ევროპა სტრატეგიული ავტონომიურობის ძიებაში უსაფრთხოების ცვალებადი გარემოს კვალდაკვალ

აბსტრაქტი

მზარდი გლობალური გამოწვევებით სავსე სამყაროში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომისა და აშშ-ჩინეთის ურთიერთდაპირისპირების ფონზე, სულ უფრო აქტიურად განიხილება „ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის” მიღწევის იდეა, როგორც ევროპული პროექტის თვითგადარჩენის გარდაუვალი პოლიტიკური მოცემულობა. სწორედ „ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის“ ხედვის ანალიზი წარმოადგენს სტატიის მიზანს. სტატიაში განხილულია, თუ რას გულისხმობს „ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობა/სუვერენულობა“, რა ფაქტორებმა განაპირობა აღნიშნულის მიღწევის საჭიროება კონკრეტულად დღეს და რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას ევროპა სუვერენულობის უზრუნველყოფის პროცესში.

ლიკა ჭიპაშვილი

მიიჩნევა, რომ 2000-იანი წლების შემდგომ, კერძოდ, ერთიანი ევროპული ვალუტის – ევროს – შემოღების, ე.წ. დიდი გაფართოების და, ამგვარად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის გაერთიანების შემდგომ პერიოდში, ევროპული იდეა პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. აღნიშნულის გამომწვევ სხვადასხვა ფაქტორს შორის სახელდება, უწინარესად, ევროკავშირის მასშტაბით დემოკრატიული ღირებულებების დასუსტება, ნაციონალისტურ-პოპულისტური ევროპული პოლიტიკური პარტიების აღზევება, ასევე, ევროკავშირის მზარდი საგარეო გამოწვევები, როგორიცაა – რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის პასუხად ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილება და, ევროპის ნაცვლად, მეტი ფოკუსირება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე, ამერიკულ-ჩინური მეტოქეობის კონტექსტში ევროპის როლის ბუნდოვანება და სხვ.

მოცემულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროპის, როგორც ძლიერი საგარეო პოლიტიკური აქტორის, საჭიროება ახლა იმდენად წარმოჩინდება, როგორც არასდროს. აღნიშნულის მთავარ საფუძვლად კი სწორედ „ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის/სუვერენულობის“ უზრუნველყოფა სახელდება.

სტატია მიზნად ისახავს „ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის“ ხედვის განხილვას: რას ნიშნავს „ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობა/სუვერენულობა“? რა ფაქტორები განაპირობებს აღნიშნულის უზრუნველყოფის საჭიროებას დღეს, კონკრეტულად რა მიმართულებებით და რა გამოწვევები იკვეთება ამ მეტად ერთიანი, მეტად სუვერენული და მეტად დემოკრატიული ევროპის მშენებლობის პროცესში?

ევროპის „სტრატეგიული ავტონომიურობა“, „სტრატეგიული სუვერენულობა“ თუ „სტრატეგიული დამოუკიდებლობა“? – ევროპულ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ სივრცეში, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს ერთიანი შეჯერებული პოზიცია ტერმინის გამოყენების თაობაზე. ამ შემთხვევაშიც, შეხედულებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად ვარირებს. აღნიშნულს ასევე ტერმინის წარმოშობის ბუნდოვანებაც განაპირობებს.

თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ „ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის“ შესახებ რაიმე სახის ჩანაწერი არ გვხვდება ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებში. ტერმინი პირველად სამხედრო კონტექსტში 1994 წელს საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის შესახებ გამოცემულ „თეთრ წიგნში“1 გვხვდება, რომელიც, მათ შორის, იმ მოსალოდნელ რისკებს ეხებოდა, რომლის წინაშეც, შესაძლოა, დამდგარიყო საფრანგეთის თავდაცვა მხოლოდ და მხოლოდ ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებზე დამოკიდებულებით. მოგვიანებით, 1998 წელს ტერმინი უკვე ევროპულ დონეზე, ფრანგულ-ბრიტანულ ერთობლივ დეკლარაციაში2 აისახა, რომლის მიხედვით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა შეენარჩუნებინათ ალიანსის ფარგლებში აღებული ვალდებულებები და ამავდროულად, ევროკავშირს უნდა ჰქონოდა „ავტონომიური მოქმედების უნარი“, ძირითადად, საერთაშორისო კრიზისების მართვის კუთხით. „ევროპას სჭირდება უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები, რომელთაც ექნებათ უნარი, გაუმკლავდნენ ახალ რისკებს, თავდაცვის ძლიერ, კონკურენტუნარიან სამრეწველო-ტექნოლოგიურ ბაზაზე დაყრდნობით“, – ვკითხულობთ აღნიშნულ დეკლარაციაში, რომლის სულისკვეთება დაედო სწორედ საფუძვლად შემდგომში „ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას“.

გლობალური კრიზისების მიღმა, უკვე საკუთარი – ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით გვხვდება ტერმინი „სტრატეგიული ავტონომიურობა“, 2013 წლის 19-20 დეკემბრის ევროპული საბჭოს დასკვნებში:

„ევროპას უნდა ჰქონდეს უფრო ინტეგრირებული, უფრო მდგრადი, უფრო ინოვაციური და უფრო კონკურენტუნარიანი თავდაცვის სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზა, რათა უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება, რაც ასევე საშუალებას მისცემს, გაზარდოს თავისი სტრატეგიული ავტონომია და პარტნიორებთან მოქმედების უნარი.“3

2016 წელს „სტრატეგიული ავტონომიურობის“ მიღწევის საჭიროებას „ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიაში“4 გაესვა ხაზი და გაფართოვდა მისი არეალიც: „სტრატეგიული ავტონომიურობის შესაბამისი დონე მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ გვსურს, რომ ევროპამ შეძლოს მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა საკუთარი საზღვრების შიგნით თუ გარეთ და ამ მიზნით, ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას თავდაცვის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ენერგეტიკის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა თუ კიბერსივრცის სფეროში“5.

2017 წლიდან საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აქტიურად ლობირებს „მეტად ერთიანი, სუვერენული და დემოკრატიული ევროპის“ იდეას ექვსი საკვანძო მიმართულებით: უსაფრთხოება; მიგრაცია; აფრიკა და ხმელთაშუაზღვის რეგიონი; მდგრადი განვითარება; ინოვაციები და ციფრული სამყარო; ევროკავშირის ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა6. უფრო მეტიც, „ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის“ მიღწევას ფრანგი პრეზიდენტი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და ამ პროცესში ხაზს უსვამს საფრანგეთის, როგორც „დამბალანსებელი ქვეყნის“ განსაკუთრებულად გამორჩეულ როლს, როგორც ერთადერთი ქვეყნისა ევროკავშირში, რომელიც, ერთსა და იმავე დროს, არის ევროპის კავშირის, ნატო-სა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი. „საფრანგეთი, უპირველეს ყოვლისა, მუშაობს არსებულ სიტუაციათა შეფასებისას ევროპელთა ხედვების დაახლოებაზე, რომელთაც – ყველას აქვს განსხვავებული სტრატეგიული კულტურა ან პოლიტიკური პრიორიტეტები“, – აღნიშნულია ქვეყნის „ეროვნული სტრატეგიული მიმოხილვის“ 2022 წლის დოკუმენტში, რომლის თანახმად, საფრანგეთი იმუშავებს ასევე ევროკავშირის თავდაცვითი ურთიერთობების გაძლიერების კუთხით აფრიკისა და ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნებთან, აშშ-თან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ევროკავშირი-ნატო-ს გრძელვადიანი ურთიერთთავსებადობის უზრუნველსაყოფად და სხვ7.

ერთი მხრივ, ამერიკულ-ჩინური მეტოქეობისა და რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის გათვალისწინებით, მეორე მხრივ, მზარდი გლობალური გამოწვევების – ჰიბრიდული საფრთხეების, პანდემიების, კლიმატის ცვლილების – ფონზე, დღეს, როგორც არასდროს, ევროკავშირი საკუთარი გლობალური როლის გაზრდის, როგორც გეოპოლიტიკური აქტორის თვითაფირმაციის აუცილებლობის წინაშე დგას.

იკვეთება ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიული ავტონომიურობის მიღწევის სრულიად ახალი სფეროები. კერძოდ, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ევროპულ დღის წესრიგში სტრატეგიული ავტონომიურობის უზრუნველყოფა ჯანდაცვის სფეროში დადგა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, ევროპისთვის გარდაუვალ მოცემულობად წარმოჩინდა ენერგეტიკის სფეროში რუსეთის ფედერაციისგან სტრატეგიული დამოუკიდებლობა. ტექნოლოგიის დარგში ამერიკული და ჩინური უპირატესობის ფონზე კი, ევროპის კავშირისთვის სტრატეგიული დამოუკიდებლობის მიღწევა არანაკლებ მნიშვნელობას იძენს ასევე ციფრული მიმართულებით.

სწორედ ამიტომ, დღეს ევროკავშირის მიზანია, გრძელვადიანი პერსპექტივით, 2050 წლისთვის, უზრუნველყოს ავტონომიურობა რიგი სტრატეგიული მიმართულებებით9. 2021 წლის ევროკომისიის კონცეპტუალური დოკუმენტით „ევროკავშირის უნარი და მოქმედების თავისუფლება“ ასეთად განისაზღვრა ათი კონკრეტული სფერო. მათ შორისაა: ჯანდაცვა; ენერგეტიკა; მონაცემთა მართვა; ხელოვნური ინტელექტი და მოწინავე ტექნოლოგიები; პირველადი მოხმარების კრიტიკული საგნები; თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერება; კოსმოსთან წვდომა და მსოფლიოს ქვეყნებთან პარტნიორობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ყველას კეთილდღეობის ხელშესაწყობად.

შესაბამისად, „ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის“ იდეა დღეს უკვე არ შემოიფარგლება მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროთი, გაცილებით ფართო პოლიტიკურ დატვირთვას იძენს და იგი ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური გაერთიანების, იდეურ საფუძვლადაც შეიძლება მოიაზრებოდეს.

როგორც ზემოთ შევნიშნეთ, ევროკავშირის დამფუძნებელ აქტებში არ გვხვდება არავითარი სახის ჩანაწერი „ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის/სუვერენულობის“ თაობაზე და ეს შემთხვევითი არ არის. ევროკავშირის, იმ დროს „ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის“, დაარსებაც ხომ მაშინ ევროპის სახელმწიფოთა შორის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას მიზნად ისახავდა სწორედ ეკონომიკური და არა – პოლიტიკური ინტეგრაციის საფუძველზე. ევროკავშირის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზეც უმთავრესად საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გატარების მოტივით იყო ნაკარნახევი, ვიდრე როგორც გეოპოლიტიკური აქტორისა. თუმცა, ბოლო პერიოდის გეოპოლიტიკური ცვლილებები სულ უფრო ცხადყოფს საკუთარი საზღვრებისა და მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვის მიზნით, ევროკავშირის ეკონომიკური ბლოკიდან ნამდვილ პოლიტიკურ გაერთიანებად გარდაქმნის საჭიროებას.

„თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს“, – სწორედ ამ სიტყვებით უწინასწარმეტყველა ევროპას მეორე მსოფლიო ომის დაწყება უინსტონ ჩერჩილმა, 1938 წელს, როდესაც იგი ჰიტლერის რეჟიმთან მიმართებით წარმოებული ფრანგულ-ბრიტანული პოლიტიკური ხაზის – ე.წ. დაშოშმინების პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდა10.

სწორედ ამგვარი დაშოშმინების პოლიტიკა შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად, თუ რატომ ვერ შეძლო დღეს ევროპამ, დაეცვა კონტინენტზე მშვიდობა და უსაფრთხოება და თავიდან აეცილებინა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა. ეს მაშინ, როდესაც ვლადიმერ პუტინმა თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკის მიზნები ევროპას საჯაროდ ჯერ კიდევ 2007 წელს, მიუნხენის კონფერენციაზე, ამცნო11. სწორედ აღნიშნულის გამოძახილი გახლდათ, 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში შემოჭრა და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია; მოგვიანებით, 2014 წელს, უკრაინაზე თავდასხმა და ყირიმის ანექსია; პარალელურად, მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე – დნესტრისპირეთში სეპარატისტული რეჟიმის აქტიური მხარდაჭერა; ჰიბრიდული ომის მეთოდებით –პირდაპირი ჩარევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საარჩევნო პროცესებში; ევროპის ნაციონალისტურ-პოპულისტური მოძრაობების მხარდაჭერა; ევროპის ქვეყნების, როგორც კოლონიალისტური სახელმწიფოების, იმიჯზე აპელირება და დღეს უკვე – სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. ეს ერთგვარად ლოგიკური შედეგია, დაახლოებით ბოლო 15 წლის განმავლობაში, ევროპის მიერ რუსეთთან მიმართებით წარმოებული ამ დაშოშმინებითი სახის პოლიტიკისა და არასაკმარისი პოლიტიკური პასუხისა რუსულ რევიზიონისტულ პოლიტიკაზე. „ყირიმში შეჭრამ საკმარისად ვერ გაგვაღვიძა. ეს იყო სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომა, რომლის გამოსწორების პროცესშიც ვართ“, – მიიჩნევს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი12.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული მოკავშირე – აშშ კვლავ გეოპოლიტიკურ მეტოქედ განიხილავს, აშშ-სთვის უპირველეს მეტოქედ, დღეს უკვე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა განიხილება. აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის“ ბოლო დოკუმენტის თანახმად:

„რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სხვადასხვა გამოწვევებს ქმნიან. რუსეთი უშუალო საფრთხეს უქმნის თავისუფალ და ღია საერთაშორისო სისტემას, დაუფიქრებლად უგულებელყოფს საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად კანონებს, როგორც ეს ცხადყო მისმა სასტიკმა აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. ამის საპირისპიროდ, ჩინეთი არის ერთადერთი [გეოპოლიტიკური] კონკურენტი, რომელსაც განზრახული აქვს საერთაშორისო დღის წესრიგის შეცვლა და ამ მიზნის მისაღწევად სულ უფრო იყენებს მზარდ ეკონომიკურ, დიპლომატიურ, სამხედრო და ტექნოლოგიურ ძალაუფლებას.13

ამერიკულ-ჩინური მეტოქეობა ევროკავშირს, თავის მხრივ, ჩინეთთან მიმართებით საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმოების აუცილებლობაზე სულ უფრო ცხადად მიუთითებს, ვინაიდან, აშშ-ისგან განსხვავებით, ევროპისთვის ჩინეთი არ წარმოჩინდება უპირველეს მეტოქედ. ევროპა ჩინეთს განიხილავს, ერთსა და იმავე დროს, როგორც სისტემურ მეტოქეს, კონკურენტს და პარტნიორს14, მათ შორის, ისეთი საკითხების ირგვლივ თანამშრომლობის კონტექსტში, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ირანის ბირთვული თემა და სხვ.

გლობალურ დონეზე მმართველობის სისტემურ-იდეოლოგიური კონკურენციისა და დემოკრატიის თანდათანობითი უკუსვლის ფონზე, ევროპისთვის, როგორც ღირებულებებზე დაფუძნებული გაერთიანებისათვის, არანაკლებ მნიშვნელობას იძენს „სტრატეგიული ავტონომიურობის“ მიღწევის პროცესში ბრძოლა დემოკრატიული მოდელის დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრისას უკრაინას თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი მსოფლიოს სახელმწიფოების უდიდესმა ნაწილმა [მომხრე – 141 ქვეყანა], ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული აგრესიული ომი არ დაგმეს ქვეყნებმა, რომელთა მოსახლეობა რაოდენობრივად მსოფლიოს ნახევარს წარმოადგენს [თავი შეიკავა 35-მა ქვეყანამ]15. საგულისხმოა, რომ გლობალური სამხრეთის ქვეყნებისთვის უკრაინის მხარდამჭერნი კვლავ კოლონიზატორ სახელმწიფოებად განიხილებიან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სულ უფრო დიდ გამოწვევას წარმოადგენს ევროპისთვის ასევე აფრიკის მასშტაბით წარმოებული რუსული პროპაგანდა ევროპული დემოკრატიული მოდელის წინააღმდეგ.

თავად ევროკავშირი სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული ავტონომიურობის უზრუნველყოფის პროცესში ოთხ ძირითად გამოწვევას ასახელებს: – კლიმატური ცვლილება და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საფრთხეები, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს მომავალში მიგრაციული პროცესები, კონფლიქტების გავრცელება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევები; – ციფრული ჰიპერკავშირი და ტექნოლოგიური მუტაცია; დემოკრატიასა და დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, მმართველობით მოდელებს შორის არსებული გეოპოლიტიკური კონკურენცია; დემოგრაფია16.

რაც შეეხება არეალს, სტრატეგიული ავტონომიურობის მიღწევა პრობლემატურად ყველაზე მეტად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში წარმოჩინდება. მიუხედავად რიგი წინგადადგმული ნაბიჯებისა ამ მიმართულებით, მათ შორის, 2022 წელს „სტრატეგიული კომპასის“ მიღება17, როგორც უსაფრთხოების საერთო ევროპული კულტურის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმი, ევროპის ქვეყნების მხრიდან სამხედრო ხარჯების ზრდა, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო, ჯერ კიდევ, არ არის მზად, უგულებელყოს ან/და ჩაანაცვლოს ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, როგორც ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ნორდიული სახელმწიფოები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომელთა ეროვნული თავდაცვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ალიანსს, როგორც მათი უსაფრთხოების რეალურ, სანდო გარანტორს და ეს ქვეყნები – ე.წ. ატლანტისტები – გარკვეულწილად „ილუზიადაც“ კი მიიჩნევენ თავდაცვის მიმართულებით „ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის“ იდეას. საგულისხმოა ასევე ევროკავშირის წევრი ნეიტრალური სახელმწიფოები, როგორიცაა ავსტრია და ირლანდია. აქვე, ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირის მეტად ღრმა ინტეგრაციას ართულებს ასევე ამ სფეროში კვალიფიციური უმრავლესობის კენჭისყრის არარსებობა18.

ამავდროულად, დღეს გამოწვევას წარმოადგენს ევროპისთვის აშშ-ის შიდა პოლიტიკის განუჭვრეტლობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მულტილატერალიზმისადმი ამერიკული ერთგულების შეუქცევადობა, სამომავლოდ, უნილატერალური ხედვის მქონე ხელისუფლების არჩევის შემთხვევაში.

ზოგადად, სხვადასხვა სფეროში „სტრატეგიული ავტონომიურობის“ მიღწევის პროცესში ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს „ფრანგულ-გერმანული წყვილის“ ერთობა ევროკავშირის ფარგლებში. დღეის მდგომარეობით, კვლავაც არსებითია რიგ საკითხებთან მიმართებით ევროპულ დონეზე ფრანგულ-გერმანული პოზიციების ურთიერთთანხვედრა. ეს უკანასკნელი კი არაერთგვაროვანია „ევროპის სტრატეგიული ავტონომიურობის“ მომავალთან დაკავშირებით19. საფრანგეთის რესპუბლიკისგან განსხვავებით, ევროპული სტრატეგიული ავტონომიურობის მიღწევის პროცესს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არ განიხილავს აშშ-ის გარეშე, დამოუკიდებლად და გერმანული ხედვით, ამ პროცესში კვლავაც რჩება აშშ, როგორც ევროპის უმთავრესი პარტნიორი. აღნიშნული ისტორიული კონტექსტით აიხსნება და გერმანელთა მხრიდან აშშ-ისადმი იმ განსაკუთრებული დამოკიდებულებითაა განპირობებული, რაც უკავშირდება აშშ-ს დადებით როლს ორად გაყოფილი გერმანიის გაერთიანების პროცესში და რაც დღემდე რჩება გერმანელთათვის, როგორც უმთავრესი ეროვნული გამარჯვება.

დღეის მდგომარეობით, სტრატეგიული ავტონომიურობის მიღწევა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ევროკავშირის პოლიტიკური ევოლუციის ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ ხედვა სტრატეგიული ავტონომიურობის შესახებ საკმაოდ ვრცელი, რიგ შემთხვევაში, ბუნდოვანი და ნაკლებად კონკრეტულიცაა. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს კონცეპტუალურ დონეზე, ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიული ავტონომიურობის ძიების პროცესში გარდამტეხი მნიშვნელობის იყო 2022 წლის 10-11 მარტის ვერსალის სამიტი20, რომელზეც ერთგვარად გაფორმდა ევროპის სუვერენულობის აქტი, განსაკუთრებით თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროში. წევრი ქვეყნები ერთსულოვნად შეთანხმდნენ, ეტაპობრივად გაზარდონ სამხედრო ხარჯები და შეამცირონ ენერგოდამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე.

უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიული ომიდან გამომდინარე, ევროპული პოლიტიკური გრავიტაციის ცენტრმა ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა. ევროპის კავშირის ინიციატივით, დაფუძნდა „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ [EPC] პლატფორმა 44 ქვეყნის მონაწილეობით21, რითაც ევროპის კავშირმა უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო კონტინენტის ხვალინდელ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. შეიცვალა ევროკავშირის გეოგრაფიული აღქმა და საზღვრები, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკები. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ვონ დერ ლაიენის განმარტებით22, ევროკავშირი ვერ იქნება სრულყოფილი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის გარეშე. „ჩვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვამზადებთ“, – განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ23.

არსებითია, რომ საქართველო, როგორც ევროპული ოჯახის განუყოფელი წევრი, უფრო ფართოდ ჩაერთოს ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიურობის მიღწევის პროცესში, მათ შორის, საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროკომისიის მიერ იდენტიფიცირებული იმ სფეროების განვითარებაში, რა მიმართულებითაც ევროპის „სტრატეგიული ავტონომიურობის“ უზრუნველყოფა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. ეს იმიტომ, რომ როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა: „დღეს, როდესაც რუსეთი ცდილობს, ძალისმიერი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუადან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა24“.

[1] Vie-publique. 2022. « L’autonomie stratégique européenne en cinq questions. » 27 mai 2022. https://www.vie-publique.fr/questions-reponses/282035-lautonomie-strategique-europeenne-en-cinq-questions

[2] CVCE.eu. 2015. “Joint Declaration on European Defence – Joint Declaration issued at the British-French Summit (Saint-Malo, 4 December 1998).” June 22, 2015. https://www.cvce.eu/content/publication/2008/3/31/f3cd16fb-fc37-4d52-936f-c8e9bc80f24f/publishable_en.pdf

[3] Conseil européen. 2013. « 19 et 20 décembre 2013, Conclusions. » le 20 décembre 2013. https://data.consilium.europa.eu/doc/document/ST-217-2013-INIT/fr/pdf

[4] Conseil de l’Union européenne. 2016. « Stratégie globale pour la politique étrangère et de sécurité de l’Union européenne. » le 28 juin 2016, https://data.consilium.europa.eu/doc/document/ST-10715-2016-INIT/fr/pdf
Mauro, F. 2021. « L’autonomie stratégique, cet obscur objet du désir. » IRIS. Octobre 2021. https://www.iris-france.org/wp-content/uploads/2021/10/Analyse-13-Autonomie-strate%CC%81gique-obscur-objet-du-de%CC%81sir-FR-Octobre-2021.pdf

[5] Berès, P. 2021. « La souveraineté européenne : un concept au cour des débats dans l’union européenne. » 1 mars 2021. https://www.jean-jaures.org/publication/la-souverainete-europeenne-un-concept-au-coeur-des-debats-dans-lunion-europeenne/?post_id=16710&export_pdf=1

[6] Elysee. 2017. « Initiative pour l’Europe – Discours d’Emmanuel Macron pour une Europe souveraine, unie, démocratique. » 26 septembre 2017. https://www.elysee.fr/emmanuel-macron/2017/09/26/initiative-pour-l-europe-discours-d-emmanuel-macron-pour-une-europe-souveraine-unie-democratique

[7] Vie-publique. 2022. « Revue nationale stratégique 2022. » https://www.vie-publique.fr/sites/default/files/rapport/pdf/287163.pdf

[8] Lamy, P. 2021. « Définir la souveraineté européenne, une conversation avec Pascal Lamy. » Groupe d’études géopolitiques, Décembre 2021. https://geopolitique.eu/articles/definir-la-souverainete-europeenne-une-conversation-avec-pascal-lamy/

[9] European Commission. 2021. “Communication from the Commission to the European Parliament and the Council 2021 Strategic Foresight Report: The EU’s capacity and freedom to act.” September 8, 2021. https://ec.europa.eu/info/sites/default/files/foresight_report_com750_en.pdf

[10] Military History. 2010. “Winston Churchill Quotes.” November 20, 2010. https://www.military-history.org/feature/winston-churchill-quotes.htm

[11] President of Russia. 2007. “Speech and the Following Discussion at the Munich Conference on Security Policy.” February 10, 2007. http://en.kremlin.ru/events/president/transcripts/24034

[12] Alemanno, A et Mouyal, A. 2022. « La doctrine Borrell », une conversation avec le Haut représentant. » Groupe d’études géopolitiques, Oct 2022. https://geopolitique.eu/2022/10/31/une-conversation-avec-josep-borrell/

[13] The White House. 2022. “The National Security Strategy.” October, 2022. https://www.whitehouse.gov/wp-content/uploads/2022/10/Biden-Harris-Administrations-National-Security-Strategy-10.2022.pdf

[14] EEAS. 2022. “EU-China Relations factsheet.” April 1, 2022. https://www.eeas.europa.eu/eeas/eu-china-relations-factsheet_en

[15] United Nations Digital Library. 2022. “Aggression against Ukraine: resolution / adopted by the General Assembly.” March 2, 2022. https://digitallibrary.un.org/record/3959039?ln=en

[16] European Commission. 2021. “Communication from the Commission to the European Parliament and the Council 2021 Strategic Foresight Report: The EU’s capacity and freedom to act.” September 8, 2021. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:52021DC0750&from=EN;
Leonard, M et Shapiro, J. 2021. « Les cinq défis de la souveraineté européenne. » « Europe : quelle souveraineté ? » Diplomatie n°111, Septembre-Octobre 2021. https://www.areion24.news/produit/diplomatie-n-111/; Dupre, B. 2022. « Souveraineté européenne, autonomie stratégique, Europe puissance : quelle réalité pour l’Union européenne et pour quel avenir ? » Foundation Robert Schuman. Question d’Europe, n°620, 24 Janvier 2022, https://www.robert-schuman.eu/fr/doc/questions-d-europe/qe-620-fr.pdf

[17] EEAS. 2022. “A Strategic Compass for the EU.” https://www.eeas.europa.eu/eeas/strategic-compass-security-and-defence-1_en

[18] European Parliamentary Research Service. 2021. “The pros and cons of QMV in foreign and security policy.” January 20, 2021. https://epthinktank.eu/2021/01/20/qualified-majority-voting-in-foreign-and-security-policy-pros-and-cons/the-pros-and-cons-of-qmv-in-foreign-and-security-policy/

[19] Soutou, G.H. 2022. « L’autonomie stratégique européenne », l’Allemagne et la France. DSI N° 158L, Mars-Avril 2022 ; Krpata, M. « Face au durcissement géopolitique, la France et l’Allemagne fixent le cap pour une Union européenne plus résiliente et ambitieuse sur le plan économique », La Revue Diplomatique, n° 19, octobre 2022 https://www.ifri.org/fr/publications/publications-ifri/articles-ifri/face-durcissement-geopolitique-france-lallemagne-fixent

[20] European Council/Council of the European Union. 2022. “Informal meeting of the Heads of State or Government. Versailles Declaration, 10 and 11 March 2022.” March 11, 2022. https://www.consilium.europa.eu/media/54773/20220311-versailles-declaration-en.pdf

[21] Laurence, B. 2022. „Europe as a power-space.“ Groupe d’études géopolitiques, November 21, 2022, https://geopolitique.eu/en/2022/11/21/europe-as-a-power-space/

[22] European Commission. 2022. “2022 State of the Union Address by President von der Leyen.” September 14, 2022. https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/ov/speech_22_5493

[23] Varhelyi, O. 2022. “[…] We make Georgia ready for becoming a member of the EU.” Twitter, November 18, 2022. https://twitter.com/OliverVarhelyi/status/1593483399678676992

[24] Agenda. Ge. 2022. “German chancellor: We are people of Europe, our voice must resound throughout Europe, from Lisbon to Tbilisi, beyond.” October 16, 2022, https://agenda.ge/en/news/2022/4013

* ლიკა ჭიპაშვილი – პირველი მდივანი, ევროპის დეპარტამენტი, დასავლეთ ევროპის სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

სარჩევი