„მაკრონიზმი“ – საფრანგეთის ევროპული და გლობალური საგარეო პოლიტიკა

აბსტრაქტი

სტატიაში განხილულია საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, საგარეო პოლიტიკური ხედვები და პრიორიტეტები. კერძოდ, ნაშრომი მიმოიხილავს  საფრანგეთის ევროპული, ტრანსატლანტიკური და გლობალური პოლიტიკის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორებს და აანალიზებს რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით რესპუბლიკის მიდგომებს.

ირინე ხულუზაური
ლიკა ჭიპაშვილი

„საფრანგეთი ხელახლა უნდა გახდეს ზესახელმწიფო“,1 – ეს რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა და თან მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, საგარეო პოლიტიკური ამბიციაა, გამყარებული რიგი მნიშვნელოვანი გარემოებებით. კერძოდ, საფრანგეთის რესპუბლიკა, ბრექსიტის შემდეგ, ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ერთსა და იმავე დროს ევროკავშირის, ნატო-სა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია; არის ბირთვული სახელმწიფო და მსოფლიოში, ჩინეთისა და აშშ-ის შემდეგ, იგი წარმოდგენილია ყველაზე დიდი დიპლომატიური ქსელით.2

არც მემარჯვენე და არც მემარცხენე, ცენტრისტად მიჩნეული ფრანგი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური ხედვა, მსგავსად შიდა პოლიტიკისა, ორხაზოვანია. ერთი მხრივ, თუკი ემანუელ მაკრონის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს „სუვერენული ევროპის“ განვითარება წარმოადგენს, მეორე მხრივ, მისთვის არანაკლებ მნიშვნელობას იძენს „ფრანგული გლობალური პოლიტიკის“ წარმართვა, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომისა და მისი თანმდევი გამოწვევების ფონზე.

სწორედ საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის ანალიზი წარმოადგენს წინამდებარე სტატიის მიზანს. სტატიაში თავდაპირველად განხილულია ემანუელ მაკრონის ევროპული და გლობალური საგარეო პოლიტიკური ხედვები, შემდეგ კი გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში განვითარებული ცვლილებები, მათ შორის, საქართველო-უკრაინა-მოლდოვასთან მიმართებით.

ევროკავშირი ემანუელ მაკრონის პოლიტიკური იდენტობის მთავარი განმსაზღვრელი ხაზია. ევროპული პოლიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტისთვის შიდა პოლიტიკურ დონეზე წარმატებასაც ნიშნავს. დღეს საფრანგეთის მოსახლეობა ევროკავშირს გაცილებით მეტ ნდობას უცხადებს, ვიდრე ქვეყნის აღმასრულებელ თუ საპარლამენტო ხელისუფლებას.4 შესაბამისად, „მაკრონიზმისთვის“ ფრანგულ-ევროპული პოლიტიკა მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული და ერთმანეთისგან განუყოფელია; არსებითია საფრანგეთის როლი ევროპის პროგრესირების საქმეში და პირიქით. მაკრონის ხედვით, „საფრანგეთმა შესაძლებლობა უნდა მისცეს ევროპას, გახდეს იგი თავისუფალი სამყაროს ლიდერი.“5 ამავდროულად, „ევროპის სტრატეგიულ ავტონომიურობას“ ფრანგი პრეზიდენტი ეროვნული საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლობისა და თანმიმდევრულობის შენარჩუნების წინაპირობად განიხილავს.6 ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ „საფრანგეთის საერთაშორისო როლი დამოკიდებულია ძლიერ ევროპაზე. ძლიერი ევროპა კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია საფრანგეთის უნარზე, წარმართოს ლიდერობა სხვებთან, განსაკუთრებით გერმანიასთან ერთად. […] საფრანგეთს სჭირდება ძლიერი გერმანია და პირიქით.“ 7

მაკრონისეული ხედვა „უფრო სუვერენული, უფრო ერთიანი და უფრო დემოკრატიული ევროპისა“ უმთავრესად თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ევროკავშირის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მისი პირველი საპრეზიდენტო მანდატის ფარგლებში განხორციელებული საგარეო პოლიტიკა შედეგის მომტანი, უმთავრესად, სწორედ ევროკავშირის დონეზე აღმოჩნდა. კერძოდ, ემანუელ მაკრონის ძალისხმევის შედეგად, პირველად ევროკავშირის ისტორიაში, წევრმა ქვეყნებმა, პანდემიის გავლენით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებზე საპასუხოდ, „მედეგობის საერთო გეგმა“ სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებით მიიღეს; ასევე პირველად, ევროპულმა გაერთიანებამ მხარი დაუჭირა საერთო ევროპული სამხედრო ბიუჯეტის მიღებას.

მაკრონის ამჟამინდელი ევროპული პოლიტიკაც, ძირითადად, პირველი საპრეზიდენტო მანდატის ფარგლებში ჩამოყალიბებული ხედვების გაგრძელებაა, რამაც, შეიძლება ითქვას, რომ დისკურსულ დონეზე გამარჯვება ნამდვილად პოვა, ვინაიდან ევროპულ პოლიტიკაში დღეს ყველაზე მეტად სწორედ ფრანგული აქცენტები სჭარბობს. მაკრონის მიერ ჯერ კიდევ 2017 წელს, „სორბონის დისკურსის“8 დროს, ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის თაობაზე გაჟღერებული იდეები, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ამჟამად სულ უფრო რეალისტური ხდება. „თავდაცვის ევროპას“ ემანუელ მაკრონი საკუთარი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილად განიხილავს, მით უმეტეს, დღეს, როდესაც, რიგი გეოპოლიტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე, „თავდაცვის ევროპის“ განვითარება ევროპის არა არჩევანი, არამედ უკვე ვალდებულებაა.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, სულ უფრო მეტად გამოიკვეთა საფრანგეთის „გლობალური საგარეო პოლიტიკის“ წარმართვის საჭიროება. განსაკუთრებით წარმოჩინდა საფრანგეთის, როგორც „დამბალანსებელი ქვეყნის“, როლი და მნიშვნელობა გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში. სწორედ აღნიშნულის დასტური გახლდათ „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ პლატფორმის ჩამოყალიბება უშუალოდ მაკრონის ინიციატივით, საფრანგეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში. ეს პროექტი პირდაპირ უკავშირდება ემანუელ მაკრონის მცდელობას ევროპასა თუ მის მიღმა საფრანგეთის პოზიციების გაძლიერების მიმართულებით.

აქვე, აღსანიშნავია მაკრონის ხედვის ცვლილება და ტრანსატლანტიკური პოლიტიკის გაძლიერება. თუკი რუსეთ-უკრაინის ომამდე, საფრანგეთის პრეზიდენტის მოსაზრებით, „ნატო ტვინის სიკვდილს“ განიცდიდა, დღეს საფრანგეთის ჩართულობა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მიუხედავად აღნიშნულისა, მაკრონს  „თავდაცვის ევროპის“ განვითარება კვლავაც მიაჩნია უალტერნატივო გზად „ევროპული სუვერენულობის“ უზრუნველსაყოფად, სადაც ალიანსს არა არსებითი, არამედ „შემავსებელი როლი“ ექნება. ტრანსატლანტიკური პოლიტიკის ეს ფრანგული ხედვა ძირითადად ისტორიული კონტექსტით აიხსნება. „დამოუკიდებლად მანევრირების“ და „ატლანტისტური სუბორდინაციისგან გათავისუფლების“ მოტივით,  ქვეყანამ ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული სამხედრო სარდლობა [Integrated Military Command] ჯერ კიდევ 1966 წელს დატოვა და მას, არც მეტი და არც ნაკლები, თითქმის ოთხი ათეული წლის შემდეგ – 2009 წელს დაუბრუნდა.

„ჩვენი ერის, ჩვენი ევროპის სანდოობა, სამომავლოდ, ბევრად იქნება დამოკიდებული უნარზე, თუ როგორ შევძლებთ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილთან ერთად „გავაფორმოთ ახალი კონტრაქტი“ სურსათის, ენერგეტიკის, კლიმატის, ბიომრავალფეროვნების, მაგრამ ასევე განათლების, ჯანდაცვის, კულტურის სფეროში“, – ასე შეაჯამა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ამოცანა, 2023 წლის 16 მარტს, ფრანგ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე.9

ზოგადად, „მაკრონიზმის“ სპეციფიკურობას საერთაშორისო ასპარეზზე ინტერესთა ფართო პერიმეტრი და მრავალმხრივი მიზნები წარმოადგენს. მათ შორის, აღსანიშნავია, ერთსა და იმავე დროს, საფრანგეთისა და ევროპის სუვერენულობის უზრუნველყოფა; „თავდაცვის ევროპის“ განვითარება და ძლიერი ტრანსატლანტიკური ერთობის შენარჩუნება; ჩინეთთან მიმართებით დამოუკიდებელი ევროპული პოლიტიკის შემუშავება; სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება აფრიკასთან ისევე, როგორც სტრატეგიული ალიანსის შექმნა ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონთან. ამ უკანასკნელს პრეზიდენტი მაკრონი თვით „სუვერენულობისა“ და „თავისუფლად მანევრირების“ უზრუნველყოფის წინაპირობად განიხილავს. და კვლავაც, ერთსა და იმავე დროს, განსაკუთრებულად ხაზგასასმელია ემანუელ მაკრონის გასული წლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და ურთიერთობების გადატვირთვის მაკრონისეული ნაივური მცდელობა.

„რუსეთთან დიალოგი“ ფრანგი პრეზიდენტის დიპლომატიურ პრიორიტეტებს შორის ჯერ კიდევ 2017 წელს, პირველი საპრეზიდენტო მანდატის დასაწყისშივე, ფიგურირებდა: „რუსეთის ხელისკვრა ევროპიდან შორს არის ღრმა სტრატეგიული შეცდომა, ვინაიდან, ამით რუსეთს ჩვენ ვუბიძგებთ ან იზოლაციისკენ, რაც გაზრდის დაძაბულობებს, ან სხვა ძალებთან, მაგალითად, ჩინეთთან მოკავშირეობისკენ, რაც ჩვენს ინტერესს სრულიად არ შეესაბამება“.10 თუკი, პრეზიდენტად არჩევიდან ორი თვის თავზე, პუტინის ვერსალში მიწვევამ, მოგვიანებით კი, 2019 წელს, მისი ბრეგანსონში მასპინძლობამ ევროპელი ლიდერების მხრიდან მაკრონის კრიტიკა და, შეიძლება ითქვას, მისი ერთგვარი იზოლაციაც კი გამოიწვია, დღეს, რუსულ-ჩინური მოკავშირეობა უკვე შემდგარი ფაქტია, როგორც ეკონომიკურ-ენერგეტიკული, ასევე ღირებულებითი თვალსაზრისით. „რუსეთი და ჩინეთი იზიარებენ იმავე ან მსგავს მიზნებს“, – განაცხადა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა,11/sup> რომელიც პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტით, 2023 წლის მარტში, სწორედ რუსეთის ფედერაციას ეწვია.

მაკრონის „ფრანგული გლობალური პოლიტიკის“ ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება, ერთი მხრივ, ევროპული ერთიანობის შენარჩუნება სულ უფრო მზარდი რუსულ-ჩინური მოკავშირეობის საპირწონედ, მეორე მხრივ კი, „ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის“ უზრუნველყოფა ჩინურ-ამერიკული ურთიერთდაპირისპირების ფონზე. სწორედ აღნიშნულის გამოხატულება გახლდათ, 2023 წლის აპრილში, მისი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ვონ დერ ლაიენთან ერთად, რომლის დროსაც მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას: „სტრატეგიული ავტონომიურობა უნდა იყოს ევროპის ბრძოლა“.12 ამასთან, მაკრონის ხედვით, ევროპამ უნდა შეამციროს აშშ-ზე დამოკიდებულება და თავიდან აირიდოს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ტაივანის საკითხზე კონფლიქტში ჩათრევა.13

„საფრანგეთის გლობალური პოლიტიკის“ გამოწვევად სახელდება ასევე ტრადიციული ფრანგული გავლენის შენარჩუნება აფრიკის კონტინენტზე, სადაც სულ უფრო მზარდია, ერთი მხრივ, რუსული, მეორე მხრივ კი, ჩინური ინტერესები. თუკი ჩინეთი კონტინენტზე ყველაზე დიდი ეკონომიკური აქტორია, რუსეთი, ძირითადად, იყენებს „რბილ ძალას“ და საბჭოური სტილის მანიპულაციურ-დეზინფორმაციული კამპანიით აქტიურად აპელირებს აფრიკაში დასავლეთის „ნეოკოლონიალისტურ“ პოლიტიკურ ინტერესებზე. ამ ახალი აფრიკული რეალობის გათვალისწინებით, ფრანგული მიდგომა აფრიკასთან მიმართებით დღეს „დაბალანსებული და თანასწორი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას“ ეფუძნება.14 საგულისხმოა, რომ აფრიკაში არა მხოლოდ ფრანგული, არამედ, ზოგადად, დასავლეთის ჩართულობა არსებითად მნიშვნელოვანია, როგორც აფრიკულ-ჩინურ-რუსული ავტოკრატიული რეჟიმების ალიანსის საპირწონედ, ისე დემოკრატიული ღირებულებების მეტად ეფექტიანად დაცვის თვალსაზრისით გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა თუ სხვა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში.

საფრანგეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ ხშირად მოიაზრებოდა, როგორც „სპეციალური ურთიერთობა“. საფრანგეთი ყოველთვის ერიდებოდა რუსეთის გარიყვას ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურიდან. ფრანგულ პოლიტიკურ წრეებში ღრმად იყო გამჯდარი თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც, ევროპის კონტინენტზე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი იყო რუსეთის ჩართულობა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში, რაც ამავდროულად ევროპის კონტინენტზე ამერიკის გავლენას ერთგვარად დააბალანსებდა.15 შეიძლება ითქვას, რომ 2014 წლამდე საფრანგეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ ხასიათდებოდა „ორმაგი უარყოფის“ პრინციპით: იგი უარს ამბობდა რუსეთთან გეოპოლიტიკურ შეჯიბრზე და, ამავე დროს, არ ეთანხმებოდა რუსეთის ქმედებებს, რომელიც ძირს უთხრიდა ევროპულ და საერთაშორისო ნორმებს.16

რუსეთის მიმართ საფრანგეთის პოლიტიკის შესამჩნევი ევოლუცია იწყება რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ – 2014 წლიდან. უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, საფრანგეთმა მოწინავე პოზიცია დაიკავა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მხარდაჭერის კუთხით. ოფიციალურმა პარიზმა ასევე უარი თქვა რუსეთისთვის „მისტრალის“ ტიპის სამხედრო გემების გადაცემაზე და შეაჩერა მაღალი დონის ორმხრივი სტრატეგიული შეხვედრები მოსკოვთან. ასევე, აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი დიდი ხნის მანძილზე ეწინააღმდეგებოდა ნატო-ს ჯარების განლაგებას რუსეთის საზღვრებთან, თუმცა, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ოფიციალურმა პარიზმა სამხედრო ჯგუფებში, რომლებიც განლაგებულია პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში, სამხედროების გაგზავნა დაიწყო.

ოფიციალური პარიზის ქმედებები განპირობებული იყო არა მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნების რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისგან დაცვით, არამედ იმითაც, რომ საფრანგეთი, როგორც ატომური იარაღის მქონე ქვეყანა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფო, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, თავს ვალდებულად თვლიდა, რეაგირება მოეხდინა საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე.

როგორც ზემოთ შევნიშნეთ, 2017 წელს მაკრონმა სცადა ფრანგულ-რუსული ურთიერთობების „გადატვირთვა“, ისტორიულ-კულტურულ სიდიადესა და სიახლოვეზე აქცენტის გაკეთებით. მაგრამ, ამავე დროს, მაკრონს მტკიცე პოზიცია ეკავა რუსეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ სიტუაციასა და რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებამდე, საფრანგეთი ინარჩუნებდა სიფრთხილეს რუსეთის მიმართ და ცდილობდა დიპლომატიური გზებით ომის თავიდან არიდებას, მათ შორის, ომის წინა პერიოდში, 2022 წლის 7-8 თებერვალს, ვითარების დეესკალაციის მიზნით, შედგა საფრანგეთის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ტურნე მოსკოვსა და კიევში. ომის დაწყების შემდეგ კი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, საფრანგეთს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის თვალსაზრისით სრულიად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრა. ხაზგასასმელია, რომ სწორედ ასეთივე მისიის შესრულება მოუწია საფრანგეთს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, რა დროსაც საფრანგეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების მიღწევაში, რაც იმ დროს არსებითი აღმოჩნდა ვითარების დეესკალაციისათვის.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საფრანგეთი აქტიურად ცდილობდა, მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დასმით, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას. მათ შორის, აღსანიშნავია პრეზიდენტ მაკრონის მიერ პუტინთან გამართული 20-მდე სატელეფონო საუბარი უშუალოდ ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში; ასევე, მას მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინულ მხარესთან და პროცესში ჩართულ ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან. საფრანგეთის პრეზიდენტი საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ფიქრობდა, რომ სიტუაციის დეესკალაციას შეძლებდა. ის აცხადებდა, რომ დასავლეთის ქვეყნებს დათმობაზე წასვლა მოუწევდათ რუსეთთან მიმართებით და რომ პუტინის საბოლოო გეოპოლიტიკური მიზანი არა უკრაინის დაპყრობა, არამედ ნატო-სთან და ევროკავშირთან კოაბიტაციის წესების გარკვევა იყო. იგი თვლიდა, რომ რუსეთისთვის ლეგიტიმური იყო საკუთარი უსაფრთხოების საკითხის წინ წამოწევა.17 მან ცალსახად მოიხსენია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, როგორც რუსეთისთვის მიუღებელი პირობა. საფრანგეთის პრეზიდენტმა არაერთხელ ახსენა რუსეთის „დამცირების“ დაუშვებლობა.18

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის მედიაციამ შედეგი ვერ გამოიღო უშუალოდ ცეცხლის შეწყვეტის მხრივ, ევროკავშირის საბჭოს ფრანგული თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის მიმართ უპრეცედენტოდ ერთიანი, სწრაფი და სოლიდარული ევროპული პასუხის უზრუნველსაყოფად. შთამბეჭდავი იყო და ასეთად რჩება დასავლეთის პრინციპული ერთიანობა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის იზოლაციის მიზნით, მათ შორის, აღსანიშნავია სწორედ საფრანგეთის ინიციატივით [მექსიკასთან ერთად] გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე წარდგენილი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია – 140 მომხრე, მათ შორის, საქართველო და მხოლოდ 5 მოწინააღმდეგე.

ომის მიმდინარეობისა და მტკიცე დასავლური წინააღმდეგობის კვალდაკვალ, ასევე, არჩევნებში ხელახალი გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მნიშვნელოვნად შეცვალა რუსეთის მიმართ მიდგომა და დღეს აქცენტს უფრო მეტად უკრაინის ფართო სამხედრო მხარდაჭერასა19 და აღნიშნულის გაგრძელების აუცილებლობაზე აკეთებს.20 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მკაცრი იყო მაკრონის რიტორიკა. მან რუსეთის ქმედებები ახალ იმპერიალისტურ მიდგომად შეაფასა და განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგის დრო ჯერ არ მოსულა.21

რუსეთის განგრძობითი ხასიათის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ საფრანგეთი ფრთხილი დიპლომატიური აქტორიდან უკრაინის სამხედრო მხარდამჭერ აქტორად გადააქცია.

საფრანგეთის რესპუბლიკა, როგორც თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის მარადიული იდეალებისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამორჩეული ქვეყანა, ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს თავისუფალ და დამოუკიდებელ ერებს და მათ სწრაფვას დემოკრატიული სახელმწიფოებრივი განვითარებისკენ. საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინისა და მოლდოვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ფრანგული საგარეო პოლიტიკის ინტერესს ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე წარმოადგენდა. ეს იმიტომ, რომ საფრანგეთს ღრმად აქვს გააზრებული, რომ კრიზისი, რომელიც გავლენას ახდენს ევროკავშირსა და მის საზღვრებზე, აისახება ასევე საფრანგეთზეც. სწორედ აღნიშნულის დასტურია საფრანგეთის ძლიერი თანადგომა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. უკრაინაში წარმოებული რუსული აგრესიული ომის ფონზე კი საფრანგეთის მხარდაჭერა ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისადმი კიდევ უფრო ძლიერია.

განსხვავებულია ფრანგული ხედვა საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ისტორიულ-გეოგრაფიული კონტექსტიდან გამომდინარე, საფრანგეთი ევროკავშირის ფარგლებში ტრადიციულად ყოველთვის იმ ქვეყნების რიგს მიეკუთვნებოდა, რომელიც უფრო მეტად სამხრეთ განზომილების გაძლიერებას უჭერდა მხარს, ვიდრე აღმოსავლეთ სამეზობლოსი. სწორედ აღნიშნულის გამოხატულება გახლდათ 2008 წელს, სამხრეთ ევროპის სახელმწიფოებთან ერთად, პარტნიორობის ინიცირება ხმელთაშუაზღვის ქვეყნებთან, როგორც ერთგვარი პასუხი და საპირწონე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტისა. ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომამდე, საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის გაფართოებისადმი ერთ-ერთი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ქვეყანა, წინააღმდეგი იყო, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროკავშირის წევრობის ინსტრუმენტად გარდაქმნილიყო. მაშინ, ფრანგულ-გერმანული სკეპტიკური ხედვით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რუსეთის საწინააღმდეგოდ არ უნდა ყოფილიყო კონსტრუირებული.22 აღნიშნულს თან ერთვოდა ისიც, რომ შიდა ევროპულ დონეზე, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საფრანგეთი ევროპული პროექტის შემდგომი პროგრესის მოტივით მხარს აქტიურად უჭერდა ევროკავშირის მეტად ღრმად ინტეგრაციას, ვიდრე მის გაფართოებას.

მსგავსი სკეპტიკური პოზიცია ჰქონდა საფრანგეთის რესპუბლიკას საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციასთან მიმართებით. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საფრანგეთის უარი საქართველო-უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე დღეს სულ უფრო ნათლად იკვეთება, რომ იყო ფრანგული საგარეო პოლიტიკისა და, ზოგადად, დასავლეთის ღრმა სტრატეგიული შეცდომა. საფრანგეთის ამ სკეპტიციზმს ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით 2017 წლიდან, თან ერთვოდა უკვე ფოკუსირება „თავდაცვის ევროპასა“ და ამ კუთხით სტრატეგიული ავტონომიურობის უზრუნველყოფაზე. აღნიშნულის ფონზე კი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა აღმოსავლეთ ფლანგზე, ბუნებრივია, რომ ფრანგული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა.

თუმცა, უკრაინაში წარმოებული რუსეთის აგრესიული ომის შედეგად წარმოქმნილმა ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შეცვალა ფრანგული საგარეო ხედვები. დღეს, საფრანგეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას. ევროკავშირის საბჭომ სწორედ საფრანგეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ევროპული მომავლის თაობაზე, რაც, ევროპული საბჭოს ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მეთაურებმა 2022 წლის 23 ივნისს, დაადასტურეს. საფრანგეთი არათუ აღიარებს საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას, არამედ ღიად აცხადებს თანადგომას, რათა ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ევროპული ოცნება იქცეს რეალობად. სწორედ აღნიშნულის ძლიერი გამოხატულება გახლდათ, 2023 წლის 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას, თბილისში ვიზიტი. ხაზგასასმელია ასევე ისიც, რომ საფრანგეთისა და გერმანიის მხრიდან საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა ასახულ იქნა ფრანგულ-გერმანულ ერთობლივ დეკლარაციაში,23 რომელიც ელისეის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. ამასთან, საფრანგეთი მხარს უჭერს ტრიოს ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ევროკავშირის დონეზე, რომლის დასტურია EU Peace Facility-ის ფარგლებში საქართველო-უკრაინა-მოლდოვისადმი გამოყოფილი მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება.

რაც შეეხება საფრანგეთის ამჟამინდელ პოზიციას საქართველო-უკრაინის ნატო-ში წევრობასთან მიმართებით, შეიძლება ითქვას, რომ იგი კვლავაც ისეთივე სკეპტიკურია, როგორიც იყო რუსეთ-უკრაინის ომამდე. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი აგრძელებს პრაქტიკულ დონეზე საქართველოსა და უკრაინისადმი თანადგომას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერა ბუნდოვანი და არაერთგვაროვანია. საფრანგეთი მხარს უჭერს ასევე მოლდოვასთან ნატო-ს პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოლდოვა დღემდე ინარჩუნებს კონსტიტუციურ ნეიტრალიტეტს და არ მიისწრაფვის ნატო-ში წევრობისკენ. ეროვნული უსაფრთხოების ბოლო ფრანგულ სტრატეგიაში24 აღნიშნულია, რომ საფრანგეთმა წვლილი უნდა შეიტანოს საქართველო-უკრაინა-მოლდოვის სტაბილურობის გაძლიერებაში ეკონომიკური დახმარებისა და სხვადასხვა ევროპული პროგრამის საშუალებით, თუმცა, არაფერია ნათქვამი საქართველო-უკრაინის მხარდაჭერაზე უშუალოდ ნატო-ს ფარგლებში. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან ის რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღქმული იქნებოდა, როგორც კონფრონტაცია. შესაბამისად, ფრანგული მხარე აქცენტს უფრო მეტად უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე აკეთებს, ვიდრე მის უშუალოდ ალიანსში წევრობაზე. საფრანგეთი არ აფიქსირებს ღია პოლიტიკურ მხარდაჭერას არც საქართველოს ნატო-ში უშუალოდ გაწევრების საკითხთან მიმართებით და ეს მიუხედავად იმისა, რომ განუზომელია ჩვენი ქვეყნის როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და პრაქტიკულ დონეზე საქართველო აკმაყოფილებს ალიანსში გაწევრების თითქმის ყველა კომპონენტს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საწყის ეტაპზე, ფრანგები ფიქრობდნენ, რომ რუსეთის პრობლემა უნდა მოგვარებულიყო სტრატეგიული დიალოგის გზით და აქცენტს რუსეთის „დამცირების“ დაუშვებლობაზე აკეთებდნენ. მაგრამ, მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები ყველასთვის ნათელი გახდა, საფრანგეთმა პოზიცია შეიცვალა და უფრო აქტიურად დაიწყო რუსეთის კრიტიკა და უკრაინისთვის ქმედითი, მათ შორის, სამხედრო, დახმარების აღმოჩენა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარება ბევრად ჩამორჩება აშშ-ის და სხვა ევროპული სახელმწიფოების მიერ გაწეულ მხარდაჭერას.25

უკრაინაში განვითარებული მოვლენების და იმ სისასტიკის ფონზე, რაც ამ ომს თან ახლავს, საფრანგეთს საგარეო პოლიტიკის გადახედვა და პრიორიტეტების შეცვლა მოუწია ასევე სხვა მიმართულებებითაც. საფრანგეთმა მხარი დაუჭირა საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირში მათ სამომავლო გაწევრებას, რაც ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით საფრანგეთის სკეპტიკური დამოკიდებულების ფონზე პოლიტიკის ძირეული ცვლილების გამოხატულებაა.

ემანუელ მაკრონის როგორც „ევროპული საგარეო პოლიტიკის“, ასევე „გლობალური საგარეო პოლიტიკის“ პრიორიტეტების განხორციელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება დამდეგ 2024 წელს, რომელსაც თავად ფრანგი პრეზიდენტი ასახელებს როგორც გადამწყვეტს რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში. ამასთან, ერთი მხრივ, ევროპარლამენტის არჩევნების, მეორე მხრივ კი, აშშ-ში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არსებითი გავლენა უნდა ჰქონდეს, როგორც „სუვერენული ევროპის“ მეტად განვითარების, ასევე, ზოგადად, ტრანსატლანტიკური ერთობის შენარჩუნებისა და დასავლური ღირებულებების დაცვის საქმეში.

[1] Vie-publique. 2017. « Extraits d’un entretien de M. Emmanuel Macron, Président de la République, dans “Le Point” du 31 août 2017, sur la lutte contre le terrorisme, la construction européenne et sur les relations avec les pays arabes et la Russie. » Le 31 août 2017. https://www.vie-publique.fr/discours/203554-extraits-dun-entretien-de-m-emmanuel-macron-president-de-la-republiqu

[2] Lowy Institute. 2021. “Global Diplomacy Index: 2021 Country Ranking.” https://globaldiplomacyindex.lowyinstitute.org/country_rank.html

[3] Élysee. 2017. « Discours d’Emmanuel Macron pour une Europe souveraine, unie, démocratique. » Le 26 septembre 2017. https://www.elysee.fr/front/pdf/elysee-module-795-fr.pdf

[4] Sciences Po CEVIPOF. 2023. « En qu(o)i les Français ont-ils confiance aujourd’hui ? – Le baromètre de la confiance politique. » Février 2023. -https://www.sciencespo.fr/cevipof/sites/sciencespo.fr.cevipof/files/Barometre%20de%20la%20confiance%20en%20politique%20-%20vague%2014%20-%20Fevrier%202023%20-%20vFR.pdf%20(1).pdf

[5] Vie-publique. 2017. « Extraits d’un entretien de M. Emmanuel Macron, Président de la République, dans “Le Point” du 31 août 2017, sur la lutte contre le terrorisme, la construction européenne et sur les relations avec les pays arabes et la Russie. » Le 31 août 2017. https://www.vie-publique.fr/discours/203554-extraits-dun-entretien-de-m-emmanuel-macron-president-de-la-republiqu

[6] Élysee. 2023. « Discours du président de la République à l’occasion de la clôture des États généraux de la diplomatie. » Le 16 mars 2023. https://www.elysee.fr/front/pdf/elysee-module-20971-fr.pdf

[7] Vie-publique. 2017. « Interview de M. Emmanuel Macron, Président de la République, dans “Der Spiegel” du 14 octobre 2017, sur la fonction de président de la République, la construction européenne, la politique gouvernementale et sur ses goûts artistiques. ». Le 14 octobre 2017.https://www.vie-publique.fr/discours/203872-interview-de-m-emmanuel-macron-president-de-la-republique-dans-der-s

[8] Élysee.2017. « Initiative pour l’Europe – Discours d’Emmanuel Macron pour une Europe souveraine, unie, démocratique. » 26 septembre 2017.https://www.elysee.fr/front/pdf/elysee-module-795-fr.pdf

[9] Élysee. 2023. « Discours du président de la République à l’occasion de la clôture des États généraux de la diplomatie. » Le 16 mars 2023. https://www.elysee.fr/front/pdf/elysee-module-20971-fr.pdf

[10] Élysee. 2019. « Discours du Président de la République Emmanuel Macron à la conférence des ambassadeurs et des ambassadrices de 2019. » Le 27 août 2019. https://www.elysee.fr/front/pdf/elysee-module-14146-fr.pdf

[11] CNN. 2023. “Xi and Putin meet in Moscow as Russia’s war in Ukraine continues.” March 20, 2023. https://edition.cnn.com/europe/live-news/russia-ukraine-war-news-03-20-23/h_31e9cc5712f2a58064b1377034395978

[12] Les Echos. 2023. « Emmanuel Macron : « L’autonomie stratégique doit être le combat de l’Europe ». Le 9 avril 2023. https://www.lesechos.fr/monde/enjeux-internationaux/emmanuel-macron-lautonomie-strategique-doit-etre-le-combat-de-leurope-1933493

[13] Ibid.

[14] Vie-publique. 2023. « Déclaration de Mme Catherine Colonna, ministre de l’Europe et des affaires étrangères, sur les défis et priorités de la politique étrangère de la France, à l’Assemblée nationale le 7 mars 2023. » https://www.vie-publique.fr/discours/288643-catherine-colonna-07032023-politique-etrangere

[15] Cadier, D. 2018. “Continuity and change in France’s policies towards Russia: a milieu goals explanation.”International Affairs. 94(5):1352-1356

[16] Odile Jacob Publishing Corp. 2008. The French White Paper on Defence and National Security. https://koziej.pl/wp-content/uploads/2015/07/France_White_Paper_English2008.pdf

[17] Politico. 2022. “Macron vows ‘de-escalation,’ but hints at concessions to Putin” February 6, 2022. https://www.politico.eu/article/emmanuel-macron-vows-for-de-escalation-and-dialogue-ahead-of-russian-trip-putin-ukraine/

[18] Ouest-France, 2022. « Ma nouvelle méthode »: les confidences d’Emmanuel Macron. » Le 6 juin, 2022. https://www.ouest-france.fr/politique/emmanuel-macron/entretien-ma-nouvelle-methode-les-confidences-d-emmanuel-macron-4af35d24-e355-11ec-afe2-d5ee186a9723

[19] 2023 წლის იანვარში, საფრანგეთმა განაცხადა უკრაინისთვის AMX-10 RC ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ, თებერვლის დასაწყისში კი პარიზმა მიიღო გადაწყვეტილება 12 ახალი კეისრის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. უკრაინის დონორთა კონფერენციაზე ემანუელ მაკრონმა ქვეყნის დასახმარებლად დამატებით 300 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა. ასევე, მხარი დაუჭირა 70 მლნ ევროს ოდენობით დახმარებას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ასრულებენ აქტიურ როლს ადგილზე უკრაინელი ხალხისთვის აუცილებელი სერვისების უზრუნველსაყოფად.

[20] Élysee. 2023. Déclaration commune de la France et de l’Ukraine, Le 15 mai 2023
https://www.elysee.fr/emmanuel-macron/2023/05/15/declaration-commune-de-la-france-et-de-lukraine

[21] Élysee. 2023. « Conférence de Munich sur la sécurité. » February 17, 2023. https://www.elysee.fr/front/pdf/elysee-module-20818-fr.pdf

[22] Diplomatie.gouv.fr. 2015. “Joint Communique of the Weimar Triangle Foreign Ministers.” April 3, 2015. https://www.diplomatie.gouv.fr/IMG/pdf/59566c24-d20b-424f-a39d-911427e44347_JCR_cle0d17dc.pdf

[23] Elysee.fr. 2023. «Déclaration conjointe – Conseil des ministres franco-allemand. » Le 22 janvier 2023. https://www.elysee.fr/emmanuel-macron/2023/01/22/declaration-conjointe-conseil-des-ministres-franco-allemand

[24] Secretariat-General for National Defence and Security. 2022. “National strategic review.” https://www.sgdsn.gouv.fr/files/files/rns-uk-20221202.pdf

[25] Statistica. 2023. “Where Most Aid to Ukraine Comes From.” January 3, 2023. https://www.statista.com/chart/28489/ukrainian-military-humanitarian-and-financial-aid-donors/#:~:text=Data%20from%20the%20Ukraine%20Support,and%20Canada%20(%245.1%20billion)

* ლიკა ჭიპაშვილი – პირველი მდივანი, ევროპის დეპარტამენტის დასავლეთ ევროპის სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; ირინე ხულუზაური – მეორე მდივანი, პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სარჩევი