გაფართოების ახალი პოლიტიკა – ევროკავშირის რენესანსი
აბსტრაქტი
ევროკავშირის მეტად ღრმა ინტეგრაციის საჭიროება თუ გაფართოების პოლიტიკის პრიორიტეტულობა? – ეს საკითხი ყოველთვის შეადგენდა ევროპული საზოგადოებრივ-პოლიტიკური დებატების განსჯის საგანს. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალურია დღეს რუსეთ-უკრაინის ომისა და „ასოცირებული ტრიოს“ მიერ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენის ფონზე. სწორედ გაფართოების ამჟამინდელი პოლიტიკის ანალიზი წარმოადგენს სტატიის მიზანს. სტატიაში განხილულია ევროკავშირის „გაფართოებით გადაღლის“ (Enlargement Fatigue) მიზეზები, უკრაინაში მიმდინარე ომის ევროპულ პროექტზე გავლენა და ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები.
ლიკა ჭიპაშვილი
„ბოლო დროს, ჩვენ მოდერნიზება გავუკეთეთ ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცედურებს, თუმცა, ვიცით, რომ დღევანდელი ევროპა, თავისი ფუნქციონირების ამჟამინდელი წესებით, ნამდვილად არ არის ის ევროპა, რომელიც შეიძლება გახდეს 31, 32 ან თუნდაც, 33-წევრიანი გაერთიანება“, განაცხადა ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის – ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – პრეზიდენტის რანგში, 2022 წლის 19 იანვარს, ევროპის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.1
დღეს ისევე, როგორც გასულ წლებში, ევროკავშირის გაფართოებისადმი წინააღმდეგობის მთავარ მიზეზად თავად გაერთიანების შიდა დონეზე რეფორმირების საჭიროება სახელდება. მეტად ღრმა ინტეგრაცია მეტად ფართო ევროპის საპირწონედ – ეს იდეა, ისტორიულად, ყოველთვის იყო ევროპული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი დისკურსის განსჯის საგანი და მას თითქმის არასოდეს დაუკარგავს აქტუალობა ევროპული პროექტის არსებობის შვიდი ათწლეულის განმავლობაში.
საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, დღის წესრიგში დგას, ერთი მხრივ, ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის დაუყოვნებლივ მიღწევის საჭიროება, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, მეორე მხრივ კი, გაფართოების პოლიტიკის ცვლილება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ ევროკავშირში წევრობის თაობაზე წარდგენილი განაცხადების კონტექსტში.
სწორედ ევროკავშირის გაფართოების ამჟამინდელი პოლიტიკის ანალიზი წარმოადგენს სტატიის მიზანს. სტატია იწყება იმ ფაქტორების მიმოხილვით, რომლებმაც განაპირობა ევროკავშირის „გაფართოებით გადაღლა“ (Enlargement Fatigue). შემდეგ გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის ევროკავშირსა და, შესაბამისად, გაფართოების პოლიტიკაზე გავლენა და აღწერილია, გაერთიანების შემდგომი გაფართოების მხრივ, დღეს არსებული პერსპექტივები.
დაახლოებით 70-წლიანი ისტორიის მანძილზე ევროპის კავშირი 7-ჯერ გაფართოვდა და ერთხელ შემცირდა. 1951 წელს ექვსი სახელმწიფოს ერთობით შეიქმნა ევროკავშირის ფუძემდებლური გაერთიანება „ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანების“ სახით, რომელმაც, ეკონომიკური კეთილდღეობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მოტივით, საბოლოო ჯამში, „დიდ ერთიან ევროპულ ოჯახში“ 27 ქვეყანა და 450 მილიონამდე ევროპელი გააერთიანა. მშვიდობის პროექტში ევროპული სახელმწიფოების ინტეგრაცია, პროგრესულად, დაახლოებით ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ხორციელდებოდა. მათ შორის, განსაკუთრებული ისტორიული დატვირთვის მქონეა 2004 წლით დათარიღებული ე.წ. დიდი გაფართოება, როდესაც აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის 10 სახელმწიფოს ევროკავშირში გაერთიანებით ერთგვარად რეალიზდა ერთიანი ევროპის კონტინენტის იდეა. შემდგომში, ევროპული ერთობა მეტად გამყარდა და გაფართოვდა შავი ზღვის არეალში 2007 წელს ბულგარეთისა და რუმინეთის ევროპის კავშირში გაერთიანებით, 2013 წელს კი – დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში, ხორვატიის ევროკავშირში ინტეგრირებით.
ევროპელი ერების გაერთიანების ეს პროგრესულად გარდაუვალი მოცემულობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ ერთხელ – 2020 წლის 31 დეკემბერს დაირღვა, როდესაც ევროპის კავშირმა ინტეგრაციის ნაცვლად დეზინტეგრაცია განიცადა და გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დატოვა ევროკავშირი. ეს უპრეცედენტო ევროპული პოლიტიკური მოვლენა სახელდება ევროკავშირის „გაფართოებით გადაღლის“ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად. 2016 წლის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, ბრიტანელი ხალხის ნების აღსრულებას ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე თითქმის ხუთი წელიწადი დასჭირდა. შესაბამისად, ევროპული დღის წესრიგი დომინანტურად მოიცვა „ბრექსიტის“ ამ ხანგრძლივად ჭირვეულმა პროცესმა, თუმცა, საერთო ჯამში, ახლა უკვე 27-წევრიანი ევროკავშირის ერთიანობა მეტად გამყარდა, გაფართოების საჭიროების ნიშა კი უფრო ნათლად გამოიკვეთა.
„ბრექსიტისა“ და მზარდი ნაციონალისტურ-პოპულისტური განწყობების საპირწონედ, ევროკავშირისადმი მოქალაქეთა ნდობა მხოლოდ გაიზარდა და ევროპელების, როგორც ევროკავშირის მოქალაქეთა, რწმენა გაძლიერდა. მაგალითად, ევრობარომეტრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად,2 თუკი, 2016 წელს, ევროკავშირს ნდობას მოქალაქეთა 36% უცხადებდა, ხოლო ევროპის მოქალაქეებად თავს გამოკითხულთა 67% გრძნობდა, ამავე კვლევის დღევანდელი შედეგების მიხედვით, ევროპის კავშირისადმი ნდობა მოსახლეობის 49%-ს აქვს, ევროპელ მოქალაქეებად კი თავს გამოკითხულთა 72% მიიჩნევს. პარადოქსულად მეტად გამყარდა ევროპული საზოგადოებრივი აზრი, აგრეთვე, ევროკავშირის მომავალ გაფართოებასთან დაკავშირებით. გაფართოების მომხრეთა ნიშნულმა 39%-დან (2016 წელი) 46%-ს მიაღწია (2021 წელი). ამასთან, საგულისხმოა, რომ „ბრექსიტის“ მიუხედავად, ევროკავშირის წევრ სხვა არც ერთ სახელმწიფოს არ გაუკეთებია განაცხადი გაერთიანებიდან გასვლის თაობაზე.
ევროკავშირის „გაფართოებით გადაღლის“ ფაქტორებს შორის სახელდება ასევე მიგრაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, რაც ყოველთვის შეადგენდა ევროპის ნაციონალისტურ-პოპულისტური დაჯგუფებების განსჯის საგანს. ამ მხრივ, განსაკუთრებით ხაზგასასმელია 2015-2016 წლების მიგრაციული კრიზისი ევროპაში, რასაც თან სდევდა შენგენის სივრცის 10-მდე წევრი სახელმწიფოს მიერ შიდა საზღვრების აღდგენა არალეგალური მიგრაციის ნაკადის შესამცირებლად. ამასთან, საყურადღებოა კონფლიქტებისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების ფონზე, აფრიკის კონტინენტიდან მოსალოდნელი მზარდი მიგრაციული ნაკადები მომავალ წლებში ისევე, როგორც კლიმატის ცვლილების ფონზე წარმოქმნილი მიგრაციული პროცესების გავლენა ევროპაზე.3 შედეგად, ევროკავშირის მოსახლეობა დღეს გაერთიანების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ მიგრაციას ასახელებს,4 რაც გაფართოების პოლიტიკის მიმართ ევროპელ ლიდერთა ინტერესს მეტად ამცირებს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ევროპის კავშირის გაფართოებისადმი წინააღმდეგობის ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორად მიიჩნევა ასევე საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების შესუსტება და დემოკრატიის უკუსვლა წევრ სახელმწიფოებში. განსაკუთრებით პრობლემატურია ვითარება უნგრეთში, პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში. ამდენად, ევროპულ პოლიტიკაში ფუძემდებლური ევროპული ღირებულებების განმტკიცება შიდა დონეზე ახლა იმდენად დგას დღის წესრიგში, როგორც არასდროს. მაგალითად, 2021-2027 წლების საერთო ევროპული ბიუჯეტის შეთანხმების ფარგლებში გაწერილი პოსტ-პანდემიური ეკონომიკური აღდგენის ფინანსური პაკეტით სარგებლობის წინაპირობად, პირველად, ევროკავშირის ისტორიაში, განისაზღვრა სწორედ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი წევრი ქვეყნების პატივისცემა.5 2020 წლიდან კი, ასევე პირველად, ევროპულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველწლიურად, მოამზადოს ანგარიში ევროკავშირის სივრცეში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შეფასების თაობაზე, კერძოდ, ოთხი ძირითადი მიმართულებით: სასამართლო დამოუკიდებლობა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსი და მედიის თავისუფლება და პლურალიზმი.6
ევროკავშირის „გაფართოებით გადაღლის“ სხვა ფაქტორებად, შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც, შეგვიძლია განვიხილოთ ასევე კლიმატის ცვლილებასთან და გარემოს დაცვასთან, აგრეთვე, პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები. კლიმატის ცვლილებას დღეს ევროკავშირის მოსახლეობა გაერთიანების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებს და, შესაბამისად, ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგშიც მწვანე ტრანსფორმაციისა და მდგრადი ეკონომიკური გაერთიანების თემები პრიმორდიალურია.
დაბოლოს, ევროკავშირის „გაფართოებით გადაღლის“ ზემოაღწერილ ფაქტორებს უდავოდ თან ერთვის უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი შედეგების გავლენა, გრძელვადიან პერსპექტივაში, გაერთიანების ფუნქციონირებაზე.
რუსეთ-უკრაინის ომმა ფუნდამენტური გავლენა მოახდინა ევროკავშირის როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაზე. კვლავაც, დღის წესრიგში დადგა გაერთიანების მეტად ღრმა ინტეგრაციისა და შიდა რეფორმირების საკითხი ევროკავშირის მომავალი გაფართოების საპირწონედ, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის ეს საკმაოდ მოძველებული იდეა განსაკუთრებით 2017 წლიდან, საფრანგეთის პრეზიდენტად ემანუელ მაკრონის არჩევის შემდეგ გაცოცხლდა7 და დღეს, საფრანგეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მეტად აქტუალურია. პირველად ევროკავშირის ისტორიაში წევრმა ქვეყნებმა, „თავდაცვის ევროპის“ გაძლიერების მიზნით, მხარი დაუჭირეს ერთიანი სამხედრო და თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის იდეას და მიღებულ იქნა „სტრატეგიული კომპასი“.8 საგულისხმოა ასევე ბოლო პერიოდის ევროპულ დისკურსში აქტიური აპელირება ევროკავშირის თაობაზე ხელშეკრულების 42.7 მუხლზე, რომლის თანახმად: „იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლად იქცევა, სხვა წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან დახმარება გაუწიონ მას მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით.“9
ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის უზრუნველყოფას სულ უფრო მეტ ბიძგს აძლევს, ასევე, ზოგადად, ამჟამინდელი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების სიმყიფე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, ევროპულ-ამერიკული ერთობა ნამდვილად სამაგალითო აღმოჩნდა, გრძელვადიანი პერსპექტივით, საყურადღებოა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა აშშ-ს დღევანდელი საგარეო პოლიტიკური ინტერესების ცვლილება და, ევროპის ნაცვლად, მეტი ფოკუსირება აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონზე, ამერიკის მკვეთრად გამოხატული დაპირისპირება ჩინეთთან, რაც ევროპის ევროპელთა მიერ დაცვის აუცილებლობას სულ უფრო გარდაუვალს ხდის. „ცივი ომის“ პერიოდთან შედარებით, ევროპულ-ამერიკული ინტერესები დღეს განსხვავებულია და, შესაბამისად, ტრანსატლანტიკური ერთობის ხარისხიც. რუსეთთან ერთად, ამჟამად, აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ მეტოქედ განიხილება ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მაშინ, როდესაც ევროპისთვის ჩინეთი არ წარმოადგენს უმთავრეს გეოპოლიტიკურ საფრთხეს. ეს კი დღის წესრიგში აყენებს ჩინეთთან მიმართებით დამოუკიდებელი ევროპული პოლიტიკის ფორმირების საჭიროებას. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების სიმყიფეზე მიუთითებს აშშ-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასულ წელს, ავღანეთში 20-წლიანი ჩართულობის შემდეგ, საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანის თაობაზე ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე. ამერიკის განსხვავებული საგარეო ინტერესების გამოძახილია უდავოდ, ასევე გასულ წელს, ავსტრალიასთან და დიდ ბრიტანეთთან გაფორმებული სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება – ე.წ. AUKUS, რომელმაც ჩაშალა საფრანგეთსა და ავსტრალიას შორის ჯერ კიდევ 2016 წელს მიღწეული მრავალმილიარდიანი ე.წ. საუკუნის ხელშეკრულება და რაც აშშ-მ მის ხანგრძლივ ევროპელ პარტნიორთან – საფრანგეთის რესპუბლიკასთან – წინასწარი კონსულტაციის გარეშე გააფორმა. AUKUS-ის შემთხვევამ, რომელმაც, სამომავლოდ, ანგლოსაქსური კავშირების გაძლიერებას ჩაუყარა საფუძველი, მეტად ნათლად წარმოაჩინა, თუ რამდენად განსხვავდება დღეს აშშ-ევროპის საგარეო პრიორიტეტები.
რუსეთ-უკრაინის ომის პირდაპირი გავლენა სულ უფრო იზრდება ევროპის კავშირის შიდა პოლიტიკაზე, აგრეთვე, ეკონომიკისა და მიგრაციის მიმართულებით. საგულისხმოა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო და მასშტაბური სახის სანქციების ეკონომიკური შედეგების გავლენა თავად გაერთიანებისთვის და, გრძელვადიანი პერსპექტივით, ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის გარდამავალ ეტაპთან დაკავშირებული სირთულეები. აღნიშნულს თან ერთვის, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ლტოლვილთა უპრეცედენტო რაოდენობა ხუთი მილიონი უკრაინელის სახით.
უკრაინაში რუსეთის მხრიდან წარმოებული სრულიად გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომის ზემოაღწერილი შედეგები, საერთო ჯამში, კიდევ უფრო ცხადად კვეთს დღეს ევროპის მეტად ღრმა ინტეგრაციის პრიორიტეტულობას გაფართოების პოლიტიკასთან შედარებით. თუმცა, ამავდროულად, ღირებულებითი თვალსაზრისით, არანაკლებ მნიშვნელობას ატარებს გაფართოების პოლიტიკის პროგრესირება სწორედ დღეს, მათ შორის, საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზით, რაც სუვერენული ქვეყნების არჩევანის თავისუფლების მხარდაჭერა იქნება. ეს განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როდესაც რუსული იმპერიალისტური ხედვა, გამოძახილი გავლენის სფეროებზე დაფუძნებული მე-19 და მე-20 საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკისა, ძალისმიერი გზით უპირისპირდება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ არღვევს სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და არჩევანის თავისუფლების პატივისცემაზე დაფუძნებულ 21-ე საუკუნის საერთაშორისო ლიბერალურ წესრიგს.
რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, გარდამტეხი ცვლილება განიცადა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკამ. 28 თებერვალს – უკრაინამ, 3 მარტს კი – საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირში წევრობის თაობაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს.
ამჟამად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ოთხ სახელმწიფოს: ჩრდილოეთ მაკედონიას (2005 წლიდან), მონტენეგროს (2010 წლიდან), სერბეთს (2012 წლიდან) და ალბანეთს (2014 წლიდან); ბოსნია-ჰერცეგოვინა და კოსოვო კი ამ ეტაპზე მხოლოდ ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ქვეყნის სტატუსით შემოიფარგლებიან.10 ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოდ ასევე მოიაზრება თურქეთიც11, რომელთანაც გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები ევროკავშირმა 2005 წელს დაიწყო, თუმცა, რიგ მიზეზთა ერთობლიობიდან გამომდინარე, პროცესი გაყინულია და უპერსპექტივო.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების ევროპული პერსპექტივა ევროპელ ლიდერთა მხრიდან ჯერ კიდევ 2000 წელს, ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის პირველ სამიტზე იქნა აღიარებული და რომ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, ამ ქვეყნების ევროპის კავშირთან ინტეგრაცია, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სახით, უდავოდ შეუქცევად ხასიათს ატარებს, საერთო ჯამში, უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ ბალკანელების ევროკავშირში ინტეგრირების ხარისხი არასაკმარისია. აღნიშნულის ენდემურ მიზეზებად სახელდება, ზოგადად, რეგიონში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის უზრუნველყოფასთან, მათ შორის, „სახელმწიფოს მიტაცებასთან“, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები, მზარდი მასობრივი მიგრაცია შობადობის დაბალი მაჩვენებლით და სხვა. არსებით გამოწვევად რჩება რეგიონის ქვეყნებისთვის კეთილმეზობლური ურთიერთობების უზრუნველყოფა, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
ზემოაღნიშნულ და სხვა მიზეზთა ერთობლიობიდან გამომდინარე, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებთან ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ ნელა პროგრესირებს. მაგალითად, გაწევრების შესახებ მონტენეგროსთან 2012 წელს დაწყებული მოლაპარაკებების ფარგლებში, 33 საკითხიდან, ამჟამად, პროგრესის მოტივით, დროებით დახურულია მხოლოდ 3, დანარჩენზე კი გრძელდება მოლაპარაკებები; 2014 წელს სერბეთთან დაწყებული მსგავსი მოლაპარაკებების 18 საკითხიდან კი, პროგრესის მოტივით, დროებით დახურულია მხოლოდ 2 საკითხი.12
ევროკავშირში სხვა სახელმწიფოების ინტეგრირების პროცესის ხანგრძლივობასთან შედარებით, დასავლეთ ბალკანეთის ევროპული ინტეგრაციის ასეთი ნელი პროცესი, გარკვეულწილად, ერთგვარ სტატუს-კვოსაც კი ნიშნავს.
ვითარება განსხვავებულია „ასოცირებული ტრიოს“ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ჯერ არ სარგებლობენ, ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო კრიტერიუმებს, დღეის მდგომარეობით, გაცილებით მეტად აკმაყოფილებენ რიგი მიმართულებებით, უპირველეს ყოვლისა კი, საქართველო, ვიდრე ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე სახელმწიფოები.13
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის, სამომავლოდ, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ოფიციალურად მინიჭებისა და, შესაბამისად, გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის შემდეგ, ევროკავშირს მოუწევს ამ სახელმწიფოების ევროპული პერსპექტივის განხილვა უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებთან ერთად.
ევროკავშირის ბოლო გაფართოება 2013 წლით თარიღდება, როდესაც „დიდ ერთიან ევროპულ ოჯახს“ ხორვატია შეუერთდა. მომავალი გაფართოების კონტექსტში კი ევროპელ ლიდერთა მხრიდან აქტიურად განიხილება ბლოკის ფუნქციონირების რეფორმირების საკითხი, მათ შორის, არ გამოირიცხება, სამომავლოდ, „ორსიჩქარიანი ევროკავშირის“ მოდელის ფუნქციონირების შესაძლებლობაც.*14
გაფართოების პოლიტიკის მსგავსად, ცხადად იკვეთება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ხელახლა შემუშავების აუცილებლობა. „ასოცირებული ტრიოს“ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენის ფონზე, მიზანშეწონილობას კარგავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტის არსებული ფორმით გაგრძელება. საქართველო-უკრაინა-მოლდოვის განხილვა კი, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყნებისა, ცვლის გაერთიანების გარე საზღვრებს და პოტენციურ მეზობელ ქვეყნებთან ევროპის კავშირის მხრიდან ახალი სამეზობლო პოლიტიკის ხედვის ფორმირებას მოითხოვს. ამასთან, რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსთან მიმართებით, ევროკავშირის ამჟამინდელი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ევროპის კავშირი სრულიად ახალი „სამეზობლო“ ურთიერთობების განსაზღვრის საჭიროების წინაშე დგას.
არსებული ვითარება ევროკავშირს გაფართოების დღევანდელი პოლიტიკის საფუძვლიანად გადახედვისა და სტრატეგიის ცვლილების საჭიროებისკენ მიუთითებს, ვინაიდან ევროპა „არ იქმნება სწორხაზოვანი გეგმის მიხედვით, იგი ყალიბდება კონკრეტული ნაბიჯებისა და ძალისხმევის საფუძველზე“.15 შუმანის დეკლარაციის ეს იდეა დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც 72 წლის წინ, როდესაც ევროპული პროექტის არსი, ამავე დეკლარაციის თანახმად, დაეფუძნა „ევროპის მთელი ხალხების გაერთიანებას“.16 ეს მოცემულობა კი, მზარდი გეოპოლიტიკური გამოწვევებით სავსე სამყაროში, მათ შორის, სუვერენულ სახელმწიფოთა საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის, ავტოკრატიულ რეჟიმთა ალიანსის ზრდისა და ნაციონალისტურ-პოპულისტური მოძრაობების საპირწონედ, სულ უფრო გარდაუვლად წარმოჩინდება. ამასთან, ისტორიულად, ევროპული პროექტის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და პროგრესულ პოლიტიკას სწორედ გაფართოების პოლიტიკა მიეკუთვნება, ის, რამაც უზრუნველყო 72-წლიანი მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და, რაც მთავარია, ევროპის კონტინენტის ერთიანობა.
დღეს არსებითია ასევე, ევროკავშირის, როგორც ძლიერი საერთაშორისო აქტორის როლის გაძლიერებაც მსოფლიოში, რომლის წინაპირობა, პირველ რიგში, სწორედ გაფართოების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა და რაც ყველაზე მეტად ევროპელ ლიდერთა ირენიზმზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით, საქართველო-უკრაინა-მოლდოვისათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დროულად მინიჭების თვალსაზრისით. გაფართოების პოლიტიკის ეფექტიანობისთვის კი მნიშვნელოვანია აგრეთვე „ასოცირებული ტრიოსა“ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ერთ კონტექსტში განხილვა და ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე, მათი პროგრესის, უმთავრესად, „მეტი მეტისთვის“ პრინციპზე დაყრდნობით შეფასება.
სქოლიო
* „ორსიჩქარიანი“, „მრავალსიჩქარიანი“ ან „ცვალებადი გეომეტრიის“ ევროპის იდეა გულისხმობს ევროკავშირში წევრი ქვეყნების დიფერენცირებული მიდგომით ინტეგრაციას, რომლის თანახმად, გაერთიანების სხვადასხვა წევრი ქვეყანა, შესაძლოა, იმყოფებოდეს ინტეგრაციის განსხვავებულ დონეზე, მათ შორის, ერთიანი ევროპული ბაზრის ან ევროზონის კუთხით, ოთხი ძირითადი თავისუფლებით სარგებლობის თვალსაზრისით და სხვ.
* ლიკა ჭიპაშვილი – პირველი მდივანი, ევროპის დეპარტამენტის დასავლეთ ევროპის სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სარჩევი
მშვიდობიანი სამეზობლო: საქართველოს როლი და ხედვა
ლაშა დარსალია
რუსეთის რევიზიონისტული ხედვა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ: კრიზისის მიზეზები და კრემლის მიზნები
ანა ჩიტალაძე
ჩინეთ-ევროკავშირის მეტოქეობა და სანქციების პოლიტიკა
დავით პიპინაშვილი
გაფართოების ახალი პოლიტიკა – ევროკავშირის რენესანსი
ლიკა ჭიპაშვილი