საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვა

ძვირფასო მკითხველო,

თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები ტრანსფორმაციულ ფაზაშია. დიდ ქვეყნებს შორის გამოკვეთილი მეტოქეობა, რიგი სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო სამართლის წესების უხეში დარღვევა და გლობალური მასშტაბის გამოწვევები სახელმწიფოებს ახალი საფრთხეების წინაშე აყენებს.

ცვალებად მსოფლიოში ეროვნული ინტერესების განმტკიცება განსაკუთრებით რთულია პატარა სახელმწიფოებისთვის, მათ შორის, – საქართველოსთვის. ამის მიუხედავად, ათწლეულების განმავლობაში დასავლეთის სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებთან მზარდი ინტეგრაციით – რასაც მოწმობს 2022 წლის 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენა და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება – საქართველო დღითიდღე უახლოვდება მიზანს – განიმტკიცოს ეროვნული ინტერესები. ქვეყნის წინაშე მრავალი გამოწვევაცაა, უპირველესად კი – რუსეთის აგრესია და მისი სურვილი ხელყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

ეროვნული ინტერესების განმტკიცების გზაზე, საქართველოს სახელმწიფოს წარმატების საწინდარი პროფესიონალი, ანალიტიკურ-კვლევითი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი საჯარო სამსახური და კვლევებსა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესია. პროფესიონალიზმის მუდმივი ხელშეწყობა და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება რთულ და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებში გზის გაკვალვის და ეროვნულ ინტერესებთან თანმხვედრი დასკვნების გამოტანის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ანალიტიკური კრებულის „საქართველო და საერთაშორისო პოლიტიკა” მომდევნო გამოცემის გამოქვეყნებით დიპლომატიური ინსტიტუტი ქმნის ანალიტიკურ პლატფორმას, რომელზეც საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენების საქართველოზე გავლენის შესახებ სიღრმისეული და პროფესიული მსჯელობა არის წარმოდგენილი.

ვიმედოვნებ, რომ კრებულის შემდგომ გამოცემებში, ახალგაზრდა დიპლომატებთან ერთად, მკითხველს საკუთარ ანალიზს, ცოდნასა და გამოცდილებას სამინისტროს სხვა თანამშრომლები და მოქმედი თუ ყოფილი დიპლომატებიც გაუზიარებენ. სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, დარგის გამოცდილმა და ახალგაზრდა პროფესიონალებმა ანალიტიკური სტანდარტის მაღალი დაცვით შემოგვთავაზონ მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენების ანალიზი და იმსჯელონ საქართველოს როლზე თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში.

გისურვებთ წარმატებას!

ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სარჩევი