ესპანეთის ევროპული პოლიტიკა
აბსტრაქტი
სტატიაში განხილულია ესპანეთის სამეფოს ევროპული პოლიტიკა და მისი გავლენა შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. კერძოდ, ნაშრომი მიმოიხილავს ესპანეთის ხედვებსა და როლს ევროკავშირში, მათ შორის, მეტად ერთიანი, სუვერენული და გეოპოლიტიკური ევროპის მშენებლობის პროცესში, ევროკავშირის საბჭოს გასულ თავმჯდომარეობასა და ბოლოდროინდელ შიდა პოლიტიკურ პროცესებს.
ლიკა ჭიპაშვილი
2023 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე, მსოფლიოს ყველაზე პროგრესულ და ჰუმანურ გაერთიანებას – ევროკავშირს – პრეზიდენტი ქვეყნის რანგში ესპანეთის სამეფო ხელმძღვანელობდა.
ევროპული გაერთიანების ეს რიგით მე-5, ესპანური თავმჯდომარეობა სრულიად არაორდინალურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში წარიმართა.* ევროკავშირის უმთავრეს გამოწვევას, ერთი მხრივ, ჩვენს კონტინენტსა და მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა, რუსეთ-უკრაინის ომის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული დაპირისპირებისა თუ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის სახით; მეორე მხრივ კი, ევროპულ დღის წესრიგში მთავარ ადგილს იკავებდა გაფართოების პოლიტიკა, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში, მართლაც, არსებითი ცვლილებები განიცადა. მათ შორის, ევროკავშირმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ზემოაღწერილს თან ერთვოდა ეროვნულ დონეზე არსებული გამოწვევები – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და მრავალთვიანი სამთავრობო კრიზისი.
წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს ესპანეთის ევროპული პოლიტიკის ანალიზს –პერიფერიული ქვეყნის ინტეგრაციიდან ევროკავშირის საბჭოს რიგით მეხუთე წარმატებულ თავმჯდომარეობამდე. ესპანეთის ევროპეიზაციის გამოცდილების მეტად შესწავლა და ესპანეთის პრაქტიკული მხარდაჭერის მობილიზების გზების ძიება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ამ ისტორიულ პერიოდში.
„მრავალი ათწლეულის განმავლობაში ესპანეთი მიიჩნეოდა როგორც პერიფერიული ქვეყანა, მეორეხარისხოვანი აქტორი, ბრიუსელში წარმართულ მოლაპარაკებებში, რომელიც მიუყვებოდა სხვა – უფრო დიდი და გავლენიანი წევრი სახელმწიფოების მიერ უკვე განსაზღვრულ პოზიციებს. ჩვენ უნდა დავასრულოთ აღნიშნული ტენდენცია და უზრუნველვყოთ ესპანეთის ლიდერი პოზიცია ევროპაში“, – განაცხადა მთავრობის პრეზიდენტმა პედრო სანჩესმა [2023 წლის 15 სექტემბერი].1
მართლაც, ევროპის გეოპოლიტიკურ რუკაზე, ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ესპანეთი პერიფერიულ ადგილს იკავებდა, რაც რიგი ისტორიული ფაქტორებით აიხსნება. კერძოდ, ესპანეთმა დეკოლონიზაციის პროცესი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო, უფრო ადრე, განსხვავებით დიდი ევროპული სახელმწიფოებისგან, რის შედეგადაც, იგი ერთგვარად ასცდა ამ კუთხით შემდგომში ევროპაში განვითარებულ მთავარ პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესებს; ამასთან, მე-20 საუკუნეში, სამყაროს გეოპოლიტიკური ეპიცენტრის ცვლილების მიუხედავად, ესპანეთს ფოკუსი არ შეუცვლია და მის ძირითად პრიორიტეტს, წინარე საუკუნეების მსგავსად, კვლავაც ატლანტის მეორე მხარე წარმოადგენდა; ქვეყანას არ მიუღია პირდაპირი მონაწილეობა არც პირველ და არც მეორე მსოფლიო ომში და, უფრო მეტიც, გასული საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბებულ მთავარ ევროპულ ინსტიტუციებს ესპანეთი, ფრანკოს რეჟიმიდან გამომდინარე, მხოლოდ მოგვიანებით, 1980-იანი წლების შემდეგ, შეუერთდა.
ევროკავშირის წევრი ქვეყანა ესპანეთი 1986 წლის 1 იანვარს, 8-წლიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ, გახდა.2მაშინ ესპანელთათვის ევროკავშირში წევრობა, პირველ რიგში, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისა და პროგრესის მიღწევის იმედს განასახიერებდა, რაც ამავდროულად ნიშნავდა ესპანეთის, როგორც ევროპის პერიფერიული, აგრარული ქვეყნის არასასურველი იმიჯისგან თავის დაღწევას. რწმენა ევროკავშირისადმი საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ დონეზე არ შეცვლილა დღემდე. ესპანეთი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული და ღია სახელმწიფოა. ევრობარომეტრის ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ესპანელთა 83% დადებითად აფასებს ევროკავშირს, ხოლო 73% ემხრობა მის გაფართოებას [ცნობისთვის, გაფართოების საკითხზე საშუალო ევროპული მაჩვენებელია 51%].3 დემოკრატიული ტრანსფორმაციის, სოციალურ-ეკონომიკური მოდერნიზების თვალსაზრისით,4 ევროპის კავშირში წევრობის თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში, ესპანეთმა, მართლაც, შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. ევროპეიზაციის გზით ქვეყნის დემოკრატიულ მოდერნიზებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ასევე პოლიტიკური კლასის ერთსულოვნებამ და თანმიმდევრულმა მხარდაჭერამ პროცესისადმი. დღემდე, ესპანეთში თითქმის არ გვხდება ევროსკეპტიკური ხედვების მქონე პოლიტიკური მოძრაობები [გამონაკლისია VOX].
უნიკალური ენით, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობითა თუ ისტორიული კავშირებით ესპანეთი ევროკავშირისთვის განსაკუთრებულად ღირებული წევრია. იგი არის გაერთიანებაში ფართობით მეორე ყველაზე დიდი ქვეყანა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით – მეოთხე. გლობალურ დონეზე 15 ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ფიგურირებს, ევროკავშირში კი რიგით მეოთხეა. ესპანეთი არის პირდაპირი ხიდი ევროპისა და აფრიკის კონტინენტებს შორის; წარმოადგენს მთავარ აქტორს ევროკავშირისთვის ლათინურ ამერიკასთან ურთიერთობებში; ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის კი უაღრესად მნიშვნელოვანია ესპანეთი, როგორც ალიანსის ხმელთაშუა ზღვასთან დამაკავშირებელი სტრატეგიული სახელმწიფო. ესპანეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც „დიდი ოცეულის“ მუდმივი მიწვეული სტუმრის სტატუსით სარგებლობს; გლობალურ დონეზე იგი წარმოდგენილია ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიპლომატიური ქსელით [მე-9 ქვეყანა].5 ხოლო საფრანგეთის რესპუბლიკის შემდეგ, ესპანეთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების მქონე ქვეყანაა.6
თავად ესპანეთისთვის კი ევროპული პოლიტიკა ნიშნავს შიდა პოლიტიკას, ქვეყნის საგარეო ქმედების „Raison d’être“-ს. ესპანეთი მხარს უჭერს უფრო ინტეგრირებულ და უფრო ავტონომიურ ევროკავშირს, რომელსაც ექნება ლიდერი პოზიცია მსოფლიოში. იგი ემხრობა ევროკავშირში კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის განვრცობას არა მხოლოდ ერთიანი ევროპული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, არამედ ასევე ფისკალურ და სხვა სახის პოლიტიკასთან მიმართებითაც.7
ესპანეთის ამ ევროპული ხედვის უზრუნველყოფის შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა. „ევროპა უფრო ახლოს“ — ეს ესპანეთის რიგით მეხუთე თავმჯდომარეობის სლოგანი გახლდათ, პრიორიტეტებად კი ქვეყანას განსაზღვრული ჰქონდა ევროპის რეინდუსტრიალიზაციის, მწვანე ტრანზიციის, სოციალურ-ეკონომიკური სამართლიანობისა და ევროპული ერთიანობის ხელშეწყობა.8
ევროკავშირის ძლიერ გეოპოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბების იმპერატიულობიდან გამომდინარე, მაღალი იყო მოლოდინები ესპანეთის პრეზიდენტობის მიმართ. ლათინურ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკასთან სრულიად განსაკუთრებული ესპანური კავშირებიდან გამომდინარე, აღნიშნული თავმჯდომარეობა ევროკავშირისთვის იყო შესაძლებლობის ფანჯარა, განემტკიცებინა პოზიციები გლობალურ დონეზე. ამავდროულად, ესპანეთის თავმჯდომარეობა ერთგვარად ნიშნავდა გაერთიანების გეოპოლიტიკური ხედვის გაფართოებას, რომელიც ევროკავშირში ტრადიციულად დომინანტურ ფრანგულ-გერმანულ პოლიტიკურ ხაზს მიუყვება.
სწორედ აღნიშნულის დასტური გახლდათ 2023 წლის 17-18 ივლისს, ბრიუსელში, ჩატარებული ევროკავშირი-ლათინური ამერიკის/კარიბის ზღვის ქვეყნების ლიდერთა სამიტი, რომელიც 8-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართა. რეგიონში რუსულ-ჩინური გავლენების საპირწონედ და დემოკრატიული ღირებულებების გლობალურ დონეზე უკეთ დაცვის მიზნით, მათ შორის, გაერო-ს ფარგლებში, მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი იყო სამიტი, განსაკუთრებით ხსენებული რეგიონის ქვეყნების უკრაინისადმი მხარდაჭერის მობილიზაციის კონტექსტში. ამასთან, ზოგადად, ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირების საჭიროებიდან გამომდინარე, დღეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს რეგიონთან ეკონომიკური სახის თანამშრომლობის განვითარება. სწორედ ამ და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამიტის ყოველ ორ წელიწადში გამართვის თაობაზე. „ესპანეთი მიიჩნევს, რომ ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი არის ყველაზე „ევროთავსებადი“ რეგიონი პლანეტაზე იმ ერთიანი ღირებულებების გათვალისწინებით, რომელსაც ვიზიარებთ და იმ ინტერესების მხედველობაში მიღებით, რაც ორივე კონტინენტს გვაერთიანებს”, – აცხადებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც, შექმნილ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროპასა და ლათინურ ამერიკას შორის ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე განვითარებას აქტიურად ემხრობა. 9 სტრატეგიული თვალსაზრისით კი, ესპანეთისთვის, თავის მხრივ, გამოწვევად რჩება, სამომავლოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დარწმუნება ევროკავშირსა და მერკოსურს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევის მიზნით, რაც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს თავისუფალ სავაჭრო ზონას შექმნის.
ესპანეთი მსოფლიოში გამოირჩევა როგორც სანდო და ერთგული პარტნიორი, რომელიც არის არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი, არამედ უსაფრთხოების მიმწოდებელი ქვეყანა. სწორედ აღნიშნულის დასტური გახლდათ, თავმჯდომარეობის პერიოდში, ესპანეთის აქტიური ჩართულობით, 2023 წლის ოქტომბერში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ჩატარებული ევროკავშირის სამხედრო წვრთნა [LIVEX], რომელიც გაერთიანების ისტორიაში პირველად გაიმართა. „სტრატეგიული კომპასის“ ფარგლებში ჩატარებულ ამ უპრეცედენტო საერთო ევროპულ წვრთნაში, საერთო ჯამში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 2800-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.10
კონტინენტსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ესპანეთის ჩართულობის გამოხატულება გახლდათ ასევე 2023 წლის 1 ივლისს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დაწყების პირველივე დღეს, ქვეყნის ლიდერის, პედრო სანჩესის, ვიზიტი უკრაინაში, სადაც მან უკრაინელ ხალხს ესპანეთისა და ევროპის მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ქვეყნის პოლიტიკური წონის ხაზგასმას წარმოადგენდა მთავრობის პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელახლა არჩევიდან რამდენიმე დღეში მისი რიგით პირველი ვიზიტის განხორციელება ისრაელსა და პალესტინაში.
ევროპული ერთიანობისა და სოლიდარობის კონსოლიდაციას ემსახურებოდა უდავოდ 2023 წლის ოქტომბერში, გრანადაში გამართული „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ რიგით მესამე სამიტი 50-მდე ქვეყნის ლიდერის მონაწილეობით. თუმცა, სამიტზე აზერბაიჯანის ლიდერის არყოფნამ, კიდევ ერთხელ, დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ევროკავშირის მედიაციის მიუკერძოებლობა და ეფექტიანობა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან მიმართებით. მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა ამავე დროს ჩატარებულ ევროპული საბჭოს არაფორმალურ სამიტსაც და აღნიშნულის ფარგლებში მიღებულ „გრანადის დეკლარაციას“. თუმცა, დეკლარაციის ძალიან ზოგადი სახის ჩანაწერებმა11 და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიუღებლობამ ევროპულ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ სივრცეში ერთგვარი იმედგაცრუების შეგრძნება გააჩინა.
აქვე, ხაზგასასმელია, რომ ესპანეთის სამეფო, დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომელთა მმართველობის სათავეში სოციალისტი ლიდერები არიან. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო თავმჯდომარეობის დროს ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართული „ევროპელ სოციალისტ ლიდერთა“ კონგრესი, რომლის ფარგლებში კონსოლიდირებულ იქნა ტრადიციული სოციალისტური პოლიტიკური ხედვები,12 რასაც სტრატეგიული დატვირთვა ჰქონდა 2024 წელს დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნების გათვალისწინებით და ევროპის მასშტაბით მზარდი ნაციონალისტურ-პოპულისტური რადიკალური განწყობების ფონზე.
გასულ წელს, რიგით პირველი გაფართოებიდან 50 წლის შემდეგ, გარდამტეხი ცვლილება განიცადა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკამ. 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით კი, წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამ ძლიერი პოლიტიკური თანადგომის მიღმა, დღეს უკვე არანაკლებ მნიშვნელობას იძენს პრაქტიკულ დონეზე13 ესპანური მხარის მხარდაჭერის მობილიზება წევრობის გზაზე მყოფი სახელმწიფოებისთვის.
როგორც ზემოთ შევნიშნეთ, ესპანეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას თან სდევდა შიდა პოლიტიკური დაძაბულობა — რიგგარეშე არჩევნები და მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული მრავალთვიანი კრიზისი.
2023 წლის მაისში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში მარცხის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა გასული წლის ივლისში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. თავმჯდომარეობის კონტექსტიდან გამომდინარე, ევროპის თემატიკამ შიდა პოლიტიკურ დებატებსა და პროგრამებში, წინარე არჩევნებისგან განსხვავებით, დომინანტური ადგილი დაიკავა. არც მეტი და არც ნაკლები, ეს იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში ქვეყნის რიგით მეოთხე საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ამომრჩევლის ხმათა 50%-ზე მეტი ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მიიღო. ამომრჩეველთა უდიდესმა ნაწილმა მხარი, მართალია, მემარჯვენე ფლანგს დაუჭირა, თუმცა, აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი მთავრობის დამოუკიდებლად ან კოალიციურ პარტნიორ პარტიასთან ერთად ჩამოყალიბებისთვის. შესაბამისად, ეს მისია მოქმედ სოციალისტ პრემიერ-მინისტრს – პედრო სანჩესს დაეკისრა. „უბადლო სტრატეგი“, „ფენიქსი“, „რეზისტენტული“, „უკიდურესად კონკურენტუნარიანი“ და „მიზანმიმართული ლიდერი“ – სწორედ ამ და სხვა ეპითეტებით ახასიათებენ სოციალისტ სანჩესს, რომელმაც თითქმის 4-თვიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, მაინც მიაღწია შეთანხმებას და რვა პოლიტიკურ პარტიასთან** კოალიციური თანამშრომლობით მთავრობა ხელახლა ჩამოაყალიბა.
„ესპანელმა ამომრჩეველმა ხმა მისცა პროგრესულ მთავრობას და მხარი დაუჭირა დიალოგს კიდევ მომავალი ოთხი წლის ვადით, რაც არის ესპანეთისთვის [პოლიტიკური] თანაცხოვრების გარანტი“, – ასე შეაფასა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, ხოსე მანუელ ალბარესმა, პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება კოალიციური მთავრობის ფორმირების თაობაზე.14
შეიძლება აღვნიშნოთ, რომ მოცემული კოალიციური მთავრობა რვა პოლიტიკური პარტიის შემადგენლობით მაქსიმალურად უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების წარმომადგენლობას. თუმცა, ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ ამ შეთანხმებას მთავრობის ჩამოყალიბების თაობაზე მაღალი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მოყვა, განსაკუთრებით წინააღმდეგობრივია შეთანხმების ნაწილი კატალონიის საკითხთან მიმართებით. კერძოდ, შეთანხმება ითვალისწინებს ამნისტიას, რომელიც შეეხება ყველა იმ პირს, რომელსაც, 2012 წლიდან 2023 წლამდე, კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შესაბამისი ბრალდება აქვს წაყენებული ან/და რომელიც რაიმე ფორმით ჩართული იყო 2017 წელს ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმში ხსენებულ საკითხზე. ამნისტიის საკითხმა ქვეყანაში მრავალათასიანი მანიფესტაციები გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართლებრივი ხასიათის შეკითხვები გაუჩნდა ბრიუსელსაც.15
სოციალისტების თვალთახედვით, ამნისტიის კანონით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ქვეყნის პოლიტიკური შერიგებისა და საზოგადოებრივი კოჰეზიის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს გამოეხმაურა კატალონიელი სეპარატისტების ლიდერიც. „სოციალისტებთან შეთანხმება ესპანეთსა და კატალონიას შორის ისტორიული კონფლიქტის მოგვარების დასაწყისია”, – ასე შეაფასა ხსენებული კარლოს პიუჩდემონმა, რომლის ხელმძღვანელობითაც გაიმართა სწორედ 2017 წელს უკანონო რეფერენდუმი კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე [რომლის შემდეგ, იგი თავს ბელგიას აფარებს]. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ უკანონო რეფერენდუმში მონაწილეობა მაშინ რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 43%-მა მიიღო. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის მნიშვნელოვანი რეგრესი, რომელიც კატალონიის რეგიონმა განიცადა უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. რეფერენდუმის ჩატარებიდან, 5000-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა კატალონია.16
კატალონიის საკითხმა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში ყოველთვის იდგა, განსაკუთრებული აქტუალობა სწორედ ხსენებული უკანონო რეფერენდუმის შემდეგ შეიძინა. მაშინ კატალონიის ასეთმა სწრაფვამ დამოუკიდებლობისკენ ასევე ცხადად წარმოაჩინა ევროპულ დონეზე სეპარატისტული განწყობების მქონე სხვა რეგიონების საკითხის სერიოზულობა და ამ მხრივ არსებული გამოწვევა ევროკავშირისთვის. ევროპული კანონმდებლობა ითვალისწინებს წევრი ქვეყნის გაერთიანებიდან გასვლას, რასაც „ბრექსიტის“ სახით უკვე ჰქონდა ადგილი, თუმცა, ევროკავშირის კანონმდებლობაში არ გვხვდება არავითარი სახის ჩანაწერი წევრი სახელმწიფოსგან რეგიონის გამოყოფის თაობაზე.
კატალონიის რეგიონი ქვეყნის ფართობის 6%-ს შეადგენს, მოსახლეობის წილი 16%-ია და არც მეტი და არც ნაკლები ესპანეთის მშპ-ს თითქმის 20% [მსგავსად მადრიდისა] ზუსტად კატალონიაზე მოდის. განსაკუთრებით საგულისხმოა კატალონიური ენა, რომელიც ევროკავშირის დონეზე რიგით მე-14 ენაა, რომელზედაც ყველაზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. კატალონიელი სეპარატისტები დამოუკიდებლობის მოთხოვნის კონტექსტში სწორედ აღნიშნული მაჩვენებლებით აპელირებენ, რაც, სხვათა შორის, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის მონაცემსაც კი უტოლდება და რიგ შემთხვევაში, სცდება კიდეც.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ კატალონიური ენის, ასევე გალიციური და ბასკური ენების, ოფიციალური სტატუსის გამყარება წარმოადგენდა მთავრობის ფორმირების თაობაზე პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული ამ პოლემიკური შეთანხმების ერთ-ერთ საკვანძო საკითხს. შედეგად, 2023 წლის სექტემბერში, ქვეყნის პარლამენტმა დაუშვა ხსენებული ენების გამოყენება სახელმწიფო ინსტიტუტებში. აქვე, საგულისხმოა, რომ ესპანეთმა ევროკავშირსაც კი მიმართა, რათა დაეწყო შესაბამისი პროცედურა ჩამოთვლილი ენების ევროპულ დონეზე აღიარების მიზნით, რასაც წევრ სახელმწიფოთა მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. საბოლოო ჯამში, საერთო ევროპული პოზიცია შემდეგნაირად განისაზღვრა: „საკითხის განხილვა საჭიროებს წინასწარ ტექნიკურ ანალიზს17 ევროპული კომისიის მხრიდან აუცილებელი ფინანსური ხარჯების თაობაზე.“ რეგიონული ენების ოფიციალურ დონეზე აღიარება ევროკავშირს, მართლაც, დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს. საკითხის დადებითად განხილვა ლეგიტიმურ საფუძველს აძლევს სხვა სეპარატისტული განწყობების მქონე ევროპულ რეგიონებს მსგავსი თხოვნით მიმართოს ევროპის კავშირს.
კატალონიის საკითხის გარდა, ესპანეთის ამჟამინდელ კოალიციურ მთავრობას მოუწევს სხვა გამოწვევებთან გამკლავებაც. კერძოდ, ქვეყნის მთავარ შიდა გამოწვევებს შორის სახელდება უმუშევრობა [განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის], კლიმატის ცვლილება, მათ შორის, გაუდაბნოებასა და წყლის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემატური ვითარება. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე, მართალია, ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა [12.5%], რაც სწორედ ქვეყნის ლიდერის – პედრო სანჩესის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ შედეგად სახელდება, თუმცა, ევროკავშირის მასშტაბით აღნიშნული მაჩვენებელი მაინც ყველაზე მაღალია. ამასთან, ევროპულ დონეზე ესპანეთი ის ქვეყანაა, სადაც კლიმატის ცვლილების რისკი ასევე ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. მაგალითად, 2022 წელს, ევროპის მასშტაბით ტყის ხანძრების შედეგად გადამწვარი ფართობის დაახლოებით 40% სწორედ ესპანეთის ტერიტორიას შეადგენდა.***
ყოველივე ზემოაღწერილიდან გამომდინარე, შიდა დონეზე ესპანეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ერის ერთიანობისა და კოჰეზიის უზრუნველყოფის კუთხით. თუმცა, გამოწვევად რჩება მოქმედი მრავალპარტიული კოალიციის სტაბილურობის შენარჩუნება.
რაც შეეხება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, აღნიშნული შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი უფრო ერთიანი, სუვერენული და გეოპოლიტიკური ევროპის მშენებლობის პროცესში.
მიუხედავად ეროვნულ დონეზე არსებული სერიოზული გამოწვევებისა და პოლიტიკური რყევებისა, ესპანეთის ლიდერი პოზიცია ევროპული ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნების კუთხით იყო უმნიშვნელოვანესი, მათ შორის, უკრაინასთან მიმართებით. გეოგრაფიული სიშორიდან და არც ისე მჭიდრო ესპანურ-უკრაინული კავშირებიდან გამომდინარე, ესპანეთის ასეთმა პრინციპულმა პოზიციამ რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება ითქვას მოლოდინს გადააჭარბა.
არსებითი ცვლილება განიცადა გაფართოების პოლიტიკამ. მათ შორის, საქართველო კანდიდატი ქვეყნის რანგში კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა ევროკავშირს, რითაც უკვე საბოლოოდ შეუქცევადი გახდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ კავშირში სრულუფლებიანი წევრობის გზა. ეს იმიტომ, რომ ესპანური ხედვით, „ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანების“ დაარსების სახით, დამფუძნებელმა მამებმა საფუძველი ჩაუყარეს არა მხოლოდ ექვსი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას, არამედ მთელი კონტინენტის საერთო ევროპულ მომავალს.18
ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ მომავალი გაფართოების შედეგად ევროკავშირის პოლიტიკური გრავიტაციის ცენტრი აღმოსავლეთ ევროპისკენ კიდევ უფრო გადაიხრება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ესპანეთისთვის, თავის მხრივ, გამოწვევად დარჩება საკუთარი პოზიციების გამყარება ევროპულ დონეზე. მსგავსად, ევროკავშირის გეოპოლიტიკური ჩართულობის მეტად ხელშეწყობა ლათინურ ამერიკასა თუ აფრიკაში, რუსულ-ჩინური გავლენების საპირწონედ, სამომავლოდ, კვლავ იქნება ესპანეთისთვის სტრატეგიული სახის ამოცანა. „ევროპას შეუძლია და ევროპა უნდა გახდეს მსოფლიოში ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალა“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროკავშირის საბჭოს ესპანეთის თავმჯდომარეობის შემაჯამებელ სიტყვაში.19
https://globaldiplomacyindex.lowyinstitute.org/country_comparison.html
[6] UNWTO, World Tourism Barometer, May 2023, [7] Spain – Foreign Strategy Action 2021-2024, [8] ესპანეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პროგრამა:https://spanish-presidency.consilium.europa.eu/media/e4ujaagg/the-spanish-presidency-programme.pdf
[9] Le Grand Continent, „Une présidence en quatre temps“ par José Manuel Albares, Ministre des Affaires étrangères, de l’Union européenne et de la Coopération du Royaume d’Espagne, 21 juillet 2023, https://legrandcontinent.eu/fr/2023/07/21/une-presidence-pour-construire-leurope-de-demain/ [10] Spanish Presidency, Council of the EU, „Spain hosts first EU military crisis management exercise with deployment of forces“, 17 October 2023, https://spanish-presidency.consilium.europa.eu/en/news/spain-first-eu-military-crisis-management-exercise/ [11] Conseil européen, Déclaration de Grenade, 6 octobre 2023, https://www.consilium.europa.eu/fr/press/press-releases/2023/10/06/granada-declaration/ [12] „Europe in the Lead – Progressive solutions to global challenges“, Resolution adopted by the PES Congress in Málaga on 10 November 2023, https://pes.eu/wp-content/uploads/2023/11/Resolution_EN_final.pdf [13] Real Instituto Elcano, The Spanish Presidency of the Council of the EU and enlargement by Alice Cuncha, 13 December 2023, https://www.realinstitutoelcano.org/en/analyses/the-spanish-presidency-of-the-council-of-the-eu-and-enlargement/ [14] France 24, „Espagne : une présidence UE sur fond de crise politique“, Interview avec José Manuel Albares, Ministre des Affaires étrangères, de l’Union européenne et de la Coopération du Royaume d’Espagne, 10 novembre 2023, https://www.youtube.com/watch?v=Yqv-CgCX1vc [15] Blomberg, „EU’s Reynders Asks Spain for Details on Possible Amnesty Law“ by Jim Silver and Jorge Valero, 9 November 2023, https://www.bloomberg.com/news/articles/2023-11-08/eu-s-reynders-asks-spain-for-details-on-possible-amnesty-law [16] Conflicts, Revue de Géopolitique, „Espagne. Fractures politiques. Guerre des mémoires. Renouveau de la puissance“, Novembre-Décembre 2023, #48. [17] General Affairs Council, Main results, 24 October 2023, https://www.consilium.europa.eu/en/meetings/gac/2023/10/24/ [18] Le Grand Continent, „Une présidence en quatre temps“ par José Manuel Albares, Ministre des Affaires étrangères, de l’Union européenne et de la Coopération du Royaume d’Espagne, 21 juillet 2023, https://legrandcontinent.eu/fr/2023/07/21/une-presidence-pour-construire-leurope-de-demain/ [19] Grand Continent Summit, La Doctrina Albares. Discurso de José Manuel Albares, Ministerio de Asuntos Exteriores, 22 de Diciembre de 2023, https://legrandcontinent.eu/es/2023/12/22/grand-continent-summit-la-doctrina-albares/* ესპანეთის სამეფო ევროკავშირს თავმჯდომარეობდა ასევე 1989, 1995, 2002 და 2010 წლებში.
** შეთანხმება მიღწეულ იქნა შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს შორის: Spanish Socialist Workers’ Party [Partido Socialista Obrero Español, PSOE], Sumar, Basque Country Unite [EH Bildu], Basque Nationalist Party [EAJ/PNV], Republican Left of Catalonia [ERC], Together for Catalonia – Junts per Catalunya, Galician Nationalist Bloc [BNG] Canarian Coalition [CCa].
*** ტყის ხანძრების შესახებ ევროპული საინფორმაციო სისტემის [EFFIS] თანახმად.
* ლიკა ჭიპაშვილი – ევროპის დეპარტამენტის დასავლეთ ევროპის სამმართველოს პირველი მდივანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სარჩევი
ინდოეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები და მზარდი როლი თანამედროვე მსოფლიოში
დავით პიპინაშვილი
ესპანეთის ევროპული პოლიტიკა
ლიკა ჭიპაშვილი
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები რეჯეფ თაიფ ერდოღანის ახალი ვადით მმართველობის პირობებში
ეთერ ხაბელაშვილი