ძალის პრიმატის დაბრუნება და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის მომავალი

აბსტრაქტი

აღნიშნულ სტატიაში გაანალიზებულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის  ფედერაციის სამხედრო აგრესიის გავლენა საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგზე. სტატია იკვლევს შეზღუდვებს, რომელიც აღნიშნულ სისტემას გააჩნია და იმ შესაძლო გზებს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება მომავალში მსგავსი კრიზისის აცილება და სახელმწიფოთა სამართლებრივი ანგარიშვალდებულების ზრდის სტიმულირება.

ალექსი იასაშვილი

თუ სახელმწიფოების ყველაზე ფუნდამენტურ ინტერესებზე ვკონცენტრირდებით, ალბათ კონენსუალურ პასუხებს შორის იქნება თვითგადარჩენა, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს განვითარების წინაპირობას წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, მჭიდროდ არის მიბმული საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვის უზრუნველყოფასთან. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართალს მისი ბუნებიდან და ჩამოყალიბებული სისტემიდან გამომდინარე კრიტიკა არასდროს აკლდა, რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა და ჯერაც მიმდინარე სამხედრო აგრესიამ ამგვარი კრიტიკის გრადუსი მნიშვნელოვნად გაზარდა. ეს გასაგებიცაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბრძოლის ველზე დანაკარგების კუთხით ეს ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტია1, ამ დროს, ფუნდამენტური ძვრები საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის კოდიფიცირების და განმტკიცების მიმართულებით სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაიწყო. ეს არ აღმოჩნდა საკმარისი რუსეთის ფედერაციის აგრესიული და აშკარად უკანონო ქმედებების შეკავებისთვის, რაც აჩენს ლოგიკურ კითხვას: რა იქნება შემდეგ? იქნებოდა თუ არა ეს სხვა სახელმწიფოების მხრიდან მსგავსი ქმედებების მასტიმულირებელი და ხომ არ გამოიწვევს ეს საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის სრულად მორღვევას?

სტატია ზემოხსენებულ კითხვებზე პასუხების პოვნის მცდელობაა. ამ მიზნით, პოლიტიკური ასპექტით იქნება მიმოხილული არსებული სამართლებრივი წესრიგის ბუნება, მისი სისუსტეები და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლო გზები. ამასთან, ამ კონტექსტში გაანალიზებული იქნება უკრაინაში მიმდინარე ომის არაერთმნიშვნელოვანი შედეგები.

მათ, ვინც საერთაშორისო სამართლის ეფექტურ ფუნქციონირებაზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული, რაც პირველ რიგში პატარა და სუსტ ქვეყნებს მოიცავს, ყველაზე ნაკლებად სურთ, რომ იგი საერთაშორისო ზრდილობის ნორმებად იქცეს, თუმცა ბევრი, განსაკუთრებით პოლიტიკური რეალიზმის მიმდევრები, მას სწორედ ასეთად მიიჩნევენ. თუ ზრდილობის ნორმები დაირღვევა, „დამნაშავეს“ შესაძლოა გარემოცვის განაწყენებული სახეების ყურება მოუწიოს, თუმცა არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს საკმარისი იქნება მომავალში მსგავსი დარღვევის თავიდან აცილებისთვის. სახელმწიფოების შემთხვევაში, როდესაც საკითხი მათ გადარჩენას ეხება, საფუძვლიანად არის მოლოდინი, რომ დარღვევის პრევენციისთვის მეტად ეფექტური ბერკეტი იქნება შერჩეული.

რეალიზმის მიმდევრებისთვის სახელმწიფო და მისი ეროვნული ინტერესები უზენაესად რჩება. ლიბერალური ინსტიტუციონალიზმის მიმდევრებისგან განსხვავებით, რეალისტები მიიჩნევენ, რომ ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში, რაც გაგებულია არა ქაოსის, არამედ ერთი ყოვლისმომცველი მთავრობის არარსებობად, კონკურენციის ლოგიკა ძლევს თანამშრომლობის ლოგიკას, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს ან ნორმებს ამ მოცემულობის შეცვლა არ შეუძლიათ. რეალისტების თვალთახედვით, საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება იმ შემთხვევაში და იმ დრომდე, სანამ ისინი არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოთა ინტერესებს.2 მათ მსჯელობას ამყარებს საერთაშორისო სამართლის ყველა კრიტიკოსისთვის თვალშისაცემი ხარვეზი – აღსრულების პრობლემა. სახელმწიფოთა შიდა სამართლის შემთხვევაში სამართალს სამართალდამცავი ორგანოები აღასრულებენ, ხოლო სახელმწიფოების საზოგადოებაში, ჯერჯერობით, საერთაშორისო საპოლიციო სისტემა არ გაგვაჩნია. ქვეყნის შიგნით პოლიციის არარსებობის შემთხვევაში კანონების დარღვევა არავისთვის მოულოდნელი არ იქნებოდა, მაშინ რატომ არის მეტი მოლოდინი საერთაშორისო სამართლის მიმართ?!

ისევე, როგორც საზოგადოებების შიგნით, საერთაშორისო სამართალიც სახელმწიფოებს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთქმედებების შედეგია. ამ ნორმებისა და პრინციპების კოდიფიცირებამდეც კი ურთიერთობები დაუწერელი კანონებით, ტრადიციებით, ჩვეულებითი სამართლით რეგულირდებოდა.3 თუმცა, ამ შემთხვევაში, მშვიდობა ან ომი დამოკიდებული იყო მოგება/დანაკარგების მათემატიკასთან და რისკების შეფასებასთან. ამასთან, მშვიდობა ვერ იქნება დანახული, როგორც მხოლოდ ძალადობრივი ქმედებების არარსებობა, არამედ მათი დაწყების ან განახლების, სიტუაციის ესკალაციის მუდმივი შესაძლებლობა, რის მაგალითად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაც გამოდგება.

ისტორიულად მშვიდობას ვერ მივაწერთ უნივერსალურ მშვიდობისმყოფელობას. საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა ჯერაც ვერ თანხმდება, ადამიანის ბუნება ფუნდამენტურად კარგი თუ ცუდია, თუმცა საერთაშორისო სამართლის ასპექტში, საწყისი კოდიფიცირების ეტაპზე, იდეალიზმის გავლენით, გაზიარებული იყო აზრი, რომ ამგვარი სისტემით შეგვიძლია მშვიდობას მივცეთ მეტი შანსი, მაშინაც კი, თუ იდეალური არ იქნება.4

აქვე უნდა შევეხოთ იურისდიქციის საკითხსაც. სახელმწიფოები თავად წყვეტენ, რომელ ნორმებს დაექვემდებარონ, გარდა საერთაშორისო სამართლის იმპერატიული ე.წ. jus cogens ნორმებისა, რომელთაგან გადახვევის უფლება სახელმწიფოებს არ აქვთ.5 იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე ამგვარ ნორმებს შეეხება, რთულია აღსრულების უზრუნველყოფა, თუმცა კიდევ უფრო რთულადაა საქმე, როდესაც სახელმწიფო არაა მიერთებული კონკრეტულ სამართლებრივ ნორმას. ასე, მაგალითად, რუსეთის ფედერაციას, რომელმაც 2000 წელს ხელი მოაწერა რომის სტატუტს, არასდროს მოუხდენია მისი რატიფიკაცია და საბოლოოდ ხელმოწერაც 2016 წელს უკან წაიღო. იგი არაა სამართლებრივად ვალდებული აღასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკრაინაში ომის დანაშაულების გამო ზემოხსენებული სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შემდგომ.6 თუმცა, მისი დაკავების ვალდებულება ვრცელდება ყველა იმ ქვეყანაზე რომელსაც რატიფიცირებული აქვს რომის სტატუტი. იქიდან გამომდინარე, რომ ორდერი დარჩება ძალაში ვიდრე საქმე არ დაიხურება, ვლადიმერ პუტინი, ფაქტობრივად, სანქცირებულია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით. ბუნებრივია, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი წონის მატარებელია, თუმცა იგი მაინც ვერ უზრუნველყოფს სამართლის აღსრულებას.

როგორც აღინიშნა, საერთო სამართლისთვის დამახასიათებელია ენდემური სისუსტეები, შესაბამისად, მიმდინარე ომი უკრაინაში ვერ გახდებოდა პრობლემის კატალიზატორი. საერთაშორისო სამართლის პრინციპების განმტკიცება დაკავშირებულია გაზიარებულ იდეებსა და ღირებულებებთან. თუმცა, როგორც წესი, საერთაშორისო სამართალს იშველიებს, როგორც აგრესორი, ისე – მსხვერპლი სახელმწიფო. არაპროვოცირებული თავდასხმის გამართლება ყოველთვის რთულია, სწორედ ამიტომ მიმართავენ აგრესორი სახელმწიფოები სხვადასხვა მეთოდებს, მათ შორის ე.წ. „ცრუ დროშის“ ოპერაციებს, რათა საკუთარი სამხედრო აგრესია გაამართლონ. თუმცა, ზოგჯერ ამგვარი საბაბი იმდენად უსუსურია, რომ ტრადიციულ მოკავშირეებსაც უძნელდებათ აგრესორის მხარდაჭერა. ეს კარგად გამოჩნდა 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის დროს, სადაც სადამ ჰუსეინი ფაქტობრივად არც შეეცადა საკუთარი თავდასხმის გამართლებას, რასაც შესაბამისი შედეგიც მოჰყვა.7 იგივე შეიძლება ითქვას მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის მიერ მოწყობილ ე.წ. გლაივიცის ინციდენტზე, რომელიც პოლონეთზე თავდასხმის გამართლებისთვის სჭირდებოდათ.8

დღევანდელ პირობებში ტექნოლოგიების, განსაკუთრებით, სატელიტური დაზვერვის საშუალებით ასეთი ოპერაციების განხორციელება გართულებულია. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომის დაწყებამდე ამერიკული დაზვერვის მიერ რუსეთი გეგმის წინასწარ გამჟღავნებამ9 უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ფედერაციის, ფაქტობრივად, ყოვლისმომცველ საერთაშორისო იზოლაციისათვის. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ლიდერთა და მედიის გზავნილებში აქტიურად ხდება აგრესიის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ხასიათზე ხაზგასმა.

საგულისხმოა, რომ რუსეთის მიერ დაირღვა გაეროს ქარტიის არა ერთ-ერთი, არამედ უმთავრესი მუხლი, კერძოდ, მუხლი 2.4, რომელიც ძალის გამოყენებას და ძალის გამოყენებით დამუქრებას კრძალავს. რუსეთის ფედერაციამ აღნიშნულის საპასუხოდ ორი არგუმენტი მოიშველია. პირველის თანახმად, იგი თავს იცავდა და მის მიზანს წარმოადგენდა დონბასში, დონეცკსა და ლუჰანსკში უკრაინელების მიერ რუსებისთვის მოწყობილი თითქოსდა გენოციდის აღკვეთა და როგორც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს განუცხადა, მისი ნაბიჯები ნაკარნახები იყო გაეროს ქარტიის 51-ე მუხლით და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის პრინციპებით.10 აქაც, როგორ მოგვიანებით გამოჩნდა, მხოლოდ სიმბოლიზმი იყო, რადგან ამ ნაბიჯებს არ მოჰყოლია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები, რათა დაესაბუთებინა საკუთარი მსჯელობა. რუსეთი ფედერაციას ამ დრომდე არ წარუდგენია მტკიცებულებები და არ დასწრებია სასამართლოში საკითხის ზეპირ განხილვას.11 ამის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არგუმენტების მთავარი ადრესატი ქვეყნის შიდა აუდიტორია იყო. ამასთან, შემთხვევით არაა შერჩეული ტერმინი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია.“ იგი ნაკლებად მაპროვოცირებელია მოსახლეობის გონებაში, თითქოს სამართლებრივ თუ არა – რიტორიკულ დონეზე გამორიცხავს ომის მდგომარეობას.

მედიაზე, ფაქტობრივად, აბსოლუტური კონტროლისა და პროპაგანდის უკვე არაერთხელ ნაცადი ინსტრუმენტების გამოყენების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლების რიტორიკა ქვეყნის შიდა აუდიტორიისთვისაც ნაკლებ ეფექტური იყო, რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო არენაზე. ჰიბრიდული ინსტრუმენტები აქაც აქტიური იყო, მაგალითად, ინფორმაციული ქაოსი, სადაც მოსახლეობისთვის ნაცნობ მოვლენებზე აქცენტირებით, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის, ნაციზმთან ბრძოლის გახსენებით და პარალელების გავლებით ცდილობდნენ მათი მხარდაჭერის მოპოვებას და შენარჩუნებას.12 მტრის ხატის შექმნა ახალი ტაქტიკაა არაა, თუმცა ეს პროპაგანდა აქამდე არნახული აგრესიით ხორციელდება, განსაკუთრებით, – სახელმწიფო ტელევიზიის მიერ, სადაც რუსეთის ფედერაცია მორალურად ზენიტშია წარმოჩენილი, ხოლო დასავლეთის დეკადანსი ერთ-ერთი მთავარი განსჯის საგანია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპამდე უკრაინაში მიმდინარე ომს, საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის დასუსტების კუთხით განვიხილავდით, შედეგები ცალსახა არაა და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.

თავად ის ფაქტი, რომ ომი დაიწყო, ცალსახად უარყოფითად წარმოაჩენს სისტემის უნარს, შეაკავოს პოტენციური აგრესორები. როგორი ეფექტურიც არ უნდა იყოს რეაგირება, მიზანს პრობლემის პროაქტიულად პრევენცია უნდა წარმოადგენდეს.13 ვინაიდან საერთაშორისო სამართლის სიმყარეს საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის პრინციპულობა და სიმტკიცე განაპირობებს, პოტენციურ აგრესორს არ უნდა გააჩნდეს ეჭვები, რომ, თუ ის დამრღვევად იქცევა, ეს ძვირად დაუჯდება. ასეთ პირობებში უმნიშვნელოვანესია ერთი ხმით და ერთ პოზიციით მოქმედება, რათა სამართალი იქცეს ჭეშმარიტად უნივერსალურად განურჩევლად სუბიექტი ქვეყნის ზომისა თუ პოტენციალისა.

გლობალიზაციის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა სახელმწიფოებს შორის უპრეცედენტოდ გაზრდილი ურთიერთდამოკიდებულებაა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც ბევრი ვარაუდობდა, რომ რაციონალური აქტორი თავისი ნებით არ გამოუთხრიდა ძირს ფუნქციონალურ სისტემას, რადგან შესაძლო მოგება ვერ დააბალანსებდა დანაკარგებს. რუსეთის ფედერაციამ აჩვენა, რომ იგი მზად არის ასეთ რისკი გასწიოს, სანამ რჩებიან სახელმწიფოები, რომლებიც დაუჭერენ მხარს ყველას გარდა „კოლექტიური დასავლეთისა“, ვინც არ შეუერთდება სანქციების რეჟიმს და თავს შეიკავებს ან არ გაიზიარებს გაეროს თუ სხვა ორგანიზაციების ინიცირებულ რეზოლუციებს რუსეთის წინააღმდეგ.

აღნიშნული სიტუაციიდან შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ჟან-ჟაკ რუსოს ირმის ნადირობის თამაშის თეორიასთან14, რომელშიც ირმის მოსანადირებლად, ჩვენს შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია, რომ ყველა მონადირე პრინციპულად დარჩეს საკუთარ პოზიციაზე და არ აჰყვეს წამიერ ცდუნებას, რომელიც რუსეთის ფედერაციისგან შეიძლება წამოვიდეს, იქნება ეს ბუნებრივი აირის შეღავათიანი ტარიფი თუ პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი (კურდღელი). იგივე ვრცელდება საერთაშორისო სამართლის პრინციპებზეც, რადგან იგი ვერ იქნება შერჩევითი, სხვა შემთხვევაში უნდა გავიაზროთ ისიც, რომ, თუ რომელიმე მონადირე უკან დაიხევს და დათანხმდება ნაკლებად ოპტიმალურ ალტერნატივას, ანუ კურდღელს, რა შემთხვევაშიც ყველა დანარჩენი მონადირე მშიერი დარჩება, მაშინ მომავალი ნადირობის დროს, შესაძლოა, თავად აღმოჩნდეს მათ მდგომარეობაში, რადგან აღარ იქნება ნდობა ერთიანობასა და პრინციპულობაში. საერთაშორისო სამართალი იცავს ყველა სახელმწიფოს, თუმცა თუ რომელიმე მათგანი გააზრებულად ან თუნდაც გაუაზრებლად ძირს უთხრის ან არ აღასრულებს მას, პოტენციურად მოწყვლადს ხდის საკუთარ თავს და მომავალში, შესაძლებელია, მსგავსი დარღვევების ობიექტი გახდეს.

თეორიულ მოდელებს საკუთარი უპირატესობები უდავოდ გააჩნიათ, თუმცა, როგორც წესი, რთულია მათი რეალობაში გადმოტანა, განსაკუთრებით კი – საერთაშორისო სამართლის შემთხვევაში, რომელიც, მისი განვითარების განმავლობაში შერჩევითად აღსრულდებოდა და დღემდე სახელმწიფოთა ინტერესებს არის მიბმული. სწორედ ამიტომ, მიიჩნევა, რომ კანონს ფუნქციონირებისთვის პოლიტიკური ნება ესაჭიროება, ვინაიდან ეს არის რგოლი, რომლის მეშვეობითაც კანონი რეალურ ქმედებად გარდაიქმნება.15

როდესაც საქმე მსოფლიო მშვიდობის უსაფრთხოების საკითხებს ეხება, გაეროს უშიშროების საბჭო რჩება უმთავრეს ინსტიტუციად, თუმცა არსებობს რისკი, რომ იგი უბრალო დისკუსიების პლატფორმად იქცეს, რადგან მისი უნარი დაიცვას გაეროს ქარტია და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები ძირგამოთხრილია რუსეთის ფედერაციის ვეტოს უფლებით. ომის დაწყების დღიდან აქტიურად დაიწყო მსჯელობა რუსეთის ფედერაციისთვის ვეტოს ჩამორთმევის შესახებ, თუმცა საკითხი ყირიმის ანექსიის შემდგომაც მუსირებდა. საკითხისთვის არ არსებობს შესაბამისი მექანიზმი და უკრაინული მხარე ცდილობს, უშიშროების საბჭოში რუსეთი ვეტოს უფლების საბჭოთა კავშირისგან ავტომატურად მიღების უკანონობაზე გააკეთოს აქცენტი.16 საჭიროა, მოიძებნოს ისეთი პოლიტიკური, დიპლომატიური და პროცედურული გზები, რომლებიც რუსეთის ვეტოს პრაქტიკულ ეფექტს მაქსიმალურად გაანეიტრალებს. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ქარტიაში არის მუხლი, რომლის თანახმადაც უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა უნდა თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან, თუ იგი დავის მონაწილეა, ეს შეუსრულებელი დარჩება, რადგან ხმის მიცემა ნებაყოფლობითია და რუსეთი ამას არ გააკეთებს.17

ზემოაღნიშნული მნიშვნელოვნად ამცირებს იმ ფასს, რომლის გადახდაც რუსეთს სამართლის პრინციპების იგნორირებისთვის მოუწევდა. გაეროს დაფუძნების ეტაპზე საბჭოთა კავშირის ვეტოს უფლება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რატომაც სტალინმა გადაწყვიტა გაეროს სისტემაში ჩართვა, რაც, ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირის სტატუსს უსვამდა ხაზს, ხოლო, მეორე მხრივ, იცავდა მას მიუღებელი გადაწყვეტილებების თავს მოხვევისგან. ვეტოს უფლება პირველ რიგში წარმოადგენდა პრივილეგიას და ხაზს უსვამდა მისი მფლობელი სახელმწიფოების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. იმ პირობებში, როდესაც ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო თავად გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე მასშტაბური კრიზისის არქიტექტორი, საერთაშორისო სამართლის მომავალთან დაკავშირებით პესიმიზმით განგვაწყობს. ამ შემთხვევაში თითქოს მართლაც არ რჩება სივრცე მსოფლიო მშვიდობისთვის, გლობალური უსაფრთხოებისა და სამართლიანობისთვის. რუსეთის ვეტო ან თავშეკავება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებთან დაკავშირებით და მისი დემონსტრაციული უარი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწყებულ საქმისწარმოებაში მონაწილეობის შესახებ ხაზს უსვამს საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის ფუნდამენტურ სისუსტეებს. ამ ყველაფრის მოსალოდნელი შედეგი შესაძლოა იყოს მეტი მოტივაცია სხვა აქტორებისთვის, განსაკუთრებით გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისთვის, რომ ტერიტორიული დავები სამხედრო გზით მოაგვარონ, ეს კი კრიზისს უფრო მეტად გააღრმავებს.

მიმდინარე ომის პირობებში, ხშირად, რთულია პოზიტიური განვითარებების დანახვა, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ, პირველ რიგში, ეს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაში უნდა გამოიხატოს. ამის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიტუაცია ყოველთვის შეიძლება გაუარესდეს და დასავლეთის მხრიდან წითელი ხაზების გასწვრივ მოქმედება ამის დემონსტრაციაა. ამავე დროს, თითქოს ფართოდაა გაზიარებული ამ ომისა და მისი შედეგების გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა განმარტა, არჩევანი მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაზიარებული პასუხისმგებლობის სისტემასა და ძალისმიერ პოლიტიკასა და გავლენის სფეროების სისტემას შორის კეთდება.18 ამას, ესაჭიროება არა მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოების ლიდერობა, არამედ სხვა დანარჩენი სახელმწიფოების კონსენსუსი და ბრძოლისგან განცდილი ტკივილის გაზიარება, რაც არაფერია იმასთან შედარებით, რაც ომში რუსეთის გამარჯვებამ შეიძლება გამოიწვიოს. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ამ მიზანს ეფექტური ლიდერობა სჭირდება აშშ-ის მხრიდან და არსებული კრიზისიც შესაძლოა მისი ლიდერობის დეფიციტის შედეგი იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრიზისის შედეგი შესაძლოა პოზიტიური იყო, ვინაიდან იგი ხშირად ტრანსფორმაციის და ადაპტაციის კატალიზატორია.19

რუსეთის ფედერაცია მის მიერვე შექმნილ კრიზისს ნატოსა და აშშ-ს უკავშირებს. იგი აქტიურად ცდილობს ანტიდასავლური სენტიმენტები გააღვივოს დანარჩენ მსოფლიოში და განსაკუთრებით წარმატებით ეს სტრატეგია ანტიკოლონიალიზმის და დასავლური ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგ გალაშქრების20 ეგიდით მუშაობს. რუსეთი ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ მას დასავლეთი არ სჭირდება და მის მიღმა ეძებს პარტნიორებს. ამის ერთ-ერთი ბოლო გამოვლინება იყო გადაწყვეტილება სუაჰილისა და ამჰარული ენების რუსეთის ფედერაციის სკოლებში სწავლების შესახებ.21 ამის მიუხედავად, გენერალური ასამბლეის რეზოლუციებში რუსეთი მაინც უკიდურესად იზოლირებულია. ეს პოზიტიური განვითარებაა, ვინაიდან სწორედ იმ პრინციპულობის გამოხატულებაა, რაც უკვე ვახსენეთ.

რუსეთის მიერ დასავლეთის მიღმა მოკავშირეების ძიების ასპექტში, საგულისხმოა, გამოვყოთ ჩინეთის როლი, რომელიც კრიზისის მოგვარებას ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად აპირებს.22 იქმნება ერთგვარი პარადოქსული სიტუაცია, სადაც ორივე ბანაკი ერთსა და იმავე პრინციპებზე აკეთებს აქცენტს, თუმცა განსხვავებული ინტერპრეტაციით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამის შესაძლებლობა საერთაშორისო სამართლის პრინციპების ხშირად ბუნდოვანი შინაარსიდან გამომდინარე, ეს არ არის მისი ბუნების ავტომატური შედეგი. ამ ტენდენციის საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ მას გაგრძელება ექნება, არსებობს სამართლებრივი სისტემის კიდევ უფრო მეტად დასუსტების და ფრაგმენტაციის რისკი.

რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, ახალი ტალღები, რომლებიც სულ უფრო ფართოვდება და მოიცავს, როგორც ექსპორტზე შეზღუდვებს, ასევე გადაადგილების აკრძალვებს და ანგარიშების გაყინვას მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. მიუხედავად, იმისა, რომ რუსეთის პოზიციონირებს ისე, თითქოს მისთვის ამ ნაბიჯებს ეფექტი არ ჰქონია, ეს ნაკლებად დამაჯერებელია. შეგვიძლია ვიდავოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ექნებოდა მოლოდინი, რომ მის აგრესიაზე ამგვარ პასუხს მიიღებდა, შესაძლოა ეს ნაბიჯი არ გადაედგა ან სულ მცირე მეტად მომზადებულიყო. ამას ხედავს დანარჩენი მსოფლიოც და ის პოტენციური აგრესორებიც, რომლებიც დასავლურ „ზრდილობიან“ დიპლომატიას სისუსტედ განიხილავდნენ.

როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ომი, ეჭვგარეშეა, რომ იგი სერიოზული წყალგამყოფი იქნება. დარტყმა, რომელიც ამ ომით საერთაშორისო სამართლებრივი სისტემისადმი ნდობამ მიიღო, შესაძლოა ბოლომდე არასდროს აღმოიფხვრას, თუმცა რჩება სივრცე იმედისთვის, რომ შოკი, რომელიც რუსეთის ფედერაციის აგრესიამ გამოიწვია უბიძგებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ამოავსოს ის ნაპრალები საც სამართლებრივ სისტემას გააჩნია, გაზარდოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.

მიუხედავად იმისა, ამ გადმოსახედიდან, რთული წარმოსადგენია საერთაშორისო სამართლის სრულად დე-პოლიტიზაცია. ყველა ნორმა და პრინციპი ყოველთვის და ყველგან მსგავსი შეუპოვრობით არ იქნება დაცული და დამოკიდებული იქნება, ვინ ითავებს ლიდერობას. კრიზისის გეოგრაფიიდან და ისტორიიდან გამომდინარე ეს სხვადასხვა სახელმწიფოები ან სახელმწიფოთა ჯგუფები შეიძლება იყვნენ, რადგან აქ რეაგირებისთვის აუცილებელი რესურსების თემა არ არის უკანასკნელი ფაქტორი. იდეალიზმით ნასაზრდოები იმედგაცრუების ნაცვლად, უფრო ჯანსაღი მიდგომის მაგალითი იქნება, თუ სისტემის გაძლიერებას შევხედავთ, როგორც პროცესს და აქცენტი გაკეთდება პრობლემების ეტაპობრივად და არა ერთბაშად აღმოფხვრაზე. პარალელურად, მნიშვნელოვანი ძვრების წინაპირობა იქნება სახელმწიფოთა და მათ ლიდერთა მიერ საკუთარი წილი პასუხისმგელობის გააზრება, რათა მივაღწიოთ თანამშრომლობით ნასაზრდოებ წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს.

[1] Masters, J. 2023. “Ukraine: Conflict at the Crossroads of Europe and Russia.” Council on Foreign Relations. 2023. https://www.cfr.org/backgrounder/ukraine-conflict-crossroads-europe-and-russia

[2] Krasner, D. S. 2002. “Realist views of international law.” In Proceedings of the ASIL Annual Meeting, vol. 96, pp. 265-268. Cambridge University Press.

[3] Greenwood, C. 2008 “Sources of International Law: An Introduction.” United Nations Office of Legal Affairs. https://legal.un.org/avl/pdf/ls/greenwood_outline.pdf

[4] Allott, P. 2022. “International Law as True Law: A New Approach to a Perennial Problem.” Blog of the European Journal of International Law. January 12, 2022, https://www.ejiltalk.org/international-law-as-true-law-a-new-approach-to-a-perennial-problem/

[5] United Nations. 2019. “Peremptory norms of general international law (jus cogens)” in Report of the International Law Commission. https://legal.un.org/ilc/reports/2019/english/chp5.pdf

[6] Aljazeera. 2023. “ICC issues Putin arrest warrant on Ukraine war crime allegations.” March 17, 2023. https://www.aljazeera.com/news/2023/3/17/icc-issues-arrest-warrant-for-russias-putin-over-ukraine-crimes
[7] Miller Center. n.d. “The Gulf War.” University of Virginia. https://millercenter.org/statecraftmovie/gulf-war
[8] Pope, C. 2018. “How a False Flag Sparked World War Two: The Gleiwitz Incident Explained.” HistoryHit. August 31, 2018. https://www.historyhit.com/gleiwitz-incident-explained/

[9] New York Times. 2023. “How US adopted new intelligence playbook to expose Russia’s war plans.” February 23, 2023. https://www.nytimes.com/2023/02/23/us/politics/intelligence-russia-us-ukraine-china.html
[10] Jus Mundi. 2022. “Implications Of The War In Ukraine Under International Law – Part 1.” April 29, 2022. https://blog.jusmundi.com/implications-of-the-war-in-ukraine-under-international-law-the-use-of-force-under-international-law/

[11] Ibid.
[12] Wesolowski, K. 2022. “Is there any truth to Russia’s ‘Ukrainian Nazis’ propaganda?” DW. March 12, 2022. https://www.dw.com/en/fact-check-is-there-any-truth-to-russias-ukrainian-nazis-propaganda/a-63970461
[13] Ashford, E. 2023. “The Persistence of Great-Power Politics.” Foreign Affairs. February 20, 2023 https://www.foreignaffairs.com/ukraine/persistence-great-power-politics

[14] kyrms, B. 2001. “The Stag Hunt.” U. C. Irvine. https://sites.socsci.uci.edu/~bskyrms/bio/papers/StagHunt.pdf

[15] Institut Montaigne. 2022. “International Law and the War in Ukraine: Three questions to Julia Grignon.” May 3, 2022.https://www.institutmontaigne.org/en/analysis/international-law-and-war-ukraine

[16] Institute for War & Peace Reporting. 2022. “Can Russia’s UN Veto be Removed?” October 11, 2022. https://iwpr.net/global-voices/can-russias-un-veto-be-removed

[17] Ibid.

[18] Institut Montaigne. 2022. “International Law and the War in Ukraine: Three questions to Julia Grignon.” May 3, 2022.https://www.institutmontaigne.org/en/analysis/international-law-and-war-ukraine

[19] Di Carlo, I. 2022. “After the storm: The EU in uncharted waters.” European Policy Center. November 25, 2022.https://epc.eu/content/PDF/2022/Jubilee_Papers/Jubilee_Think_Piece_di_Carlo.pdf

[20] Jaswal, T. 2022. “The future of international law in light of the Russian-Ukraine conflict.” The Leaflet. December 13, 2022. https://theleaflet.in/the-future-of-international-law-in-light-of-the-russian-ukraine-conflict/

[21] Charter97. 2023. “Russian Schoolchildren To Be Taught African Languages.” March 20, 2023. https://charter97.org/en/news/2023/3/20/540742/

[22] Ministry of Foreign Affairs of the People’s Republic of China. 2021. “China’s Position on the Political Settlement of the Ukraine Crisis.” February 24, 2023. https://www.fmprc.gov.cn/mfa_eng/zxxx_662805/202302/t20230224_11030713.html

* ალექსი იასაშვილი – I მდივანი, საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

სარჩევი