საქართველოს ევროპული პერსპექტივა: ახალი ბიძგი ინსტიტუციური და ყოველდღიური ინტეგრაციისთვის

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიანიჭა და გამოხატა მზადყოფნა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსიც მიანიჭოს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები შესრულდება. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ევროპული მომავალი და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუქცევადი გახდა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას ახალი იმპულსი მისცა. ევროკავშირის სტრუქტურებში, წევრ ქვეყნებსა და საზოგადოებებში ჩამოყალიბდა პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც ევროკავშირის მომავალ წევრებად, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, ახლა უკვე ე.წ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მოიაზრებს. პოლიტიკურ კონსენსუსს ადასტურებს ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირებისა და წევრი ქვეყნების ლიდერების განცხადებები. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შემდეგი სიტყვებით მიმართა1 დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოსახლეობას: „[…] თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის ნაწილი, თქვენი მომავალი ჩვენს კავშირშია და ჩვენი კავშირი თქვენ გარეშე სრულყოფილი არ არის“. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, კი აღნიშნა2 , რომ „[…] ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა“.

ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველო მოწადინებულია სწორად გამოიყენოს ევროპული პერსპექტივის მოპოვებით შექმნილი შესაძლებლობები; გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ევროკავშირთან ინსტიტუციური და დარგობრივი დაახლოებისკენ; საფუძველი დაუდოს ევროკავშირის მომავალ წევრებთან ინტეგრაციის საერთო დღის წესრიგის შექმნას და, რაც მთავარია, გააგრძელოს საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება ევროინტეგრაციის სიკეთეების შესახებ.

თეიმურაზ ჯანჯალია

ევროპული პერსპექტივის მიღებით, საქართველო ოფიციალურად ხდება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი. სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებ ანგარიშები 2023 წლის და შემდგომი გაფართოების პაკეტების ფარგლებში მომზადდება. ანგარიშები შეაფასებს საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ხარისხს, რასაც დაეფუძნება გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და შემდგომში, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

2022 წლის ბოლოს ევროკომისია ასევე გეგმავს გამოაქვეყნოს ანგარიში და შეაფასოს ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური შესაბამისობის ხარისხი. ამასთან, საქართველო აგრძელებს ასოცირების ხელშეკრულებითა (რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას) და ასოცირების ახალი დღის წესრიგით (2021-2027) განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან თავსებადობას. დღემდე საქართველომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დაახლოებით 50% შეასრულა.

წევრობის მიზნის პარალელურად, ევროკავშირთან შემდგომ ურთიერთობებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებად რჩება: კანდიდატის სტატუსის მოპოვება და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება; ინსტიტუციური და დარგობრივი თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანა; ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაზრდა და ევროკავშირისთვის საქართველოს სტრატეგიული ღირებულების გამოკვეთა.

კანდიდატის სტატუსის მოპოვება და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პრიორიტეტების განსაზღვრისთანავე, საქართველომ წარმოადგინა მათი შესრულების სამოქმედო გეგმა. პრიორიტეტების შესრულებისას, მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს ღია, ინკლუზიური და გამჭვირვალე, უზრუნველყოფილი იყოს სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა, სამთავრობო უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაცია და, რაც მთავარია, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების პროცესში ღირებული მონაწილეობა.

კანდიდატის სტატუსის მოპოვებისა და ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი პროგრესის – მათ შორის, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების – მთავარი საყრდენი ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომის შემუშავებაა. ეს გულისხმობს ევროკავშირთან ურთიერთობების ყოველი ახალი ეტაპისთვის ქვეყნის დემოკრატიულ მზადყოფნას – დემოკრატიული ინსტიტუტების სრულყოფილ ფუნქციონირებას, სამართლის უზენაესობის განუხრელ დაცვასა და სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას.

ინსტიტუციური თანამშრომლობა და სექტორული ინტეგრაცია

ინსტიტუციური თანამშრომლობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ხელშესახები ეკონომიკური და მზარდი დარგობრივი ინტეგრაცია. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს, გამოიყენონ ევროკავშირთან (რომელიც საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია) დაახლოებით წარმოქმნილი ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა შესაძლებლობები.

ეკონომიკური ინტეგრაციის მხრივ, საგულისხმოა საქართველოსთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზრის გახსნა და „ევროს გადახდის ერთიან სისტემაში“ (SEPA) გაწევრიანებისთვის განაცხადის წარდგენა, რომელსაც ევროკავშირი ამჟამად განიხილავს. საქართველო უკვე არის ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო პროგრამა „ფისკალის“ ასოცირებული ქვეყანა. ამასთან, საქართველომ ევროკავშირს მიმართა თავისუფალი როუმინგის სივრცეში გაწევრიანებასა და ერთიანი ბაზრის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

სექტორული ინტეგრაციის მხრივ, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის ისეთ სააგენტოებთან, როგორებიცაა: „ფრონტექსი“, „ევროპოლი“ და „ევროჯასტი“. საქართველო ჩართულია „შემოქმედებითი ევროპისა“ და „ჰორიზონტი ევროპის“ განახლებულ პროგრამებში, რაც ევროკავშირის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას უწყობს ხელს. საქართველოს მიზანია, გახდეს პროგრამა „ერასმუს+-ის“ ასოცირებული ქვეყანა. ამავდროულად, კონსულტაციები მიმდინარეობს ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმების საკითხზე. 2022 წლის 15 ნოემბერს, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირმა საქართველოს, ტრანსპორტის გაერთიანების სტრუქტურებში სისტემატური ჩართულობის მიზნით, დამკვირვებელი მონაწილის სტატუსი მიანიჭა.

ევროკავშირთან დაკავშირებადობის ზრდა შავი ზღვის გავლით

საქართველოს შეუცვლელი პრიორიტეტია ევროკავშირთან დაკავშირებადობის ზრდა, მათ შორის, აღმოსავლეთ-პარტნიორობის ფარგლებში ეკონომიკისა და საინვესტიციო გეგმით (EIP) განსაზღვრული საფლაგმანო ინიციატივების განხორციელებით.

საფლაგმანო ინიციატივები ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდას. შავი ზღვის ფსკერზე ინტერნეტ- და ელექტროენერგიის კაბელების გაყვანა განამტკიცებს ციფრულ და ენერგოკავშირებს, ხოლო შავ ზღვაზე საბორნე გადაზიდვების რაოდენობის ზრდა და საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უზრუნველყოფს ევროკავშირთან პირდაპირ სატრანსპორტო კომუნიკაციას, გააძლიერებს ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორის ურთიერთობებს. ასევე, გაიზრდება საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო და რეგიონული ცენტრის როლი.

საქართველოს წვლილი ევროკავშირში

ევროკავშირის წევრობისკენ გზა ასევე გულისხმობს ევროკავშირისგან არა მხოლოდ სარგებლის მიღებას, არამედ ევროკავშირის შემდგომ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში საქართველოს წვლილის გამოკვეთასაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, საქართველოს ღირებულებები, როგორც ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე, ისე ევროკავშირის წევრობის მიღწევის შემდეგ, შეესაბამებოდეს ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს.

გარდა ამისა, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, საქართველოს, რომელიც 2017 წლიდან ენერგოგაერთიანების წევრია, შეუძლია აქტიური როლი შეასრულოს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების სისტემის მუშაობაში, განსაკუთრებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეული ენერგოკრიზისის შემდეგ; ასევე უზრუნველყოს ევროკავშირთან უსაფრთხო, ორმხრივი სატრანსპორტო კომუნიკაცია.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხელს უწყობს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას, მათ შორის, საქართველოში სადამკვირვებლო მისიითა და რუსეთთან კონფლიქტის დარეგულირების მექანიზმებში აქტიური მონაწილეობით. თავის მხრივ, საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში, რითაც ევროპელ პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფს გლობალურ უსაფრთხოებას და აღრმავებს ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის წარმოებით. „ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის“ ფარგლებში მიღებული დახმარება ზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და თავდაცვის ძალების მედეგობას. საქართველო მოწადინებულია, დარჩეს რეგიონში პასუხისმგებლობიან უსაფრთხოების აქტორად, ხოლო, გარე აგრესიის შემთხვევაში, დაიცვას სუვერენიტეტი და უზრუნველყოს სახელმწიფოსა და საზოგადოების მედეგობა.

ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე საქართველოსთვის პრიორიტეტულია: ასოცირებული ტრიოს ფორმატის გაძლიერება; დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ევროინტეგრაციის საერთო დღის წესრიგის განსაზღვრა და აღმოსავლეთ-პარტნიორობისა და „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ ფორმატებით შექმნილი შესაძლებლობების ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის მისადაგება.

ასოცირებული ტრიოს გაძლიერება

ევროკავშირმა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა უნდა იზრუნონ ფორმატის გაძლიერებაზე ორი მიზეზით: I. გეოპოლიტიკურად, სამი ქვეყნის გამოწვევები განსხვავდება დასავლეთ ბალკანეთის გამოწვევებისგან. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მთავარი სამიზნეები არიან, რაც ევროკავშირისგან შესაბამის მიდგომასა და მხარდაჭერას მოითხოვს; II. მსგავსია ევროპეიზაციისაკენ სამი ქვეყნის განვლილი გზა და გამოწვევები. აღნიშნული, ბუნებრივია, არ გამორიცხავს თითოეული სახელმწიფოს ინდივიდუალურ, დამსახურებაზე დაფუძნებულ პროგრესს ევროკავშირთან შემდგომ ურთიერთობებში, თუმცა მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა სამ ქვეყანასთან მიმართებით შეინარჩუნოს ერთიანი მიდგომა, როგორც უშუალოდ გაფართოების ტალღის დროს, ისე გაწევრიანებამდე ინსტიტუციური თანამშრომლობისა და სექტორული ინტეგრაციის ახალ ეტაპებზე გადასვლისას.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საერთო მიზანი უნდა იყოს ასოცირებული ტრიოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის ახალი ფორმატების ინსტიტუციონალიზება, რომელიც სამ ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას მაღალ პოლიტიკურ დონეზე რეგულარულად განიხილოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი და საერთო გზა. ევროკავშირის არაფორმალურ ინსტიტუციურ შეხვედრებში სამი ქვეყნის მონაწილეობა მისასალმებელი პრაქტიკაა, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ქვეყნებმა ასევე უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა ევროკავშირთან, რათა ისარგებლონ დაფინანსების ახალი მექანიზმებით, როგორიც არის „გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტი“ (IPA).

დასავლეთ ბალკანეთთან ევროპული ინტეგრაციის საერთო დღის წესრიგი

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერება ევროინტეგრაციის პროცესში მათი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება შემდეგ საკითხებზე: გაფართოების ახალი მეთოდოლოგია, წევრობამდე ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაცია და ევროკავშირის ფინანსური დახმარების, მათ შორის, „გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტის“ (IPA) გონივრულად გამოყენება. აღსანიშნავია, რომ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მზადყოფნის კვალდაკვალ, მხარეებს შორის უკვე მიმდინარეობს აქტიური კოორდინაცია და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, როგორც ორმხრივად – საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე, ისე – ევროკავშირში შესაბამისი ქვეყნების წარმომადგენლობების დონეზე. აუცილებელია აღნიშნული პროცესის გაძლიერება და მისთვის რეგულარული სახის მიცემა.

ინდივიდუალური კავშირების გარდა, მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ერთობლივი თანამშრომლობა. ამ მიზნით, ახალი ფორმატის ინსტიტუციონალიზება შექმნის ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარებისა და ევროკავშირის მომავალ წევრებს შორის პოლიტიკური სოლიდარობის მნიშვნელოვან პრეცედენტს.

აღმოსავლეთ-პარტნიორობისა და „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ ურთიერთშემავსებლობა

აღმოსავლეთ-პარტნიორობის ინიციატივამ საქართველოს ხელშესახები შედეგები მოუტანა, როგორებიცაა: ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მეშვეობით გაზრდილი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობები და, 2017 წლიდან შენგენის ზონის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის საშუალებით, ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერება.

აღმოსავლეთ-პარტნიორობის ინიციატივასა და „ევროპულ პოლიტიკურ გაერთიანებას“ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების ხელშემწყობ მექანიზმებად მიიჩნევს. აღმოსავლეთ-პარტნიორობის ფარგლებში არსებული ინიციატივები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროკავშირთან ეკონომიკური და სოციალური კავშირების გაძლიერებისა და რეგიონული შეკავშირების მხრივ, ხოლო „ევროპული პოლიტიკური გაერთიანება“ შექმნის პლატფორმაში მონაწილე ქვეყნებს შორის უფრო ფართო გეოპოლიტიკური თანამშრომლობისა და კოორდინაციის საფუძველს.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს მთავრობა აწარმოებს ყოველდღიურ სტრატეგიულ კომუნიკაციას საზოგადოებასთან ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ. აღნიშნულის მიზანია საზოგადოების წევრებს ჰქონდეთ პირველადი ინფორმაცია ევროკავშირის ღირებულებების შესახებ; იმ სიკეთეებზე, რომლებსაც ევროინტეგრაცია მათ სთავაზობს, ასევე პროცესის თანმდევ გადაჭრად გამოწვევებზე. მსგავსი სტრატეგიული კომუნიკაცია მნიშვნელოვანია სწორი მოლოდინების ფორმირებისა და ევროინტეგრაციის პროცესისადმი საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნების თვალსაზრისით.

ევროპული პერსპექტივის მიღების შემდეგ მიზნობრივი სტრატეგიული კომუნიკაციის საჭიროება კიდევ უფრო ნათელი გახდა. წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობის კვალდაკვალ, ფუნდამენტურია სტრატეგიულმა კომუნიკაციამ მიაღწიოს საზოგადოების ყველა წევრამდე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით მათთან, ვინც ყველაზე მეტად არიან დაუცველი ანტიდასავლური დეზინფორმაციის მიმართ.

ევროპული პერსპექტივის მიღებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც მოითხოვს შიდა და გარე ძალისხმევის ევროინტეგრაციის მიზნისკენ მიმართვას.

მოკლევადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანია საქართველომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი, ისარგებლოს დაფინანსების ახალი ინსტრუმენტებით და გონივრულ ვადაში შეძლოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. საშუალოვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან მაქსიმალური ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაცია, რაც მოქალაქეებსა და ბიზნესს გაუხსნის მრავალმხრივ შესაძლებლობებს. საქართველოს საბოლოო მიზანი კი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა, რისი წინაპირობაც ქვეყნის მიერ დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისადმი ერთგულება და ევროკავშირისთვის საქართველოს წევრობის ღირებულების გამოკვეთა იქნება.

აღნიშნულის მისაღწევად გარდამტეხია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფიზიკური და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება; თანამშრომლობის არსებული ფორმატების სტრატეგიულად გამოყენება და ისეთი ახალი ფორმატების შექმნისკენ სწრაფვა, რომლებიც ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესს ახალ დინებას მისცემს.

ქვეყნის შიგნით მოსახლეობასთან ევროინტეგრაციის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება საზოგადოებას ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულ წარმოდგენას მისცემს. ეს მათ დაეხმარება ისარგებლონ ევროკავშირთან ურთიერთობისას უკვე არსებული, ხელშესახები პროგრესით და შეიქმნან მართებული მოლოდინი ევროინტეგრაციის ყველა ეტაპის შესახებ.

[1] European Commission. 2022. “2022 State of the Union Address by President von der Leyen.” September 14, 2022. https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/speech_22_5493

[2] Agenda.ge. 2022. “German chancellor: We are people of Europe, our voice must resound throughout Europe, from Lisbon to Tbilisi, beyond.” October 16, 2022. https://agenda.ge/en/news/2022/4013

* თეიმურაზ ჯანჯალია -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

სარჩევი