ევროკავშირის თავდაცვით სფეროში ინტეგრაციის პერსპექტივა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე
აბსტრაქტი
სტატიაში გაანალიზებულია ევროკავშირის თავდაცვითი ინტეგრაციის გზაზე არსებული დაბრკოლებები და პროცესზე რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გავლენა. სტატია იკვლევს თუ რამდენად შესაძლებელია რუსეთ-უკრაინის ომი იქცეს ევროკავშირის თავდაცვითი ინტეგრაციის კატალიზატორად და უბიძგოს წევრ სახელმწიფოებს, მეტი გახსნილობა გამოავლინონ საერთო თავდაცვითი პროექტების მიმართ და, ნატოს ფაქტორის მიუხედავად, ევროკავშირმა რეალურ თავდაცვით ავტონომიას მიაღწიოს.
ალექსი იასაშვილი
ევროკავშირი დაფუძნების დღიდან მნიშვნელოვნად ვითარდებოდა ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რამაც კონტინენტზე კეთილდღეობის დონე უპრეცედენტოდ აამაღლა, თუმცა ეკონომიკური წარმატების მიუხედავად, საგრძნობლად ჩამორჩებოდა პოლიტიკური ინტეგრაციის დონე და, ამ კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიუხედავად, ევროკავშირს დღესაც უჭირს საერთაშორისო ასპარეზზე ერთიანი ხმით და პოზიციით მოქმედება. თუმცა, ეს უკანასკნელი მიმართულებაც კი უფრო იმედისმომცემად გამოიყურება, ვიდრე ევროკავშირის უნარი ინტეგრირდეს სამხედრო სფეროში და ეს სექტორი დღესაც ჩანასახოვან დონეზე რჩება. ეს არის მიზეზი, რატომაც ევროკავშირის დახასიათება როგორც ეკონომიკური გიგანტის, პოლიტიკური ჯუჯის და სამხედრო ჭიაყელის1, დღესაც რელევანტურია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ევროპა საბოლოოდ გამოაღვიძა, თუმცა ინტეგრაციული პროცესებისთვის ნიადაგის მომზადება ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო. ამჟამად უკვე ტრადიციულად პასიური წევრი ქვეყნებიც აქტიურად გეგმავენ საკუთარი სამხედრო პოტენციალის სტიმულირებას, ხოლო დასავლეთის ერთსულოვნება ბოლო პერიოდში უპრეცედენტოა. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, რამდენად გარდაიქმნება აღნიშნული ნაბიჯები კოლექტიურ პოლიტიკურ ნებაში, რათა განახლებული ენერგიით დაიძრას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ინტეგრაციული პროცესები.
სტატიაში თავდაპირველად მიმოხილულია პროცესის ისტორიული წინაპირობები და ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ან უწყობს ევროკავშირის კოლექტიური თავდაცვითი კომპონენტის გაძლიერებას, ხოლო ბოლოს წარმოდგენილია დასკვნები და შეფასებები უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში.
ევროპის არმიის ჩამოყალიბების იდეა არ წარმოადგენს XXI საუკუნის ნაყოფს. ეს იდეა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან აქტიურად ცირკულირებდა. სურათის უფრო მკაფიო აღქმისთვის უადგილო არ იქნება ამ მიმართულებით პოლიტიკის ფორმირების მოკლე ქრონოლოგიის გაცნობა.
პროცესი 1950 წელს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, რენე პლევენის წინადადებით დაიწყო, რომელიც ევროპის თავდაცვითი გაერთიანების შექმნას გულისხმობდა. შეთანხმება ძალაში ვერ შევიდა საფრანგეთის პარლამენტის მიერ რატიფიცირებაზე უარის გამო, თუმცა იდეა არ გამქრალა. შემდეგი მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი 1991 წლის მაასტრიხტის შეთანხმება იყო, რომლის საფუძველზეც საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) ჩამოყალიბდა და საერთო თავდაცვის პოლიტიკა შეიქმნა. ამას მოჰყვა 1999 წელს ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შემუშავება (ESDP) და ბერლინ პლუსის ხელშეკრულების გაფორმება 2002 წელს, რის საფუძველზეც ევროკავშირს შეეძლო ნატოს სტრუქტურებისა და მექანიზმების გამოყენება ESDP-ის მისიების განხორციელებისას. მომდევნო ნაბიჯები იყო: 2004 წელს ევროპის თავდაცვითი სააგენტოს ჩამოყალიბება და 2007 წლის ლისაბონის ხელშეკრულება, რომელმაც არსებითი ცვლილებები შეიტანა თავდაცვით პოლიტიკაში, კერძოდ, ESDP გარდაიქმნა საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკად (CSDP), ასევე ჩამოყალიბდა PESCO, რაც მოგვიანებით იქნება განხილული2. ამავე წელს ჩამოყალიბდა ევროკავშირის საბრძოლო დანაყოფები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ დრომდე არ ყოფილა გამოყენებული. მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია სკეპტიკოსებისთვის იმ არგუმენტის გასამყარებლად, რომ ამ მიმართულებით ნებისმიერი ნაბიჯი მხოლოდ ევროპელი გადასახადების გადამხდელთა ფულის ფლანგვაა და არ შეაქვს წვლილი საერთო ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებაში3.
ევროკავშირის უსაფრთხოების ინტეგრაციულ ნაპრალს ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი გააჩნდა. მათ შორის, პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ ევროკავშირის, როგორც გაერთიანების, ხასიათი. თავისი ბუნებით ევროკავშირი უნიკალურია, რადგანაც მოქმედებს ზესახელმწიფოებრიობის კომპონენტი, რომელსაც ინსტიტუციურად ევროკომისია განასახიერებს. რიგი მიმართულებებით ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დათმეს საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი და საკუთარი პრეროგატივების დელეგირება ზესახელმწიფოებრივ სტრუქტურას მიანდვეს4. ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაჩვენა და ნაწილობრივ მაინც ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკაა აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ.
როგორც ევროინტეგრაციის ისტორიამ აჩვენა, გზა ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებისკენ არ ყოფილა მარტივი და, წარმატებასთან ერთად, ბევრი წარუმატებლობაც იყო. მიზეზის გამოცნობა არაა რთული, სახელმწიფოები უფრთხილდებიან საკუთარ სუვერენიტეტს და აქვთ ლეგიტიმური სურვილი, შეინარჩუნონ ავტონომიის მაქსიმალური ხარისხი5. სუვერენიტეტის კუთხით განსაკუთრებით სენსიტიური უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებია. აქაც რთული არაა მიზეზის პოვნა – უსაფრთხოების ასპექტები პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს ფიზიკურ გადარჩენასთან და, შესაბამისად, ნაწილობრივი დათმობაც კი კრიტიკულად უახლოვდება წითელ ხაზებს. აქ უადგილო არ იქნება აღვნიშნოთ, რომ დავის საგანია, თუ რამდენად უკანა პლანზეა გადასული წევრი სახელმწიფოების როლი. არსებობს ხედვაც, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ხასიათი არსებითად მაინც მთავრობათაშორისია და არა – ზესახელმწიფოებრივი, რადგან ევროკავშირის ძირითად ფუნქციებსა და სამოქმედო არეალს მაინც ევროპული საბჭო განსაზღვრავს, რომელშიც სახელმწიფოთა მეთაურები არიან წარმოდგენილები6.
მეორე ისტორიული წინააღმდეგობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უკავშირდება. ევროპის უსაფრთხოება ნატოს მიერ იყო უზრუნველყოფილი, შესაბამისად, არ არსებობდა სხვა სტრუქტურის ჩამოყალიბების აუცილებლობა7, რაც, საბოლოო ჯამში, მხოლოდ მისი ფუნქციების დუბლირებას მოახდენდა. ამ მხრივ, განსაკუთრებულად კრიტიკული დიდი ბრიტანეთი იყო, რომელიც ვერ ხედავდა პრობლემას, რომ ევროპის უსაფრთხოება გარე აქტორზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული თავდაცვითი გაერთიანების იდეების მომხრეები დიდწილად მარგინალურ ჯგუფებს წარმოადგენდნენ, ისინი აგრძელებდნენ იდეის ლობირებას, რადგან სჯეროდათ, რომ დადგებოდა შესაბამისი ისტორიული ეტაპი, როდესაც ამ იდეას წევრი ქვეყნები მეტად გაიზიარებდნენ.
ნატოს ფუნქციების დუბლირების კრიტიკაზე პასუხად, იდეის მომხრეები აღნიშნავენ, რომ საკითხის დასმა, თითქოს არჩევანი უნდა გაკეთდეს ნატოსა და ევროკავშირის თავდაცვის გაერთიანებას შორის, ფუნდამენტურად არასწორია, რადგან ამ პროექტის წარმატება უზრუნველყოფს ნატოს ევროპული ფლანგის გაძლიერებას8, შესაბამისად, რაც კარგია ევროკავშირის თავდაცვისთვის, კარგია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის.
არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რატომაც თავდაცვითი ინტეგრაციისთვის ევროპა მოუმწიფებელი ჩანს. ეს საკითხი პირდაპირ გამომდინარეობს მომავალ სამხედრო სტრუქტურაში ძალაუფლების მოსალოდნელ გადანაწილებაზე. თუ ნატოში ლიდერის პოზიცია ობიექტური მიზეზების გამო აშშ-ის უკავია, ვინ შეითავსებს ასეთ როლს ევროკავშირის შემთხვევაში? ბუნებრივია, დიდი ბრიტანეთის გამოთიშვის შემდეგ მთავარ როლს საფრანგეთი და გერმანია ითამაშებენ. საფრანგეთი აშკარად ავლენს ამ კუთხით მზაობას და ემანუელ მაკრონის განცხადებების შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ საფრანგეთი შეიძლება გახდეს მთავარი ლოკომოტივი9 თუმცა, როგორი მიზანდასახულიც არ უნდა იყოს საფრანგეთი, ამ პროექტის წარმატებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა ექნება გერმანიის პოლიტიკურ ნებას, რომ საკუთარი რესურსები მოახმაროს თავდაცვით ინტეგრაციის პროცესს.
ზემოაღნიშნული გვაბრუნებს ევროკავშირის საწყისებთან, კერძოდ, ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანებასთან, რომელიც, როგორც ეკონომიკური პროექტი, წარმოადგენდა საშუალებას და არა მიზანს. რაც შეეხება თავად მიზანს, ეს იყო, არსებითად, სამშვიდობო პროექტი – ურთიერთდამოკიდებულების გაზრდით, ომი, როგორც პოლიტიკის საშუალება არამიზანშეწონილი ხდებოდა, რადგან პოტენციური აგრესორი თავადაც მნიშვნელოვან ზარალს განიცდიდა, თუ თავს დაესხმებოდა პროექტში ინტეგრირებულ სხვა წევრ სახელმწიფოს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხებოდა ფოლადსა და ქვანახშირს, რომლებიც ომის წარმოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნედლეულს წარმოადგენდა. გაერთიანების არქიტექტორებს ამ ფორმით ესახებოდათ გერმანია-საფრანგეთს შორის დაუსრულებელი ომების კასკადის თავიდან არიდება10.
ამის მიუხედავად, XX საუკუნის ტრაგედიები, განსაკუთრებით, ორი მსოფლიო ომი ნათლადაა აღბეჭდილი ევროპელთა მეხსიერებაში და მილიტარიზებული გერმანია უსიამოვნო ასოციაციებს აჩენს. ეს განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება პოლონეთში11, სადაც არაორაზროვნად მიუთითებენ, რომ არ არიან მზად კონტინენტზე გერმანიის ჰეგემონიას შეეგუონ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე თავად გერმანიაშიც არ არსებობს კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ ქვეყანა თავდაცვითი პროექტების ინიციირების ცენტრად იქცეს12, თუმცა როგორც ჩანს, გერმანიის ახალი ხელისუფლებაც ამ მიმართულებით მულტილატერალიზმს ემხრობა.
ამასთან, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე პროექტისადმი ამბივალენტური დამოკიდებულება მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ნატოს უსაფრთხოების ქოლგის ცენტრალური მნიშვნელობით აიხსნება. პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნების ალიანსის წევრებს შორის პირველები მოექცევიან დარტყმის ქვეშ და მათ, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, არ გააჩნიათ გეოგრაფიული ბუფერი13. ამიტომაც რუსეთის, როგორც მთავარი საფრთხის აღქმა, გეოგრაფიული გრადაციით ხასიათდებოდა და მცირდებოდა აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთის მიმართულებით.
სანამ უშუალოდ 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, უნდა შევეხოთ სხვა მოვლენებსაც, რომლებმაც საფუძველი მოამზადეს სამხედრო სფეროში ევროკავშირის ინტეგრირებისადმი წევრი სახელმწიფოების მეტი გახსნილობის უზრუნველყოფისთვის.
პირველ რიგში, ამის წინაპირობა დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა გახდა, რის შედეგადაც აშშ-ის ტრადიციულ მოკავშირეებთან გაუცხოება მოხდა, რასაც თან ახლდა მუდმივი კრიტიკა, განსაკუთრებით, გერმანიის მიმართ14, უსაფრთხოებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მინიმუმ 2%-ის დახარჯვის ვალდებულების თაობაზე. ტრამპის პოზიცია უკიდურესად ხისტი იყო მათ მიმართ, ვინც აშშ-ის ხარჯზე „ფრირაიდინგს“ ეწეოდა – იღებდა უსაფრთხოების გარანტიებს როგორც მოცემულობას, თუმცა ამ უსაფრთხოების შენარჩუნებაში არასაკმარისი ან არათანაზომიერი კონტრიბუცია შეჰქონდა. ამან ევროპას გაააზრებინა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა მართლაც არ წარმოადგენს მოცემულობას და ევროპას სჭირდება საკუთარი ავტონომიური ინსტრუმენტები კონტინენტზე შექმნილ საფრთხეზე ეფექტური რეაგირებისთვის.
მეორე გამორჩეული მოვლენა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა გახდა. ბრექსითმა ევროკავშირის თავდაცვითი გაერთიანების იდეას მთავარი მოწინააღმდეგე გამოაცალა, შესაბამისად, მოწინააღმდეგეთა ბანაკიც მნიშვნელოვნად დასუსტდა და ამან ბუნებრივია ახალი შესაძლებლობები გააჩინა.
როგორც ევროინტეგრაციის ისტორია გვაჩვენებს, ხშირად ინტეგრაციული პროცესების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი მუდმივი კონსენსუსის ძიება იყო. ეს წევრ სახელმწიფოთა რაოდენობის ზრდის პარალელურად სულ უფრო რთული ხდებოდა, რადგან დიდი იყო იმის შანსი, რომ გადაწყვეტილებები სახიფათოდ მიუახლოვდება სულ მცირე ერთი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წითელ ხაზებს, ხოლო კონსენსუსის ძიებაში ფაქტობრივად ყველა სახელმწიფოს ვეტოს, შესაბამისად, პროცესის დაბლოკვის უფლება ჰქონდა. ამის გაცნობიერების შემდეგ, რიგი მიმართულებებით დამკვიდრდა გადაწყვეტილების კვალიფიციური უმრავლესობით მიღების წესი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე მაინც კონსენსუსის წესი შენარჩუნდა15. მაგალითისთვის, ესეც გახლდათ ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირის მიერ მიგრანტების შემოდინებაზე და ევროკრიზისზე არაეფექტური რეაგირების მიღმა.
ამან ინტეგრაციული პროცესის გადააზრებას შეუწყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო იყო ევროკავშირის წევრი, არ იყო აუცილებელი ყველა ინტეგრაციულ პროექტში ჩართვა. ამით მოხდებოდა პროცესის ბლოკირების თავიდან აცილება, ხოლო ინტეგრაცია გაღრმავდებოდა, რაც კარგად ჩანს შენგენის შეთანხმების მაგალითზე. აღსანიშნავია, რომ თავდაცვითი გაერთიანების იდეასაც ევროკომისია ხშირად მოიხსენიებს, როგორც თავდაცვით შენგენს16, ანუ ამ მიმართულებით ინტეგრაცია ნებაყოფლობითია. ეს მრავალსიჩქარიანი ევროპის იდეის ერთ-ერთი განზომილებაა, რაც ზრდის წევრი ქვეყნების ავტონომიურობას თავად განსაზღვრონ, სად და რა დოზით ჩაერთვებიან17. შედეგად, საუბარი უკვე დიფერენცირებულ ინტეგრაციაზეა.
მეორე მხრივ, მრავალსიჩქარიანი ევროპის იდეას მოჰყვა შიში, რომ აღნიშნულმა პოლიტიკამ შეიძლება პროცესებს გარეთ დარჩენილი წევრი სახელმწიფოების გარიყვა გამოიწვიოს და მეტად ან ნაკლებად ინტეგრირებული ჯგუფების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ამგვარი ჯგუფების ჩამოყალიბება ეწინააღმდეგება ევროკავშირის სურვილს, შეინარჩუნოს ერთსულოვნება, რაც საგარეო ასპარეზზე ევროკავშირის მიერ ერთი ხმით მოქმედების განუყოფელი წინაპირობაა.
როგორც უკვე აღინიშნა, უკრაინის მოვლენები იზოლირებულად ვერ განიხილება ევროპის მაკონსოლიდირებელ ფაქტორად. ევროკომისია ჯერ კიდევ 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ გააქტიურდა თავდაცვითი ინიციატივების შეთავაზების მიმართულებით, თუმცა ისევ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ მახვილდებოდა ყურადღება სიახლეზე, არამედ საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ჩარჩოზე და მუდმივი სტრუქტურირებული თანამშრომლობის – PESCO-ს, ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის ხატოვანი შედარება რომ გამოვიყენოთ, „მძინარე მზეთუნახავის“ გააქტიურებაზე18.
პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჯერ კიდევ 2016 წლის გლობალური სტრატეგია იყო, რომელშიც გამოჩნდა ევროკავშირის ამბიცია, რომ დინამიურ უსაფრთხოების გარემოში უფრო აქტიური როლი ეთამაშა19. ევროკავშირს სჭირდებოდა, რომ მისი პოლიტიკური წონა სამხედრო კომპონენტით ყოფილიყო გამყარებული. გლობალური სტრატეგიის ნაწილი იყო თავდაცვის ყოველწლიური კოორდინირებული მიმოხილვის (CARD) ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა თანამშრომლობის სფეროების გაფართოებასა და ინდივიდუალური ძალისხმევის კოლექტიურით ჩანაცვლების სტიმულირებას20.
ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ევროპულ თავდაცვის ფონდს (EDF) გააჩნდა, რომელიც წევრი სახელმწიფოების ძალისხმევის მაკონსოლიდირებელი უნდა გამხდარიყო და ხელი შეეწყო უსაფრთხოების სფეროში, როგორც კვლევით, ისე შესყიდვების მიმართულებით ინვესტირებას. მუდმივი სტრუქტურირებული თანამშრომლობა (PESCO) ჩამოყალიბდა ინსტიტუციურ ჩარჩოდ, რომლის ფარგლებშიც თავდაცვითი პროექტები უნდა განხორციელებულიყო. მის მიზანს წარმოადგენდა, როგორც რესურსების კონსოლიდირება, ისე ლოჯისტიკისა და მომარაგების, დაგეგმვისა და თავდაცვითი შესყიდვების კოორდინირება21. პროექტის ამბიციურობის მიუხედავად, როლი შეზღუდული იყო განიარაღების, ჰუმანიტარული, კონფლიქტის პრევენციის, სამშვიდობო და კრიზისის მენეჯმენტის მისიებით.
უკრაინაში რუსეთის ღია სამხედრო აგრესიამ ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს დაუფარავი შოკი გამოიწვია. ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტებისთვისაც რთულად დასაჯერებელი იყო, რომ კრემლი ასეთ ნაბიჯზე წავიდოდა. თუ ომამდე რუსეთთან კონსტრუქციული ჩართულობა ცალკეულ ევროკავშირის წევრებს უქმნიდათ ილუზიას, რომ რუსეთი, როგორც რაციონალურ აქტორს შეეფერება, უფრო დამყოლი იქნებოდა და მიზანმიმართულად არ გამოუთხრიდა ძირს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ თანამშრომლობას, იმედგაცრუებულები დარჩნენ. გამოდის, რომ რუსეთმა არა მარტო ომი დააბრუნა ევროპაში, არამედ უნდობლობაც, არა საკუთრივ სახელმწიფოებს შორის, არამედ ეჭვქვეშ დააყენა რაციონალურობა, რწმენა, რომ მეორე სახელმწიფო ან ლიდერი არ გააკეთებს იმას, რასაც პირველი მის ადგილას არ გააკეთებდა.
უნდობლობისა და იმედგაცრუებას მოჰყვა უპრეცედენტო რეაქცია ევროკავშირის მხრიდან – როგორც ერთსულოვნების, ისე დახმარების მზაობის მხრივ. 2022 მარტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურთა არაფორმალურ შეხვედრაზე შემუშავებულ დეკლარაციაში ნათლად გამოიკვეთა ევროკავშირის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვაში საკუთარი როლის არა მხოლოდ ახლებური გააზრება, არამედ იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ გაერთიანების შესაძლებლობები მნიშვნელოვნადაა აცდენილი იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს, რომლებსაც დინამიური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო წარმოშობდა. სამხედრო ბიუჯეტის ზრდისა და შესაძლებლობების განვითარების კვალდაკვალ, აქცენტი გაკეთდა ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის გააქტიურებაზე და ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ევროკავშირის გაზრდილი როლი უსაფრთხოების სექტორში იქნება ნატოს შემავსებელი და არა ჩამნაცვლებელი22. აღსანიშნავია, რომ მსგავს ტექსტს შეიცავს აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაც, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ აშშ მიესალმება ევროპის ძალისხმევას ამ მიმართულებით 23. საინტერესოა, რომ უფრო პრაქტიკული კუთხით, ევროპელმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ე.წ. „ენეიბლერებზე“ კერძოდ, საჰაერო ტანკერებზე, მაღალ სიმაღლეზე ოპერირებად დრონებზე, საჰაერო სატრანსპორტო ხომალდებზე, ასევე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებზე და მათ საჭიროებაზე 24. ამ მხრივ, ევროკავშირის ქვეყნები ტრადიციულად აშშ-ის დახმარებაზე იყვნენ დამოკიდებულნი და ეს კარგად გამოჩნდა საფრანგეთის თაოსნობით 2012 მალიში განხორციელებული ოპერაციის მიმდინარეობისას. ევროპული საბჭოს დეკლარაციამ ნათლად აჩვენა, რომ მთავრობის ლიდერები მზად იყვნენ, ხელშესახებ შედეგზე გასულიყვნენ სამხედრო სფეროში შეუსაბამობების აღმოფხვრისთვის.
ომი უკრაინის წინააღმდეგ ეფექტიან რეაგირებას მოითხოვდა, რაც, ცხადია, მნიშვნელოვან რესურსებთან არის დაკავშირებული. მთავარი აქცენტი ბუნებრივია გერმანიაზე იყო და არსებობდა საფუძვლიანი ეჭვები, რომ ასეთი ღია აგრესიის მიუხედავად, გერმანია თავს შეიკავებდა პროექტის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეჩერებისგან. დასავლეთში ჩამოყალიბებული კონსენსუსი, რომელიც სანქციების პაკეტებში, მათ შორის, რუსული ბანკების SWIFT-დან ჩახსნაში გამოიხატებოდა25, აჩვენა, რომ ქვეყნების, მათ შორის, ევროკავშირის წევრების პოზიციები საფრთხის აღქმის კუთხით დაახლოვდა, რამაც მოხსნა თავდაცვით სფეროში ინტეგრაციის გზაზე არსებული პრობლემების ნაწილი მაინც.
მარტში ევროკავშირის მიერ სწრაფი დისლოცირების 5000 კაციანი კონტინგენტის ჩამოყალიბება დაანონსდა, რომელიც ნატოსგან დამოუკიდებლად იმუშავებს. ეს, ბუნებრივია, ხანგრძლივი პროცესის შედეგია, თუმცა მართებული იქნება, ვივარაუდოთ, რომ უკრაინის თემამ პოზიციების შეჯერება მნიშვნელოვნად გაამარტივა ან დააჩქარა. ანონსს თან სდევდა განმარტებაც, რომ აღნიშნული არ უნდა ინტერპრეტირდეს, როგორც ევროპული არმიის ჩამოყალიბება და ეს შენიშვნა უპრიანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ბევრი ევროპული დედაქალაქი ჯერაც სიფრთხილით ეკიდება ამ ტერმინს. რომი ერთ დღეში არ აშენებულა და ეს კარგადაა გათავისებული ევროპელების მიერ – მიუხედავად ხელსაყრელი მომენტისა, ზედმეტად მიმწოლმა დიპლომატიამ, შესაძლოა, უკუშედეგი გამოიღოს.
მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსახლეობის განწყობის ცვლილება ევროპის არმიის იდეასთან მიმართებით. იდეა მეტად მიმზიდველი გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. საგულისხმოა, რომ ბრექსითის მიუხედავად, ყველაზე მეტად – 10%-ით გაიზარდა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის მხარდაჭერა ამ იდეისადმი. ამასთან, ზოგადი დინამიკისგან გამონაკლისებიც არსებობს უნგრეთის, რუმინეთის და საბერძნეთის სახით, სადაც მოსახლეობა ნაკლები ენთუზიაზმით უყურებს ევროპული არმიის იდეას26.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ უბიძგა დანიას, რომ რეფერენდუმის გზის შეეცვალა საკუთარი 30 წლიანი პოზიცია, კერძოდ, უარი ეთქვა CSDP-ისგან გამოთიშვაზე. ეს ე.წ. ედინბურგის კომპრომისის შედეგია, რომლის საჭიროებაც დანიის მიერ მაასტრიხტის ხელშეკრულების რატიფიკაციის ჩავარდნას მოჰყვა. ბუნებრივია, დანიის ჩართვა საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკაში მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს იმ ამბიციურ პროექტებს, რომლებიც მიმდინარე წელს ბრიუსელში დაანონსდა. დანიის თემის კონტექსტში, საინტერესოა, ევროკავშირის წევრი ფინეთი და შვედეთის გადაწყვეტილება, რომ საკუთარი უსაფრთხოება ნატოს დაუკავშირონ. ამ გადაწყვეტილებამ, კარგად აჩვენა, რომ ევროკავშირის დონეზე ხელშესახები ძვრების მიუხედავად, ნატოს ფაქტორი არათუ არ შემცირებულა, პირიქით –, ფაქტობრივად, ცივი ომის პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რაც რუსეთ-უკრაინის ომს მოჰყვა, ეხება ევროკავშირში მიმდინარე დებატებს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების ერთსულოვნების წესის კვალიფიციური უმრავლესობის წესით* ჩანაცვლების თაობაზე. აღნიშნული თემით სპეკულირება უკრაინის მოვლენებამდე გაცილებით ადრე დაიწყო და მიზეზი გადაწყვეტილებების მიღების მოუქნელი წესი იყო, რაც წლების განმავლობაში CFSP-ში პროგრესს ბლოკავდა. 2019 წელს, კომისიის პრეზიდენტად დანიშვნისთანავე, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ხაზი გაუსვა, რომ საჭირო იყო გეოპოლიტიკური ევროკავშირის ჩამოყალიბება და მუდმივად გამოდიოდა კვალიფიციური უმრავლესობის წესის დამკვიდრების ინიციატივით, თუმცა ინიციატივას გაგრძელება არ მოჰყოლია 2022 წლამდე, ამჯერად კი გაჩნდა იმედი და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანი ლობი, რათა ამ ცვლილებამ ფრთები შეისხას. 2022 წელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტობისას, ჩეხეთმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების შემუშავებას დაუთმო და ჩამოაყალიბა კითხვარი, რათა ნათლად გამოჩენილიყო, რა სფეროებშია შესაძლებელი ასეთი წესის შემოღება და როგორია თითოეული წევრი სახელმწიფოს პოზიცია27. მთავარი დაბრკოლება CFSP-ში კვალიფიციური უმრავლესობის წესის დამკვიდრებისთვის არის ის ფაქტი, რომ ეს გადაწყვეტილება ერთსულოვნებას მოითხოვს, თუმცა დიდი ქვეყნების, განსაკუთრებით, გერმანიის მტკიცე პოზიციის გათვალისწინებით, კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის წესის დამკვიდრების პერსპექტივა უფრო რეალური ჩანს ახლა, ვიდრე ოდესმე.
აქვე საჭიროა ხაზი გაესვას, რომ არასწორი იქნება ამ ყოველივეს ერთმნიშვნელოვნად თავდაცვითი გაერთიანებისთვის ნიადაგის მომზადების კუთხით დანახვა. ევროკავშირის ქვეყნების ნაწილის რეაგირების ფორმამ, შესაძლოა, პირიქით, ხელი შეუშალოს ასეთ პერსპექტივას და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ევროკავშირის დონეზე მიღწეული შეთანხმებების მიუხედავად, გერმანიამ და პოლონეთმა საკუთარი სამხედრო პოტენციალის ზრდა ევროკავშირის გარეთ არსებული შეიარაღებით, ძირითადად, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის მიერ წარმოებული ტექნოლოგიით გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპამ გაიაზრა სამხედრო მიმართულების ნიველირების რისკები, მათზე რეაგირებას ისინი დიდწილად ისევ ინდივიდუალურად აპირებენ28. კრიზისის პირობებში რაღაც ახლის შექმნას ისინი ამჯობინებენ უკვე არსებული მიმართულებების გაძლიერებას დასჯერდნენ, რომლის შედეგის გაზომვაც უფრო მარტივი იქნება და დახარჯული ფინანსებიც ადვილად გარდაიქმნება გაზრდილ უსაფრთხოების განცდაში.
ევროკავშირი წლების განმავლობაში კომფორტულად გრძნობდა თავს რბილი ძალის ამპლუაში. ნატოს სამხედრო ქოლგის ქვეშ მას არ გააჩნდა სიცოცხლისუნარიანი იმპულსი თავდაცვით სფეროში ინტეგრაციისთვის. უსაფრთხოების კუთხით მეტი ავტონომიურობის აუცილებლობის გააზრება არ უკავშირდება ერთ კონკრეტულ მოვლენას და, როგორც უკვე აღინიშნა, ვერც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ჩაითვლება ფინალურ ეტაპად. ისევე, როგორც ყველა სხვა ინტეგრაციული პროექტი, პროცესი, როგორც წესი, ხანგრძლივია, განსაკუთრებით, – ევროკავშირის უზარმაზარი ბიუროკრატიის ფონზე. ნაწილობრივ ესეცაა მიზეზი, რატომაც მოკლევადიან პერსპექტივაში საფრთხეზე რეაგირებისას, წევრი ქვეყნებისგან უფრო მეტად მოსალოდნელია არსებულ უსაფრთხოების სტრუქტურებში ინვესტირება ნაცვლად გრძელვადიან ხედვაზე დამოკიდებულ ინტეგრაციულ პროექტებში ჩართვისა.
ამის მიუხედავად, რუსეთის მიერ ევროპის უსაფრთხოებაზე ამგვარი ღია თავდასხმა მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. იქნება თუ არა ეს იმპულსი, რომელიც საერთო ხედვას ჩამოაყალიბებს, ამას დრო აჩვენებს. თუ ეს საკმარისი იქნება სუბიექტური და ხშირ შემთხვევაში ფანტომური შიშებისა და უნდობლობის გადასალახად, მაშინ ევროპის დედაქალაქები გააცნობიერებენ, რომ თავდაცვითი თანამშრომლობის გაფართოებით და თავსებადობის სტიმულირებით, საშუალება ექნებათ, ხარისხობრივად გაზარდონ კონტინენტის უსაფრთხოების დონე იმ შემთხვევაშიც, თუ შეინარჩუნებენ თავდაცვითი ბიუჯეტის ამჟამინდელ მოცულობას.
საქართველოსთვის, რომელიც საკუთარ მომავალს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში ხედავს, მნიშვნელოვანია ამ პროცესებზე დაკვირვება. ევროპის კონტინენტზე დესტაბილიზაციის კერები, რაც რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი განზომილებაა, არსებითადა ურთიერთდაკავშირებულია. რეტროსპექტივაში შეგვიძლია ვიდავოთ, რომ ევროკავშირის თავდაცვითი ინტეგრაციის პროცესების უფრო აქტიურად განვითარებისა და ანგარიშგასაწევი ევროპული თავდაცვითი პოტენციალის პირობებში კონფლიქტებზე ადრეულ ეტაპებზევე იქნებოდა ადეკვატური რეაგირება, რაც რუსეთის ფედერაციის ძირგამომთხრელი პოლიტიკის პრევენციის წინაპირობა გახდებოდა. ამ ეტაპზე შეგიძლია ვიმსჯელოთ მომავალსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც მეტად ინტეგრირებული თავდაცვითი სისტემა გაუხსნის ევროკავშირს და იმაზე, თუ როგორი იქნება ამ პროცესის ტრანსფორმაციული ძალა კონტინენტისთვის და მის ფარგლებს გარეთ.
სქოლიო
* გადაწვეტილების მისაღებად საჭიროა წევრი სახელმწიფოების მინიმუმ 55%-ის თანხმობა, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის მინიმუმ 65%-ია.
* ალექსი იასაშვილი – მეორე მდივანი, პოლიტიკური დეპარტამენტი, კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სარჩევი
საქართველოს ევროპული პერსპექტივა: ახალი ბიძგი ინსტიტუციური და ყოველდღიური ინტეგრაციისთვის
თეიმურაზ ჯანჯალია
დასავლეთის პასუხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე – სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ნორმატიული ასპექტების ანალიზი
გიორგი რობაქიძე
ნატოს გაფართოების ახალი ტალღა: რუსეთის რეაგირება და ასპირანტი ქვეყნების შესაძლებლობები
ირინე ხულუზაური