ევროპული პოლიტიკური საზოგადოება (EPC) და მისი მნიშვნელობა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში

აბსტრაქტი

სტატიაში გაანალიზებულია ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) ინიციატივა და მისი მნიშვნელობა დასავლეთ ბალკანეთის და ე.წ. „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებისათვის. ამასთან, დასმულია კითხვები, თუ რა კუთხით შეიძლება იქნეს აღქმული ახალი ევროპული გაერთიანების იდეა და შესაძლებელია თუ არა, პოლიტიკური ფორუმის ახალმა ფორმატმა ხელი შეუწყოს ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოების ინტეგრირებას ევროკავშირის ინსტიტუტებში. სტატიაში მოცემულია ზემომოყვანილი კითხვების შესაძლო პასუხები.

ერეკლე იანტბელიძე

გასული წლის მაისში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრაქტიკული მნიშვნელობით საფუძველი დაუდო ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) ჩამოყალიბებას. გასაკვირი არაა, რომ აღნიშნულ ინიციატივას გარკვეული რეზონანსი მოჰყვა მას შემდეგ, რაც მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ ღიად განაცხადეს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

ერთი შეხედვით პოლიტიკური დიალოგის არსებული ფორმატი პოზიტიურად იქნა აღქმული ევროპის საერთო გეოპოლიტიკური მიზნებისა და ამბიციების ჭრილში, თუმცა რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრმა და პოტენციურმა კანდიდატმა სახელმწიფოებმა, სკეპტიკური დამოკიდებულება გამოავლინეს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების იდეისადმი. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა გადაინაცვლებდა ახალ პრიზმაში და რიგ სახელმწიფოთა გამოხატული ნება, ევროკავშირში სრული ინტეგრაციის მიმართ, ჩანაცვლდებოდა ევროკავშირთან პოლიტიკური დაკავშირებულობით.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მნიშვნელობის განსასაზღვრად, სტატიაში განხილულია ინიციატივის ისტორიული ანალოგი და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მიზნები და პირველი სამიტის შედეგები. მსჯელობა ასევე შეეხება გაფართოების პოლიტიკის სამომავლო მიმართულებებსა და მასზე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შესაძლო გავლენებსაც.

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მსოფლიოს ამცნო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების ინიციატივის შესახებ. 2022 წლის 6 ოქტომბერს კი ჩეხეთის რესპუბლიკამ, როგორც ევროკავშირის საბჭოს საპრეზიდენტო მანდატის მქონე სახელმწიფომ, პირველ ერთობლივ შეხვედრას უმასპინძლა პრაღაში, რომელშიც მონაწილეობდა 44 სახელმწიფო. აღნიშნულ გაერთიანებას ბევრი სკეპტიკოსი გამოუჩნდა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური წრეებიდან, ისე – აკადემიური თუ ანალიტიკოსთა საზოგადოებიდან. საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა აღიქვეს, როგორც ერთ-ერთი რიგითი მცდელობა, ევროპის (ფართო გაგებით) „უშედეგო“ რეფორმირებისა, რომელთა მაგალითებიც აქამდეც არსებობდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის ფონზე, 1989 წელს ფრანსუა მიტერანი ე.წ. „ევროპის კონფედერაციის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ინიციირებული პროექტის იდეა ემყარებოდა სამ ძირითად პრინციპს, კერძოდ: ხელი შეეწყო პოსტ-საბჭოთა სივრცეში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისათვის და დახმარებოდა სახელმწიფოებს ახალი შიდა კონფრონტაციული პოლიტიკური პროცესების ესკალირებისაგან თავის არიდებაში; ევროპულ გაერთიანებას, საფრანგეთის ლიდერობით, ეთანამშრომლა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებთან მათი გაერთიანებაში ინტეგრირების გარეშე; მიზნად დაესახა დასავლეთ ევროპის მჭიდრო ინტეგრირება და გარკვეული შეზღუდვების მოხსნა ცენტრალური ევროპისა და პოსტ-საბჭოთა ევროპული სახელმწიფოებისათვის კონკრეტული სექტორული მიმართულებებით, მათ შორის: შეექმნა საერთო სავაჭრო ბაზარი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოებისათვის და ეთანამშრომლა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებთან კონტინენტური უსაფრთხოების მიმართულებით.1 მიტერანული ევროპული კონფედერაციის იდეა ნაკარნახები იყო, ერთის მხრივ, ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან (საბჭოთა კავშირის დაშლა, ცივი ომის დასასრული) ხოლო მეორეს მხრივ, საფრანგეთის პოლიტიკური იდეალებიდან, რომ სახელმწიფო დარჩენილიყო ანგარიშგასაწევ ძალად კონტინენტური ევროპის მასშტაბით ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ფრანსუა მიტერანის მცდელობა წარმატებული ვერ აღმოჩნდა იმ გეოპოლიტიკურ რეალობაში, რომელშიც იმყოფებოდა 1990-იანი წლების ევროპა. მისი ინიციატივა ერთგვარ რევოლუციურ მოდელს ქმნიდა ევროპული ინტეგრირების პროცესში, თუმცა ასევე ზღუდავდა რიგი სახელმწიფოების ინტერესებს (კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპაში) სრულფასოვნად ყოფილიყვნენ ინტეგრირებულნი გაერთიანებაში.2 ფრანსუა მიტერანის ინიციატივა შეიძლება აღგვექვა ზესახელმწიფოებრივ გარდატეხად ევრო-ინტეგრაციის პროცესში, თუმცა მისი პრაქტიკული მნიშვნელობა წააგავდა ე.წ. „გაურკვეველ ალიანსს“ (L’Alliance incertaine).*

წარსულის ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ემანუელ მაკრონის მიერ ინიციირებული პოლიტიკური საზოგადოება არც ზესახელმწიფოებრივ იდეალებს ეფუძნება და არც კონკრეტულ გეგმას ევროპის თვისებრივი რეფორმირების კუთხით. მაშინ, როდესაც ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს გაერთიანებაში არსებული სახელმწიფოების ღირებულებები წარმოადგენს, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების იდეა გარკვეულწილად დაფუძნებულია არა უშუალოდ ღირებულებებზე, არამედ – სახელმწიფოთა გეოგრაფიულ ბედისწერაზე.3

თვისობრივად ახალი გეოპოლიტიკური გაერთიანება არ შეიძლება მოიაზრებოდეს ერთგვარ ჩამნაცვლებლად სხვა საერთაშორისო სახელმწიფოებრივი პოლიტიკური გაერთიანებებისა, როგორებიცაა: ევროკავშირი, ეუთო, ევროპის საბჭო და ნატო. როგორც რიგი პოლიტიკოსები და ექსპერტები აღნიშნავენ, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მთავარი მიზანი შესაძლოა იყოს კონტინენტურ და სტრატეგიულ საკითხებზე მსჯელობა, მათ შორის, იმ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც (ჯერ კიდევ) არ არიან ევროკავშირის წევრნი, რათა ხელი შეეწყოს ევროპის, როგორც სტრატეგიული ავტონომიის მქონე ერთეულის, არსებობას მულტიპოლარულ გარემოში.4 მიუხედავად ამისა, გაერთიანების სტრუქტურული მართვის მექანიზმები ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და დამოკიდებულია მიწვეულ სახელმწიფოებზე, რომლებმაც თავად უნდა შეიმუშავონ კოორდინაციისა და მართვის მექანიზმები.

2022 წლის 6 ოქტომბერს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების პირველი შეხვედრა გარკვეული შედეგების მომტანი აღმოჩნდა. გაერთიანებაში შემავალმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური რეჟიმებისა და რეალობისა, შესაძლებელია დიალოგის თავისუფალი ფორმატით წარმართვა და კონკრეტული შედეგების მიღწევა. მაგალითად, სომხეთისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა, რომელიც შეეხო სახმელეთო საზღვრების გახსნას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის და საჰაერო გზით ორ ქვეყანას შორის ტვირთების გადაზიდვის ხელშეწყობას. ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა ამავე ფორმატით, სადაც მხარეები შეთანხმდნენ კონფლიქტის დეესკალაციასა და სომხეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოლაპარაკე მხარეებს შორის შეხვედრის ფასილიტატორები იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ევროპის პოლიტიკური საზოგადოების პირველი ყრილობა ასევე დადებითი სიგნალი იყო დიპლომატთათვის, რადგან მათ დაინახეს სახელმწიფოთა ერთიანობა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც რუსეთის ექსპანსიონისტური იერიში კიდევ უფრო გაძლიერდა უკრაინის მიმართულებით. გარდა ამისა, გამოიკვეთა ურთიერთობათა ხელახალი ჩამოყალიბების მექანიზმები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის, რომელიც კრიტიკულ ნიშნულზე იყო მიყვანილი პოსტბრექსიტულ რეალობაში.5 საერთო ჯამში, პრაღაში გამართულ შეხვედრას, დიპლომატიურის გარდა, ჰქონდა დიდი სიმბოლური მნიშვნელობა უკრაინისადმი გამოხატული სოლიდარობის თვალსაზრისით, თუმცა ექსპერტთა გარკვეული ნაწილისთვის დიალოგის ამგვარი ფორმატი შეფასდა, როგორც „შესაძლებლობა კიდევ ერთი ფოტოსურათისათვის.“6

2022 წელს ევროპარლამენტის წინაშე ყოველწლიური მიმართვის დროს („State of the Union“) ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის პოლიტიკური საზოგადოება დასავლეთ ბალკანური სახელმწიფოებისათვის და „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებისთვის იქნება გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებელი სადისკუსიო ფორმატი. გარდა ამისა, შარლ მიშელმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა გაფართოების პოლიტიკის გადახედვისაკენ, რომლის ფარგლებშიც, ევროპის პოლიტიკურმა საზოგადოებამ შესაძლოა, გარკვეული როლი ითამაშოს სახელმწიფოთა პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესში, რომლითაც მიიღწევა ხელშესახები შედეგები ევროპის გეოპოლიტიკური მიზნებისათვის.7

უკრაინაში რუსეთის აგრესიული ინტერვენციის პირობებში, ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. ერთი მხრივ, ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი სახელმწიფოები (განსაკუთრებით კი აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპული ქვეყნები) იღებენ მორალურ და პოლიტიკურ ვალდებულებას, დაეხმარონ ომისგან დაზარალებულ სახელმწიფოებს და, მეორე მხრივ, ომის გამო არსებული კრიზისული მდგომარეობით, ევროკავშირი ცდილობს ე.წ. „გადაღვრის ეფექტის“ მეშვეობით დააჩქაროს გადაწყვეტილებების მიღება, ხაზი გაუსვას კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოების ინტეგრირების აუცილებლობას.

სურათი 1. „ევროპის პოლიტიკური გაერთიანება.“ წყარო: https://www.gisreportsonline.com/r/epc-dialogue/

მიუხედავად იმისა, რომელ რეგიონს ეკუთვნის კანდიდატი ქვეყანა, როგორც დასავლეთ ბალკანურ, ისე ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს ესაჭიროებათ ინდივიდუალური მიდგომები ევროინტეგრაციის პროცესში და საჭიროა ერთიანი მიდგომის მოდელის გადახედვა. ტექნიკური თუ სექტორული ინტეგრირების პროცესი გულისხმობს ევროკავშირის სამართლებრივ ბაზასთან სრულ თანხვედრას, თუმცა პოლიტიკური და სოციოკულტურული გარემოებები ქმნის განსხვავებული მიდგომების შემუშავების საფუძველს, რაშიც ევროპის პოლიტიკურმა საზოგადოებამ შესაძლოა, ითამაშოს კატალიზატორის როლი, რითაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების დაჩქარების პროცესში გაჩნდება კიდევ ერთი შესაძლებლობის ფანჯარა. მიუხედავად იმისა, რომ EPC ფოკუსირებულია გაფართოებისგან დამოუკიდებელ საკითხებზე, არსებული ფორმატის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ გადაწყვეტილებების უმრავლესობას ექნება არა ტექნიკური, არამედ – პოლიტიკური ხასიათი, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატობის მქონე სახელმწიფოებისათვის. ევროპის პოლიტიკური საზოგადოება, ერთი შეხედვით, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ჭრილში მყოფმა სახელმწიფოებმა მიიღონ ad-hoc რეკომენდაციები (წევრი სახელმწიფოს ლიდერებისაგან) მათი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, შესაძლებელი იქნება, აღმოიფხვრას აზრთა სხვადასხვაობა გაფართოების პოლიტიკის საერთო მიდგომასთან მიმართებით და განსხვავებით ევროპული საბჭოს შეხვედრებისაგან, EPC-ის ფორმატი არაწევრ სახელმწიფოებსაც მისცემს შესაძლებლობას, გამოხატონ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები და არ დარჩნენ „დახურულ კარს მიღმა“ მაშინ, როდესაც საუბარი შეეხება ევროპის ერთიანობის იდეას.

ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სტრუქტურულად ჩამოუყალიბებელი ფორმატი ქმნის გარკვეულ „პლაცებოს“ ეფექტს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისათვის. ემანუელ მაკრონის მიერ შემუშავებული ფორმატი ჯერ კიდევ საჭიროებს, დაამტკიცოს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების არსებობის აუცილებლობა, რომელიც გაითვალისწინებს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებს, არამედ დასავლეთ ბალკანური და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების ევროპულ მისწრაფებებსაც. უკრაინაში რუსეთის აგრესიული ინტერვენციის პირობებში, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა არის ის ქვაკუთხედი, რომლის გარშემოც ფორმულირდება ევროპის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული ავტონომიის იდეა. შესაბამისად, არსებულ პოლიტიკურ ინიციატივებთან, პროგრამებთან და ინსტრუმენტებთან ერთად ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კანდიდატისა და პოტენციური კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოებს მაქსიმალურად უნდა მისცენ შესაძლებლობა, ღიად წამოჭრან ის საკითხები და ინიციატივები, რომლებიც გაზრდის ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკაში მათ როლსა და წვლილს. შესაბამისად, გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, რის შესაძლებლობასაც იძლევა ევროპის პოლიტიკური საზოგადოების ღია სადისკუსიო ფორმატი ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების ჩართულობით.

ამ ეტაპისათვის ჯერ კიდევ ადრეა, კონკრეტული ინდიკატორებით შევაფასოთ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების წარმატების ხარისხი. როგორც აღინიშნა, პრაღაში გამართული პირველი შეხვედრა გარკვეული შედეგების მომტანი აღმოჩნდა, თუმცა, შეძლებენ თუ არა ევროპული სახელმწიფოები არსებული ენთუზიაზმის შენარჩუნებას სამომავლოდ, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ის, რომ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მომდევნო ფორუმი მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში გაიმართება, უკვე დადებითი ფაქტია და გარკვეული მოლოდინებიც არსებობს იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმართულებით გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები.

გარდა ამისა, გაერთიანების ფორმიდან გამომდინარე, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ 2023 წლის მეორე ნახევარში ესპანეთი, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე უკვე დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს 44 წევრ სახელმწიფოს, რაც ასევე მიანიშნებს ევროპის, როგორც საერთო გეოპოლიტიკური სივრცის მნიშვნელობაზე.8

რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ და ჰიბრიდულმა ომმა ევროკავშირის სამეზობლოში კიდევ უფრო წინ წამოწია ევროპის ერთიანობის იდეა და წარმოშვა ე.წ. „გადაღვრის ეფექტი“, რამაც საფუძველი დაუდო ევროპის პოლიტიკური საზოგადოების ჩამოყალიბების იდეას. გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი გამორჩეული პრემიერ-მინისტრის, ვინსტონ ჩერჩილის, სიტყვების პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, ისტორია გულმოწყალე იქნება ევროპის მიმართ, თუ კი ევროპა თავად დაწერს გეოპოლიტიკის საკუთარ ისტორიას.**

[1] Troitiño, R.D., Färber, K and Boiro, A. 2017. “Mitterrand and the great European design—from the Cold War to the European Union.” TalTech Journal of European Studies 7, no. 2 (2017): 132-147.

[2] Badel, L. 2022. “A project for a ‘European political community’ once existed and its history was also one of failure.” Le Monde.fr. May 31, 2022. https://www.lemonde.fr/en/opinion/article/2022/05/31/a-project-for-a-european-political-community-once-existed-and-its-history-was-also-one-of-failure_5985153_23.html

*ისტორიკოსი ჯორჯ-ჰენრი სუტო აღნიშნავდა, რომ 1960-1970-იან წლებში წამოჭრილი იდეები ევროპის პოლიტიკური ერთიანობისა და თავდაცვის მიმართულებით იყო ძალიან მკაფიო და ზესახელმწიფოებრივი, რომელთაც შესაძლოა საპირისპირო უარყოფითი შედეგები მოეტანა ევროპის ერთიანობისათვის.

[3] Yiwei, W. 2022. “Paradoxes Overshadow the Future of European Political Community.“ Global Times. October 9. 2022. https://www.globaltimes.cn/page/202210/1276744.shtml

[4] Czech Presidency of the Council of the European Union. n.d. “European Political Community.” https://czech-presidency.consilium.europa.eu/en/presidency/prague-summit/european-political-community/

[5] Martinez, S and Droin, M. 2022. “The European Political Community: A Successful Test?” CSIS. October 11, 2022. https://www.csis.org/analysis/european-political-community-successful-test.

[6] Leigh, M. 2022. “Europe’s Newest Forum: Space for Dialogue or Photo Opportunity?” GIS Reports. December 21, 2022. https://www.gisreportsonline.com/r/epc-dialogue/.

[7] European Parliament. 2022. “’Beyond enlargement’: European Political Community and enlargement policy reform.” At a Glance. November 23, 2022. https://www.europarl.europa.eu/thinktank/en/document/EPRS_ATA(2022)739209

[8] Anghel, S. 2022. . “Outcome of the European Political Community and European Council Meetings in Prague on 6-7 October 2022.” European Parliamentary Research Service. October 11, 2022. https://epthinktank.eu/2022/10/11/outcome-of-the-european-political-community-and-european-council-meetings-in-prague-on-6-7-october-2022/

** სრული ციტატა: „ისტორია ჩემ მიმართ გულმოწყალე იქნება, რადგან მე ვაპირებ მის დაწერას.“ (“History will be kind to me, because I intend to write it”). წყარო: https://www.theguardian.com/commentisfree/2019/feb/14/winston-churchill-history-brexit-john-mcdonnell

* ერეკლე იანტბელიძე – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის სამმართველოს ატაშე, ევროკავშირის გენერალური დირექტორატი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

სარჩევი