ნატოს გაფართოების ახალი ტალღა: რუსეთის რეაგირება და ასპირანტი ქვეყნების შესაძლებლობები
აბსტრაქტი
წინამდებარე სტატიაში განხილულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილება და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაფართოების ახალი ტალღის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. სტატიაში ასევე გამოკვეთილია ნატოში ფინეთისა და შვედეთის წევრობის მიმართ რუსეთის შედარებით რბილი რეაგირების მიზეზები. ამავდროულად, გაანალიზებულია ოფიციალურ წევრობამდე შვედეთისა და ფინეთის მიერ განვლილი გზა და ნატოს სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის აღნიშნული პროცესის მნიშვნელობა.
ირინე ხულუზაური
2022 წლის 24 თებერვალს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველად ევროპის კონტინენტზე სრულმასშტაბიანი ომი განახლდა. უკრაინის წინააღმდეგ მიმართულმა რუსეთის ქმედებებმა ნათლად აჩვენა, რომ კრემლის ექსპანსიონისტური პოლიტიკა არ შეცვლილა და რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს ნატოს გაფართოებისა და აშშ-სა და დასავლეთის გავლენის შესუსტება წარმოადგენს.
„გაუთავებელი გაფართოების პოლიტიკის გარდა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ასევე სცილდება თავის გეოგრაფიულ დანიშნულებას, ევროატლანტიკურ ზონას, ცდილობს უფრო და უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო საკითხებში და გააკონტროლოს საერთაშორისო სიტუაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით, განავრცოს გავლენა მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც, ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით ყურადღებას ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა კრემლის ლიდერმა 2022 წლის მაისში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საიუბილეო სამიტზე1.
მიუხედავად რუსეთის დამოკიდებულებისა, უკრაინაში პუტინის მიერ წამოწყებულმა გაუმართლებელმა ომმა განაპირობა ის, რაც კრემლის ლიდერს ასე ძალიან აშფოთებს – ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) შემდგომი გაფართოების დაჩქარება და რუსეთის საზღვრებთან ალიანსის კიდევ უფრო დაახლოება. განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩრდილოეთის ევროპულმა ქვეყნებმა – შვედეთმა, რომელიც 200 წელია, ნეიტრალური სახელმწიფოა და ფინეთმა, რომელიც ასევე ათწლეულების მანძილზე მიუმხრობელი ქვეყანა იყო, ნატოში გაწევრიანების შესახებ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს.
თუმცა ჰელსინკისა და სტოკჰოლმის გადაწყვეტილების მიმართ რუსეთის რეაქცია არ ყოფილა ისეთი მძაფრი, როგორიც უკრაინისა და 2008 წელს – საქართველოს შემთხვევაში. სტატიაში განხილულია, თუ რა განაპირობებს რუსეთის ამგვარ დამოკიდებულებებს და აღნიშნული საკითხისადმი მის არაერთგვაროვან რეაქციას; ამასთანავე გაანალიზებულია ნატოს გაფართოების ახალი ტალღის გეოპოლიტიკური შედეგები, ისევე როგორც შვედეთისა და ფინეთის მიერ ნატოში გაწევრიანებამდე განვლილი გზის მნიშვნელობა ნატოს სხვა ასპირანტი ქვეყნებისათვის.
ჯერ კიდევ 2007 წელს, მიუნხენის კონფერენციაზე, კრემლის ლიდერი აცხადებდა, რომ ნატოს გაფართოებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა თავად ალიანსის მოდერნიზაციასთან ან ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან. პირიქით, მისი თქმით, ალიანსის გაფართოება წარმოადგენდა სერიოზულ პროვოკაციას, რომელიც ამცირებდა ურთიერთნდობის დონეს რუსეთსა და დასავლეთს შორის2.
რუსეთის რევიზიონისტულმა საგარეო პოლიტიკამ თავი იჩინა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ აგრესიული ომის წარმოებით, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა აწარმოონ და თავად აირჩიონ უსაფრთხოების ალიანსები, სამხედრო აგრესიის მსხვერპლი შეიძლება გახდნენ. იგივე მოხდა ექვსი წლის შემდეგ, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ყირიმის ანექსია მოახდინა.
კრემლის ქმედებების გასაგებად აღსანიშნავია რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი პრიმაკოვის ცნობილი დოქტრინა, რომლის მიხედვითაც, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის დომინაცია აუცილებელია და ყოფილი საბჭოთა ქვეყნები კრემლის ინტერესებს უალტერნატივოდ უნდა იყვნენ დაქვემდებარებულნი. ამასთან, დოქტრინაში ხაზგასმულია, რომ რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს მის საზღვრებთან ნატოს გაფართოების ხელის შეშლა3.
მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, რუსეთის მთავარ ინტერესს ის ქვეყნები წარმოადგენს, რომლებშიც სლავური ან მართლმადიდებლური მოსახლეობა ცხოვრობს. სწორედ ამ დროიდან იწყება პოლიტიკური იდეოლოგიის – პანსლავიზმის ჩამოყალიბება. აღნიშნული იდეოლოგიის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „წმინდა რუსეთის“ აღორძინებას, რომელშიც გაერთიანებულნი იქნებიან რუსები, უკრაინელები, ბელარუსები. სწორედ ამ იდეოლოგიას იყენებს კრემლი თავისი მიზნების განსახორციელებლად4. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ომის დაწყების დღიდან უკრაინის მილიონზე მეტი მოქალაქე გადაასახლა რუსეთში5.
რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უკრაინა არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ სლავური ერთობის ნაწილია. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსებს ახსოვთ საბჭოთა კავშირი არა როგორც ბოროტი ექსპერიმენტი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, არამედ როგორც კეთილშობილური წამოწყება, რომლის იდეალებსაც უღალატეს6.
სწორედ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აიხსნება რუსეთის, ძალისმიერი ქმედებების გზით, უკრაინის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვის შეკავება და შედარებით რბილი დამოკიდებულება ჩრდილოევროპული ქვეყნების ნატოში გაწევრიანების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ნატოს არაწევრი საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების სუვერენიტეტის შეზღუდვა და ამ ქვეყნების გავლენის სფეროში დატოვება რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რადგან აღნიშნული აღიქმება რუსეთის, როგორც დიდი ძალის ლეგიტიმაციის აუცილებელ წინაპირობად7.
კრემლის ლიდერის განცხადებით, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება განსხვავდება უკრაინის ნატოში გაწევრიანებისგან, რადგან რუსეთს არ აქვს ტერიტორიული დავა სკანდინავიის ქვეყნებთან. თუმცა, მისი თქმით, თუ ჰელსინკი და სტოკჰოლმი დაუშვებენ ალიანსის სამხედრო კონტინგენტის და შეიარაღების განლაგებას მათ ტერიტორიებზე, სიტუაცია გაუარესდება, რაც მოსკოვს აიძულებს, მიიღოს შესაბამისი ზომები8.
როდესაც საუბარია რუსეთის მხრიდან სკანდინავიის ქვეყნების მიმართ გაკეთებულ ზომიერ განცხადებებზე, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ მათ ალიანსში გაწევრიანებამდე უსაფრთხოების გარანტიები მიიღეს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისგან9. ბრიტანეთმა ორივე ქვეყანასთან უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, თუ რომელიმე ქვეყანა თავდასხმის საფრთხის წინაშე დადგება, შეთანხმების წევრები „დაზარალებული ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე დაეხმარებიან ერთმანეთს სხვადასხვა გზით, რაც შეიძლება გულისხმობდეს სამხედრო საშუალებებსაც“10.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჰელსინკის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე დღეში, რუსეთმა ფინეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა11. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რბილი რიტორიკის მიუხედავად, შვედეთი და ფინეთი მაინც რჩებიან რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციის საფრთხის ქვეშ, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით. შესაბამისად, ალიანსი მზად უნდა იყოს ამგვარი გამოწვევის საპასუხოდ.
2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებულმა სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა შეცვალა მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურა. ცხადია, რომ ევროპის კონტინენტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ომმა ჰუმანიტარული, სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი შექმნა. ამასთანავე, მსოფლიო ბირთვული ომის საშიშროების წინაშე დადგა.
უდიდესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ევროპის ქვეყნების ეკონომიკა; ფასები იზრდება ენერგომატარებლებზე, რამაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგომომარაგების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა. რუსეთის გადაწყვეტილებამ, შეაჩეროს გაზის მიწოდება ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში, კიდევ უფრო იმოქმედა სიტუაციაზე12.
ომის შედეგად უკრაინიდან და რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტის შემცირებამ საკვები პროდუქტების საერთაშორისო კრიზისი გამოიწვია, რასაც თან მოყვა დიპლომატიური ძალისხმევა „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ სახით13. მიმდინარე წლის სექტემბერში ევროზონაში ინფლაციის წლიურმა დონემ 10%-იან ნიშნულს მიაღწია14. ომის ფონზე ასევე აღსანიშნავია ლტოლვილების გაზრდილი ნაკადი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მიგრაციის საერთაშორისო სააგენტოს მიხედვით, ამჟამად ევროპაში 7,8 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილია15.
ევროპის კონტინენტზე შექმნილმა ახალმა ვითარებამ ევროპული ქვეყნების მობილიზება და მათი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიის, ისევე როგორც ენერგოპოლიტიკის განახლება გამოიწვია. ევროპის ქვეყნებმა გააძლიერეს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ამ მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდა დაიწყეს. ასევე, ევროკავშირმა შეიმუშავა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების თანდათანობითი შემცირებისა და ენერგომომწოდებლების დივერსიფიცირების სტრატეგია16. მნიშვნელოვანია აგრეთვე ის სამხედრო, ფინანსური თუ ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ევროპის ქვეყნები და აშშ უკრაინას უწევს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააძლიერა17.
რუსეთის მიერ წამოწყებული ომი უკრაინაში ჩრდილოევროპული ქვეყნებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა და მათ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს. დასკვნა ნათელი იყო: თუ პუტინს შეუძლია უკრაინაში თავისი „სლავი ძმები და დები“ დახოცოს, არაფერი უშლის ხელს, იგივე გააკეთოს სხვაგან. „ნატოს რიგით მე-9 გაფართოება ისტორიაში შევა, როგორც „გაფართოება ვლადიმერ პუტინის დამსახურებით.“ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გარეშე, აღნიშნული არ მოხდებოდა“ – აღნიშნავს ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ სტუბი18.
ფინეთისა და შვედეთის მთავრობებმა ოფიციალურად ნატოში გაწევრიანების შესახებ 2022 წლის 18 მაისს განაცხადეს, რითაც დაიწყო ინტენსიური დიპლომატიური პროცესი, რომლის შედეგადაც მოსალოდნელია აღნიშნული ქვეყნების ნატოში რამდენიმე თვეში გაწევრიანება. მიუხედავად უმრავლესობის მხრიდან კონსენსუსისა, ამ გზაზე დაბრკოლებებიც იჩენს თავს. ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უკვე მოახდინა ალიანსის წევრმა ყველა ქვეყანამ, უნგრეთისა და თურქეთის გარდა.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიამ დაბლოკა პარლამენტში შუამდგომლობის წარდგენა, რომელიც ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროცესზე კენჭისყრას დააჩქარებდა. უნგრეთის ასეთი დამოკიდებულება პირველ რიგში აიხსნება რუსეთთან „თბილი“ ურთიერთობებით და ევროკავშირისგან განდგომით. ბოლო პერიოდში ნათლად გამოჩნდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისა და, ზოგადად, ევროპული პოლიტიკის მიმართ უნგრეთის პოზიცია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადების თანახმად, ორი სკანდინავიური ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლი რატიფიცირებული იქნება 2023 წლის დასაწყისში19.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თურქეთმა, რომელიც ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებას ეწინააღმდეგებოდა, საბოლოოდ შეიცვალა პოზიცია და მათ ალიანსში მიღებას მწვანე შუქი აუნთო. თურქეთის დამოკიდებულების შეცვლა მას შემდეგ მოხდა, რაც სამ ქვეყანას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ფინეთი და შვედეთი თანხმდებიან ქურთებისა და გიულენისტების ორგანიზაციების მხარდაჭერის შეწყვეტაზე, თურქეთისადმი დაწესებული სამხედრო ემბარგოს მოხსნაზე, ასევე მზად არიან, განიხილონ თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ექსტრადიციისა და დეპორტაციის საკითხი20. უნგრეთისა და თურქეთის მიერ გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების შემდეგ, ფინეთი და შვედეთი ოფიციალურად ნატოს წევრები გახდებიან.
ჩრდილოეთ ევროპის ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ სტუბის აზრით, „ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება მოგებიანია ბალტიის ზღვის რეგიონისთვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის.“21
უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფინეთი და შვედეთი ალიანსში გაწევრიანდებიან, კრიზისის დროს, ნატოს გარანტირებული წვდომა მათ ტერიტორიებზე შეამცირებს რუსეთის წარმატებული თავდასხმის შანსებს. ერთადერთი მხარე, რომელიც წააგებს, რუსეთი იქნება: რუსეთის პოზიცია ჩრდილოაღმოსავლეთ ევროპაში საგრძნობლად შესუსტდება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის22.
ალიანსის გაფართოება გააძლიერებს ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოებას, რომელთა თავდაცვის სტრატეგიაზე მომუშავენი, დიდი ხანია, წუხდნენ, რომ რუსეთს შეუძლია დაიკავოს ფინეთის და შვედეთის კუნძულები ბალტიის ზღვაში, განსაკუთრებით გოტლანდის კუნძული და ის გამოიყენოს ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმებისთვის23.
ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ასევე გააძლიერებს ნატოს შეკავების პოლიტიკას არქტიკის რეგიონში, სადაც რუსეთმა კომერციული და სამხედრო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დიდი ინვესტიცია განახორციელა. ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება ნატოში რუსეთის გარდა ყველა არქტიკულ სახელმწიფოს გააერთიანებს, რაც ალიანსს რეგიონში უფრო თანმიმდევრული სტრატეგიის გატარების საშუალებას მისცემს24.
აღნიშნული ორი ჩრდილო-ევროპული ქვეყნის ნატოსთან თავსებადობაზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ქვეყანა ალიანსის ახლო პარტნიორია და მონაწილეობს ნატოს წვრთნებში (ბალტიის ზღვის რეგიონში), ასევე კრიზისების მართვის ოპერაციებში მთელ მსოფლიოში. ამავე დროს, შვედეთსა და ფინეთს განვითარებული და მაღალტექნოლოგიური სამხედრო აღჭურვილობა და მოწინავე სამხედრო ძალა აქვთ. ამასთან, შესაძლებელია, რომ მოსკოვთან დაპირისპირების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნებმა, ალიანსისთვის თავდაცვისა და შეკავების მიმართულებით მკაფიო და ახლებური მიდგომები ჩამოაყალიბონ.
ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანება მნიშვნელოვანია საქართველოს კონტექსტშიც. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ შვედეთი და ფინეთი მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ შვედეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორია (პოლონეთთან ერთად) და ამ ქვეყნის ნატოში შესვლით, საქართველოს ევროატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანების მხარდამჭერ ქვეყანათა რიცხვი გაიზრდება25.
შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანება დასტური იქნება იმისა, რომ ნატო არ უშინდება კრემლის მუქარას და ერთგული რჩება „ღია კარის პოლიტიკის“, რაც საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის, იმედის მომცემია. ამასთან, ალიანსში ჩრდილოევროპული ქვეყნების მიღება მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის მუქარის მიუხედავად, ალიანსს შეუძლია რეგიონში უფრო მეტად გაზარდოს ჩართულობა. ასევე, სკანდინავიური ქვეყნებისთვის ალიანსში სრულფასოვან გაწევრიანებამდე უსაფრთხოების გარანტიების მიცემა, ნატოს ასპირანტი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია და მიუთითებს აღნიშნული ქვეყნებისთვის ნატოში სრულფასოვან გაწევრიანებამდე ალიანსის მოწინავე ქვეყნების მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსპექტივის არსებობაზე.
მადრიდის სამიტის მიერ დამტკიცებულ ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ასახულია რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემო და წარმოქმნილი საფრთხეებისადმი ალიანსის გრძელვადიანი პასუხი. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნატოსთვის მთავარი და პირდაპირი საფრთხე არის რუსეთის ფედერაცია. „ცივი ომის შემდგომ კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი რევიზია“ – ასე აფასებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მადრიდის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს26.
დოკუმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვისაც. მასში ასახულია ღია კარის პოლიტიკის აქტუალურობა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად. კონცეფციაში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, თავად აირჩიოს საგარეო პოლიტიკური კურსი და ამ პროცესში ნებისმიერი გარე ჩარევის მცდელობა მიუღებელია.
ამასთან, საყურადღებოა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ალიანსი მზადაა, იმ ქვეყნებს, რომლებიც მოწყვლადები არიან რუსეთის აგრესიის წინაშე (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინა), გაუზარდოს პრაქტიკული მხარდაჭერა და გააძლიეროს მათი თავდაცვისუნარიანობა27.
საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების განმტკიცებას და კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს მის საბოლოო მიზანთან – გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.
აშკარაა, რომ რუსეთის აგრესიული მიზნები არ უკავშირდება მხოლოდ უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების საკითხს. კრემლის ქმედებები ევროპის კონტინენტის გავლენის სფეროებად დაყოფას ემსახურება. პუტინს სურს დაიბრუნოს ის, რაც 30 წლის წინ დაიკარგა.
სტატიაში გაანალიზებული ფაქტორები აჩვენებს, რომ რუსეთი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის გავლენის მიმართ.
უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული გაუმართლებელი და სასტიკი ომის ფონზე, სახეზეა დასავლეთის უპრეცედენტო ერთიანობა და ტრანსატლანტიკური კავშირის კიდევ უფრო გაძლიერება.
ორი ნეიტრალური ქვეყნის სამხედრო ალიანსში გაწევრიანება მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება სრულიად შეიცვალა და ალიანსი მზადაა თავისი პოზიციებისა და უსაფრთხოების დასაცავად გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად. შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოევროპული ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება მკაფიო გზავნილს გაუგზავნის რუსეთს: ის ისჯება უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო და სწორედ იმ მოცემულების წინაშე დგება რომლის თავიდან აცილებასაც ასე ცდილობდა.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ნატოს მიმდინარე გაფართოების პროცესი არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. გაფართოების მიზანია სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა, მშვიდობის დამყარება და საერთო დემოკრატიული ფასეულობების ჩამოყალიბება. განსხვავებით რუსეთისგან, ნატო არ ახდენს არც ერთი ქვეყნის ოკუპაციასა და ანექსიას. ნატო მშვიდობისა და დემოკრატიის გარანტორია, რუსეთი კი – კონფლიქტის გაღვივების შემოქმედი.
Politico. November 24, 2022. https://www.politico.eu/article/viktor-orban-hungary-ratification-finland-sweden-nato-membership-2023-postponed/ [20] Sabbagh, D. 2022.”Turkey lifts objections to Finland and Sweden’s Nato bid.” The Guardian, June 28, 2022. https://amp.theguardian.com/world/2022/jun/28/turkey-lifts-objections-to-finland-and-swedens-nato-bid [21] Stubb, A. 2022. “Nato entry for Finland and Sweden will enhance European security.” The Financial Times, May 11, 2022. https://www.ft.com/content/e85825af-5172-44c4-9662-f7ceca40e8ac [22] Bond, I. 2022.“Judy Asks: Is Finnish and Swedish NATO Membership Useful for European Security?” Carnegie Europe. April 28, 2022. https://carnegieeurope.eu/strategiceurope/87010?fbclid=IwAR3RqFB_SEur1q68o_qT5fxyiD_txtmSDgANpx4mxj4fy7xeC_Lo6Nr-XUY [23] Masters, J. 2022. “How NATO Will Change If Finland and Sweden Become Members“. Carnegie Europe, June 29, 2022. https://www.cfr.org/in-brief/how-nato-will-change-if-finland-and-sweden-become-members [24] Masters, J. 2022. “How NATO Will Change If Finland and Sweden Become Members.” Council on Foreign Relations. June 29, 2022. https://www.cfr.org/in-brief/how-nato-will-change-if-finland-and-sweden-become-members [25] Deni, R. J.2022. “Sweden and Finland are on their way to NATO membership. Here’s what needs to happen next.” Atlantic Council. August 22, 2022. https://www.atlanticcouncil.org/in-depth-research-reports/issue-brief/finland-and-sweden-in-nato-looking-beyond-madrid/ [26] Garamone, J. 2022. “NATO Secretary General Previews ‘Transformative’ Madrid Summit.” June 27, 2022. https://www.defense.gov/News/News-Stories/Article/Article/3075753/nato-secretary-general-previews-transformative-madrid-summit/ [27] NATO. 2022. “NATO 2022 Strategic Concept.” 29 June 2022. https://www.nato.int/nato_static_fl2014/assets/pdf/2022/6/pdf/290622-strategic-concept.pdf
* ირინე ხულუზაური – მეორე მდივანი, პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სარჩევი
საქართველოს ევროპული პერსპექტივა: ახალი ბიძგი ინსტიტუციური და ყოველდღიური ინტეგრაციისთვის
თეიმურაზ ჯანჯალია
დასავლეთის პასუხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე – სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ნორმატიული ასპექტების ანალიზი
გიორგი რობაქიძე
ნატოს გაფართოების ახალი ტალღა: რუსეთის რეაგირება და ასპირანტი ქვეყნების შესაძლებლობები
ირინე ხულუზაური