რუსეთის რევიზიონისტული ხედვა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ: კრიზისის მიზეზები და კრემლის მიზნები
აბსტრაქტი
სტატიაში განხილულია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე არსებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ხასიათი და მის საფუძვლები, ასევე, გაანალიზებულია ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული უთანხმოება და ინტერესთა კონფლიქტი. სტატიის მიზანია, გამოიკვლიოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ რუსეთის რევიზიონისტული მიდგომის მიზეზები. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ რუსეთის მიერ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის რევიზიის მცდელობას განსაზღვრავს, ერთი მხრივ, მისი სწრაფვა „ძალის ცენტრის/„დიდი ძალის“ სტატუსისადმი, მეორე მხრივ კი, – საერთაშორისო სისტემისა და მსოფლიო წესრიგის ფუძემდებლური პრინციპების ძალის პოლიტიკის პრიმატისა და გავლენის სფეროების ჭრილში აღქმა.
ანა ჩიტალაძე
ცივი ომის შემდგომ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელსაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის საფუძველზე კონტინენტის მშვიდობა უნდა უზრუნველეყო, დიდი გამოწვევების წინაშე დგას, უპირველესად რუსეთის გამო.
2021 წლის ბოლოდან უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზება, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების დამოუკიდებლობის ცნობა და 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში განვითარებულ უსაფრთხოების ყველაზე დიდ კრიზისად არის შეფასებული, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის რადიკალური ცვლილებების ათვლის წერტილად მიიჩნევა.
თუმცა, ბოლო ათწლეულზე მეტია, ევროპის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანმა კრიზისმა იჩინა თავი, რომელთა მიზეზიც სწორედ რუსეთი იყო. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ, ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და 2014 წელს ყირიმის ანექსია არსებული წესრიგის ფუძემდებლური პრინციპების – სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრის პრეცენდენტებს წარმოადგენდა. აღნიშნული მოვლენები მკაფიოდ მიანიშნებდა ტენდენციაზე, რომ, რუსეთის მზარდი ამბიციების ფონზე, უსაფრთხოების არსებული არქიტექტურა კრიზისების პრევენციას ვერ ახერხებდა. გარდა ამისა, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის კრიზისზე დასავლეთისა და რუსეთის მონაწილეობით უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული კონვენციების, შეთანხმებებისა და რეჟიმების დარღვევის ფაქტები და მათი ლეგიტიმაციის დაკარგვაც მიანიშნებდა.
სტატიაში გაანალიზებულია ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე; განხილულია: რუსეთისა და დასავლეთის მიერ საფრთხეების განსხვავებული აღქმა და ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ რუსეთის რევიზიონისტული ხედვა. ბოლოს წარმოდგენილია რუსეთის მიზნები, რომლებიც ევროპის კონტინენტზე დღეს არსებულ კრიზისს უდევს საფუძვლად.
ცივი ომის შემდგომი ევროპის უსაფრთხოებისა და პოლიტიკური არქიტექტურის ფუძემდებლურ დოკუმენტებად ჰელსინკის აქტი (1975) და პარიზის ქარტია (1990) მიიჩნევა, რომელთა ხელმომწერი, დასავლურ ქვეყნებთან ერთად, საბჭოთა კავშირიც იყო. ამ შეთანხმებებმა საფუძველი დაუდო ლიბერალურ წესრიგს, რომლის მთავარი მიზანი ადამიანის უფლებების დაცვაა. პარიზის ქარტიით სსრკ ევროპის „განუყოფელი უსაფრთხოების“ და ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი უნდა გამხდარიყო, რომლის ყველა წევრი ერთხმად თანხმდებოდა იმ მთავარი პრინციპების ერთგულებაზე, როგორებიცაა: დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და ძალის გამოუყენებლობა, ასევე ყველა ქვეყნის უფლების აღიარება „თავისუფლად შეეძლოთ, აირჩიონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები.“1 ცივი ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ათვლის წერტილი სსკრ-ს დაშლა და ვარშავის პაქტის გაქრობაა, რის შემდეგაც უსაფრთხოების არქიტექტურის ხასიათი არსებითად შეიცვალა და როგორც პრაქტიკულად, ასევე ინსტიტუციურად მისი გარანტი ნატო გახდა. ამ მიმართულებით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) სულ უფრო ნომინალურ როლს თამაშობდა.2
შეიძლება ითქვას, რომ 1990-იან წლებში ნატოსთან დაახლოების მიუხედავად, რუსეთმა ახალ არქიტექტურაში საკვანძო ადგილი ვერ მოიპოვა. ბოლო ორი დეკადის განმავლობაში დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოების ზრდის ფონზე, რუსეთს ეზრდებოდა უსაფრთხოების წესრიგში საკუთარი ადგილის განმტკიცების ამბიციებიც.
ცივი ომის შემდგომი უსაფრთხო ევროპის ერთ-ერთი საფუძველი ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლისა და ნდობის მშენებლობის შესახებ შეთანხმებებია, რომლებშიც ევროპის ქვეყნებთან ერთად მონაწილეობენ აშშ-ცა და რუსეთიც; ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეთანხმება ევროპაში ჩვეულებრივი სამხედრო ძალების შესახებ (CFE) (1990), ღია ცის შეთანხმება (OST) (1992) და ეუთოს ვენის დოკუმენტი ნდობისა და უსაფრთხოების მშენებლობის საშუალებების შესახებ (VDOC) (1990, ბოლო განახლება – 2011). თუმცა, ბოლო პერიოდში აღნიშნული შეთანხმებები ნაკლებად ქმედითია: 2007 წელს შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების შემდეგ, 2015 წელს რუსეთმა დე-ფაქტოდ CFE-ის შეთანხმება დატოვა; 2020 წელს აშშ ღია ცის შეთანხმებიდან გამოვიდა რუსეთის მხრიდან მისი პერმანენტულად დარღვევის გამო; რუსეთი მუდმივად ხელს უშლის ეუთოს ფარგლებში ვენის დოკუმენტის განახლების ინიციატივას და შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც ბოლო პერიოდში უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში მისი აქტივობებითაც გამოიხატება.3
ეუთოს ფარგლებში რუსეთის მხრიდან ვენის დოკუმენტის პრინციპების ხელყოფა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე განიხილეს4 , ასევე, 2019 წელს, აშშ-მ დატოვა საშუალო სიშორის ბირთვული ძალების შესახებ (INF) შეთანხმება, რადგან რუსეთის მიერ ახალი რაკეტების განთავსებით აღნიშნული შეთანხმების პრინციპები დაირღვა. თავის მხრივ, რუსეთი პოლონეთსა და რუმინეთში აშშ-ს მიერ ანტისარაკეტო სისტემების განთავსებას აღნიშნული შეთანხმების დარღვევად მიიჩნევდა.5
ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის სამართლებრივი საფუძვლების ეროზიასთან ერთად, ესკალაციისა და საფრთხის რისკს რუსეთისა და დასავლეთის მიერ სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებისათვის განხორციელებული მოქმედებები და მათ მიერ მოწინააღმდეგე მხრიდან მომდინარე საფრთხეების აღქმაც ზრდის.
დასავლეთი საფრთხედ აღიქვამს რუსეთის იმგვარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების სტრატეგიულ ინფრასტრუქტურასა და საჰაერო სივრცეს იღებს მიზანში და რუსეთის სამხედრო მოქმედებების განხორციელების ეფექტიანობას ზრდის. რუსეთს აქვს შესაძლებლობა, ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ სახმელეთო ჭურვები გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს. მოკავშირეების მხრიდან შეშფოთებას იწვევს ისეთი სამხედრო ტექნიკის განლაგება, როგორებიცაა: 3M-14 Kalibr-ის სისტემები, 1500-2500 კმ-ის მასშტაბის საზღვაო საკრუიზო ჭურვები (SLCM), ისკანდერები, 400-500 კმ.-ის მასშტაბის ბალისტიკური ჭურვის სისტემები, 9M729 და სხვა. გარდა ამისა, რუსეთის A2/AD სისტემები ალიანსის მხრიდან მიჩნეულია, როგორც ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში სამხედრო დომინირების საფრთხე.6
რუსეთი კი ნატოს და მის შეკავების ახალ პოლიტიკას საფრთხედ აღიქვამს, კონკრეტულად კი – ნატოს გაძლიერებას საზღვართან, ალიანსის საბრძოლო მზაობის ამაღლებასა და თავდაცვის ხარჯების ზრდას, რაც რუსეთის მონაცემებს მრავალჯერ აღემატება. ის განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ბალისტიკური თავდაცვითი ჭურვებისა (BMD) და შორმანძილიანი შეტევის (LRS) პლატფორმების განთავსებას. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო დოქტრინაში აღნიშნულია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება რუსეთის საზღვრებთან ახლოს ერთ-ერთი მთავარი სამხედრო საგარეო საფრთხეა. ასევე, რუსეთისათვის სახიფათოდ აღიქმება აშშ-სა და მეკავშირეების საზღვაო გემები, რომლებიც სარაკეტო სისტემებით (MK-41 launcher, Aegis system, Tomahawk SLCMs) არის აღჭურვილი.7
ევროპულ წესრიგში თავის ვერდამკვიდრებისა და დასავლეთთან დაპირისპირების გაღრმავებასთან ერთად, რუსეთის ხედვა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ უფრო და უფრო რევიზიონისტული და კრიტიკული ხდებოდა.
ევროპის უსაფრთხოების სასურველი არქიტექტურის შესახებ რუსეთის ხედვას ყველაზე უკეთ 2021 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნებული ნატოსა8 და აშშ-სთან9 შეთანხმების პროექტის კრემლისეული ვერსია წარმოადგენს. აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, რუსეთი საკუთარი უსაფრთხოების გარანტიას რამდენიმე მოთხოვნის შესრულებით ხედავს:
- ნატოს გაფართოების შეჩერება: ალიანსმა არ უნდა მიიღოს თავის რიგებში უკრაინა და სხვა ქვეყნები;
- არ განთავსდეს დამატებითი სამხედრო ძალა და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, რომლებშიც შეირაღება 1997 წელს იყო (სანამ ალიანსს აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები შეუერთდებოდნენ);
- აშშ-მ და ნატომ ალიანსის არაწევრ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არ უნდა დააფუძნონ სამხედრო ბაზები, არ გამოიყენონ მათი ინფრასტრუქტურა სამხედრო აქტივობისათვის და უარი თქვან ორმხრივ სამხედრო თანამშრლომობაზე.
- არ განთავსდეს საშუალო- და მცირერადიუსიანი რაკეტები იქ, საიდანაც სხვა მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; მხარეებმა არ განათავსონ ბირთვული იარაღი საკუთარი ტერიტორიის მიღმა და განთავსებული იარაღი უკან დააბრუნონ.
- სასაზღვრო ზონებში არ ჩატარდეს სწავლებები და სხვა ქმედებები ბრიგადის შემადგენლობაზე მეტი რაოდენობის სამხედრო შენაერთების მონაწილეობით.
2021 წელს წარმოდგენილი „უსაფრთხოების გარანტიები“ არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა დოკუმენტის სახით ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ საკუთარი რევიზიონისტული ხედვა გაახმოვანა. 2008 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა ადეკვატური არ იყო და მისი ალტერნატიული ვერსია შესთავაზა ევროპას. მთავარი აქცენტი ნატოსა და ეუთოს უუნარობასა და გამრიყავ ხასიათზე იყო გაკეთებული, სადაც ევროპის ყველა ქვეყანა და მათი ინტერესები წარმოდგენილი არ არის. რუსეთის ხედვა ევროპული უსაფრთხოების შეთანხმების სახით 2009 წლის ნოემბერში დაეგზავნა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის, ნატოს, ეუთოსა და ევროკავშირს. რუსეთის მტკიცებით უსაფრთხოების არქიტექტურის არაეფექტიანობაზე მიუთითებდა ბალკანეთსა და კავკასიის რეგიონებში წარმოქმნილ კრიზისებთან ვერგამკლავება. გარდა ამისა, ოფიციალური მოსკოვი აკრიტიკებდა ნატოს გაფართოებას, რომელიც, რუსეთის აღქმით, ურთიერთობის დაძაბვის მიზეზია და მოძველებული (ცივი ომის დროინდელი), ბლოკებზე დამყარებული წესრიგის ანარეკლია. ასევე, მედვედევის დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ევროპული უსაფრთხოება იდეოლოგიზირებულია და ნატოში გაწევრიანება დემოკრატიასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაშიც, რუსეთის ხედვით, არსებული ვითარება ცივი ომის დროინდელ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ დაპირისპირებას ემყარება, რაც რელევანტური აღარ არის.10
2008 წლის ოქტომბერში ევიანში (საფრანგეთი) მედვედევმა განაცხადა, რომ ახალი ევროპული უსაფრთხოების ხელშეკრულება ხუთ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს: ძალის ან ძალის მუქარის გამოუყენებლობა, თანასწორი უსაფრთხოება, არცერთი ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ექსკლუზიური უფლების ფლობა, შეიარაღების კონტროლი და სამხედრო გაძლიერების ლიმიტირება.11
რუსეთის მცდელობა, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ საკუთარი ხედვა წარმოედგინა და მისი მისწრაფება საკუთარი ადგილი საკუთარი წესებით ეპოვნა მასში, ახალი არ არის. ჯერ მიხეილ გორბაჩოვმა, შემდეგ კი ელცინმა/პრიმაკოვმა პანევროპული უსაფრთხოების წესრიგის შესახებ საკუთარი ხედვები წარადგინეს. გორბაჩოვის იდეა „საერთო ევროპული სახლის“ სახელით არის ცნობილი და რუსეთს ევროპის ერთ-ერთ ნაწილად მოიაზრებდა, ელცინის წინადადება კი ეუთოს ფარგლებში ევროპული უსაფრთხოების ფორმირებას შეეხებოდა.12
ცარიზმის პერიოდის, საბჭოთა კავშირისა და თანამედროვე რუსეთის პოლიტიკას ძლიერი ძალის პოლუსად და ზესახელმწიფოდ ყოფნისაკენ სწრაფვა აერთიანებს. რუსეთის პოლიტიკური ამბიციები სსრკ-ს დაშლის შემდეგაც არ შეცვლილა, თუმცა იმპერიალისტური პოლიტიკა ზოგჯერ სახეს იცვლიდა, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი კოზირევის პერიოდში რუსეთის ეროვნულ ინტერესად დასავლეთთან ინტეგრაცია მიიჩნეოდა, პრიმაკოვის დოქტრინა კი „ველიკაია ძერჟავას“(великая держава) დაბრუნებას გულისხმობდა.
პუტინის შთაგონების მთავარი წყარო არა სსრკ, არამედ ულტრა-ნაციონალისტური რუსეთის ცარისტული იმპერიაა, რასაც უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და ეროვნულობის მიმართ მისი დამოკიდებულებაც ადასტურებს.13 რუსეთს სურს მე-19 საუკუნეში არსებული „ევროპის კონცერტის“ იდეის გაცოცხლება, რაც ძალთა ბალანსისა და გავლენის სფეროების გადანაწილებას ეფუძნება.14
ცივი ომის პერიოდში თამაშის მთავარ წესს მეორე მხარის გავლენის სფეროს დე-ფაქტო აღიარება წარმოადგენდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ, დასავლური პერსპექტივის თანახმად, ევროპული წესრიგი დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და თითოეული ქვეყნის თავისუფალ საგარეო პოლიტიკის არჩევანს ეფუძნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ს ლიდერებმა ფაქტად მიიღეს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის კომუნისტური რეჟიმების დაცემა და გერმანიის გაერთიანება, სსრკ-ს მემკვიდრე რუსეთი ბოლომდე არ შეეგუა გავლენის სფეროების დაკარგვას, განსაკუთრებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. სწორედ ამიტომ, ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებასა და დასავლური დემოკრატიის გავრცელებას რუსეთი, ათწლეულზე მეტია, აქტიურად აკრიტიკებს.15
1990-იანი წლების შუა პერიოდიდან რუსეთის ხელისუფლება და ექსპერტები მსოფლიო წესრიგის ერთადერთ გარანტად მულტიპოლარულობას მიიჩნევენ. რუსეთის აზრით, „აშშ-ს ჰეგემონია“ და „უნიპოლარული მომენტი“ მალე უნდა დასრულდეს. ევგენი პრიმაკოვი აქცენტს არა-დასავლური ძალების ეკონომიკურ აღზევებაზე აკეთებდა და მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგს პროგნოზირებდა, სადაც რუსეთი ერთ-ერთი ძალის ცენტრს წარმოადგენდა.16
2011 წლის შემდგომი პუტინისეული ევროპის უსაფრთხოების ხედვა ცივი ომის პერიოდის ბიპოლარობის გარკვეულწილად აღდგენას ისახავს მიზნად, სადაც სსრკ-ს მემკვიდრე რუსეთს სურს ევროკავშირისა და ნატოს თანასწორი მოთამაშე იყოს. ფაქტია, რომ რუსეთს, როგორც „დიდ ძალას“, სურს, ვეტოს უფლება ჰქონდეს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
ანჯელა სტენტი თავის წიგნში „პუტინის მსოფლიო: რუსეთი დასავლეთისა და დანარჩენის წინააღმდეგ“ რუსეთის საგარეო პოლიტიკას აანალიზებს, რომელიც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ მის ხედვებსა და რევიზიონისტულ მიზნებს ასახავს:
- რუსეთის დეკლარირებული ამბიციაა, იჯდეს იმ მაგიდასთან, რომელთანაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო გადაწყვეტილებები მიიღება;
- პოსტ-საბჭოთა სივრცე რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების რეგიონად უნდა იყოს მიჩნეული;
- ცივი ომის შემდგომი ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი პოსტ-დასავლური წესრიგით უნდა შეიცვალოს, ხოლო მსოფლიო რუსეთმა, აშშ-მ და ჩინეთმა გავლენის სფეროებად გაიყონ.
- აბსოლუტური სუვერენიტეტი მხოლოდ დიდ ძალებს აქვთ.17
რუსეთსა და დასავლეთის ხედვებს შორის განსხვავების ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი სწორედ სუვერენიტეტის კონცეფციის განსხვავებული აღქმაა. 2017 წელს პუტინის განცხადება, რომ რეალური სუვერენიტეტი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს (ჩინეთი, ინდოეთი, აშშ და სხვა.)18 მეზობლების მიმართ აგრესიული ქმედებების საფუძველს წარმოადგენს.
კრემლის ამბიციამ, გადამწყვეტი მოთამაშე იყოს ევროპულ წესრიგში19 და გავლენა შეინარჩუნოს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რომელსაც საკუთარ უკანა ეზოდ20 ან პრივილიგირებული ინტერესების სფეროდ მიიჩნევს21, რუსეთი რევიზიონისტულ ძალად აქცია. ის ბოლო წლების განმავლობაში ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ლიბერალურ დემოკრატიას პოპულისტების, ულტრამემარჯვენეებისა და ანტისისტემური პოლიტიკური ძალების მხარდაჭერით.22 დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვისა და ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების კვალდაკვალ, რუსეთის პოლიტიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა და 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.
განუყოფელი და თანაბარი უსაფრთხოება სრულიად ევროპის კონტინენტისათვის ჰელსინკის აქტისა და პარიზის ქარტიის უმთავრესს პრინციპებს წარმოადგენდა და ცივი ომის შედეგ სწორედ ეს ხედვა იყო დომინანტი. თუმცა, რუსეთის ამბიციების ზრდისა და ევროპულ წესრიგში „ადგილის ვერდამკვიდრებასთან“ ერთად, უსაფრთხოების არქიტექტურის სამართლებრივი საფუძვლების სრული ეროზია მოხდა, რასაც თან სდევდა რუსეთისა და დასავლეთის მიერ ერთმანეთის საფრთხედ აღქმის გაძლიერების ტენდენციებიც. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ ნათელი გახდა, რომ არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე ევროპის კონტინენტზე კრიზისებს თავიდან ვერ იცილებდა. რუსეთის პრეტენზიები უფრო და უფრო მკაფიო და მომთხოვნი ხდებოდა.
სტატიაში განხილულია ევროპის უსაფრთხოების სასურველი არქიტექტურის შესახებ რუსეთის ხედვა, რომელსაც ყველაზე უკეთ 2021 წლის დეკემბერში „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ გამოქვეყნებული დოკუმენტები წარმოადგენს, ასევე, აღწერილია კრემლის ძველი შეთავაზებები და ხედვები. რუსეთის მთავარი მოთხოვნა პოსტ-საბჭოთა სივრცეში „გავლენის სფეროს“ შენარჩუნება, ასევე, ლიბერალური დემოკრატიის მის „უკანა ეზოში“ გავრცელებისა და ნატოს გაფართოების შეჩერებაა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის რევიზიონისტული მიდგომა სუვერენიტეტის შესახებ დასავლეთისაგან განსხვავებულ ხედვასაც ეფუძნება, რომლის თანახმადაც სრული სუვერენიტეტი მხოლოდ დიდი ძალების პრივილეგიაა, ამიტომ რუსეთი საკუთარი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობასა და საგარეო პოლიტიკის თავისუფლად არჩევის ნებას უგულებელჰყოფს.
უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ რუსეთის ხედვის შესწავლამ გამოკვეთა ის მიზეზები და კრემლის სურვილები, რომლებიც რუსეთის რევიზიონისტულ პოლიტიკას უდევს საფუძვლად. რუსეთის ტრადიციული მისწრაფება, მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი „ძალის ცენტრი“/„დიდი ძალა“ იყოს და ევროპის უსაფრთხოების საკითხებში ვეტოს უფლება ჰქონდეს, კრემლის ძალის პრიმატზე ორიენტირებული პოლიტიკისა და მის მიერ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის აღქმის გათვალისწინებით, „ევროპის გავლენის სფეროებად“ დაყოფის სურვილი განაპირობებს. პუტინის მთავარი შთაგონების წყარო რუსეთის ცარისტული იმპერიაა. მას „ევროპის კონცერტის“ იდეის გაცოცხლება სურს, რაც ძალთა ბალანსისა და გავლენის სფეროების გადანაწილებას ეფუძნება და არსებული ევროპული წესრიგისაგან რადიკალურად განსხვავდება.
* ანა ჩიტალაძე – ატაშე, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სარჩევი
მშვიდობიანი სამეზობლო: საქართველოს როლი და ხედვა
ლაშა დარსალია
რუსეთის რევიზიონისტული ხედვა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ: კრიზისის მიზეზები და კრემლის მიზნები
ანა ჩიტალაძე
ჩინეთ-ევროკავშირის მეტოქეობა და სანქციების პოლიტიკა
დავით პიპინაშვილი
გაფართოების ახალი პოლიტიკა – ევროკავშირის რენესანსი
ლიკა ჭიპაშვილი