ნიდერლანდების მუდმივი დილემა ევროსკეტპიციზმსა და „პრაგმატულ გამბედაობას“ შორის
აბსტრაქტი
სტატიაში განხილულია ნიდერლანდების საგარეო პოლიტიკაში გამოკვეთილი დილემა, ტრადიციულ ევროსკეპტიციზმსა და ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების მედროშეობას შორის. უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ნიდერლანდების ზემოაღნიშნულ ორ პოლიტიკურ ელემენტს, მორიგი გამოცდის პერიოდი დაუდგა. ქვეყანა, ერთი მხრივ, ცდილობს შეინარჩუნოს პრივილეგირებული მდგომარეობა და თავი შეიკავოს ახალი ვალდებულებების აღებისგან, თუმცა ამავდროულად აცნობიერებს, რომ აქვს მორალური დანიშნულება, მტკიცედ იდგეს დემოკრატიული ღირებულებების დამცველთა გვერდით.
ხუტა სალია
ნიდერლანდები, ევროკავშირის დიდ მოთამაშეებთან შედარებით, მცირერიცხოვანი ქვეყანაა, თუმცა მისი გავლენა არაერთ გლობალურ განზომილებაში შესამჩნევად ძლიერია. 18-მილიონიანი მოსახლეობით ნიდერლანდების ტერიტორია საქართველოზე ოდნავ ნაკლებია, თუმცა ვაჭრობისა და ტექნოლოგიების სფეროში იგი მსოფლიოს მოწინავე ქვეყანაა და ცხოვრების დონითა და დემოკრატიის ხარისხით, საუკეთესო ათეულში უკვე წლებია მყარად იკავებს თავის ადგილს.
2022 წლის თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ ევროპის გეოპოლიტიკურ ასპარეზზე „ტექტონური ძვრები“ გამოიწვია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით განვითარდა, როდესაც უკრაინის კვალდაკვალ, წევრობაზე განაცხადი საქართველომ და მოლდოვამ წარადგინეს. ხოლო პარალელურად, კანდიდატის სტატუსის მქონე ბალკანეთის ქვეყნებმა, სამართლიანი პროტესტით, მზერა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკვე საკმაო ხნით შეჩერებულ მოლაპარაკებებს მიაპყრეს. ნიდერლანდები დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის მკაფიო ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს. მიუხედავად ამისა, 2022 წლის ივნისის ევროპულ სამიტზე ჰოლანდიელებმა დასტური მისცეს ევროკომისიის მოსაზრებას1 და ამ დროისათვის, ევროკავშირის აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებას, სულ მცირე, არ ეწინააღმდეგებიან.
წინამდებარე სტატია ეხება ნიდერლანდების საგარეო პოლიტიკურ დილემას, რომლის ერთი მხარე პროტექციონიზმით გამყარებულ ევროსკეპტიციზმს ქადაგებს, ხოლო მეორე კი დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ქვეყნისგან გაბედულ ნაბიჯებს ითხოვს.2 სტატიის პირველ ნაწილში განხილულია ნიდერლანდების ევროსკეპტიციზმის ისტორიული საფუძვლები. მეორე ნაწილში მოცემულია იმ გარემოებათა ანალიზი, რომელთაც განაპირობეს ნიდერლანდების არატრადიციულად გაბედული ნაბიჯები რუსეთის წინააღმდეგ და ევროსკეპტიკური ელემენტის შერბილება. სტატიის დასკვნით ნაწილში მკითხველს შესაძლებლობა ექნება განსაზღვროს, რამდენად რეგულარული ხასიათი აქვს ჰოლანდიურ ევროსკეპტიციზმს და მოსალოდნელია თუ არა მისი სრული ტრანსფორმაცია.
ევროპული ინტეგრაციის მიმართ ნიდერლანდების ზოგადი უნდობლობა, ისტორიულად, ორი ძირითად გარემოებას ემყარება, რომელთაგან ერთი მისი საზოგადოების იდეოლოგიურ სიმპატიებში მდგომარეობს, ხოლო მეორე კი – ქვეყნის გეოპოლიტიკურ სინამდვილეში. ევროპის სხვა ერებთან შედარებით, ბევრად მცირერიცხოვანი ნიდერლანდები დიდი ძალების მუდმივი წნეხის ქვეშ იყო. შედეგად, ჰოლანდიელთა მთავარ იარაღად ლიბერალური იდეოლოგია იქცა, რომელიც სათანადო წინააღმდეგობას უწევდა ავტორიტარიზმსა და რელიგიურ ჩაგვრას. რაც შეეხება გეოპოლიტიკურ მოცემულობას, ქვეყნის საზღვაო პოტენციალმა მას ფართო სავაჭრო შესაძლებლობები მისცა და „დასავლური კოლონიზაციის“ ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ აქცია, რითაც ნიდერლანდები, გარკვეულ ეტაპზე, დაეხსნა კიდეც მისი სამხრეთელი მეზობლების გავლენას.3 ნაოსნობითა და ვაჭრობით ქვეყანამ არნახული დოვლათი მოიხვეჭა, ხოლო წყლის ინფრასტრუქტურის შთამბეჭდავი განვითარებით ჰოლანდიელებმა შეძლეს თავიანთი ტერიტორიის მაქსიმალურად ათვისება. სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს ცნობილი გამონათქვამი: „ღმერთმა შექმნა სამყარო, მაგრამ ჰოლანდია – თავად ჰოლანდიელებმაო.“4
„ოქროს ხანა“ დროებითი აღმოჩნდა. კოლონიალიზმის ეპოქის დასრულების კვალდაკვალ, ნიდერლანდები რამდენიმეჯერ განსაკუთრებით მტკივნეულად მოექცა ევროპული ბატალიების ეპიცენტრში. მასშტაბური კონფლიქტებისგან ქვეყანა ვერც გამოცხადებულმა ნეიტრალიტეტმა იხსნა. ყველაზე დამანგრეველი კი მაინც ნაცისტური გერმანიის ოკუპაცია გამოდგა. ამრიგად, საკვირველი არ არის, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მოყოლებული დღემდე, ნიდერლანდების საგარეო პოლიტიკური კომპასი, კონტინენტური ევროპის ძლიერი გავლენის მიუხედავად, კვლავაც ზღვის მიმართულებით უჩვენებს. ჰოლანდიელებისთვის უსაფრთხოების მთავარი ფუნდამენტი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსია.5
ეს მოცემულობა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბდა, როდესაც ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავარ „მხსნელებად“ მიჩნევითა და მათთან მჭიდრო კავშირის დამყარებით, ნიდერლანდებმა სცადა საფრანგეთისა და გერმანიის ისტორიული გავლენისგან თავის დაღწევა. მიუხედავად ამისა, ნანგრევებად ქცეული ეკონომიკა, გაერთიანების იდეით მოცული ევროპა, და ბოლოს, თავად ამერიკელების მიერ ინიცირებული „მარშალის გეგმა“, მათ დიდ არჩევანს არ უტოვებდა და ქვეყანამ განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე მოირგო ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების (1951) დამფუძნებელი წევრობა. საზოგადოების წინაშე ჰოლანდიელი პოლიტიკოსების მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ევროპული გაერთიანება არის სავაჭრო სივრცე და მისი უგულებელყოფა ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანდა.6 შეიძლება ითქვას, რომ დღემდე, ეს მოსაზრება, ევროკავშირში ნიდერლანდების წევრობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
70-იან წლებში ევროპულ გაერთიანებაში დიდი ბრიტანეთის შესვლამ ნიდერლანდებს ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება მისცა. სავაჭრო ურთიერთობების გარდა, ჰოლანდიელებს ბრიტანელებთან, ზღვაოსნობა და ლიბერალური მსოფლმხედველობა აერთიანებთ. თანაც ბრიტანეთმა ნიდერლანდებისთვის მისაღებად დააბალანსა გერმანიის, საფრანგეთისა და კონტინენტური ევროპის სხვა ქვეყნების მზარდი გავლენა. ამრიგად, ჰოლანდიელები თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ ევროკავშირის „ბრიტანულ ბანაკს“. სწორედ ამ პერიოდში ისინი აქტიურად ჩაერთვნენ ევროპულ დღის წესრიგში და დიდი ძალისხმევა გაიღეს ერთიანი სავაჭრო სივრცის, შენგენისა და ევროზონის ფორმირებაში, ისევე როგორც გაფართოების რამდენიმე ტალღაში.7 მიუხედავად ამისა, ბრიტანელების თანამონაწილეობა შესუსტდა, ხოლო 2016 წლის რეფერენდუმმა და „ბრექსითმა“ ჰოლანდიელებს იმედები გაუცრუა.
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ნიდერლანდების ევროსკეპტიციზმის ბოლო ტალღა სწორედ „ბრექსითის“ შედეგია. ჯერ კიდევ 2016 წელს ჩატარებული კვლევებით, ნავარაუდევი იყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გარდაუვალი შემცირება, რაც შესამჩნევ გავლენას მოახდენდა, ევროკავშირში ფინანსური წილით, ისედაც საკმარისად დატვირთულ სახელმწიფო ბიუჯეტზე.8 აქედან გამომდინარე, ნიდერლანდებში გააქტიურდნენ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალები, რომლებმაც „ნექსითზე“ საუბრის პარალელურად,9 ნიდერლანდების მთავრობის ფისკალურ პოლიტიკასაც შეუტიეს და მთავარ სამიზნედ სამხრეთელი წევრები ამოიღეს. მათი პროტესტი ამომრჩევლისთვის საკმაოდ რაციონალურად ჟღერდა: „რატომ უნდა ივსებოდეს (მაგალითად) საბერძნეთის სარეზერვო ბიუჯეტი ჰოლანდიელებისგან აკრეფილი გადასახადებით?“10 აღნიშნულმა პოლიტიკურმა დისკურსმა, მართალია ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთა რაოდენობა დიდად ვერ გაზარდა, მაგრამ თავისი გავლენა მოახდინა კოვიდ-პანდემიისას ევროპის სარეაბილიტაციო ბიუჯეტის განხილვებზე, როდესაც შიდა პოლიტიკური განწყობებით დაგეშილი ნიდერლანდების პრემიერ მინისტრი, ხმალამოღებული იბრძოდა მისი ქვეყნის მიერ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური კონტრიბუციის გასამეტებლად.11
კიდევ ერთი სფერო, რომელიც ნიდერლანდებისთვის ცხელ ევროპულ თემად რჩება, მიგრაციული პოლიტიკაა. რადგანაც ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, მიგრანტების კრიზისის სიმწვავე გასაკვირი სულაც არ არის, თუმცა ნიდერლანდები, ხანდაზმული მოსახლეობის მზარდი კოეფიციენტის გამო, მუშახელის დეფიციტის სახით, სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. პრობლემის უმოკლეს დროში აღმოფხვრა კი მხოლოდ შრომითი მიგრაციით არის შესაძლებელი. სწორედ ამ მიზეზით ნიდერლანდებში არაერთი პოლიტიკური პარტია საუბრობს მის აუცილებლობაზე, თუმცა მოსახლეობაში ევროსკეპტიკური ელემენტის დომინირება მუდმივად ამუხრუჭებს საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში რეალიზებას.12
ევროსკეპტიციზმის საპირწონედ ისიც უნდა ითქვას, რომ ნიდერლანდებისთვის ევროკავშირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, სატრანსპორტო კავშირების, ინოვაციური ტექნოლოგიების, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო მართლმსაჯულების მიმართულებით.13 ეს ის სფეროებია, რომლებშიც ჰოლანდიელებისთვის ერთიანი ევროპის იდეა შეუცვლელია და დიდი ალბათობით, ასეთადვე შენარჩუნდება.
საერთო შეფასებით, ნიდერლანდები ეჭვის თვალით უყურებს ევროპის რეგიონსა და ევროკავშირში ყველა იმ ცვლილებას, რომელიც მისთვის ახალ ვალდებულებებს მოასწავებს. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ნიდერლანდები ევროპულ ინტეგრაციას მხოლოდ იმ ზომით იღებს, რამდენადაც იგი მის პრივილეგირებულ მდგომარეობას არ უქმნის გამოწვევებს. ამ კრიტერიუმით, ევროკავშირის შიგნით, ნიდერლანდები ერთ-ერთ ყველაზე არასასურველ წევრადაც კი მოიაზრება,14 თუმცა მისი წვლილი გაერთიანებაში საკმარისზე მეტად დიდია იმისათვის, რათა აღნიშნული განწყობები ოდესმე მატერიალიზირდეს.
„ბრექსითისა“ და კოვიდ პანდემიის შემდგომ, ნიდერლანდები მორიგი გლობალური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია წამოიწყო. რა თქმა უნდა აქ კითხვის ნიშანი არ გაჩენილა რუსეთის ქმედებების უკანონობისა და ნიდერლანდების მიერ მისი დაუყოვნებლივი დაგმობის შესახებ. ქვეყნის მესვეურების მთავარი თავსატეხი გახდა ის თუ რა მასშტაბებით უნდა ემოქმედათ უკრაინის მხარდასაჭერად.
ომის დაწყებამდე, რუსეთ-უკრაინის კრიზისზე ნიდერლანდების ოფიციალური პოზიცია იყო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობა. ამასთან, ქვეყანაში მოქმედი ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალები შესამჩნევად ამძაფრებდნენ შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხეებზე რიტორიკას. ეს უკანასკნელი იქამდეც კი მივიდა, რომ პარლამენტმა სპეციალური შუამდგომლობა მიიღო, სადაც მკაფიოდ გაიწერა, რომ თუ რუსეთი კიევს დაარტყამდა, ნიდერლანდების მთავრობას ეკრძალებოდა სამხედრო შენაერთების უკრაინაში გაგზავნა.15 აღნიშნულის პარალელურად, რა თქმა უნდა, იყო უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები და თვით პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტები კიევში.16 ასევე ვრცელდებოდა ცნობები უკრაინისთვის სამხედრო ინვენტარის მიწოდებაზეც, თუმცა, ზოგადად, ნიდერლანდების პოლიტიკური ელიტა, საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტის იმედად რჩებოდა.
კრიზისის მშვიდობიანი გზებით მოგვარებაზე აქცენტი ნიდერლანდების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. საერთაშორისო სამართლის სადარაჯოზე დგომის იმიჯს ქვეყანას ის გარემოებაც უმყარებს, რომ მის პოლიტიკურ ცენტრ – ჰააგას, მსოფლიოს იურიდიულ დედაქალაქად მოიხსენიებენ. 2014 წელს კი, როდესაც ამსტერდამიდან მალაიზიაში მიმავალი ბოინგ-MH17 რუსული ძალების მიერ კონტროლირებადმა ანტისაჰაერო რაკეტამ ჩამოაგდო და ნიდერლანდების უახლოესი ისტორიის მთავარი ტრაგედია გამოიწვია, ქვეყანა კვლავაც სამართლებრივი პროცედურების გზას დაადგა. ჰოლანდიელებს არ შეუწყვეტიათ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რომელმაც თავიდანვე იუარა გამოძიებასთან თანამშრომლობა, თუმცა მაქსიმალურად აარიდეს თავი ყველა იმ ფორმატს, რომელშიც რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი მონაწილეობდნენ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, MH17-ის გამოძიების თემა ყველა ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალის საარჩევნო პროგრამის ნაწილად იქცა.17
2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული, არავის გაკვირვებია ქვეყანაში უკრაინული დროშების მასიური გამოფენა და უკრაინული დიასპორის აქამდე არნახული აქტივობა. უპრეცედენტოდ სოლიდარული აღმოჩნდა ნიდერლანდების მოსახლეობა: მათ უკრაინელთა მხარდასაჭერად, უმოკლეს დროში შექმნილი ჰუმანიტარული დახმარების ფონდებით, საკმაოდ მძლავრ ფინანსურ რესურსს მოუყარეს თავი.18 სოლიდარობის ამ და სხვაგვარი გამოვლინებების კვალდაკვალ, ნიდერლანდების მთავრობის ანტირუსული და უკრაინის მხარდამჭერი რიტორიკა არნახულად გაიზარდა და დღემდე მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა.19 ქვეყანა არაერთ ფრონტზე აქტიურობს და სისტემატურად მონაწილეობს უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების კამპანიებში, ხოლო პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ყველა ტრიბუნიდან მკაფიოდ აცხადებს, რომ „უკრაინის ომი არის ჩვენი ომი.“20
გარდა ზემოაღნიშნულისა, ნიდერლანდები რუსეთს დაუპირისპირდა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატების მეშვეობითაც. უშუალოდ ქვეყნის ინიციატივით, 2022 წლის ივლისში, შეიქმნა საერთაშორისო პლატფორმა, რომლის მიზანიც არის, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელების პასუხისგებაში მისაცემად, უკრაინული და საერთაშორისო საგამოძიებო მოქმედებების კოორდინირება.21 2023 წლის თებერვალში MH17-ის საგამოძიებო გუნდის მიერ მიღებულ დასკვნას ბოინგის ჩამოგდების ოპერაციაში პუტინის უშუალო მონაწილეობაზე „მყარი მინიშნებების“ არსებობის შესახებ22 დაემატა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის დაკავების ორდერი, რომლითაც პრეზიდენტი პუტინი, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, ოფიციალურად ცხადდება ომის დანაშაულებში ბრალდებულად.23 აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ნიდერლანდების საზოგადოება კარგად აცნობიერებს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის აღსრულების აუცილებლობას და ამ ბერკეტის რეალიზებისთვის საგარეო პოლიტიკური რესურსი სრულად აქვს მობილიზებული.
მიუხედავად ამისა, ჰოლანდიელთა, ერთი შეხედვით, შეუზღუდავი მხარდაჭერა მნიშვნელოვან წინაღობას წააწყდა, როდესაც უკრაინამ 2022 წლის მარტში ევროკავშირში წევრობის განაცხადი დაჩქარებული წესით წარადგინა. ნიდერლანდების ომამდელი პოზიცია ევროკავშირის გაფართოებაზე ყველასთვის კარგად ცნობილი იყო: ჰოლანდიელები ასპირანტ ქვეყნებს მოუწოდებდნენ უკვე არსებულ ფორმატებზე კონცენტრირებისკენ და მიზანშეუწონლად მიაჩნდათ ახალი წევრების მიღების შესახებ რაიმე სახის დისკუსია. ისინი თავიანთ დამოკიდებულებას ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებთან მიმართებით ახასიათებდნენ, როგორც „მკაცრ, სამართლიან და ჩართულ მიდგომას.“24
უკრაინასთან დაკავშირებით, ევრო-სკეპტიკურ სენტიმენტს ასევე აძლიერებდა 2016 წელს ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების შესახებ შეთანხმების რეფერენდუმზე გატანის ფაქტი. ეს უკანასკნელი დიდწილად გამოწვეული იყო ნიდერლანდებში მოქმედი პოპულისტური ძალების მიერ წარმოებული კამპანიით. მათი პოლიტიკური დისკურსის მიხედვით, უკრაინასთან დადებული ასოცირების შეთანხმება მიზნად ისახავდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც ნიდერლანდებს არნახულ გამოწვევებს შეუქმნიდა ფინანსური და საიმიგრაციო თვალსაზრისით.25
აქედან გამომდინარე, ნიდერლანდების პირველადი რეაქცია დიპლომატიურად მოზომილი, თუმცა უარყოფითი იყო. პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინის წევრობაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ქვეყანას მნიშვნელოვანი რეფორმები აქვს განსახორციელებელი. რაც შეეხება დაჩქარებული წესით გაწევრიანების პროცედურას, მან დასძინა, რომ ევროკავშირის შიგნით, აღნიშნულ ბერკეტზე თანხმობა არ არსებობს.26
ზემოაღნიშნული რიტორიკა საკმაოდ დიდ ხანს არ შეცვლილა და იქამდე გაგრძელდა, სანამ ევროკომისია უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე საბოლოო განხილვების ეტაპამდე არ მივიდა. უფრო კონკრეტულად კი იქამდე, სანამ კიევს ოფიციალურად არ ეწვივნენ გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის სახელმწიფო მეთაურები, და ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.27 დღესდღეობით კი პრემიერ-მინისტრით დაწყებული რიგითი ჰოლანდიელი დიპლომატით დამთავრებული, ნიდერლანდების რიტორიკა დაახლოებით ამგვარად არის შეცვლილი: „ჩვენ ვემხრობით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და წინ არ აღვუდგებით მას“.28
შედარებით ბუნდოვანია ნიდერლანდების პოზიცია, ერთი მხრივ, მოლდოვასა და საქართველოს და, მეორე მხრივ, ბალკანეთის ქვეყნების მიმართაც. ევროკავშირის გაფართოების შესახებ დამკვიდრებული „მკაცრი, სამართლიანი და ჩართული“ მიდგომა ამჯერად ხასიათდება, როგორც „მკაცრი, სამართლიანი და უფრო გახსნილი“ დამოკიდებულება.29 ნიდერლანდების პოლიტიკურ ელიტაში გამოთქმული მოსაზრებები კი საგრძნობლად ინდიფერენტულია და ხშირ შემთხვევაში, ქვეყნების მხრიდან შესაბამისი რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე აპელირებს. კერძოდ, ჰოლანდიელები თვლიან, რომ ასპირანტმა ქვეყნებმა თავად უნდა გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები ევროკავშირისკენ და არ უნდა იყვნენ მხოლოდ ომის შედეგად შექმნილი გეოპოლიტიკური ძვრების იმედად.30
ამრიგად, დასავლური ბლოკის ერთიანი პოზიციის ფონზე, ნიდერლანდები არბილებს ევროსკეპტიკურ განწყობას და არ ეწინააღმდეგება ასოცირებული ტრიოს და ბალკანეთის ქვეყნების მისწრაფებებს, თუმცა, ამავდროულად უპირატესობას ანიჭებს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰოლანდიელებისთვის საკმარის არგუმენტად არ გამოდგება მხოლოდ ის, რომ რუსეთის აგრესია ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და, რომ მათი გადარჩენის ერთადერთი გზა ამ ქვეყნების ევროკავშირის მანტიის ქვეშ მოქცევაა.
ნიდერლანდების ევროსკეპტიციზმი დროებით ტრანსფორმირდა გაბედულ პრაგმატიზმად. ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ბოლომდე თვითონ მართოს გლობალური პროცესები. იგი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დიდი მოთამაშეების სვლებზე და იმისდა მიხედვით აუბამს მათ მხარს, რამდენადაც ეს მისთვის გრძელვადიანი პერსპექტივით მოგებიანი იქნება. გარდა ამისა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მანევრებზე დიდ გავლენას ახდენს შიდა პოლიტიკური განწყობებიც.
ნიდერლანდები ფრთხილი ენთუზიაზმით დათანხმდა ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პერსპექტივას. მისი ეს ნაბიჯი დიდწილად დასავლური სამყაროს ერთსულოვნებამ განაპირობა, რაც თავის მხრივ ეფუძნება დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების უპირატესობას. სავაჭრო და ეკონომიკური თვალსაზრისით ჰოლანდიელები მიესალმებიან პლურალიზმს და რაც შეიძლება მეტ კულტურულ ურთიერთგაცვლას. თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ისინი ისეთივე ევროსკეპტიკოსებად რჩებიან, როგორებიც განვლილ ათწლეულებში იყვნენ. აქედან გამომდინარე, იმ ქვეყნებს, რომლებიც ნიდერლანდების მხარდაჭერაზე იმედებს ამყარებენ, მისი საზოგადოების გულის მოსაგებად, მუდმივი მობილიზება მართებთ.
https://www.tweedekamer.nl/kamerstukken/moties/detail?id=2022Z01971&did=2022D04214 [16] Government of the Netherlands. 2022. “Joint statement of President of Ukraine Volodymyr Zelenskyy and Prime Minister of the Kingdom of the Netherlands Mark Rutte.” February 2, 2022.
https://www.government.nl/documents/diplomatic-statements/2022/02/02/joint-statement-of-president-of-ukraine-volodymyr-zelenskyy-and-prime-minister-of-the-kingdom-of-the-netherlands-mark-rutte [17] Government of the Netherlands. n.d. “MH17 Incident.” https://www.government.nl/topics/mh17-incident [18] NL Times. 2022. “Ukraine Fundraiser tops 10 million in three days.” March 3, 2022. , https://nltimes.nl/2022/03/03/ukraine-fundraiser-tops-eu10-million-three-days-national-telethon-monday [19] Rijksoverheid. 2022. “Kamerbrief over het beleid van Buitenlandse Zaken.” March 8, 2022.
https://www.rijksoverheid.nl/documenten/kamerstukken/2022/03/08/beleidsbrief-buitenlandse-zaken [20] Rutte, M. 2023. “The War in Ukraine Affects Us All.” Foreign Policy, February 23, 2023. https://foreignpolicy.com/2023/02/23/ukraine-war-netherlands-rutte/ [21] Government of the Netherlands. 2022. “Ukraine Accountability Conference: A Step Towards Justice.” Press Release July 14, 2022. https://www.government.nl/latest/news/2022/07/14/ukraine-accountability-conference [22] Netherlands Public Prosecution Service. 2023. “Report MH17.” February 8, 2023. https://www.prosecutionservice.nl/documents/publications/mh17/map/2023/report-mh17 [23] International Criminal Court. 2023. “Situation in Ukraine: ICC judges issue arrest warrants against Vladimir Vladimirovich Putin and Maria Alekseyevna Lvova-Belova.” March 17, 2023, https://www.icc-cpi.int/news/situation-ukraine-icc-judges-issue-arrest-warrants-against-vladimir-vladimirovich-putin-and [24] Zweers, W and van Loon, I. 2020.„The Netherlands as a Champion of EU Enlargement?“ Policy Brief. Clingendael Institute of International Relations. November, 2020. https://www.clingendael.org/sites/default/files/202011/Policy_brief_The_Netherlands_as_a_champion_of_EU_enlargement_November_2020.pdf [25] Europa Nu. 2018. “Associatie-overeenkomst EU-Oekraïne.” July 30, 2018. https://www.europa-nu.nl/id/vjeveyp2hkjv/associatie_overeenkomst_eu_oekraine [26] Herszenhorn, M.D. 2022. “Netherlands’ Tight Fist Now Chokes Ukraine’s EU Bid.” Politico, March 10, 2022. https://www.politico.eu/article/netherlands-ukraine-eu-membership-zelenskyy-putin/ [27] Darmanin, J., Caulcutt, C. and Miller, C. 2022. “Macron, Scholz and Draghi meet Zelenskyy in Kyiv during historic visit.” Politico, June 16, 2022. https://www.politico.eu/article/macron-scholz-draghi-kyiv-visit-zelenskyy-ukraine/ [28] NL TIMES. 2022. “Netherlands Now Voicing Support for Ukraine’s EU Candidacy.” June 17, 2022. https://nltimes.nl/2022/06/17/netherlands-now-voicing-support-ukraines-eu-candidacy [29] Spöri,T., Eilers, N., Eichhorn J., Cvijić,S., Emini, D. and Stefanović, M. 2022. “ Strict, Fair and More Open Towards EU Enlargement!, Dutch Public Opinion on EU Membership of the Western Balkans.” d|part, EFB & BiEPAG. https://dpart.org/wp-content/uploads/2022/11/WB_Report_Netherlands-1.pdf [30] Bob Deen, Wouter Zweers & Camille Linder (2023), EU in the South Caucasus – Navigating a Geopolitical Labyrinth in Turmoil, Clingendael Institute of International Relations, https://www.clingendael.org/pub/2023/the-eu-in-the-south-caucasus/
* ხუტა სალია – მრჩეველი, საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში
სარჩევი
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემო და სამხრეთ კავკასიის მზარდი როლი
მარინე ნარჩემაშვილი
„მაკრონიზმი“ – საფრანგეთის ევროპული და გლობალური საგარეო პოლიტიკა
ლიკა ჭიპაშვილი, ირინე ხულუზაური
თურქეთის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა და მედიატორის როლი უკრაინა-რუსეთის ომის კონტექსტში
ეკატერინე მეგრელიშვილი