ნატოს იდენტობა და გაფართოების პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე

აბსტრაქტი

სტატიაში განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ნატოს იდენტობის ცვლილება და ალიანსის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები. სტატიაში აღწერილია ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში განხორციელებული რეფორმები და პროცესები, რომლებითაც ხელი შეეწყო თანამედროვე უსაფრთხოების გარემოსთან ნატოს ადაპტირებას და სამხედრო ალიანსიდან სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად მის გარდაქმნას. სტატია ასევე ეხება ნატოს გაფართოების პოლიტიკას, როგორც ალიანსის იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მახასიათებელს, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ევროატლანტიკურ სივრცეში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე.

გიორგი რობაქიძე

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) სამხედრო ალიან­სია, რომელიც 1949 წელს შეიქმნა. ცივი ომის დროს ნატოს უპირველეს მიზანს წარმოად­გენდა წევრი ქვეყნების კოლექტიური თავდაცვის უზრუნველყოფა საბჭოთა აგრესიისგან. დაარსებიდან დღემდე თითქმის 75 წლის განმავლობაში ნატო მნიშვნელოვნად შეიცვალა და დღესაც, უსაფრთხოების ახალი გამოწვევებისა და გეოპოლიტი­კური ცვლილებების ფონზე, ცდილობს ახალ გარემოსთან ადაპტირებას.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა აგრესიულმა ომმა საგრძნობლად შეცვალა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკური დღის წესრიგი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვა და მისი ადაპტირება არსებულ გამოწვევებთან. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საგრძნობლად  გაიზარდა მოკავშირეთა სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. ალიანსმა ასევე გაზარდა რეგიონში საკუთარი სტრატეგიული აქტივები, მათ შორის ჰაერ­სა­წინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ამჟამად განლაგებულია პოლონე­თში, რუ­მ­ინეთსა და სლოვაკეთ­ში. ომის დაწყებიდან მალევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ევ­როპის კონტინენ­ტზე აშშ-ის სამხედრო ძალების რაოდენობა და ამჟამად ჯამში 100 ათას სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს. ამასთანავე, რუსეთის აგრესიის გამო ნატოს რიგ წევრ ქვეყნებს შორის უთანხმოებები დროებით გადაილახა და გაძლიერდა ნატოს ერთობა.

სრული სურათის უკეთ დასანახად მნიშვნელოვანია ნატოს იდენტობის ცვლილე­ბას­თან დაკავშირებულ საკითხის ისტორიულ კონტექსტში გაანალიზება და 30 წლის განმავ­ლობაში ალიანსის მიერ განვლილი გარდამტეხი ეტაპების მიმოხილვა. ამავდრო­ულად, აღსანიშნავია თანამედროვე უსაფრთხოების ახალ გამოწვევები, რომლებიც, ტრადიციულ უსაფრთხოებასთან ერთად, ნატოს დღის წესრიგში წამყვან ადგილს იკავებს.

ნატოს ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი საწყისი საბჭოთა კავშირის დაშლა იყო, შედეგად ალიანსი ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა: ზესახელმწიფოების დაპირისპირების უშუალო საფრთხის გარეშე, მას საკუთარი ამოცანები ხელახლა უნდა განესაზღვრა. ახალ რეალობასთან გასამკლავებლად ნატომ დაიწყო ყოვლისმომცველი რეფორმირების პროცესი, რამაც ორგანიზაცია თანდათა­ნო­ბით სამხედრო ალიანსიდან სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად გარდაქმნა. ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს იდენტობის  მთავარი მსაზღვრელი ტრანსატლანტიკურ სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ სტაბილურობის, დემოკრატიისა და თანამშრომ­ლო­ბი­თი უსაფრთხოების ხელშეწყობა გახდა. ალიანსმა შეიძინა ისეთი ახალი ფუნქციები,  როგორებიცაა: კრიზისების მართვა, კონფლიქტების პრევენცია და სამშვიდობო ოპერაცი­ების წარმოება.

1990-იანი წლების შემდეგ ნატოს იდენტობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახდა მისი გაფართოების პროცესი. საწყის ეტაპზე, პროგრამის  „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მეშვეობით, ალიანსმა პარტნი­ორული ურთიერთობები დაამყარა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებ­სა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან. პარალელურად, მან დაიწყო რუსეთთან აქტიური დიალოგიც, რომელიც 1997 წელს რუსეთსა და ნატოს შორის „სადამფუძნებლო აქტის“ ხელმოწერით დასრულდა. ალიანსის წევრები იმედოვნებდნენ, რომ ყოფილ მოწინააღ­მდეგესთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით შესაძლებელი იქნებოდა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში.

რუსეთი, რომელიც ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს, განსაკუთრებით კი, ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს, საკუთარი ექსკლუზიური გავლენის სფეროდ მიიჩნევდა, ყოველთვის  ეწინააღმდეგებოდა ნატოს გაფართოებას. ის თვლიდა, და 1990-იანი წლების დასაწყისში მას ბევრი დასავლეთევროპელი პოლიტიკოსი და ექსპერტიც ეთანხმებოდა, რომ ნატომ, როგორც ცივი ომის დროინდელმა ინსტიტუტმა,  კომუნისტური ბლოკის დაშლასთან ერთად, შეასრულა საკუთარი ამოცანა და ის „ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის“ მსგავსად უნდა დაშლილიყო.

არსებობს მოსაზრება, რომლის დამკვიდრებასაც განსაკუთრებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს: გერმანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით საბჭოთა ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებების პროცესში დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მა, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დაპირება მისცეს მიხეილ გორბაჩოვს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. ამის მტკიცებულებად მოჰყავთ 1990 წლის 9 თებერვალს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერს შორის გამართული შეხვედრის ჩანაწერი, სადაც ჯეიმს ბეიკერი აცხადებს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით – „არცერთი დიუმი აღმოსავლეთით“.1 თუმცა საუბრის სრული ჩანაწერის წაკითხვისას ცხადი ხდება, რომ აღნიშნული ფრაზა კონტექსტიდანაა ამოღებული და საუბარი რეალურად გერმანიის გაერთიანების შემდეგ იქ ნატოს ეგიდით განთავსებულ აშშ-ის ჯარებს ეხება. ამ თემაზე პოლიტიკოსებსა და მეც­ნიერებს შორის კამათი დღემდე გრძელდება, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, ნატოს აღმოსავლეთით გაფართო­ე­ბის კუთხით, საბჭოთა კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს შო­რის რაიმე სახის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი არ გაფორმებულა.

1995 წელს ალიანსმა ჩაატარა სპეციალური კვლევა ნატოს გაფართოების შესახებ. კვლევამ ცხადყო, რომ ცივი ომის დასრულება უნიკალურ შესაძლებლობას ქმნიდა მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების არსებული გარემოს გასაუმჯობესებლად და ამ კუთხით ნატოს გაფართოება ხელს შეუწყობდა სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში.2

1999 წელს, ვაშინგტონში გამართულ სამიტზე, ნატოს წევრებმა დაამტკიცეს  გაწევ­რი­ანების სამოქმედო გეგმა (MAP), რაც საშუალებას აძლევდა ალი­ან­სში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს, მომზადებულიყვნენ პოტენციური წევრობი­სა­თვის. 2004 წლის პრაღის სამიტზე, ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და  ალიანსს შვიდი ახალი ქვეყანა — ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუ­ვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია შეუერთდნენ. მოგვიანებით, 2009 წელს ალიანსის წევრები გახდნენ ალბანეთი და ხორვატია, ხოლო 2017 წელს — მონტენეგრო და 2020 წელს — ჩრდილოეთი მაკედონია. ალიანსის გაფართოების ბოლო ტალღა 2023 წლის გაზაფხულზე განხორციელ­და და მას ფინეთი შეუერთდა.  ამასთან, უკვე მიღებულია პრინციპული გადაწ­ყვე­ტი­ლება ალიანსში შვედეთის გაწევრია­ნებას­თან დაკავშირებით, რაც, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. შედეგად, ალიანსის წევრთა რიცხვი 32-ს გაუტოლდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს კარი ღია რჩება ნებისმიერი ევროპული ქვეყნის­თვის, რომელსაც შეუძლია აიღოს წევრობისათვის საჭირო ვალდებულება და საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. ამჟამად ნატოს ასპი­რან­ტი ქვეყნის სტატუსი მინიჭებული აქვს სამ პარტნიორ სახელმწიფოს, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს საკუთარი სურვილი, გახდნენ ნატოს სრულფასო­ვა­ნი წევრები, ესენი არიან: ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და უკრაინა.

ნატოს ცივი ომის შემდგომი იდენტობის ანალიზისას, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ალიანსის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმ­დეგ. 2001 წლის 11 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ განხო­რციელე­ბუ­ლი უპრეცედენტო ტერორისტული თავდასხმის მეორე დღეს, პირველად ალიანსის  ისტორიაში, ამოქმედ­და ნატოს მე-5 მუხლი, რომელიც ვაშინგტონის ხელშეკ­რუ­ლების  ქვაკუთხედს წარმოადგენს და რომლის თა­ნა­ხმადაც ალიანსის ერთ სახელმწიფოზე შეიარაღებული თავდასხ­მა განიხილება რო­გორც თავდასხმა მის ყველა წევრ სახელმწიფოზე. 2001 წელს ალიანსმა ავღანეთში „საერთა­შორისო უსაფრთ­ხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) მისია დაიწყო, რომლის უმთავრეს ამოცანას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა წარმოადგენდა. ISAF-ის მისია 2014 წლის დეკემბერში დასრულდა, ხოლო 2015 წლის იანვრიდან ნატომ ავღანეთში  ახალი „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (RSM) დაიწყო, რომელიც ავღანეთის შეიარაღებული ძალების  წვრთნასა და ქვეყნის ინსტიტუციურ აღმშენებლობას ემსახურებოდა.

ნატოს თითქმის ოცწლიანი სამხედრო ყოფნა ავღანეთში 2021 წლის ზაფხულში დასრულდა, როდესაც თალიბების სამხედრო იერიშის შედეგად,  ავღანეთის მთავრობა და ნატოს ეგიდით გაწვრთნილი და აღჭურვილი ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები სრულად  ჩამოიშალა. 2021 წლის სექტემბერში ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, სასწრაფო წესით გამოეყვანა ქვეყნიდან მოკავშირეთა ძალები. მოგვიანებით, 2021 წლის შემოდგომაზე, ალიანსმა ჩაატარა ავღანეთის მისიის ყოვლისმომ­ცველი პოლიტიკური და სამხედრო შეფასება, რომელმაც გამოავლინა მთელი რიგი პრობლემები ალიანსის პოლიტიკურ და სამხედრო ამოცანებს შორის კოორდინაციის კუთხით. ამასთან, დოკუმენტში ცალსახად იქნა აღნიშნული, რომ  უსაფრთხოების რთულ გარემოში კრიზისის მართვა ნატოს მთავარ ამოცანად უნდა დარჩეს და მომავალში მოკავშირეებმა მუდმივად უნდა შეაფასონ სტრატეგიული ინტერესები, დასახონ მიღწევადი მიზნები და გააცნობიერონ საფრთხეები.3

ნატოს იდენტობის შემდგომი ცვლილება და მნიშვნელოვანი რეფორმირების მეორე ეტაპი 2014 წლიდან იწყება, როდესაც  რუსეთის  მიერ ყირიმის ანექსიამ ცხადყო, რომ ცივი ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურა აღარ შეესაბამებოდა არსებულ გამოწვევებს. თუკი 1990-იან წლებში სამხედრო, ეკონომიკური და იდეოლო­გიუ­რი ძალაუფლების თვალსაზრისით, დასავლური ლიბერალური დემოკრატია მსოფლიოში უკონკურენტო იყო, XXI საუკუნის დასაწყისიდან შეერთებული შტატებისა და  ევროკავ­ში­რის გლობალური გავლენა გარკვეულწილად შესუსტდა და მას, ჩინეთისა და რუსეთის სახით,  ძლიერი კონკურენტები გამოუჩნდა.

ნატოს მიმართ რუსეთის კრიტიკული დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა  ვ. პუტინის პრეზიდენტობის მეორე ვადით არჩევის შემდეგ. 2007 წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა  აშშ და ევროკავშირის ქვეყნები  და მათ ერთპოლარული მსოფლიოს შექმნის მცდელობაში დასდო ბრალი.4 რუსეთმა ასევე დაადანაშაულა ნატო ნატო-რუსეთის „სადამფუძნებლო აქტის“ დარღვევაში, რომელიც ავალდებულებდა ნატოს, თავი შეეკავებინა ახალი წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალების განლაგე­ბისგან. უნდა აღინიშნოს, რომ 2007 წელს ეს ბრალდება განსაკუთრებით უსაფუძვლო იყო, რადგან ნატომ კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების ზომების საგრძნობი გაძლიერება ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში მხოლოდ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო. აგრესიული რიტორიკის პარალელურად, რუსეთის ფედერაციამ კონკრეტული სამხედრო ნაბიჯებიც გადადგა, კერძოდ, გაზარდა  ქვეყნის დასავლეთი საზღვრის გასწ­ვრივ სამხედრო შენაერთების რაოდენობა და დაიწყო სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ჩინეთი და ირანი.

რუსეთის  მიერ ყირიმის ანექსიამ ცხადყო, რომ  ნატოს 2010 წლის უსაფ­რ­თ­ხოების კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ალიანსი რუსეთთან „სტრატეგიულ პარტ­ნი­ო­რობას“ ესწრაფოდა და მიიჩნევდა, რომ ნატოს ტერიტორიაზე კონვენციური თავდასხმის საფრთხე დაბალი იყო, აღარ ესადაგებოდა შეცვლილ გეოპო­ლიტიკურ  რეალობას. კრემლის აგრესიული ქმედებების და ევროატლანტიკურ სივრცეში მზარდი დაძაბულობის ფონზე დღის წესრიგში დადგა ამ კონცეფციის განახლების საჭიროება. პარალელურად, ნატომ დაიწყო კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების ზომების გაძლიე­რება ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. კერძოდ, 2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე და მოგვიანებით 2016 წლის ვარშავის სამიტზე შემუშავდა და დამტკიცდა  ნატოს მზადყოფნის სამოქმედო გეგმა (NATO Readiness Action Plan), რომელიც ითვალისწინებდა ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში ნატოს ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის განთავსებას, ნატოს საპასუხო ძალების (NATO Response Force) გაზრდას 13 ათასიდან 40 ათას სამხედრო მოსამსახურემდე, დამა­ტე­ბით, ახალი 5000-კაციანი ნატოს ძალიან მაღალი მზადყოფნის ძალების (Very High Readiness Joint Task Force – VJTF) შექმნას, ალიანსის სამხედრო წვრთნების რაოდენობის მნიშვნელო­ვან ზრდას, ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მცირე ზომის ნატოს შტაბ-ბინების(საკომანდო ცენტრების) შექმნასა და იქ გარკვეული აღჭურვილობის წინასწარ განთავსებას და სხვა ქმედებები.5 პარალელურად ალიანსმა გააძლიერა პარტნიორობა ევროკავ­შირთან, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებთან.

საპასუხოდ, 2021 წლის ბოლოს, რუსეთმა ნატოსა და აშშ-ს წარუდგინა ე. წ. „უსაფრთხოების გარანტიების ხელშეკრულებების“ პროექტები, რითაც ფაქტობრივად ღიად გამოხატა „გავლენის სფეროების“ აღდგენის სურვილი. დოკუმენტში რუსეთი ულტი­მატუმის ტონით ითხოვდა ნატოსგან, რომ ამ უკანასკნელს ოფიციალურად ეთქვა უარი გაფართოების პოლიტიკაზე, სამხედრო ძალების განლაგებაზე რუსეთთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე, გაეყვანა 1997 წლის შემდეგ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებული ყველა სამხედრო შენაერთი და  შეზღუდვები დაეწესებინა რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ნატოს სამხედრო აქტივობებზე, მათ შორის, წვრთნებსა და სწავლებებზე.

ზემოხსენებულ ულტიმატუმზე რუსეთს 2022 წლის იანვარში გადაეცა ნატოსა და აშშ–ის მიერ მომზადებული პასუხები. როგორც ალიანსმა, ასევე აშშ-მა მიუღებლად მიიჩ­ნიეს რუსეთის მოთხოვნა და კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურეს საკუთარი  ერთ­გულება ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკის მიმართ,  უფრო მეტიც, საპასუხო დოკუ­მენტში ნატომ მოუწოდა რუსეთს,  საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან გაეყვანა ჯარი, რომელიც ამ ქვეყნების ნების წინააღმდეგ, უკანონოდ იმყოფება. ამავე დროს, ალიანსმა ხაზი გაუსვა, რომ მზად იყო, ეთანამშრომლა რუსეთთან გამჭვირვა­ლობის ზრდის, სამხედრო კონფლიქტის წარმოქმნის რისკის შემცირების, სამხედროებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის არხის აქტიურად გამოყენებისა და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებში. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები გამოთქვამდა მზადყოფნას, რუსეთის მიერ წამოწეულ ყველა საკითხზე სხვადასხვა ფორმატით (ნატო–რუსეთის საბჭო, ეუთო, ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი და ა. შ.) გაეგრძელებინა აქტიური დიალოგი.

არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, 2022 წლის თებერვალში,  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო. რუსეთ-უკრაინის ომმა სრულებით შეცვალა გლობალური გეოპოლიტიკური ვითარება და დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ურთიერთო­ბებ­ზე, მათ შორის, ნატოს როლსა და მისიაზეც.  ამ ქმედებებმა  კიდევ უფრო გაზარდა ნატოს მიმართ რუსეთის მეზობელი ქვეყნების ინტერესი. როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, „ვ. პუტინის ომი ნატოს გაფართოების შედეგი კი არ არის, არამედ ის ამ  გაფართოების მიზეზია.“6

სწორედ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ მისცა ბიძგი შვედეთისა და ფინეთის ხელისუფლების ისტორიულ გადაწყვეტილებას, გამხდარიყვნენ ჩრდილოატ­ლან­ტი­კური ალიანსის წევრები. ორივე სახელმწიფო მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს, თუმცა 2022 წლის 18 მაისს მათ ერთობ­ლივად წარადგინეს განაცხადი  ნატოში გაწევრიანების შესახებ.  2023 წლის 4 აპრილს ფინეთი ნატოს წევრი გახდა, შვედეთს გარკვეული პრობლემები შეექმნა თურქეთისა და უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა 2023 წლის ვილნიუსის სამიტის ფარგლებში აღნიშნული უთანხმოება სრულად იქნა აღმოფხვრილი და, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლომდე შვედეთიც ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდება.

რუსეთის სამხედრო აგრესიის პარალელურად, 2022 წლის ივნისში, ნატოს მადრიდის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს ახალი, რიგით მერვე, სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს ალიანსის განვითარების მიმართულებებს მომდევნო ათწლეულში. დოკუმენტი 49 პარაგრაფისგან შედგება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ალიანსის წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს. დოკუმენტში განსაკუთ­რებით მკაფიოდ არის გამოკვეთილი ორი საფრთხე — რუსეთი და ტერორიზმი. აღსანიშნავია, რომ რუსეთი შეფასებულია, როგორც „ყველაზე მნიშვნელოვანი და პირ­და­პი­რი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.“7 ამასთან კონცეფციაში ხაზგასმით არის აღნიშ­ნული, რომ ნატოს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ თავდას­ხმა არ შეიძლება იქნეს გამორიცხული. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ კრემლის მტრული ქმედებებისა და მისი პოლიტიკის ფონზე, შეუძლებელია, რუსეთი აღქმული იქნეს პარტნიორად. ამასთან, რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებში რაიმე ცვლი­ლება დამოკიდებული იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ აგრე­სიული ნაბიჯების შეწყვეტასა და საერთაშორისო სამართლის სრულ პატივისცემაზე.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიულ კონცეფციაში პირველად არის ნახსენები ჩინეთი, როგორც ნატოს უსაფრთხოებისათვის გამოწვევა. მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ პეკინის ჰიბრიდული და კიბეროპერაციები, კონფრონტაციული რიტორი­კა და დეზინფორმაცია მიმართულია ალიანსის წინააღმდეგ და აზიანებს მის უსაფრთხო­ებას. ამასთან, ნატოს წევრები გამოთქვამენ შეშფოთებას  ჩინეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.

უსაფრთხოების გაძლიერებისა და თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა 2023 წლის ნატოს ვილნიუსის სამიტზეც. სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების, რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის, უკრაინის დახმარების, ჩინეთის, ტერორიზმის, ტექნოლოგიისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს.

სამიტის ფარგლებში მოკავშირეები შეთანხმდნენ ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური თავდაცვითი გეგმის განხორციელებაზე, რომელიც გულისხმობს 300 ათასი სამხედრო მოსამსახურის მაღალი დონის მზადყოფნაზე გადაყვანას, ასევე საზღვაო და საჰაერო  სივრცეში პატრულირებისათვის გემებისა და თვითმფრინავების  რაოდენობის გაზრდას. მოკავშირეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ყოველწლიურად გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს და სამხედრო ინდუსტრიაში მეტ ინვესტიციას ჩადებენ.

ვილნიუსში მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის აღსანიშნავია უკრაინის მრავალ­წლი­ანი დახმარების ახალი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ამ ქვეყნის შეია­რაღ­ე­ბული ძალების ნატოს სტანდარტებზე გადასვლისა და თავდაცვისა და უსაფრთ­ხოების სექტორის აღმშენებლობის ხელშეწყობას. ასევე, ნატო-უკრაინის კომისიის გარდაქმნას ნატო-უკრაინის საბჭოდ, სადაც უკრაინას ალიანსის წევრების მსგავსად თანაბარი უფ­ლე­ბე­ბი ექნება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრა­ი­ნას ნატოში ინტეგრაციის გზაზე არ დასჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP).

რაც შეეხება საქართველოს, 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაში ასახულია ქართული მხარისთვის განსაკუთრებუ­ლი მნიშვნელობის მქონე ყველა ძირითადი საკითხი. კერძოდ, დაფიქსირე­ბულია ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისადმი და აღნიშნულია, რომ გაწევრიანების თაობაზე მოკავშირეები თავად იღებენ გადაწყვე­ტი­ლე­ბას, მესამე მხა­რის ჩარევის გარეშე. დოკუმენტში ასევე საუბარია შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ნატოს მზაობაზე, მხარი დაუჭიროს ამ რეგიონის ქვეყნების ევრო­ატლან­ტიკურ მისწრაფებებს. ხაზგასმულია, რომ ასპი­რან­ტი ქვეყნებისა და ალიანსის უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭ­ვუ­ლი. ამასთან, ალიანსი კიდევ ერთხელ ცალსახად გამოხატავს საქართველოს ტერიტო­რიუ­ლი მთლია­ნო­ბისა და სუვე­რე­ნიტეტის მხარდაჭე­რას. მადრიდის სამიტზე, ნატო-საქართველოს თანამშ­რომ­ლობის გაღრმავების კუთხით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნა­ბიჯი გადაიდგა, კერძოდ,  შემუშავდა პარტნი­ორებზე და, მათ შორის, საქართვე­ლოს საჭიროებებზე მორგებული ინდივი­დუ­ა­ლური დახ­მა­რების დოკუმენტები (ITPP), რომ­ლის სრულფასოვანი იმპლემენტაცია საგრძნობ­ლად შეუწყობს ხელს ამ ქვეყნების თავდაც­ვის­უ­ნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკი­ცე­ბას.

რაც შეეხება ნატოს ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებულ კომუნიკეს, საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად 2021 წლის ბრიუსელის სამიტის დასკვნით დოკუმენტში არსებული ფორმულირებები იქნა გამეორებული. კერძოდ, კომუნიკეში ხაზგასმულია, რომ ნატო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება. თუმცა, უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველოს ალიანსში გაწევრია­ნება მოიცავს  გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP), როგორც პროცესის განუყოფელ ნაწილს. წევრი ქვეყ­ნები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავა­ლი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ძალების ჩაურევლად. ისინი აფასებენ საქართველოს წვლილს ნატოს ოპერაციებში და კვლავაც ურყევად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, ალიანსი მოუწო­დებს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართვე­ლო­დან, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება, შეწყვიტოს მათი მილიტა­რიზაცია და ადგილზე ადამიანის უფლებათა დარღვევები.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დაწყებული  მსოფ­ლიო პანდემიისა და უკრაინაში  მიმდინარე საომარი მოქმე­დე­ბე­ბის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ალიანსის წევრი ქვეყნების მედეგობის განმტკიცების საკითხმა. ამ მიზნით 2022 წლის გაზაფხულზე, შეიქმნა ნატოს მედეგობის კომიტეტი. ახალი კომიტეტი წარმოადგენს ნატოს მაღალი დონის სტრუქტურულ ერთეულს და პასუხის­მგებელია უშუალოდ  ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) წინაშე. კომიტეტის მთავარ ამოცანაა ნატოს წევრი და შერჩეული პარტნიორების (მათ შორის, საქართვე­ლ­ოს), სამოქალაქო მზადყოფნის გაძლიერება და ამ კუთხით არსებული ნატოს მოთხოვ­ნების შესასრულებლად შესაბამისი დახმარების აღმოჩენა. ეს მოთხოვნები მოიცავს ისეთ ძირითად  მიმართულებებს, როგორებიცაა მთავრობისა და კრიტიკული სამთავრობო სერვი­სე­ბის უწყვეტობის უზრუნველყოფა, ენერგომომარაგების მედეგობა, ადამიანთა უკონტრო­ლო გადაადგი­ლება­სთან ეფექტური გამკლავების უნარი, საკვები და წყლის რესურსებით მომარაგების მედეგობა, მასობრივ მსხვერპლთან გამკლავების უნარი, სამოქალაქო კომუ­ნი­კაციების სისტემების მედეგობა, სამოქალაქო სატრანსპორტო სისტემების მედეგობა და ა. შ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მზარდ და დამანგრეველ ტექნოლოგიებს (Emerging and Disruptive Technologies), რომლე­ბიც მრავალ შესაძლებლობასთან ერთად,  საგრძნობ რისკებსაც შეიცავს. ისეთი ინოვაციები, როგორები­ცაა: ხელოვნური ინტელექტი, ავტონომიური სისტემები და კვანტუ­რი ტექნოლოგი­ები — საგრძნობლად ცვლის თანამედროვე სამყაროს და მოითხოვს ნატოს მხრიდან შესაბამის ყურადღებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ალიანსი აქტიურად მუშაობს საჯარო და კერძო სექტორთან, აკადემიურ და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ჩამოაყალიბოს ამ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობიანი  გამოყენების საერთაშორისო პრინციპები, ამასთან ალიანსის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, შეინარჩუნოს უპირატესობა მეცნიერებისა და ინოვაციური ტექნოლო­გიების მიმართულებით.

ნატო,  წევრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის პა­რა­ლე­­ლურად, მზადაა, შესაბამისი პასუხი გასცეს მტრული ხასიათის კიბერთავდასხმებსა და ჰიბრიდულ ოპერაციებს, უფრო მეტიც, ასეთი ტიპის ქმედებებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ნატოს მეხუთე მუხლის ამოქმედებაც.

თანამედროვე გლობალურ სამყაროში უსაფრთხოების უზრუნველ­ყოფა წარმოუდ­გე­ნელია საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე. სწორედ ამიტომ ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში ცალკე თავი დაეთმო  თანამშრომლობით უსა­ფ­რ­თ­ხოებას, სადაც განსაკუთ­რე­ბული აქცენტი კეთდება ევროკავშირსა და აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებთან თანამშ­რომ­ლობაზე. მოკავში­რეების შეფასებით, „ევროკავშირი არის უნიკალური და აუცილებელი პარტნიორი“.8 ამასთან, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი წარმოად­გენს ერთადერთ სტრა­ტეგიულ პარტ­ნი­ორს ისეთ გამოწ­ვევებთან გასამკლავებ­ლ­ად, როგორებიცაა: მობილობა, მე­დეგობა, კლიმატის ცვლილების გავლენა უსაფრთ­ხოებაზე, მზარდი და გამანადგურე­ბე­ლი ტექნოლოგიები, კიბერ- და ჰიბრიდული საფრთხეები, ჩინეთისგან მომავალი სისტემური გამოწვევები და ა. შ. რაც შეეხება  აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს, ალიანსი მიიჩნევს, რომ ამ რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება, პირდაპირ იმოქმედოს ევროატლანტი­კურ უსაფრთხოებაზე, შესაბამისად,  ნატო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს  რეგიონში არსებული პარტნიორობის გაძლიერებას და ახალი კავშირების განვითარებას.

როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინაში რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა სრულებით შეცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარება და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თვისებრივად ახალი რეალობის წინაშე დააყენა. მიუხედავად ზოგიერთი პოლიტიკოსის და მკვლევრის კრიტიკისა, ნატომ წარმატებით გაართვა თავი მის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

2024 წელს ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო 75-ე სამიტი გაიმართება. თუკი უკრაინა მოახერხებს ამ დროისათვის რუსეთის ჯარებისაგან საკუთარი ოკუპირებული ტერი­ტო­რიების გათავისუფლებას,  ის ძალიან ახლოს იქნება ნატოში გაწევრიანების სტრატეგიულ მიზანთან. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ინტეგრაციულ პროცესში ბოლო პერიოდ­ში ჩანს საქართველოსა და უკრაინის გარკვეული განცალკევება, უკრაინის ნატოში გაწევრიანება ისტორიულ შესაძლებლობას გაუხსნის საქართველოსაც, მიაღწიოს ქვეყნის კონსტიტუცი­ა­ში შეტანილ ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიზანს — გახდეს ჩრდილოატ­ლან­ტიკური ალიანსის წევრი. ამისათვის ქვეყანამ სრულად უნდა გამოიყენოს ნატოსთან თანამშრომლობის არსებული ყველა ინსტრუმენტი და, რაც არანაკლებ მნიშვნე­ლოვანია, ზედმიწევნით შეასრულოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელე­ბის კუთხით აღებული ყველა ვალდებულება.

[1] National Security Archive. n.d. “Record of Conversation between Mikhail Gorbachev and James Baker in Moscow (Excerpts). Date: February 9, 1990.” https://nsarchive.gwu.edu/document/16117-document-06-record-conversation-between

[2] NATO. 2023. “Enlargement and Article 10.” August 3, 2023. https://www.nato.int/cps/en/natohq/topics_49212.htm

[3] The Joint Analysis and Lessons Learned Center. 2022. “JALLC publishes report on Lessons from Resolute Support Mission.” July 29, 2022. https://www.jallc.nato.int/articles/jallc-publishes-report-lessons-resolute-support-mission

[4] President of Russia. 2007. “Выступление и дискуссия на Мюнхенской конференции по вопросам политики безопасности.” February 10, 2007. http://kremlin.ru/events/president/transcripts/24034

[5] Brooke-Holland, L. 2016. “NATO’s military response to Russia: November 2016 update.” UK Parliament. November 4, 2016. https://commonslibrary.parliament.uk/research-briefings/cbp-7276/

[6] The Kyiv Independent. 2023. “Pentagon chief at Ramstein summit: Russia’s war ‘not result but cause of NATO enlargement’.” April 21, 2023. https://kyivindependent.com/pentagon-chief-at-ramstein-summit-russias-war-not-result-but-cause-of-nato-enlargement/

[7] NATO. „ნატოს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია.“ https://www.nato.int/nato_static_fl2014/assets/pdf/2022/6/pdf/290622-strategic-concept-georgian.pdf

[8] იქვე.

* გიორგი რობაქიძე – ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო