ჰიბრიდული ომის ელემენტები: პროპაგანდა და დეზინფორმაცია, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში

აბსტრაქტი

სტატიაში აღწერილია რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ევოლუცია და გაანალიზებულია რუსეთის ჰიბრიდული ომის თანამედროვე ინსტრუმენტები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე ფოკუსირებით. კონცეპტუალური დოკუმენტებით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის ამოცანების შესასრულებლად, დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე, რუსეთის მმართველმა გუნდმა  გააცნობიერა, რომ აუცილებელი იყო ქმედითი ინსტრუმენტების ამოქმედება. სტატიაში შეფასებულია რუსეთის მიერ გამოყენებული ინსტრუმენტების, მათ შორის, საინფორმაციო ომის ეფექტურობა.

თამარ ჩაჩიბაია

დღეს კომპლექსური ბუნების კონფლიქტებში რუსეთის მიერ გამოყენებული კონვენციური და არაკონვენციური ინსტრუმენტები წარმოადგენს საერთაშორისო წესრიგის დიდ გამოწვევას. შესაბამისად, დასავლეთის ექსპერტების ყურადღების ცენტრში ექცევა რუსეთის მიერ ახალი ტიპის ჰიბრიდული ომისა და მისი საინფორმაციო ელემენტის წარმოების ტაქტიკა.

რუსეთისა და დასავლეთის სამხედრო თუ ეკონომიკური პოტენციალი საკმაოდ განსხვავებულია, რაც „აიძულებს“ კრემლს, დასავლეთ სამყაროსთან დაპირისპირებისას გამოიყენოს ასიმეტრიული ინფორმაციის ინსტრუმენტები, მათ შორის, – საინფორმაციო ომის სახით.

საქართველოში 2008 წელს განხორციელებული აგრესიის შემდგომ, რუსეთი აღარ ერიდება ძალის ღიად გამოყენებას, როგორც ახლო სამეზობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.  მსგავსი აგრესიული ქმედებების დემონსტრირება, ლოკალური ამოცანების გარდა, ემსახურება გლობალური მიზნების მიღწევას და რუსეთის პოზიციონირებას მსოფლიოს გავლენიან პოლუსად.

წინამდებარე სტატია აჩვენებს თანამედროვე რუსეთის საგარეო პოლიტიკის განვითარების ეტაპებს, მათ შორის, ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ანალიზის გზით. სტატიაში განხილულია თანამედროვე ტიპის ჰიბრიდული ომის ევოლუცია. ჰიბრიდული ომის ჭრილში  გაანალიზებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და შეფასებულია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის საინფორმაციო ომის ეფექტურობა. სტატიაში ნაჩვენებია, რამდენად დამაზიანებელი იყო საქართველოს საერთაშორისო იმიჯისა და ქართული საზოგადოებისთვის რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული ასიმეტრიული ინფორმაციის ინსტრუმენტები, როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინა, ასევე მის შემდგომ პერიოდში.

1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთში აქტუალური კოზირევის დოქტრინის1 ძირითადი დებულებების შესაბამისად, მთავრობა ცდილობდა დასავლურ სამყაროსთან დეკლარირებულ დაახლოებას. უკვე 90-იანი წლების მეორე ნახევარში, ამჯერად უკვე პრიმაკოვის დოქტრინის შესაბამისად,2 რუსეთის საგარეო კურსი გულისხმობდა მრავალპოლარული სამყაროსკენ სწრაფვას, დასავლეთის ქვეყნებთან უშუალო დაპირისპირების გარეშე. 21-ე საუკუნეში, საერთაშორისო სისტემის ერთ-ერთ წამყვან პოლუსად ჩამოყალიბების სურვილის კვალდაკვალ, რუსეთი  არ ერიდება დასავლეთთან ღია დაპირისპირებას, მათ შორის, კონვენციური და არაკონვენციური ომის ელემენტების  გამოყენებით.

პრეზიდენტ პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა გეოპოლიტიკური ინტერესების არეალი, რომელშიც შევიდა, ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა კონტინენტი.3 მკვეთრი ანტაგონიზმი გამოხატულია ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის – რუსეთისთვის „მტრული“ სამხედრო ბლოკებისა (ნატო) და პოლიტიკური გაერთიანებების (ევროკავშირი) გაფართოების მიმართ, განსაკუთრებით, – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ზემოაღნიშნულ გაერთიანებებში გაწევრიანების სწრაფვის გამო.

კრემლის ელიტის საგარეო პოლიტიკური განცხადებები და ქმედებები აჩვენებს საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიას, დასავლური ჰეგემონიისა და ერთპოლუსიანი სამყაროს მიუღებლობასა და დემოკრატიის დასავლეთისგან განსხვავებულ , სუვერენულ აღქმას. 2005 წელს ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას „გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა, 2007 წელს კი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, დასავლური ჰეგემონიის წინააღმდეგ გაილაშქრა და რუსეთის საგარეო პოლიტიკის რევიზიონისტული ხასიათი თვალსაჩინო გახადა. ამავე პერიოდში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ვლადისლავ სურკოვი, ახმოვანებს ე.წ. სუვერენული დემოკრატიის კონცეფციას და ამით დემოკრატიის დასავლურ გაგებას უპირისპირდება. ამავდროულად, რუსეთი წარადგენს ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ საკუთარ ხედვას, რომლის მიზანიც ნატოს გაფართოების დელეგიტიმაციაა. პუტინი 2012 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „რუსეთი და ცვალებადი სამყარო“ გამოკვეთს რუსეთის საგარეო პოლიტიკურ არსენალში არაკონვენციური მეთოდების მნიშვნელობას, რომელთა დახმარებითაც საგარეო პოლიტიკის მიზნები მიიღწევა „იარაღის გამოუყენებლად, საინფორმაციო ბერკეტებით და ინტერვენციის სხვა საშუალებებით.“4

რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნები და ამოცანები გამოხატულია ქვეყნის ფუძემდებლურ ჩარჩო დოკუმენტებში, მათ შორისაა:  საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და სამხედრო დოქტრინა. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში (2021) ხაზგასმულია რუსეთის მსოფლიო გავლენის ცენტრად ჩამოყალიბებისა და რეგიონულ დონეზე ქვეყნის პოზიციების განმტკიცების მნიშვნელობა. ამ მიზნების მისაღწევად სტრატეგიაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო ძალას. სტრატეგიაში ასევე გამოკვეთილია შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში მიმდინარე ცვლილებები და მასზე რეაგირების აუცილებლობას.5 საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში (2023)6 ყურადღება გამახვილებულია მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში რუსეთის მიერ საუკუნეების მანძილზე შეტანილ განსაკუთრებულ წვლილსა და, მეზობელ და რეგიონების ქვეყნებთან ურთიერთობებში, რუსეთის, როგორც მსოფლიო განვითარებისა და ცივილიზაციის ერთ-ერთ სუვერენულ ცენტრზე. მნიშვნელოვანია, რომ კონცეფციაში ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები განხილულია, როგორც „სახელმწიფო მმართველობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტრადიციული მექანიზმების რღვევის მიზეზი“ და მიუღებლად არის მიჩნეული ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმის გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის საფუძვლად. რაც შეეხება სამხედრო დოქტრინას (2014)7, ის რუსეთის წინაშე მდგარ საფრთხეებს შორის ერთ-ერთ წამყვან საფრთხედ მიიჩნევს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის (ნატო) ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოებას, მათ შორის, – ალიანსის შემდგომი გაფართოების გზით.

რუსეთის კონცეპტუალური დოკუმენტები ასევე ასახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ დებულებებს და ნათლად აჩვენებს რუსეთის განზრახვას, არ გადაუხვიოს და გააგრძელოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა. ასე მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში (2021) აღნიშნულია „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან“ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნებს როგორც ორმხრივ, ასევე ინტეგრაციული გაერთიანებების ფარგლებში. ამავდროულად, საგარეო პოლიტიკის კონცეფცია (2023) რუსეთის ერთ-ერთ  პრიორიტეტად ახლო სამეზობლოში ასახელებს – „აფხაზეთის რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა, აღნიშნული სახელმწიფოების ხალხების საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული თავისუფალი ნების განხორციელების ხელშეწყობა, რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების სასარგებლოდ“ (თავი V, მ. 8).

თავის მხრივ, რუსეთის სამხედრო დოქტრინა (2014) სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს ურთიერთკოორდინაციას  „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან ერთობლივი თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.

21-ე საუკუნის მსოფლიოს გამოწვევებმა, ტექნოლოგიურმა პროგრესმა და უსაფრთხოების ახალმა გარემომ, ომის სტრატეგიისა და ტაქტიკის ახლებურად დანახვის აუცილებლობა შექმნა. დამკვიდრდა ფართო საზოგადოებისთვის ახალი ტერმინი „ჰიბრიდული ომი,“ რომელიც ხშირ შემთხვევაში ბრძოლის კონვენციური და არაკონვენციური ელემენტების კომპლექსურ ნაზავს წარმოადგენს, თუმცა, ასევე გვხვდება არასამხედრო ინსტრუმენტებით ბრძოლის მაგალითები.

„ჰიბრიდული ომის“ კონცეფცია ამერიკელმა ვიცე-პოლკოვნიკმა, ფრენკ ჰოფმანმა,  განიხილა 2007 წლის  სტატიაში „კონფლიქტი 21-ე საუკუნეში: ჰიბრიდული ომის აღმასვლა.“ მისი აზრით, მომავალში აშშ-ს ბრძოლა მოუწევს ოპონენტებთან, რომლებიც არა მხოლოდ არატრადიციული ან ტრადიციული ფორმით იომებენ, ან ტერორისტები არიან, არამედ ოპონენტები გამოიყენებენ ერთდროულად ყველა ამ მეთოდსა და საშუალებას. ჰოფმანი აღნიშნავს, რომ ისტორიაში არის მაგალითები, როდესაც არატრადიციული და ტრადიციული ტაქტიკები  გამოიყენებოდა ერთდროულად და კომბინირებულად, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიურმა განვითარებამ ომის წარმოება იმდაგვარად შეცვალა, რომ იგი წარმოგვიდგება, როგორც ჰიბრიდული საფრთხე.8  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განმარტების თანახმად, ჰიბრიდული ომი კონვენციური და არაკონვენციური ინსტრუმენტების ერთობლიობაა, რომელიც სინქრონიზებულია მოწინააღმდეგის მოწყვლადი მხარეების გამოსავლენად და სინერგიული/საერთო ეფექტის მისაღწევად.9

მნიშვნელოვანია ჰიბრიდული ომის რუსული მიდგომის გააზრება. რუსეთის გენშტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი „გერასიმოვის დოქტრინად“ წოდებულ დოკუმენტში და 2013 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „ახალი თაობის ომის წარმოების მეთოდები“  აღნიშნავს, რომ „ახალი თაობის ომში“ სამხედრო ძალა გამოყენებულია ფარულად, ოფიციალური დეკლარირების გარეშე, ხოლო რეალური ბრძოლა ვითარდება არა სამ, არამედ ოთხ სივრცეში: ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაში და საინფორმაციო ველზე.10

რუსეთის გაერთიანებული შტაბის აკადემიის ხელმძღვანელის, გენერალ ვლადიმირ ზარუდნიცკის, 2021 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ასევე განხილულია რუსეთის სამხედრო თუ პოლიტიკური ისტებლიშმენტის განახლებული ხედვები თანამედროვე ომის ბუნებაზე. ზარუდნიცკის აზრით, 21-ე საუკუნის ომის მიზანი არის მოწინააღმდეგის არა ფიზიკური განადგურება, არამედ – მასზე კომპლექსური ზემოქმედება, რომელიც მოიცავს ზუსტ დარტყმას, დაზვერვას, ელექტრონულ და საინფორმაციო ომს სტრატეგიული, საოპერაციო და ტაქტიკური ეფექტის მისაღწევად.11 ზარუდნიცკი ავლებს მკაფიო ხაზს ცივი ომისა და შემდგომ პერიოდს შორის და თანამედროვე ომის პარადიგმის ათვლის წერტილად მიიჩნევს 1991 წელს სპარსეთის ყურეში შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულ ოპერაციას „ქარიშხალი უდაბნოში“. მისივე შეფასებით, ომის ახალი პარადიგმის მთავარი მახასიათებელი არის საინფორმაციო ომი/ოპერაცია.

კიდევ ერთმა რუსმა გენერალმა, ვლადიმირ სლიპჩენკომ ჩამოაყალიბა ე.წ. „მეექვსე თაობის ომის“ კონცეფცია და მას „უკონტაქტო ომი“ უწოდა. მისი აზრით, 21-ე საუკუნის ომს ორი მთავარი ელემენტი აქვს: მაღალი სიზუსტის კონვენციური იარაღი და ელექტრონული ომი. ახალი პარადიგმის ომის მთავარი მიზანია მოწინააღმდეგის ეკონომიკური პოტენციალის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება, რომელსაც თან უნდა სდევდეს პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება და არა ­— ტერიტორიების მიტაცება, რაც წინა თაობის ომს ახასიათებდა. სლიპჩენკო ასევე აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში რუსეთი იყენებდა „დიდი სამამულო ომის“ დროინდელ სტრატეგიას, მაშინ როდესაც აშშ-ში უკვე დანერგილი იყო „უკონტაქტო“ ომის ტაქტიკა.12

ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს რუსეთში ომის თეორიისა და სტრატეგიის ევოლუციას და, კონვენციური ომის მეთოდის პარალელურად, არაკონვენციური, საინფორმაციო ომის ელემენტების დანერგვას თანამედროვე კომპლექსური კონფლიქტების წარმოებისას. ცხადია, რომ საქართველო რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის მეთოდების პირდაპირი სამიზნეა. აღნიშნული ტაქტიკა პირველად სწორედ 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული აგრესიის დროს გამოიყენეს.

ჯერ კიდევ 2000-იან წლებში რუსეთში ჩამოყალიბდა პროპაგანდისტული მანქანის ისეთი მძლავრი ინსტრუმენტები, როგორებიცაა „როსსოტრუდნიჩესტვო“ (დსთ-ის, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფედერალური სააგენტო) და „რუსკი მირი“ (რუსული სამყაროს ფონდი). დღეს ამ დეზინფორმაციული „მონსტრის“ მფლობელობაშია არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სატელევიზიო თუ ბეჭდური მედიასაშუალება, ასევე – სოციალური ქსელების მზარდი რესურსი.13

2000-იანი წლების დასაწყისიდან ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად გაღვივებული პროდასავლური მისწრაფებების კვალდაკვალ რუსეთმა მიზანმიმართულად დაიწყო საქართველოში ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების – პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მობილიზება. რუსეთისთვის ნათელი გახდა, რომ ქართულ საზოგადოებაში ფეხს იკიდებდა აზრი, რომ რუსეთი აღარ იყო უსაფრთხოების გარანტორი, პირიქით – გაჩნდა აუცილებლობა, ამ ქვეყნისგან დაცვის ქმედითი, ევროპული სისტემის შექმნისა.14

რუსეთის 2008 წლის სამხედრო ინტერვენციამდე საქართველოში ჩატარდა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის (ნატო) ბუქარესტის სამიტი. ალიანსის წევრებს შორის კონსენსუსის არარსებობის გამო, საქართველომ (და უკრაინამ) ვერ მიიღო წევრობის სამოქმედო გეგმა, თუმცა გაიცა დაპირება მომავალში საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ნატოს შემდგომი გაფართოების ხელშეშლის მიზნით, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, მათი  დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და საზღვრის უკანონო გადაწევის (ე.წ. „ბორდერიზაციის“) დაუსრულებელი პროცესი, რომელსაც არაერთი ეთნიკურად ქართველის სიცოცხლე ეწირება.

2008 წელს საქართველოში სამხედრო ინტერვენციის დროს და ასევე მის შემდეგ რუსული პროპაგანდისტული აქტივობები საგრძნობად შეიცვალა, მეტი მნიშვნელობა მიენიჭა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაწყებული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის აქტიური ფაზა მიზნად ისახავდა აგრესიის გარდაუვალობის დასაბუთებას რუსეთის საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.  პარტნიორებთან რუსეთი ცდილობდა, თავი წარმოეჩინა მშვიდობისმყოფელად,  საქართველოს საკითხი დაეკავშირებინა კოსოვოს პრეცედენტთან15 და ხაზი გაესვა, რომ მისთვის მიუღებელი იყო საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან დაახლოება. რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის მიერ აქტიურად მკვიდრდებოდა აზრი, რომ 2008 წლის თებერვალში ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ შექმნა სამართლებრივი პრეცედენტი, მათ შორის, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისათვის. აღნიშნული ხელს უწყობდა ქართულ საზოგადოებაში დასავლეთისა და დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას. ამავდროულად, ომის შემდგომ პერიოდში, აქტიურად  წარმოაჩენდა საქართველოს აგრესორად და პრობლემურ ქვეყნად, რომელსაც არ შეუძლია რაიმე ღირებულის შეთავაზება ევროატლანტიკური სივრცისთვის.

ომის შემდეგ რუსეთი ქვეყნის შიგნით, მოსახლეობის ყურადღების გადატანას ცდილობდა კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის სავალალო ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საქართველოს აგრესორად წარმოჩენაზე, თუმცა რუსეთის ფედერაციის ცალკეული ნაბიჯები უშუალოდ ომის წინა პერიოდში ადასტურებს ომისთვის რეალურ მზადებას:

  • 2007 წლის 12 დეკემბერს რუსეთის მიერ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE) მოქმედების შეჩერება;16
  • 2008 წლის 6 მარტს რუსეთის მიერ უარის თქმა დსთ-ის გადაწყვეტილებაზე აფხაზეთის ე.წ. „სანქცირების“ შესახებ;17
  • 2008 წლის გაზაფხულიდან რუსეთის სარკინიგზო ჯარების მიერ, სამხედრო ოპერაციების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მიზნით, სოხუმ-ოჩამჩირის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენის სამუშაოები; 18
  • 2008 წლის ივნისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სამშვიდობო გეგმა ,,შტაინმაიერი/გერმანული გეგმა“ შემოთავაზებულ იქნა მეგობართა ჯგუფის შეხვედრის დროს. ამავე წლის 18 ივლისს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა და რუსეთმა უარყვეს აღნიშნული გეგმა და უარი განაცხადეს დასწრებოდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ გამართულ შეხვედრას ქ. ბერლინში, აგვისტოს დასაწყისში.19

2012 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავზე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა საქართველოს წინააღმდეგ ომის გეგმა ჯერ კიდევ 2006 წელს შეიმუშავა.20 ხოლო ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებაში „საჭირო“ ნარატივების დასამკვიდრებლად, რუსული პროპაგანდისტული მანქანა სრულად ამოქმედდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს  ომის შემდგომ პერიოდში.

საერთაშორისო ასპარეზზე, რუსეთი ამკვიდრებდა მოსაზრებას, რომ რუსეთი იძულებული იყო განეხორციელებინა ჰუმანიტარული ხასიათის ინტერვენცია თავისი მოქალაქეების დასაცავად. სინამდვილეში კი იგულისხმებოდა  რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში 2002 წლიდან დაწყებული პასპორტიზაციის არალეგალური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეობის მქონე უმცირესობის შექმნას. ეს ქმედება შეიძლება მივიჩნიოთ რუსეთის მიერ გამოყენებულ ასიმეტრიულ ინსტრუმენტად საქართველოს წინააღმდეგ თანამედროვე ტიპის ჰიბრიდული ომის წარმოებისას. 21

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 1 თვეში, რუსეთში გაიმართა საერთაშორისო კლუბ „ვალდაის“ შეხვედრა, რომელიც აერთიანებს რუსეთის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებს. ვ. პუტინმა, რუსეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, აღნიშნული ფორუმი წარმატებით გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომის წარმოებისათვის. დისკუსიის დროს ძირითადი აქცენტები კეთდებოდა საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე“, პუტინის მიერ განზრახ ვრცელდებოდა დეზინფორმაციული ნარატივი, რომ „საქართველოს შეიარაღებული ძალები უკვე 7 აგვისტოს შევიდნენ ცხინვალში, ხოლო რუსული ჯარი ცხინვალს მხოლოდ 10 აგვისტოს ღამეს მიუახლოვდა.“ პუტინმა ცალკე დეზინფორმაციული მონოლოგი მიუძღვნა ამერიკელ პარტნიორებს, „რომლებმაც საგანგებოდ გადაამზადეს საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩადეს დიდი ფული საქართველოს სამხედრო მომზადებაში, მათ შორის, ინსტრუქტორების წარგზავნის გზით.“22

რას მიაღწია რუსეთმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გარდა? იყო თუ არა ეს ომი მხოლოდ სამხედრო აგრესია თუ მისი შედეგები სცდება ტერიტორიების მიტაცებას და საზოგადოების ცნობიერებაში რუსეთის სტრატეგიული ნარატივების დამკვიდრებას ისახავს მიზნად?

დეზინფორმაციული ნარატივები, რომელთაც კრემლი ასე აქტიურად ნერგავს საზოგადოებებში ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ შემდეგია:

  • რუსეთი გლობალური მოთამაშეა და ნატო, მის საზღვრებთან მოახლოებით, თავად პროვოცირებს რუსეთს დაიცვას მისი ლეგიტიმური ინტერესები რეგიონში;
  • ომი დასავლეთის წაქეზებით საქართველომ დაიწყო;
  • ევროპამ და ამერიკამ ვერ შეძლეს საქართველოს დაცვა ომისგან, შესაბამისად, არ წარმოადგენენ სანდო პარტნიორებს საქართველოსთვის;
  • დასავლეთი არ გაწყვეტს თანამშრომლობას რუსეთთან, საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნების დასაცავად;
  • ნატოს წევრობისთვის საქართველოს მოუწევს ოკუპირებული რეგიონების დათმობა და სხვა.23

აღსანიშნავია, რომ საქართველოზე განხორციელებული აგრესიის, საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისა და საქართველოში ხელისუფლების შეცვლის წარუმატებელი მცდელობის ფონზე, რუსეთმა დაკარგა ქვეყნის მიერ წარმოებულ საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენის მნიშვნელოვანი მექანიზმები. ამავდროულად, კრემლმა შეძლო თბილისის თანხმობით შექმნილ ე.წ. ტალიავინის კომისიის მუშაობაში თავისი ნარატივის გატარება და ანგარიშის წარდგენა დასავლეთის მოწინავე ინსტიტუციებში. შედეგად, ოფიციალურ წრეებში, ისევე როგორც ექსპერტთა შორის, ფართოდ გავრცელდა აგვისტოს ომის თბილისის მხრიდან დაწყების „მტკიცებულება“, ხოლო რუსეთის ქმედებები  დიდწილად შეფასდა, როგორც არაპროპორციული საპასუხო რეაგირება საქართველოს მხარის აგრესიაზე. საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთი ამკვიდრებდა მოსაზრებას, რომ რუსეთი იძულებული იყო, განეხორციელებინა ჰუმანიტარული ხასიათის ინტერვენცია საკუთარი მოქალაქეებისა და ეთნიკურად ოსი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

სამწუხაროდ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საინფორმაციო ომის შედეგად, რუსეთმა გარკვეულწილად  შეძლო 2008 წლის ომის  ირგვლივ მისთვის სასურველი საინფორმაციო სივრცის შექმნა. დამკვიდრებულ ნარატივებს შორისაა:

  • საქართველო თავს დაესხა მძინარე ცხინვალს;24
  • რუსეთი იძულებული იყო, ჩართულიყო ომში ჰუმანიტარული მიზეზით, რათა დაეცვა თავისი მოქალაქეები;25
  • რუსეთი მზად არის საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის. საქართველო-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა დამოკიდებულია ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებაზე და მის მიერ ახალი რეალობის აღიარებაზე26.

საგულისხმოა, რომ რუსეთის ხელისუფლება დეზინფორმაციის ინსტრუმენტს ასევე აქტიურად იყენებს ქვეყნის შიგნითაც, რათა მაქსიმალურად დათრგუნოს რუსეთის საზოგადოებაში დემოკრატიული/ცივილიზაციური ცვლილებების ჩანასახიც კი. რუსული საზოგადოების მხარდაჭერა ხელისუფლების აგრესიისადმი ნათლად გამოიხატა ცნობილი სახეების განცხადებებში, გამოხატულ მიდგომებში,  სამწუხაროდ, ოპოზიციური ლიდერების, მათ შორის, ალექსეი ნავალნის, განცხადებებში.27 რუსეთ-საქართველოს ომის მე-10 წლისთავზე, „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა ადასტურებს, თუ რამდენად მოწყვლადია რუსული საზოგადოება კრემლის პროპაგანდის მიმართ. კერძოდ, კითხვაზე თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა აგვისტოს ომისთვის, გამოკითხულთა 34% თვლის, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებას, 24% ამ პასუხისმგებლობას აკისრებს აშშ-სა და ნატო-ს და მხოლოდ 5% რუსეთს მიიჩნევს პასუხისმგებელ მხარედ. გარდა ამისა, გამოკითხულთა 59% თვლის, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.28 ფაქტობრივად, კრემლმა ქვეყნის შიგნით წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის მეშვეობით გააერთიანა საზოგადოება. რუსულმა ელიტამ დიდ წარმატებად აღიქვა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს  ომში გამარჯვება, მათ შორის, როგორც – კოსოვოს აღიარებაზე საკადრისი პასუხი დასავლეთისთვის.

სამწუხაროდ, ევროპული ღია ტიპის საზოგადოებები მოწყვლადია რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ. ამის საპირისპიროდ, კრემლის იზოლაციონისტური პოლიტიკა, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის დასავლეთისთვის რუსეთის საზოგადოების განვითარებაზე რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენას. რუსეთის ხელისუფლებამ, კანონმდებლობის ცვლილებით შეუძლებელი გახადა ქვეყანაში დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების საქმიანობა.29 იმ პირობებში, როდესაც დასავლეთი მეტწილად ფოკუსირდება რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმზე, თავად რუსეთის პროპაგანდის სამიზნე დემოკრატიული საზოგადოებებია.

რუსულ დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დეზინფორმაციის უწყვეტობასა და განმეორებითობას. საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ემოციური და აქტიური მუშაობა ომის მიზეზებზე საერთაშორისო მედიასთან საკმაოდ შედეგიანად მიმდინარეობდა უშუალოდ რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში და მის შემდგომ, ხანმოკლედ. თუ საწყის ეტაპზე საერთაშორისო თანამეგობრობა განეწყო თბილისის მხარდასაჭერად, შემდეგ ქართული ნარატივი საგრძნობლად შესუსტდა, ხოლო რუსული პროპაგანდისტული დეზინფორმაცია აგრძელებდა აქტიურ ქმედებებს მრავალი არხის გამოყენებით. ყოველივე ამის შედეგად ძირეულად შეიცვალა საერთაშორისო თანამეგობრობის განწყობა. ამდენად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გზავნილის უწყვეტად გამეორებას, მრავალი არხით – თემის ცოდნა აძლიერებს რწმენას და მომხმარებელი უკვე გვევლინება გარკვეული შეხედულებების დამცველად, ხოლო ინფორმაციის მასობრივი გავრცელება განსხვავებული არხების გამოყენებით, მას უფრო სარწმუნოს ხდის.

რუსეთის საგარეო პოლიტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში ეტაპობრივად შეიცვალა დემოკრატიულ სამყაროსთან დეკლარირებული ინტეგრაციის კურსიდან, დასავლეთთან სრულ დაპირისპირებამდე.

შეზღუდული ტექნოლოგიური რესურსის პირობებში, რუსეთი დასავლეთთან დაპირისპირებაში იყენებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას, კონვენციურ ან/და არაკონვენციურ მეთოდებსა და მათ ერთობლიობას.

საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე, რუსეთმა შეძლო საკუთარი ნარატივების დამკვიდრება, როგორც ქართულ, ასევე – დასავლურ საზოგადოებაში, მათ შორის, ე.წ. ტალიავინის კომისიის ანგარიშის მეშვეობით, რომელშიც რუსეთის ქმედებები დიდწილად შეფასდა, როგორც არაპროპორციული საპასუხო რეაგირება საქართველოს მხარის აგრესიაზე.

თანამედროვე რუსეთის აგრესიული, დესტრუქციული ქმედებების შედეგია ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის სრული მოშლა. შედეგად, მსოფლიო კვლავ ორ ბანაკად დაიყო და ბანაკებს შორის არჩევანი მთლიანად განაპირობებს პატარა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ადგილს საერთაშორისო თანამეგობრობაში.

[1] Duleba, A. 1998. “Russia, Central Europe and NATO Enlargement.” Medzinárodné Otázky 7, no. 4: 15–46. http://www.jstor.org/stable/44961030

[2] Rumer, E. 2019. “The Primakov (Not Gerasimov) Doctrine in Action.” Carnegie Endowment for International Peace. June 5, 2019. https://carnegieendowment.org/2019/06/05/primakov-not-gerasimov-doctrine-in-action-pub-79254

[3] Gurganus, J and Rumer, E. 2019. “Russia’s Global Ambitions in Perspective.” Carnegie Endowment for International Peace. February 20, 2019. https://carnegieendowment.org/2019/02/20/russia-s-global-ambitions-in-perspective-pub-78067

[4] Putin, V. 2012. “Vladimir Putin on Foreign Policy: Russia and the Changing World.” Valdai Discussion Club. February 27, 2012.

https://valdaiclub.com/a/highlights/vladimir_putin_on_foreign_policy_russia_and_the_changing_world/

[5] Президент России. 2021. “Указ Президента Российской Федерации от 02.07.2021 г. № 400 О Стратегии национальной безопасности Российской Федерации.”

http://www.kremlin.ru/acts/bank/47046

[6] Mid.ru. 2023. “Концепция внешней политики Российской Федерации (утверждена Президентом Российской Федерации В.В.Путиным 31 марта 2023 г.).” March 31, 2023. https://www.mid.ru/ru/detail-material-page/1860586/

[7] Cntd.ru. n.d. “Военная доктрина Российской Федерации.” https://docs.cntd.ru/document/420246589

[8]  Hoffman, G. F. 2007. Conflict in the 21st Century: The Rise of Hybrid Wars.Potomac Institute for Policy Studies. https://potomacinstitute.org/reports/19-reports/1163-conflict-in-the-21st-century-the-rise-of-hybrid-wars.

[9] Bilal, A. 2021. “Hybrid Warfare – New Threats, Complexity, and ‘Trust’ as the Antidote.” NATO Review. November 30, 2021.  https://www.nato.int/docu/review/articles/2021/11/30/hybrid-warfare-new-threats-complexity-and-trust-as-the-antidote/index.html.

[10] Mckew, M. K. 2017. „The Gerasimov Doctrine.“ Politico. September 5, 2017. https://www.politico.eu/article/new-battles-cyberwarfare-russia/

[11] German, T. (2023). “Learning the wrong lessons: Russian views of the changing character of conflict.” In War changes everything: Russia after Ukraine. NATO Defence College. NDC Research Paper Series; No. 28. https://kclpure.kcl.ac.uk/ws/portalfiles/portal/198803007/NDC_RP_28_2_.pdf

[12] იქვე.

[13] Stefan, M. 2016. “Isolation and Propaganda: The Roots and Instruments of Russia’s Disinformation Campaign.” Transatlantic Academy 2016–16 Paper Series 6. June 2, 2016. https://dgap.org/en/research/publications/roots-and-instruments-russias-information-campaign

[14] Seskuria, N. 2021. “Russia’s “Hybrid Aggression” against Georgia: The Use of Local and External Tools.” CSIS. https://www.csis.org/analysis/russias-hybrid-aggression-against-georgia-use-local-and-external-tools

[15] Ingimundarson, V. 2022. “The ‘Kosovo Precedent’: Russia’s justification of military interventions and territorial revisions in Georgia and Ukraine.” LSE IDEAS. July 13, 2022. https://lseideas.medium.com/the-kosovo-precedent-russia-s-justification-of-military-interventions-and-territorial-revisions-14ad7ff894e6

[16] Smr.gov.ge. n.d. „საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია.“ https://smr.gov.ge/uploads/prev/66c4e7.pdf

[17] Илларионов, А. 2009. “Российско-грузинская война.” Континент №140.

[18] Smr.gov.ge. n.d. „საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია.“ https://smr.gov.ge/uploads/prev/66c4e7.pdf

[19] იქვე.

[20] Президент России. 2012. „Заявления для прессы и ответы на вопросы журналистов по итогам встречи с Президентом Армении Сержем Саргсяном.“

http://www.kremlin.ru/events/president/transcripts/16180

[21] Smr.gov.ge. n.d. „საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია.“ https://smr.gov.ge/uploads/prev/66c4e7.pdf

[22] 1tv.ru. 2008. “Путин рассказал, кто подтолкнул Тбилиси к агрессии и грозит ли миру «холодная война».” https://www.1tv.ru/news/2008-09-11/181538-putin_rasskazal_kto_podtolknul_tbilisi_k_agressii_i_grozit_li_miru_holodnaya_voyna

[23] Gvineria, S. 2019. “Tracking and Refuting Disinformation in Georgia.” EPRC/McCain Institute. https://eprc.ge/wp-content/uploads/2022/02/disinfo_a5_eng_final_.pdf

[24] Fraser, K. 2022. “How Russian disinformation tactics were utilised in the context of the 2008 5-day war.” IDFI.

https://idfi.ge/en/how_russian_disinformation_tactics_were_utilised_in_the_context_of_the_2008_5_day_war

[25] Government.ru. 2013. “Интервью Дмитрия Медведева программе «Позиция» грузинской телекомпании «Rustavi 2».“ http://government.ru/news/3572 /

[26] იქვე.

[27] Gessen, M. 2021, “The Evolution of Alexey Navalny’s Nationalism.” The New Yorker. February 15, 2021. https://www.newyorker.com/news/our-columnists/the-evolution-of-alexey-navalnys-nationalism

[28] Левада-Центр. 2018. “Август 2008 года.” https://www.levada.ru/2018/08/06/avgust-2008-goda/

[29] Johansson-Nogués, E and Şimanschi, E. 2023. “Fabricating a war? Russian (dis)information on Ukraine .”International Affairs, Volume 99, Issue 5, pp. 2015-2036.

* თამარ ჩაჩიბაია – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ევროპის საბჭოს სამმართველოს მრჩეველი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

სარჩევი