რეგიონული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ეკონომიკური თანამშრომლობაა. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება ქვეყნებს შორის ნდობას გააღრმავებს და ხელს შეუწყობს პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას.
მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში, სტაბილური, ეკონომიკურად განვითარებული და უფრო შეკავშირებული სამხრეთი კავკასიის მისაღწევად მნიშვნელოვანია: სამხრეთი კავკასიის ქვეყნებს შორის უკვე არსებული ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების გამოცოცხლება; სამხრეთ კავკასიაში არსებული ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების უსაფრთხოება და მიმზიდველობა და ევროკავშირის აღმოსავლეთ-პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა.
არსებული ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების გამოცოცხლება
ეკონომიკური უსაფრთხოება სამხრეთი კავკასიის უსაფრთხოების ზოგადი გარემოს მნიშვნელოვანი კომპონენტია. ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მჭიდროა, თუმცა, ურთიერთობების გამოცოცხლება დამატებით ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ, ათწლიანი წყვეტის შემდეგ, 2021 წელს, საქართველომ აღადგინა აზერბაიჯანთან და სომხეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომები, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური პოტენციალის ზრდას. თუმცა, რეგიონის გრძელვადიანი სტაბილიზაციის მისაღწევად, აუცილებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური ნდობის აღდგენა, რაც ეკონომიკური კავშირების განახლების მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა გახდეს.
გარდამტეხი მნიშვნელობისაა ხალხთაშორისი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანაც. ამ მიზნით, სასურველია სამხრეთი კავკასიის ქვეყნებს შორის საზღვრის კვეთის რეჟიმის გამარტივება, რაც დამატებით ბიძგს მისცემს ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებასა და უფრო ეკონომიკურად შეკავშირებული რეგიონის ჩამოყალიბებას. ამავდროულად, სამი ქვეყნის საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესის მქონე პროექტებზე მუშაობის დაწყება შექმნის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გამოცდილებას, რაც მომავალში ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება.
სამხრეთ კავკასიაში არსებული ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების უსაფრთხოება და მიმზიდველობა
სამხრეთი კავკასიის რეგიონის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება და არსებული ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების უსაფრთხოება და მათი მიმზიდველობის შენარჩუნება რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობის აუცილებელი წინაპირობაა. ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების უსაფრთხოებისთვის, აუცილებელია კონფლიქტების მოგვარებისა და ნდობის აღდგენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, რაც მიიღწევა რეგიონში საერთაშორისო აქტორების მაღალი ჩართულობითა და მრავალმხრივი დიპლომატიის ფორმატების გამოყენებით.
რეგიონული პროექტების მიმზიდველობის შენარჩუნებისთვის, მნიშვნელოვანია ექსპანსიური გეოპოლიტიკური დღის წესრიგისგან დაცლილი პროექტების განვითარება. რეგიონის კონკურენტუნარიანობის ზრდის აუცილებელი წინაპირობა პროექტებში ჩართული აქტორების პოლიტიკური სანდოობა და მათ მიერ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ეკონომიკური და დიპლომატიური რესურსების ფლობაა. თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში, სამხრეთი კავკასიის ქვეყნების კეთილდღეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილ საერთაშორისო წესრიგთან, რომლის ამოსავალი წერტილი თავისუფალი ვაჭრობა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემაა. სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის აქტიური ყოფნა და ჩართულობა რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობისა და კეთილდღეობის ფუნდამენტია.
აღმოსავლეთ-პარტნიორობის ფორმატით თანამშრომლობა
ევროკავშირის აღმოსავლეთ-პარტნიორობის ინიციატივა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის განვითარებაში. მართალია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების თვალსაზრისით საქართველოს მისწრაფებები – რომელმაც 2022 წლის 3 მარტს წარადგინა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა – განსხვავდება სომხეთისა და აზერბაიჯანის მისწრაფებებისგან, თუმცა აღნიშნული ხელს არ უშლის ევროკავშირის აღმოსავლეთ-პარტნიორობის ფორმატის ფარგლებში ეკონომიკური და სოციალური დღის წესრიგის განვითარებას.
აღმოსავლეთ-პარტნიორობის 10 წლის თავზე, რეგიონი ევროკავშირის მასშტაბით მე-10 სავაჭრო პარტნიორი იყო; ევროკავშირი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის, ხოლო ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი სომხეთისთვის. 2021 წლის აღმოსავლეთ-პარტნიორობის სამიტზე, ევროკავშირმა შეიმუშავა ეკონომიკისა და ინვესტიციის გეგმა, რაც მიზნად ისახავს პოსტ-პანდემიურ პერიოდში სოციალურ და ეკონომიკურ აღდგენასა და გრძელვადიანი ეკონომიკური მედეგობის მიღწევას, ასევე რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ევროკავშირთან ურთიერთობით მიღებული სარგებელი საკუთარი საზოგადოებების კეთილდღეობაში უნდა გადაზარდონ, რაც კავკასიის ქვეყნებს შორის გაზრდილი შეკავშირებადობისთვის კარგ საფუძველს შექმნის.
ევროკავშირის, როგორც რეგიონში სანდო გეოპოლიტიკური და ეკონომიკური აქტორის დამატებითი ჩართულობა ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით. გაზრდილი ინვესტიციები და ფართომასშტაბიანი პროექტები კი რეგიონის ეკონომიკურ მიმზიდველობას გააუმჯობესებს, რაც სამხრეთი კავკასიის გრძელვადიანი სტაბილურობისა და კეთილდღეობის მყარი საფუძველი გახდება.