ინდოეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები და მზარდი როლი თანამედროვე მსოფლიოში
აბსტრაქტი
მოსახლეობის რაოდენობით პირველ და ეკონომიკის სიდიდით მეხუთე ადგილზე მყოფი ინდოეთის სურვილია, ჩამოყალიბდეს ინტეგრაციულ ძალად ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და იყოს პასუხისმგებლობიანი აქტორი რეგიონის გარეთაც. დელი მხარს უჭერს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას, მონაწილეობს სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატში, ცდილობს ითამაშოს უფრო აქტიური როლი მსოფლიო პოლიტიკასა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში და მრავალპოლარულ სამყაროში ერთ-ერთი პოლუსი გახდეს. ამ თვალსაზრისით, პარტნიორობა დასავლეთთან და პარალელურად ურთიერთობა პეკინსა და მოსკოვთან ინდოეთის პრაგმატული გაანგარიშების გამოხატულებაა.
დავით პიპინაშვილი
თანამედროვე ინდური დიპლომატია მრავალვექტორულია და ორიენტირებულია საგარეო კავშირების დივერსიფიკაციაზე. პეკინის მზარდი გავლენის გამო ინდოეთი ავითარებს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-ისა და სხვა ქვეყნებთან ეკონომიკის თვალსაზრისით. QUAD-ის ოთხმხრივ დიალოგში მონაწილეობის მიუხედავად, BRICS და SCO განიხილება რუსეთსა და ჩინეთთან ინდოეთის ურთიერთკავშირის ეფექტურ ინსტრუმენტებად. ინდოეთი ცდილობს, იქონიოს მეტი სივრცე მანევრირებისთვის, განახორციელოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და შეინარჩუნოს ე.წ. „სტრატეგიული ავტონომია.“ ინდოეთი აძლიერებს კავშირს „ძალის ახალ ცენტრებთან“ სამხრეთ აზიაში დომინანტური მდგომარეობის განმტკიცებით და საკვანძო აქტორის როლით ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.
თავდაპირველად სტატიაში განხილულია ინდოეთის მზარდი პოტენციალი და ახალი საერთაშორისო როლი თანამედროვე მსოფლიოში. შემდეგ გაანალიზებულია მისი ინტერესები სამხრეთ აზიასა და ინდო-წყნარ ოკეანეთში, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური მეტოქეობის ფონზე. ბოლოს მიმოხილულია ინდოეთის მონაწილეობა სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატში.
დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლიდან (1947) ინდოეთის სტრატეგიული მიზანი ძლიერ გლობალურ სახელმწიფოდ გადაქცევა იყო. ბოლო წლებში ინდოეთის გავლენა მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ქვეყანას გლობალური სამყაროს მოთამაშედ ქცევის ამბიცია გაუჩნდა. ინდოეთმა ფაქტობრივად უარი თქვა მიუმხრობლობის მოძრაობაზე (Non-alignment), ხოლო ე.წ. “Look East” პოლიტიკა შეიცვალა “Act East” პოლიტიკით.1 ინდოეთის მშპ (GDP) მუდმივად იზრდება, რაც 2000-იანი წლების ბოლოდან ყოველწლიურად საშუალოდ 7%-ზე მეტს აღწევს.2 2021 წელს, 9,1%-იანი ზრდით, ინდოეთის ეკონომიკა გახდა მეხუთე შტატების, ჩინეთის, იაპონიისა და გერმანიის ეკონომიკების შემდეგ. 3 „გოლდმან ზაქსის“ პროგნოზით, ინდოეთის მშპ 2050 წლისთვის მიუახლოვდება ევროზონის მშპ-ს, ხოლო 2075 წლისთვის კი –განვითარებული ქვეყნების მშპ-ის ნახევარს.4 2050 წლისთვის ინდოეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი თითქმის შვიდჯერ გაიზრდება 2020 წელთან შედარებით, 2075 წლისთვის კი –ექვსჯერ და შედარებადი იქნება, მაგალითად, იტალიის 2020 წლის მაჩვენებელთან.5
ინდოეთის ახალი საერთაშორისო როლის ფორმირება მსოფლიო ეკონომიკაში მისი ინტეგრაციის გაღრმავებით ხორციელდება. ათწლეულების წინ დანარჩენი მსოფლიო ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ინდოეთის შიდაორიენტირებული ეკონომიკური სტრატეგიისთვის. დღეს ვითარება შეცვლილია. ეკონომიკის ლიბერალიზაცია და გახსნა უცხოელი ინვესტორებისთვის, პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის სტრატეგიის ნაწილია. ინიციატივამ „აწარმოვე ინდოეთში“ დააინტერესა უცხოელები, გახსნან საწარმოო ობიექტები სამხრეთ აზიის ამ ქვეყანაში. ინიციატივის ერთგვარი გაგრძელება იყო პროგრამა „თვითკმარი ინდოეთი“. ინდოეთი სხვა პროგრამებსაც ახორციელებს, როგორებიცაა „სტარტაპ-ინდოეთი“ (ფოკუსირებულია ინოვაციურ მცირე ბიზნესზე), „ციფრული ინდოეთი“, „ინდოეთის ყვავილწნული“ – “Bharatmala Pariyojna” (თანამედროვე საგზაო ეკოსისტემისა და თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარება) და ა.შ. თუმცა, მშპ-ის მაჩვენებლების ზრდის მიუხედავად, ინდოეთს სჭირდება უცხოური ინვესტიციები ინდუსტრიული განვითარების დასაჩქარებლად და მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების უზრუნველსაყოფად, რომლებიც ინდოეთისთვის ძირითადი გამოწვევებია.
ინდოეთის საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული ფასეულობების დაცვა. თუმცა ის მკაფიო ზღვარს ავლებს საკუთარი დემოკრატიული ფასეულობების დაცვასა და მათი სხვისთვის თავსმოხვევას შორის. ინდოეთი დაინტერესებულია დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის კონკურენციაში, განსაკუთრებით ინდო-წყნარ ოკეანეთში ჩინეთსა და აშშ-ის შორის გეოპოლიტიკურ მეტოქეობაში. მას სურს იდეოლოგიური განსხვავებების დაძლევა, რათა თანამოაზრე ქვეყნებთან იმუშაოს ახალი მულტილატერალიზმის გზამკვლევის შემუშავებაზე. ამ კონტექსტში, ინდოეთმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
ბირთვული იარაღი, ბირთვული განიარაღება, შეიარაღებაზე კონტროლი, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოება იმ კატეგორიის საკითხებია, რომლებიც ტრადიციულად ინდოეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგშია. როგორც განვითარებადი ქვეყანა, ის რჩება მულტილატერალიზმის ერთგული ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში. ის პატივს სცემს არსებულ მრავალმხრივ რეჟიმებს ვაჭრობის, ფინანსების დარგში, მხარს უჭერს საერთაშორისო ინიციატივებს კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის საკითხებში.
ინდოეთის როლი რეგიონში დიდწილად განისაზღვრება მისი გეოგრაფიით. ჩინეთ-ინდოეთისა და აშშ-ჩინეთის დაპირისპირება ყველაზე დიდ გავლენას ახდენს სამხრეთ აზიისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონებზე. მნიშვნელოვანი ფაქტორია სხვა რეგიონული ძალების, მათ შორის, რუსეთის, პაკისტანის, იაპონიისა და ავსტრალიის პოზიცია.
ინდოეთის პრიორიტეტული ამოცანაა, სამხრეთ აზიის სუბკონტინენტზე მშვიდობისა და აღორძინების სტაბილური ზონის შექმნა და მთავარი რეგიონული კონკურენტის – ჩინეთის შევიწროება, რომელიც მეტად გავლენიანი ხდება რეგიონში. ინდოეთს რთული ურთიერთობა აქვს პაკისტანთანაც. ამ გარემოებების გამო, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარება რუსეთსა და შეერთებულ შტატებთან. დელი და მოსკოვი თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში – ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, სამხედრო-ტექნიკური კოოპერაციის, ატომური ენერგეტიკისა და კოსმოსის ჩათვლით. ინდოეთის მიერ რუსეთისგან სხვადასხვა თავდაცვითი ტექნიკისა და ენერგომატარებლების შესყიდვა შეშფოთების საგანია შტატებისა და ევროკავშირისთვის.
ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ შევიდა ოფიციალურ პოლიტიკურ ლექსიკონში, მოიცავს ინდოეთის ოკეანისა და დასავლეთ წყნარი ოკეანის წყლებს და მათ სანაპიროებთან მიმდებარე ყველა ქვეყანას.6 ეს გეოპოლიტიკური სივრცე გახდა ინდოეთის, ჩინეთის, პაკისტანის, შტატების და სხვა რეგიონული აქტორების სტრატეგიული ინტერესების შეჯახების ობიექტი. ყალიბდება ინდოეთის ოკეანის ახალი სტატუსი, როგორც გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიზიდულობის ცენტრის, გლობალური და რეგიონული ძალებისთვის. ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, თუ რამდენად სწრაფად იცვლება გეოპოლიტიკური ლანდშაფტი გლობალიზაციის ეპოქაში.7
წარსულში ინდოეთი, მოუწესრიგებელი საზღვრების გამო ჩინეთსა და პაკისტანთან ომობდა. დღესაც ჩინეთის არმიის მანევრები „ფაქტობრივი საკონტროლო ხაზის“ (Line of Actual Control), ასევე პაკისტანის ჰიბრიდული ომი ე.წ. „საკონტროლო ხაზის“ (Line of Control) გასწვრივ გრძელდება. პეკინის მზარდი გავლენა და ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის სტრატეგიული განზომილება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ აზიის სუბკონტინენტის უსაფრთხოებას. ჩინეთის მზარდი ამბიციები ინდოეთის სამეზობლოში (ავღანეთი, ირანი, შრი-ლანკა, ნეპალი, ბანგლადეში, მიანმარი, ბუტანი, მალდივები), სერიოზულ გამოწვევას უქმნის ინდოეთის როლს სამხრეთ აზიაში.
პეკინ-დელის მეტოქეობა ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ დონეებზე არსებობს. მას რამდენიმე განზომილება აქვს (გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, კულტურულ-იდეოლოგიური). ორმხრივი უთანხმოებების ნაწილი გრძელვადიანია, სასაზღვრო კონფლიქტის ჩათვლით (ორ ბირთვულ ძალას დღემდე აქვს საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთები).
პეკინის მზარდი აქტიურობა სამხრეთ აზიასა და ინდო-წყნარ ოკეანეთში მხოლოდ ზრდის ინდოეთის შეშფოთებას. დელი შეშფოთებულია ჩინეთის ცალმხრივი მცდელობებით შეცვალოს სტატუს-კვო სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში. ის ასევე შეშფოთებულია ჩინეთის მიერ რეგიონში სამხედრო ბაზებისა და ინფრასტრუქტურის შექმნით, რაც ინდოეთს უჩენს სურვილს, იმუშაოს თავის პარტნიორებთან, მათ შორის, შტატებთან, ავსტრალიასთან, საფრანგეთთან, იაპონიასთან და უზრუნველყოს უსაფრთხო ზღვა, ნაოსნობის თავისუფლება და წესებზე დაფუძნებული წესრიგი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.
ინდოეთის ოკეანეში გავლენის გასამყარებლად, ჩინეთი საზღვაო პორტების ჯაჭვს აშენებს სანაპირო ქვეყნებში – მიანმარში, პაკისტანში, ბანგლადეშში, შრი-ლანკაში და ეს სტრატეგია ცნობილია სახელწოდებით „მარგალიტის მძივი“ (A string of pearls), რაც მიზნად ისახავს ჩინეთის გეოპოლიტიკური დომინირების შექმნას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.8 სამხედრო ობიექტის გახსნამ ჯიბუტიში 2017 წელს, ისევე როგორც საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებამ პეკინის კონტროლირებად ანკლავებში ინდოეთის ოკეანის რეგიონში, კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი და შეშფოთება ჩინეთის განზრახვებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ინდოეთში.9 „სარტყლის და გზის“ ინიციატივის (BRI) საზღვაო კომპონენტის გამოყენებით, ჩინეთი თანმიმდევრულად ამყარებს ურთიერთდამოკიდებულებას სამხრეთ აზიის სხვადასხვა ქვეყნებთან. პირველ რიგში, ეს ეხება შრი-ლანკას, რომელმაც ვალის გამო, ჰამბანტოტის საზღვაო პორტის პროექტი ჩინეთს იჯარით გადასცა. ჩინეთის სტრატეგიის კიდევ ერთი საყრდენია პაკისტანი, სადაც ის გვადარის საზღვაო პორტის პროექტს ახორციელებს ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის ფარგლებში. ჩინეთის გეოპოლიტიკური დომინირების ჯაჭვში კიდევ ერთი რგოლია მალდივები, არქიპელაგი, რომელიც ე.წ. „ინდოეთის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის“ კიდეზეა. ეს გარდამტეხი საკითხია ჩინეთ-ინდოეთის საზღვაო კონკურენციაში, ვინაიდან მალდივები ბუფერული ზონაა ინდოეთის სტრატეგიული საზღვაო სივრცის მიმდებარედ. ჩინეთის მუდმივი სამხედრო განლაგება იქ ინდოეთის ბუნებრივ პროტესტს იწვევს.
2015 წელს ინდოეთის მიერ მიღებული საზღვაო უსაფრთხოების სტრატეგია მეტყველებს იმაზე, რომ ინდო-წყნარ ოკეანეში პეკინის მზარდი აქტივობის საპასუხოდ, დელი იძულებულია, გადახედოს თავის საზღვაო პოლიტიკას რეგიონში. მთავარი მიზანი მითითებულია სტრატეგიის სათაურში: „უსაფრთხო ზღვების უზრუნველყოფა.“10 მისი ამოცანაა კონფლიქტების თავიდან აცილება მინიმალური შემაკავებელი მექანიზმის გამოყენებით. წამყვანი როლი ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილ წყალქვეშა ნავებს ენიჭება.11 საზღვაო უსაფრთხოების სტრატეგია (Indian Maritime Security Strategy – IMSS) აფიქსირებს ინდოეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ამ რეგიონში, რომელიც მოიცავს ინდოეთის ოკეანეს და საზღვაო ცენტრებს ოკეანის გასწვრივ, სანაპირო ქვეყნებს აფრიკის აღმოსავლეთ სანაპირომდე.12
ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე მსოფლიო ვაჭრობის უმეტესი ნაწილი გადის. რეგიონში ახალი წესების დასადგენად, ეკონომიკური და უსაფრთხოების არქიტექტურის შესაცვლელად, დიდი კონკურენციაა. უკვე არსებულ ეკონომიკურ და უსაფრთხოების ფორმატებს (ASEAN და ა.შ.), დაემატა: ინიციატივა „სარტყელი და გზა“ (BRI), რეგიონული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობა (RCEP), ინდო-წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური ჩარჩო კეთილდღეობისთვის (IPEP), აშშ-ის, ავსტრალიისა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების სამმხრივი პაქტი (AUKUS) და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა, რეგიონის უმეტესი ქვეყნებისთვის მიმზიდველი რჩება, მეზობლებმა დაინახეს, რომ პეკინმა თავისი ეკონომიკური წონა სტრატეგიული გავლენის იარაღად აქცია. ჩინეთი მიზნად ისახავს, შეცვალოს არსებული სტატუს-კვო და მოახდინოს საერთაშორისო ნორმების რეფორმირება, გახდეს ერთადერთი დომინანტი აზიაში და ნომერი პირველი ძალა მსოფლიოში 2049 წლისთვის. ეს ეროვნული მიზანი ცნობილია „ჩინური ოცნების“ სახელით. ეს მიზანი მიუღებელია მეზობლებისთვის, განსაკუთრებით ინდოეთისთვის.
ინდო-წყნარი ოკეანის გეოპოლიტიკური ლანდშაფტი ასახავს ცვალებად ტენდენციებსა და პრინციპებს გლობალიზაციის სამყაროში, რიგი რეგიონული ძალების მცდელობებს ახალი, გლობალური სტატუსის მოსაპოვებლად.13 ეს რეგიონი, რომელიც, უმეტესწილად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას მოიცავს, დღეს დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, რადგან იგი აერთიანებს: სავაჭრო გზებს, ენერგეტიკულ ნაკადებს, დიპლომატიურ და სტრატეგიულ კავშირებს ორ ოკეანეს შორის. დასავლეთ წყნარი ოკეანისა და ინდოეთის ოკეანის სტრატეგიულ სივრცეებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციისა და უსაფრთხოების კავშირების დაჩქარება იწვევს ერთიანი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ღერძის ფორმირებას.14 ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიოში და ჩინეთის, ინდოეთისა და შტატების ინტერესთა კონფლიქტის ცენტრს წარმოადგენს. თუმცა აღნიშნული ინტერესები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან.15
ინდოეთი რთულ მდგომარეობაშია. მეზობელ ქვეყნებთან ეფექტური ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების დამყარების სირთულემ ლიდერის ვაკუუმი შექმნა რეგიონში, რომელიც სწრაფად შეავსო ჩინეთმა. ინდოეთის მმართველებმა ვერ შეაჩერეს ამ ქვეყნის გავლენის შემცირება, ინდო-წყნარ ოკეანეთში ჩინეთის გავლენის ზრდის ფონზე. შესაბამისად, ინდოეთს მოუწევს, გამოასწოროს წარსული შეცდომები და შეიმუშაოს ეფექტური სტრატეგია რეგიონში გავლენის აღდგენისათვის. მას ორი ვარიანტი აქვს: 1) რეგიონში ჩინეთის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ ამბიციებთან შეგუება, რაც ძალაუფლების რეგიონულ იერარქიაში ქვედა ადგილის დაკავებას ნიშნავს; 2) უფრო აქტიური ძალისხმევა რეგიონში სტრატეგიული სივრცის შესანარჩუნებლად და ქმედითი დიპლომატიის განხორციელება ჩინეთის შესაკავებლად, ინდო-წყნარ ოკეანეთში საზღვაო ყოფნის გაფართოება და წინააღმდეგობის გაწევა ჩინური სტრატეგიისათვის „მარგალიტის მძივი.“
ვითარდება თანამშრომლობა სხვადასხვა რეგიონულ ორგანიზაციებში და ფორუმებზე, როგორებიცაა: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაცია (ASEAN); ბენგალის ყურის ინიციატივა მრავალსექტორული ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისათვის (BIMSTEC); ინდოეთ-ბრაზილია-სამხრეთ აფრიკის დიალოგის ფორუმი (IBSA Dialogue Forum) და ა.შ. აღნიშნულთან ერთად, ინდოეთი მიისწრაფვის, მიიღოს მუდმივი წევრის სტატუსი გაეროს უშიშროების საბჭოში. ინდოეთი მომხრეა დიდი ოცეულის (G20) ინსტიტუციონალიზაციის, მხარს უჭერს ურთიერთქმედების დონის ამაღლებას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) და BRICS-ის ფარგლებში და ა.შ.
2023 წელს, ინდოეთმა მიიღო G20-ის თავმჯდომარეობა და ორგანიზაციის დღის წესრიგის ჩამოყალიბების შესაძლებლობაც. დელიში ეს აღიქვეს, როგორც ისტორიული შანსი და, შესაძლოა, გარკვეული კომპენსაციაც კი იმ განვლილი ათწლეულების გამო, როდესაც ქვეყანას უარი ეთქვა გაეროს უშიშროების საბჭოში (UNSC) მუდმივ წევრობაზე. G20-ის თავმჯდომარეობისას, დელი მოწადინებული იყო, მეტად წარმოეჩინა გლობალური სამხრეთის (Global South) ინტერესები.*
დიდი ოცეულის (G20) დელის სამიტზე, რომელიც 2023 წლის 9-10 სექტემბერს გაიმართა, აშშ, ინდოეთი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საფრანგეთი, იტალია, გერმანია და ევროკავშირი, შეთანხმდნენ ინდოეთ-ახლო აღმოსავლეთ-ევროპის ეკონომიკური დერეფნის შექმნაზე (India-Middle East-Europe Economic Corridor – IMEC.** ეს მულტიმოდალური გადაზიდვების საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი არის ჩინეთის ინიციატივის „სარტყელი და გზა“ (BRI) საპირწონე პროექტი და მომავალში კონკურენცია უნდა გაუწიოს მას.16 BRI-ის მთავარი ბენეფიციარი ჩინეთია, IMEC-ის კი – ინდოეთი. აშშ განიხილავს IMEC-ს, როგორც პროექტის „პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის“ (The Partnership for Global Infrastructure and Investment – PGII) შემადგენელ ნაწილს.*** აღსანიშნავია, რომ BRI არის გაუმჭვირვალე ინიციატივა, რომლის დაფინანსებაც მხოლოდ ერთი ქვეყნიდან მოდის. IMEC კი 2021 წლიდან განიხილებოდა I2U2 ჯგუფის ქვეყნების მიერ და ფოკუსირებულია კონკურენტუნარიანობაზე, რომელიც მხარდაჭერილია დაფინანსების რამდენიმე წყაროთი.**** IMEC მრავალფუნქციური დერეფანია, რომელიც ასევე ითვალისწინებს მილსადენებს ე.წ. „მწვანე“ წყალბადის ტრანსპორტირებისთვის, წყალქვეშა კაბელებს ციფრული კავშირისა და ტელეკომუნიკაციებისთვის და ა.შ. პროექტის ინფრასტრუქტურის 70% უკვე არსებობს. ინდოეთის მონაწილეობა IMEC-ში განპირობებულია გეოეკონომიკური თვალსაზრისით. IMEC უზრუნველყოფს ინდოეთის უსაფრთხო კავშირს ახლო აღმოსავლეთთან, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, რადგან იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება სპარსეთის ყურის ნავთობზე. IMEC-ში მონაწილეობის კიდევ ერთი საფუძველია ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად ახალი მარშრუტების მოძიება. ინდოეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა იზრდება და ინდოეთის ექსპორტი ევროკავშირში 70 მილიარდ ევროს შეადგენს. არანაკლებ წარმატებულია ინდოეთის ურთიერთობები სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC). მზარდი ეკონომიკური კავშირები EU-ს, GCC-სა და ინდოეთს შორის, ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
დელი აქტიურადაა ჩართული ბრაზილია-რუსეთ-ინდოეთ-ჩინეთ-სამხრეთ აფრიკის თანამშრომლობის მრავალმხრივ მექანიზმში (BRICS). დღეს, “ბრიკსი” (BRICS) სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გაერთიანებაა, რომელიც საკუთარ თავს დიდი შვიდეულის (G7) ალტერნატივად განიხილავს და ცდილობს, შეცვალოს შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დომინირებული საერთაშორისო წესრიგი. მეტიც, 2024 წლის 1 იანვრიდან BRICS-ის წევრების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ეთიოპიის, ეგვიპტის, ირანის, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხარჯზე. სახელმწიფოები ოფიციალურად აცხადებენ BRICS-ის ჯგუფში გაწევრიანების სურვილს, რადგან განვითარების პერსპექტივას ხედავენ ძალის ალტერნატიულ ცენტრებში. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ახალი გლობალური წესრიგის შექმნის პროცესშია, რომლის კომპონენტებიც უკვე იწყებენ ფორმირებას ბლოკებისა და კომერციული სისტემების, სპეციალიზებული ბანკების, ფონდებისა თუ გლობალური ფინანსური ანგარიშსწორებების სახით. შტატების საერთაშორისო გავლენის შემცირება, აჩქარებს ამერიკული ვალუტის დასუსტების პროცესს. ნიშანდობლივია, რომ ინდოეთმა, აშშ-ის მთავარმა მოკავშირემ სამხრეთ აზიაში, უარი თქვა ვაშინგტონის მოთხოვნაზე და არ შეწყვიტა ვაჭრობა რუსეთთან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ქვეყნებს შორის ვაჭრობისას ადგილობრივ ვალუტაში ანგარიშსწორება ახალ ტრენდად იქცა, რადგან მიმდინარეობს დედოლარიზაციის პროცესი და ამერიკულ ვალუტაზე დამოკიდებულება მცირდება. ჩინეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს 40-ზე მეტ ქვეყანასთან/ტერიტორიასთან ჩინურ იუანებში ტრანზაქციების განხორციელების თაობაზე. 18 ქვეყანა, მათ შორის, – გერმანია, სინგაპური და გაერთიანებული სამეფო, შეთანხმდა ვაჭრობაზე ინდური რუპიით.
ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საინტერესოდ გამოიყურება ინდოეთის არასწორხაზოვანი პოზიცია. ინდოეთი, როგორც რეგიონში ჩინეთის შემაკავებელი ფაქტორი, შტატების სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნულის გამო, ანალიტიკოსთა ნაწილი მას განიხილავს ერთგვარ „ტროას ცხენად“ BRICS-ში. შტატების მცდელობა, შეიყვანოს ინდოეთი ორგანიზაციაში ნატო+ (NATO+), კიდევ უფრო აძლიერებს ამ განწყობებს, რაც ინდოეთს სერიოზული დილემის წინაშე აყენებს. არ არის გამორიცხული, რომ ინდოეთი შეეცადოს, გახდეს ძალის ავტონომიური ცენტრი და BRICS-ის მზარდი გლობალური გავლენით ისარგებლოს.
2023 წელს ინდოეთი SCO-ის (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია) თავმჯდომარე ქვეყანაც იყო. ესაა ფორმატი, რომელშიც ინდოეთი თანამშრომლობს ყველა წევრ ქვეყანასთან, ჩინეთის და პაკისტანის ჩათვლით, სხვადასხვა საკითხებზე, როგორებიცაა: მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წესები, კლიმატის ცვლილება და ა.შ. ჩინეთი და ინდოეთი ერთ მხარეს დგანან ბევრ საერთაშორისო საკითხში, მათ შორის, რუსეთთან და გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან ერთად. ამდენად, ინდოეთი ხელს უწყობს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სიმტკიცეს, განიხილავს რა მას საზღვრისპირა ტერორიზმის შეჩერების ერთ-ერთ ბერკეტად. ამასთან, ინდოეთი განიხილავს SCO-ს, როგორც ხიდს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის, რაც მნიშვნელოვანია ევრაზიის უსაფრთხოებისთვის. ინდოეთი თვლის, რომ SCO შეძლებს, დააბალანსოს ჩინეთის და პაკისტანის მზარდი ინტერესები ცენტრალურ აზიაში, სადაც ინდოეთს სურს, ჰქონდეს გავლენის საკუთარი ბერკეტები. მნიშვნელოვანია ტერორიზმთან ბრძოლა და ინფორმაციის კოორდინაცია ამ დარგში. ამდენად, ინდოეთი რჩება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის გავლენიან წევრად და არ მიიჩნევს მას ანტიდასავლურ ალიანსად.
ინდოეთი უსაფრთხოების ოთხმხრივი დიალოგის (Quadrilateral Security Dialogue – QUAD) წევრია, შტატებთან, ავსტრალიასთან, იაპონიასთან ერთად. ამ ფორმატის ინტერესი შემოისაზღვრება ახალი გეოპოლიტიკური ღერძის ფორმირებით ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. QUAD-ის ოფიციალური მიზანია ინდო-წყნარ ოკეანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ნაოსნობის თავისუფლებისა და საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გაერთიანების ძირითადი, თუმცა არადეკლარირებული მიზანია ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსება და მისი შეკავება, ძირითადად, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მეთოდებით. 2015 წელს, ინდოეთმა წარმოადგინა ხედვა „უსაფრთხოება და ზრდა ყველასათვის რეგიონში“ (Security and Growth for All in the Region – SAGAR), 2018 წელს კი გამოვიდა ინდო-წყნარი ოკეანეთის ინიციატივით, საზღვაო სფეროში საერთო გამოწვევების გადასაჭრელად (Indo-Pacific Oceans Initiative – IPOI). ინდოეთი ასევე ცდილობდა SAGAR-ის და IPOI-ის მიზნების დაკავშირებას QUAD-ის მიზნებთან, რეგიონში პეკინის შესაკავებლად. QUAD ხელს უწყობს ძალთა ახალი ბალანსის ფორმირებასა და სტრატეგიული პარტნიორობის გამყარებას ინდო-წყნარ ოკეანეში, რომელსაც 2021 წელს დაემატა ახალი სამხედრო-სტრატეგიული ღერძი AUKUS-ის ალიანსის ჩამოყალიბებით.
აშშ-ინდოეთის ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის სტატუსი აქვს.17 ორივე ერთგულია საერთო ღირებულებების (ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებები). იგივე ეხება QUAD-ის სხვა წევრებსაც, ავსტრალიასა და იაპონიას. ღირებულებითი მიდგომა ურთიერთობებში ბოლო წლებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რასაც ეკონომიკური ინტერესებიც ემატება. ამ დამთხვევამ გამოიწვია ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის სფეროების გამრავლება და ვაშინგტონისა და დელის სტრატეგიული პოზიციების დაახლოება.18 ეს მოცემულობა აისახა დოკუმენტში „აშშ-ინდოეთის ერთობლივი სტრატეგიული ხედვა აზია-წყნარი ოკეანეთისა და ინდოეთის ოკეანის რეგიონში“ (US-India Joint Strategic Vision for the Asia-Pacific and Indian Ocean Region), რომელსაც ხელი მოეწერა 2015 წელს.19 თუმცა, შექმნილი ვითარება იმავდროულად ინდოეთს უზღუდავს მანევრირების თავისუფლებას საგარეო პოლიტიკის გატარებისას. დელი მუდმივად ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი სივრცე ჰქონოდა გეოპოლიტიკური მანევრისთვის, მეტად დაეცვა ეროვნული ინტერესები და გაეტარებინა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური ხაზი. QUAD-ის წევრობა კი ინდოეთს უბიძგებს, სულ უფრო მეტად დაეყრდნოს აშშ-ს, გააძლიეროს მასთან სტრატეგიული პარტნიორობა, თავდაცვის სფეროს ჩათვლით, რამაც შესაძლოა მისი მოქმედების თავისუფლება შეზღუდოს საერთაშორისო ასპარეზზე.
მეტიც, დელის არ მოსწონს QUAD-ის „ანტიჩინური დემოკრატიების ალიანსის“ სტატუსი, როგორც მას პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უწოდა, ვინაიდან ეს ინდოეთის საგარეო პოლიტიკას გარკვეულ იძულებით ჩარჩოებში აქცევს და ზღუდავს მის სუვერენიტეტს.20 დელი შეშფოთებულია პეკინის აღზევებით, მაგრამ ის ასევე დგას იმ რეალობის წინაშე, რომ ჩინეთმა უკვე გადაუსწრო შეერთებულ შტატებს და ინდოეთის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მოტივით ინდოეთი, რომელიც BRICS-ის და SCO-ის წევრიცაა, ცდილობს, განზე გადგეს შტატების, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვით პაქტისგან, რომელიც AUKUS-ის სახელითაა ცნობილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერტების ნაწილი ინდოეთს QUAD-ის ყველაზე სუსტ რგოლად განიხილავს (თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილის არქონის გამო). ინდოეთი უპირატესობას ანიჭებს QUAD-ის წევრებთან (აშშ, ავსტრალია, იაპონია) ორმხრივი კავშირების გაღრმავებას, მათ შორის, უსაფრთხოების დარგში (ერთობლივი სახმელეთო და საზღვაო წვრთნები, ინიციატივები კრიტიკული და განვითარებადი ტექნოლოგიების შესახებ, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრები “2+2” ფორმატში და ა.შ.). ყოველივე ეს მეტყველებს ინდოეთის სურვილზე, გაამყაროს უსაფრთხოება და შეაკავოს ჩინეთი ორმხრივი თანამშრომლობით და არა –კოლექტიური ალიანსებით, როგორებიცა: QUAD და AUKUS. 2023 წლის 20 ნოემბერს, 2+2 ფორმატით ინდოეთისა და ავსტრალიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ითქვა, რომ ორივე ქვეყანა საერთო რეგიონული და გლობალური გამოწვევების წინაშე დგას და ჩინეთი ერთ-ერთი პირველია ამ მხრივ.21 ჩინეთის შეკავების თემატიკა დომინირებდა 2023 წლის 10 ნოემბერსაც, 2+2 ფორმატით ინდოეთისა და შტატების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.22
დღეს ინდოეთი ცალსახად აფიქსირებს ამბიციას შეასრულოს წამყვანი როლი გლობალურ დონეზე და გახდეს დამოუკიდებელი “პოლუსი”. მაგრამ, საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერ არ აღიარებს ინდოეთის, როგორც გლობალური ძალის სტატუსს. თუმცა, მისი გავლენა და პოტენციალი იზრდება, რაც საშუალებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ამ ეტაპზე მისი მთავარი ამოცანებია: ეკონომიკური განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საგარეო ბაზრებთან წვდომა და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში. ინდოეთი უკვე ერთ-ერთი დომინანტი ძალაა სამხრეთ აზიაში და დელი ძალისხმევას არ იშურებს, რომ მისი გავლენა კიდევ უფრო გაიზარდოს და გავრცელდეს მთელ ინდო-წყნარ ოკეანეთზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გეოპოლიტიკურ კონკურენციას ჩინეთთან და ეროვნული უსაფრთხოების პრობლემატიკას, რაც პაკისტანთან ურთიერთობასაც გულისხმობს. მრავალვექტორული დიპლომატიის განხორციელებისას, ინდოეთი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ურთიერთობებზე შტატებთან, რუსეთსა და ჩინეთთან.
ინდოეთი უსაფრთხოების ოთხმხრივი დიალოგის (QUAD) მონაწილეა ავსტრალიასთან, შტატებთან და იაპონიასთან ერთად. იმავდროულად, ინდოეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) და BRICS-ის წევრიცაა, ჩინეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მსგავსად. მას ინტერესები ორივე მხარეს აქვს, მაგრამ ბოლომდე ორიენტაცია არ აქვს გამოკვეთილი. QUAD-ის წევრობა, რა თქმა უნდა აფერხებს ინდოეთის მონაწილეობას BRICS-ის და SCO-ის ფარგლებში. შესაბამისად, ინდოეთი შესაძლოა გახდეს ან ერთგვარი ხიდი არსებულ წინააღმდეგობებს შორის, ან, ცალსახა ვალდებულებების არარსებობის შემთხვევაში, – გეოპოლიტიკური განხეთქილების მსხვერპლი. რაც უფრო მკვეთრი იქნება ხაზი ამ ორ ბანაკს შორის, მით უფრო რთული იქნება ინდოეთისთვის ბალანსის დაცვა.
ინდოეთის წინაშე რთული ამოცანა დგას. მან არჩევანი უნდა გააკეთოს ორ საერთაშორისო წესრიგს შორის, რომლებიც ორიენტირებულია დასავლეთისკენ და ჩინეთისკენ. აღნიშნულის გამო, ინდოეთი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ცენტრშია. თუმცა, არსებობს მესამე ვარიანტიც, კერძოდ, მრავალვექტორული დიპლომატიის შენარჩუნება და ბალანსის დაცვა. რაც შეეხება თანამედროვე საერთაშორისო წესრიგს, დიდი ალბათობით, ინდოეთის როლის გაზრდა ახლოვადიანი ან საშუალოვადიანი პერსპექტივით, უფრო რეგიონული მასშტაბით შემოიფარგლება, ვიდრე გლობალურით. ინდოეთის „გლობალურ პოლუსად“ ჩამოყალიბება შედარებით გრძელვადიანი პერსპექტივაა.
* ტერმინი „გლობალური სამხრეთი“ (Global South), აერთიანებს განვითარებად და ნაკლებად ინდუსტრიულ ქვეყნებს, რომლებიც, ძირითადად მსოფლიოს, სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.
** ინიციატივა ორ დერეფანს მოიცავს: აღმოსავლეთის დერეფანი, რომელიც ინდოეთს სპარსეთის ყურეს დააკავშირებს, და ჩრდილოეთის დერეფანი, რომელიც სპარსეთის ყურეს უკავშირებს ევროპას. შედგება ორი საზღვაო მონაკვეთისაგან (ინდოეთიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებამდე, ისრაელიდან საბერძნეთამდე), სარკინიგზო მონაკვეთისგან, რომელიც გაივლის არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, იორდანიისა და ისრაელის ტერიტორიას. მარშრუტი გვერდს უვლის ირანს, რუსეთს, ჩინეთს, თურქეთსა და ეგვიპტეს (სუეცის არხს).
*** „პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის“ (PGII) არის დიდი შვიდეულის (G7) ერთობლივი ძალისხმევა განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც ეფუძნება ინიციატივის Blue Dot Network პრინციპებს. ის არის ე.წ. „ბაიდენის დოქტრინის“ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ კონკურენტი პროექტი.
**** I2U2 Group – აშშ-ის, ინდოეთის, ისრაელისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროებისაგან შემდგარი ჯგუფი.
* დავით პიპინაშვილი – აზიის და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის სამხრეთ აზიის, ავსტრალიის და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველოს უფროსი,, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სარჩევი
ინდოეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები და მზარდი როლი თანამედროვე მსოფლიოში
დავით პიპინაშვილი
ესპანეთის ევროპული პოლიტიკა
ლიკა ჭიპაშვილი
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები რეჯეფ თაიფ ერდოღანის ახალი ვადით მმართველობის პირობებში
ეთერ ხაბელაშვილი