს რუსეთის მიერ მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილი თურქეთმა რუსულ ვალუტაში დაფარა, ხოლო მომდევნო თვეებში რუსეთისგან ენერგომატარებლების შეძენისას ეროვნული ვალუტით ანგარიშსწორება კიდევ უფრო გაიზრდება.6

უკრაინა-რუსეთის ომმა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა განაპირობეს რუსული კომპანიების ნაწილის „რელოკაცია“ თურქეთის ტერიტორიაზე: 2022 წელს თურქეთში დაარსდა 729 ახალი რუსული კომპანია, რაც  მნიშვნელოვნად აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მონაცემებს (177 კომპანია).7

თურქეთის ენერგოსექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე. ამასთან, რუსეთი აგრძელებს თურქეთის მერსინის პროვინციაში ბირთვული ელექტროსადგურ „აქქუიუს“ მშენებლობას, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულდეს. პროექტი 100%-ით რუსეთის მიერ ფინანსდება და მისი 49-პროცენტიანი წილი რუსეთის სახელმწიფო ბირთვულ კორპორაცია „როსატომს“ ეკუთვნის.8 ასევე ცნობილია, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები „როსატომის“ მიერ მეორე ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სინოფის პროვინციაში.

რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირის შენარჩუნების მიუხედავად, საერთაშორისო ასპარეზზე ანკარა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს უკრაინული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ რუსეთის ქმედებებს და კიევს შეიარაღებას აწვდის. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, 2022 წელს თურქეთმა უკრაინას მიაწოდა ბაირაქტარის TB2 ტიპის 35 უპილოტო საფრენი აპარატი,  მინიბაირაქტარის  ტიპის 24 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი,  მაღალი სიზუსტის TRLG-230 სარაკეტო სისტემები, რადიოელექტრონული აღჭურვილობა, 200 ქიფრის ტიპის  ჯავშანმანქანები (MRAP), ნაღმმტყორცნები, საბრძოლო მასალები და სხვა.9 ანკარასა და კიევს შორის სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას პერიოდულად გამოხატავენ რუსეთის სათათბირო ორგანოსა და ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, თუმცა რუსეთის პოლიტიკური ელიტის მაღალჩინოსნები ამ დრომდე თავს იკავებენ მტრული რიტორიკისგან.10 ამასთან, თურქეთის გადაწყვეტილება მონტრეს კონვენციის ამოქმედებისა და რუსეთის სამხედრო გემებისთვის სრუტეების ჩაკეტვის თაობაზე მეტყველებს იმას, რომ ანკარა არ დაუშვებს რუსეთის სამხედრო პოზიციების გაძლიერებას შავ ზღვაში.11

ამჟამინდელი ანტიდასავლური სენტიმენტები თურქეთსა და რუსეთში უპირველესად უკავშირდება აშშ-ს. ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუარესება მრავალ ფაქტორითაა გამოწვეული, თუმცა ამერიკის მიერ სირიაში ქურთული შენაერთების მხარდაჭერა და ფეთულა გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნის იგნორირება აშშ-თურქეთის ურთიერთობებში ღრმა კრიზისის მიზეზი გახდა.12

ანკარა-ვაშინგტონის კრიზისი სათავეს იღებს ობამას ადმინისტრაციის პერიოდიდან, როდესაც აშშ-მა სირიაში  ქურთული „სახალხო დაცვის შენაერთების“ (YPG) მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. ანკარა YPG-სა და მის პოლიტიკურ ფრთას (PYD) ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK) აიგივებს და ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ვაშინგტონისთვის კი სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საიმედო მოკავშირის პოვნის აუცილებლობამ გადაფარა სხვა საკითხები, მათ შორის, – თურქეთის შეშფოთება.13

2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობამ კიდევ უფრო გაამწვავა თურქეთსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბულობა. ანკარამ ვაშინგტონი იმაში დაადანაშაულა, რომ მან გადატრიალების მცდელობა დროულად არ დაგმო. 1999 წლიდან პენსილვანიაში მცხოვრები ყოფილი იმამი და მწერალი ფეთულა გიულენი, რომელსაც ანკარა გადატრიალების მცდელობის ორგანიზებასა და FETO-ს ქსელის შექმნაში სდებს ბრალს, ასევე გახდა დაპირისპირების მიზეზი. გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნაზე ამერიკის უარის გამო კიდევ უფრო გაძლიერდა ანტიდასავლური რიტორიკა და განწყობა ანკარაში.14

თურქეთსა და აშშ-ს შორის მზარდი უთანხმოებების კვალდაკვალ 2016 წლის ზაფხულში ანკარისა და მოსკოვის ურთიერთობების ნორმალიზაცია სწრაფი ტემპით დაიწყო. მხარეები შეთანხმდნენ სირიაში თანამშრომლობის მექანიზმზე და ანკარის მიერ რუსეთისგან S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის თაობაზე. რუსული სტრატეგიული შეიარაღების შეძენის შეთანხმება თურქეთსა და დასავლეთს შორის მორიგი წყალგამყოფი გახდა. 2019 წელს თურქეთში S-400-ის პირველი კომპონენტების მიღების შემდეგ, აშშ-მა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა და ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან გარიცხა, „ამერიკის მოწინააღმდეგეთა მიმართ სანქციების საშუალებით მოქმედების“ შესახებ (CAATSA) კანონის საფუძველზე.15

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე თურქეთის პოლიტიკურ და მედიასივრცეში ხშირად ჟღერდება პოზიცია, თითქოს აშშ ამ კონფლიქტს გლობალურ პოლიტიკაში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად იყენებს. 2022 წლის სექტემბერში სერბეთში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, რაც არასწორია.16

თურქეთის პოლიტიკური ელიტაც და საზოგადოებაც საკმაოდ მტკივნეულად რეაგირებს მოვლენებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც დასავლეთის ქვეყნებში ანტითურქული და ანტიისლამური განწყობების მტკიცებულება. 2023 წლის იანვარში სტოკჰოლმში გამართული გამოსვლების დროს ყურანის დაწვამ და ერდოღანის ფიგურის თავდაყირა დაკიდებამ მასიური საპროტესტო აქციები გამოიწვია სტამბოლსა და ანკარაში,  სადაც შვედეთის საელჩოს წინ შვედეთის სახელმწიფო დროშა დაწვეს. რუსეთის სამხედრო აგრესიით განპირობებულ, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე დაწყებული მოლაპარაკებების ფარგლებში, თურქეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა (განსაკუთრებით კი შვედეთმა) უპირველესად უნდა შეცვალონ ტერორიზმთან ბრძოლის მიდგომა და მოახდინონ ტერორისტულ ორგანიზაციებთან (PKK) აფილირებული პირების ექსტრადიცია.17

შეიძლება ითქვას, რომ ანკარის ანტიდასავლური დისკურსი ეფუძნება მიდგომას, რომ დასავლეთი და ნატოს წევრი ქვეყნები არ ეპყრობიან თურქეთს როგორც თანასწორ პარტნიორს და გამუდმებით უგულებელყოფენ ამ უკანასკნელის სტრატეგიული ინტერესების და უსაფრთხოების გამოწვევებს.

დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობა, სირიაში აშშ-ის დაუბალანსებელი პოლიტიკა და რეგიონში გეოსტრატეგიული თანამშრომლობის ერთგვარი ვაკუუმი გარკვეულ ეტაპზე ანკარასა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის კატალიზატორი გახდა, რაც, თავის მხრივ, პასუხობდა თურქეთის საჭიროებას ქვეყნის უსაფრთხოების გადაუდებელი გამოწვევების განეიტრალების თვალსაზრისით.

2022 წლის ივლისში თურქეთის შუამავლობით გაფორმდა „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“, რომელსაც ხელი უკრაინამ, რუსეთმა, თურქეთმა და გაერომ მოაწერეს.  ომის დაწყებისა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მიერ უკრაინული პორტების ბლოკადის შედეგად, მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები სურსათზე და რიგი განვითარებადი სახელმწიფო შიმშილის საფრთხის ქვეშ დადგა, ვინაიდან უკრაინა და რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებლები არიან.18 შეთანხმების შედეგად შესაძლებელი გახდა მარცვლეულის ექსპორტის განახლება შავი ზღვისა და თურქეთის სრუტეების გავლით.

თურქეთის შუამავლობითა და უშუალო ჩართულობით, 2022 წლის სექტემბერში განხორციელდა გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტყვეთა გაცვლა – მოსკოვმა კიევს 215 სამხედრო, მათ შორის, „აზოვის ბატალიონის“ მეთაურები გადასცა. სანაცვლოდ, რუსეთს 55 სამხედრო პირი და პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი ვ. მედვედჩუკი გადაეცა.19 ანკარა აგრძელებს ტყვეების პროცესში შუამავლის როლის შესრულებას. უკრაინისა და რუსეთის სახალხო დამცველები შეხვედრებს მართავენ თურქეთის ტერიტორიაზე სამომავლო გაცვლისა და ჰუმანიტარული დერეფნების საკითხებთან დაკავშირებით.20  აღნიშნულ პროცესებში უშუალოდ არის ჩართული პრეზიდენტი ერდოღანი.21

აღსანიშნავია, რომ ანკარას მჭიდრო კავშირები აქვს ყირიმელ თათრებთან, რომლებსაც თურქეთი მონათესავე ეთნიკურ ჯგუფად მიიჩნევს. იმის მიუხედავად, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ანკარა არ შეუერთდა სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, თურქეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო დღის წესრიგში ყირიმის თემის შენარჩუნების კუთხით. თურქეთის დიპლომატიური ჩართულობით ამოქმედდა „ყირიმის პლატფორმის“ ინიციატივა და რიგი ყირიმელი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების ხელშეწყობა.22

უკრაინის მხარდაჭერის მიუხედავად, თურქეთის მოსკოვისადმი კეთილგანწყობა რამდენიმე დიპლომატიური დემარშის მიზეზი გახდა. 2022 წლის აგვისტოში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩთან შეშფოთება გამოხატა გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომელთა თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხომალდმა „სპარტა II“ ბოსფორის სრუტის გავლით სირიიდან რუსეთში S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადაიტანა.23 მანამდე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თურქეთი იმაში დაადანაშაულეს, რომ ის არის იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის პორტებიდან მოპარულ მარცვლეულს იღებენ.24

ანკარის აქტიურმა დიპლომატიამ მნიშვნელოვნად გააძლიერა თურქეთის, როგორც რეგიონის გეოპოლიტიკური მოთამაშის როლი. მარცვლეულის შეთანხმება გასაჭირში მყოფი აზიისა და აფრიკის ქვეყნების დახმარებად წარმოჩნდა, რითაც თურქეთმა საგრძნობლად გაზარდა საკუთარი დიპლომატიური იმიჯი. გარდა ამისა, თურქეთმა გაიმყარა რუსეთ-უკრაინის ომში მედიატორის როლი, რადგან მას ორივე მხარესთან შეუძლია საუბარი.  იმის გათვალისწინებით, რომ „მარცვლეულის შეთანხმება“, პერიოდულად წარმოქმნილი სირთულეების მიუხედავად, ომის პერიოდში ფაქტობრივად ერთადერთი წარმატებული და დღემდე მოქმედი მექანიზმია რუსეთსა და უკრაინას შორის, ანკარამ შეძლო ამ წარმატების გარდაქმნა კიევსა და მოსკოვს შორის ნებისმიერ პოტენციურ სამომავლო შეთანხმებებში თურქეთის მონაწილეობის გარანტიად.

იმის მიუხედავად, რომ არსებული პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებს ანკარისა და მოსკოვის დაახლოებას და ხელს უწყობს პრაგმატულ თანამშრომლობაზე ორიენტირებული ვექტორის გაძლიერებას, უახლესი ისტორია და გეოპოლიტიკური რეალიები გვიჩვენებს, რომ რუსეთი იყო და რჩება თურქეთის მთავარ მეტოქედ შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში. სხვადასხვა სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად არის მიმართულებები, რომლებშიც თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა არარეალისტურია, კერძოდ, სამხედრო-სტრატეგიული და დაზვერვის მიმართულებით თანამშრომლობა, რომელიც ამ ეტაპზე უკავშირდება სირიას და შეზღუდულ ხასიათს ატარებს.

უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ფონზე რუსეთის პარტნიორების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. მოსალოდნელია, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის არსებული უთანხმოებების მიუხედავად, ეკონომიკური თანამშრომლობა მხარეებს შორის გაღრმავებას გააგრძელებს. ნატოს სხვა წევრებთან დაძაბულობა და თურქეთში არსებული ანტიდასავლური განწყობა ასევე ხელს უწყობს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების „რაციონალიზაციას“. ყირიმის ანექსიისა და სირიაში პოზიციების გამყარების შედეგად რუსეთი გაძლიერდა შავ და ხმელთაშუა ზღვებში. ცალსახაა, რომ თურქეთი ნატოს წევრის სტატუსის უპირატესობის გამოყენებით არ დაუშვებს რუსეთის დომინირებას შავი  ზღვის აუზში.

თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას მედიატორის როლში – უკრაინაში მიმდინარე ომმა კრიტიკული გავლენა იქონია ქვეყანაში ინფლაციის დონეზე და ტრადიციული მოხმარების პროდუქტების ფასების ზრდაზე, რაც ასევე განაპირობებს თურქეთის აქტიურ ჩართულობას მხარეებს შორის მოლაპარაკებებში.25 ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თურქეთს და რუსეთს რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან მიმართებაში ხშირ შემთხვევაში პოლარულად განსხვავებული პოზიცია აქვთ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, უკრაინა, მთიანი ყარაბაღი, სირია, ლიბია), მოკავშირეობა თუ არა, რიგ საკითხებში კოორდინაცია, ანკარას საშუალებას აძლევს რისკების მართვისა და ესკალაციის პრევენციის თვალსაზრისით.

სტამბოლში ხელმოწერილი „მარცვლეულის შეთანხმება“ სიმბოლურია და მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ეთანხმება თურქეთის მედიატორობას და მზად არის, გარკვეულ დათმობაზე წავიდეს ანკარასთან თანამშრომლობის შენარჩუნების სანაცვლოდ. რიგი წინააღმდეგობრივი საკითხების მიუხედავად, არც უკრაინა აპროტესტებს თურქეთის შუამავლობას. შეიძლება ითქვას, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში თურქეთი დარჩება შეუცვლელ მედიატორად კიევსა და მოსკოვს შორის, რადგან ამ დრომდე უკრაინა-რუსეთ-დასავლეთის სამკუთხედში აღნიშნული როლის წარმატებით შემსრულებლის ალტერნატივა ვერ მოიძებნა.

[1] Mankoff , J. 2022. “Regional Competition and the Future of Russia-Turkey Relations”. January 20, 2022. The Center for Strategic and International Studies. https://www.csis.org/analysis/regional-competition-and-future-russia-turkey-relations

[2] Hürriyet Daily News. 2016. “Turkey thanks Putin for unconditional support over coup attempt”. July 26, 2016. https://www.hurriyetdailynews.com/turkey-thanks-putin-for-unconditional-support-over-coup-attempt—102062

[3] Gamio, L., Swanson, A. 2022. “How Russia Pays for War”. October 30, 2022. The New York Times. https://www.nytimes.com/interactive/2022/10/30/business/economy/russia-trade-ukraine-war.html

[4] Daily Sabah, 2022. “Turkey has no intention of joining sanctions against Russia”. March 1, 2022.
https://www.dailysabah.com/politics/diplomacy/turkey-has-no-intention-of-joining-sanctions-against-russia

[5] Abay, G.E. 2019. “Russia, Turkey to increase trade in local currencies”. October 8, 2019. Anadolu Agency. https://www.aa.com.tr/en/74th-un-general-assembly-2019/russia-turkey-to-increase-trade-in-local-currencies/1606039

[6] Daily Sabah. 2022. „Türkiye starts paying for some Russian gas in rubles“. November 8, 2022.
https://idsb.tmgrup.com.tr/ly/uploads/images/2022/11/08/240186.jpg

[7] Gaber, Y. 2023. “Russian Octopus in the Black Sea Region: Identifying Vulnerable Areas and Strengthening Resilience”. January 28, 2023. The Foreign Policy Council “Ukrainian Prism”. https://prismua.org/wp-content/uploads/2023/01/Octopus_TUR.pdf

[8] Rosatom. “АЭС Аккую“. https://rusatom-energy.ru/projects/akkuyu/

[9] Mitzer, S. Oliemans, J. 2022. ORYX. “The Stalwart Ally: Türkiye’s Arms Deliveries To Ukraine”. November 21, 2022. https://www.oryxspioenkop.com/2022/11/the-stalwart-ally-turkiyes-arms.html

[10] RIA Novosti. 2023. “В Госдуме предостерегли Турцию от поставок оружия Украине”. January 11, 2023. https://ria.ru/20230111/postavki-1844103724.html

[11] Cagaptay, S. 2022. “How Turkey Views Russian Naval Access to the Black Sea”. September 2, 2022. The Washington Institute for Near East Policy. https://www.washingtoninstitute.org/policy-analysis/how-turkey-views-russian-naval-access-black-sea

[12] Hale, W. 2019. “Turkey, the U.S., Russia, and the Syrian Civil War”. Insight Turkey. Winter 2019, Vol. 21. https://www.insightturkey.com/commentaries/turkey-the-us-russia-and-the-syrian-civil-war

[13] Arslan, D., Dost, P.,Wilson, G. 2018. “US-Turkey relations: From alliance to crisis”. August 7, 2018. Atlantic Council. https://www.atlanticcouncil.org/blogs/new-atlanticist/us-turkey-relations-from-alliance-to-crisis/

[14] Siccardi, F. 2021. “How Syria Changed Turkey’s Foreign Policy”. September 14, 2021. Carnegie Europe. https://carnegieeurope.eu/2021/09/14/how-syria-changed-turkey-s-foreign-policy-pub-85301

[15] US Department of State, 2022. The United States Sanctions Turkey Under CAATSA 231. December 14, 2020. https://2017-2021.state.gov/the-united-states-sanctions-turkey-under-caatsa-231/index.html

[16] Reuters. 2022. “Turkey’s Erdogan says West’s ‘provocative’ policies towards Russia not correct”. September 7, 2022. https://www.reuters.com/world/turkeys-erdogan-says-wests-provocative-policies-towards-russia-not-correct-2022-09-07/

[17] Michalski, A. 2023. “Anti-Western sentiments in Turkey’s politics”. March 7, 2023. Centre for Eastern Studies. https://www.osw.waw.pl/en/publikacje/analyses/2023-03-07/anti-western-sentiments-turkeys-politics?fbclid=IwAR2KRVmmKe5DEMnyKtb1v08DIAHH2IR4lF47tNlvRGQOhEHj63EjNTh9JKU

[18] United Nations news. 2022. “The Black Sea Grain Initiative: What it is, and why it’s important for the world”. September 16, 2022. https://news.un.org/en/story/2022/09/1126811

[19] Radio Svoboda. 2022.” Україна повернула з російського полону 215 військових. Москві віддали Медведчука – Єрмак”. 22 September, 2022. https://www.radiosvoboda.org/a/news-yermak-polon-ukrayintsi-povernennia/32045180.html

[20] France 24. 2023. “Russia, Ukraine agree new prisoner swap in Turkey”. January 11, 2023. https://www.france24.com/en/live-news/20230111-russia-ukraine-agree-new-prisoner-swap-in-turkey

[21] EuroNews. 2023. “Putin and Erdogan discuss Ukraine prisoners, gas and grain”. January 17, 2023. https://translate.google.com/?hl=uk&sl=uk&tl=ru&text=Putin%20and%20Erdogan%20discuss%20Ukraine%20prisoners%2C%20gas%20and%20grain%20&op=translate

[22] Kusa, I. 2022. “From Ally to Mediator: How Russia’s Invasion Has Changed Ukraine-Turkey Relations”. October 7, 2022. Carnegie Endowment for International Peace. https://carnegieendowment.org/politika/88097

[23] Ministry of Foreign Affairs of Ukraine, 2022. “Comment of the Ministry of Foreign Affairs of Ukraine regarding the passage of the ship “Sparta II” through the Bosphorus Strait”. August 29, 2022.
https://mfa.gov.ua/en/news/komentar-mzs-ukrayini-shchodo-prohodu-sudna-sparta-ii-cherez-protoku-bosfor

[24] Reuters. 2022. „Ukraine envoy says Turkey among destinations of grain stolen by Russia“. June 3, 2022. https://www.reuters.com/world/ukraines-envoy-says-turkey-among-those-buying-grain-stolen-by-russia-2022-06-03/

[25] Ukrinform. 2023. “ Василь Боднар, Посол України в Туреччині: Позиція Туреччини щодо пошуку миру змінилася на «досягнення миру з відновленням територіальної цілісності України». January 1, 2023. https://www.ukrinform.ua/rubric-world/3651700-vasil-bodnar-posol-ukraini-v-tureccini.html

* ეკატერინე მეგრელიშვილი – კონსულტანტი,  საქართველოს საელჩო უკრაინაში (2023 წლის 1 აპრილამდე)

სარჩევი