დროებითი დაცვის დირექტივის გააქტიურება, როგორც პასუხი რუსეთის აგრესიას: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრაქტიკა

აბსტრაქტი

სტატიაში განხილულია ევროკავშირის დროებითი დაცვის დირექტივის არსი, მიზანი, მექანიზმები, დირექტივის მნიშვნელობა მოსარგებლე ადამიანებისათვის. სტატიაში ასევე გაანალიზებულია უკრაინელი ლტოლვილების ნაკადების მიღების პროცესში დირექტივის როლი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაგალითზე ნაჩვენებია დირექტივის პრაქტიკაში დანერგვის, მისი სამართლებრივი მოწესრიგებისა და მართვის პროცესი.

ოთარ ნიშნიანიძე

ევროკავშირის გლობალური როლი და მნიშვნელობა მიუთითებს მის აუცილებელ ჩართულობაზე მსოფლიო კონფლიქტების პრევენციასა და საერთო მშვიდობის დამყარებაში.1 ამავდროულად, ევროკავშირის როლი საკვანძოა ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციიდან გამომდინარე, ცალკეული ევროკავშირის წევრი ქვეყნის ვალდებულების გათვალისწინებით, რაც  საერთო ევროპული ფუნდამენტური ღირებულებების გამოხატულებაცაა.2 საინტერესოა, პირველ რიგში, ევროკავშირის 2001 წლის 55/EC დროებითი დაცვის დირექტივის თავდაპირველი ჩამოყალიბება და შემდგომ მისი გააქტიურება. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, რომელმაც ევროპაში ლტოლვილთა ახალი ნაკადები წარმოშვა, ღირებულია დირექტივის პრაქტიკაში დანერგვის მხრივ გერმანიის მიერ გადადგმული ნაბიჯების გაანალიზება და მათზე დაკვირვება.

ევროკავშირის 2001 წლის 55/EC დროებითი დაცვის დირექტივის მიღებას წინ უსწრებდა სამოქალაქო ომი ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე. ე.წ. იუგოსლავიის სამოქალაქო ომს გამოქცეულ მიგრანტთა დიდი ნაკადი თავშესაფრის მისაღებად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიადგა. 1991 წლიდან 2001 წლამდე მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებების ფონზე თავშესაფრის მაძიებელთა შედინებამ ევროკავშირში წარმოშვა ამ პროცესების მართვისა და დარეგულირების აუცილებლობა.3 სწორედ ამ გამოცდილებამ განაპირობა 2001 წელს დირექტივის მიღება, როგორც პასუხი იმ გამოწვევებს, რომლებიც, შესაძლოა, წარმოიშვას ომის პირობებში იძულებით გადაადგილებული ხალხის ნაკადების გამო.

რუსეთის-უკრაინის ომის ფონზე დროებითი დაცვის დირექტივის ძალაში შესასვლელად საჭირო იყო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც 2001 წლიდან მოყოლებული არაერთხელ შესულა საბჭოს დღის წესრიგში გადასაწყვეტ საკითხად. ევროპული სამეცნიერო წრე აქტიურად განიხილავდა დირექტივის გააქტიურების საკითხს სირიაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებების პერიოდშიც, თუმცა მხოლოდ 2022 წელი აღმოჩნდა გადამწყვეტი, როდესაც 4 მარტს საბჭოს 2022/382 რეზოლუცია გამოიცა გადაწყვეტილების განხორციელების შესახებ, რომელიც შეეხებოდა უკრაინიდან შემოსულ მიგრანტთა დროებითი დაცვისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიღების საკითხს.4

სტატიაში განხილულია დროებითი დაცვის დირექტივის მნიშვნელობა და მისი მიზნები, თუ რას ემსახურება იგი და ასევე რამდენად წარმატებულად ხდება მისი პრაქტიკაში დანერგვა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამოცდილებების გათვალისწინებით გაანალიზებულია სტუმარი ქვეყნის მიდგომა და მოქმედება ომის მიგრანტთა მიღების.

დროებითი დაცვის დირექტივის განხილვისას მნიშვნელოვანია დირექტივის მიღებისას არსებული ისტორიული კონტექსტის მიმოხილვა, დირექტივის არსისა და მიზნის მოკლედ გაანალიზება და მისი პრაქტიკაში განხორციელების მექანიზმის ჩვენება.

ისტორიული კონტექსტი

დროებითი დაცვის დირექტივის საჭიროება 90-იან წლებში გაჩნდა, როდესაც, ე.წ. იუგოსლავიის ომის დროს დაძრული ნაკადების შემოდინების ფონზე, ევროპას შესაბამისი რეგულაცია არ გააჩნდა.5 ევროპული ოჯახის პრაქტიკა ჰუმანიტარული კრიზისებისას უკვე იცნობდა გარკვეულ დროებითი დაცვის სტატუსს, მაგალითად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში „მოთმინების“, „ტოლერანტულობის“ (Duldung) ბინადრობის უფლების გაცემა, ასევე მსგავსი სახის მიდგომები სხვა წევრ ქვეყნებში6, თუმცა არსებული სისტემა ვერ აკმაყოფილებდა საერთო გამოწვევებს. ხშირ შემთხვევაში იმდროინდელი პრაქტიკა ცალკეული ქვეყნების გამოცდილებებს ერგებოდა და საერთო მოთხოვნებთან შეუთავსებელი ან არათანმიმდევრული იყო.

პრაქტიკის ჰარმონიზაცია დროებითი დაცვის კუთხით ევროკავშირში აუცილებელი გახდა 1999 წელს კოსოვოს კრიზისის დროს, როდესაც ნაკადების არასწორად ნაწილდებოდა და მიღების პროცესები დაურეგულირებელი და გაუმართავი იყო.7 ჰარმონიზაციის ოფიციალური და პროცესუალური საწყისი სტადია ამსტერდამის ხელშეკრულება და საერთო ევროპული ლტოლვილთა მიმართ მოპყრობის სისტემის დანერგვა გახდა. დროებითი დაცვის დირექტივით შედგა სტრუქტურული ჩარჩო, რომელიც დაეხმარებოდა წევრ ქვეყნებს ნაკადების (mass influx) მართვისას ემოქმედათ ერთიანი, ბალანსირებული და ეფექტური ფორმით სოლიდარულობის პრინციპის გათვალისწინებით.8

არსი

დროებითი დაცვის რეჟიმი კლასიკური მნიშვნელობით ხორციელდება, როგორც გადაუდებელი და აუცილებელი რეაქცია ნაკადების შემოდინებისას (mass influx). 1951 წლის ჟენევის კონვენციასთან კონტრასტში, რომელიც ხორციელდება ცალკეული შემთხვევების ინდივიდუალური სტატუსის განსაზღვრებით, დირექტივა მიმართულია ჯგუფურ დაცვაზე, რომელიც გამოიყენება სახელმწიფოს მიერ, რათა არ მოხდეს თავშესაფრის მაძიებელთა მიღების სისტემის გადატვირთვა და გაეცეს დროული პასუხი მათ, ვინც დახმარებას ითხოვს.

„სუბსიდიური“9 დაცვის სტატუსის გარდა სხვა შესაძლებლობის დასანერგად, დროებითი დაცვის სტატუსმა მოითხოვა ჟენევის კონვენციაში განმარტებული „ლტოლვილის“ ცნების ფარგლების გაფართოება. „ლტოლვილის“ ცნებაში დროებითი დაცვის სტატუსი გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტულ პირობებში, როდესაც ნაკადები შემოედინება (mass influx). გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განმარტებით, დროებითი დაცვის სტატუსი იქნებოდა „მოსახერხებელი და პრაგმატული მნიშვნელობის მქონე დაცვის საშუალება იმ დიდი ნაკადებისთვის, რომლებიც გაურბიან ადამიანის უფლებათა დარღვევას, ასევე შეიარაღებულ კონფლიქტს სამშობლო, რაც შესაძლოა სხვა შემთხვევაში იწვევდეს თავშესაფრის ძიების პროცედურების გადატვირთვას.“10

დროებითი დაცვის კლასიკური მნიშვნელობის გარდა არსებობს ლიმიტირებული დაცვის სტატუსები სხვადასხვა სახელმწიფოში. რეალობაში ეს სტატუსები ინდივიდისათვის იდენტური პრაქტიკული მნიშვნელობის მატარებლები არიან, როგორც დროებითი დაცვის სქემა, თუმცა ისინი ამ შემთხვევაში არ არიან დაკავშირებულნი ნაკადების შემოდინებასთან (mass influx). მაგალითად, დაცვის სტატუსები შეზღუდული დროით ჰუმანიტარული მიზნით იმ ადამიანებისათვის, რომლებიც რჩებიან ჟენევის კონვენციისა და დროებითი დაცვის დირექტივის ფარგლებს გარეთ.11

მიზანი

დროებითი დაცვის დირექტივა წარმოადგენდა პირველ სამართლებრივ ინსტრუმენტს თავშესაფრის მაძიებელთა რეგულაციის მიმართულებით და განისაზღვრებოდა, როგორც „ხელსაწყო ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა მიღების სისტემაში.“12 დირექტივით იქმნებოდა სამოქმედო სივრცე, რომელიც იფუნქციონირებდა შეუფერხებლად და არ გამოიწვევდა კოლაფსს დიდი ნაკადების შემოდინების დროს.

დირექტივის მთავარი მიზანი დაყოფილია ორ ნაწილად. ერთი მხრივ, სთავაზობს მინიმალურ სტანდარტს დროებითი დაცვის მიღების პროცესში მათ, ვინც გადაადგილდებიან იძულებით მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით და ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას და, მეორე მხრივ, აწესებს ბალანსს გაწეულ დახმარებაში წევრ ქვეყნებს შორის მასების მიღებისა და მათთან გამკლავების დროს.

ამასთან გამოიყოფა კონკრეტული მიზნებიც, მაგალითად, ტოტალური სისტემის ბლოკადის თავიდან აცილება ეროვნულ დონეზე დიდი ნაკადების შემოდინებისას, რომელსაც ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ერთი მხრივ, სახელმწიფოებისთვის, მეორე მხრივ, იმ პირებისთვის, რომლებიც ეძებენ დაცვას ძირითადი შემოდინებული ნაკადებისგან განცალკევებით. გარდა ამისა, წევრ ქვეყნებს შორის ბალანსის მიღწევაც  ერთ-ერთი მიზანია მიღებული ხალხების მიმართ კოორდინირებული დროებითი დაცვისათვის. მიზანი ასევე არის სოლიდარულობის გამოხატვა, რაც გულისხმობს შეგნებულ და ნებაყოფლობით ქმედებებს მიგრანტების დასახმარებლად.13

მექანიზმი

დროებითი დაცვის დირექტივის განხორციელებისას აუცილებელია, განისაზღვროს ის მექანიზმები და ის სივრცე, სადაც მოცემული ინსტრუმენტი ამოქმედდება:

  1. განისაზღვროს ის ძირითადი მიზეზები, რომელთა საფუძველზეც ევროკავშირი მოქმედებს და რასაც ეყრდნობა – სისტემური ბლოკადა და ზეწოლა ეროვნულ დონეზე სახელმწიფოებში, რაც გამოწვეულია ლტოლვილთა დიდი რიცხვით, დაცვის ხელმისაწვდომობის გარდაუვალობა, მიმღები ქვეყნების სისტემებს შორის განსხვავებების არსებობა, ნაკადების მიღების პროცესში უთანასწორობა და სოლიდარულობის უგულებელყოფა.14
  2. გამოიკვეთოს მიზნები, რომელთაც ემსახურება მოცემული დირექტივა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ძირითადი, ორი მიზანია: მინიმალური სტანდარტების დაწესება დროებითი დაცვის სტატუსზე და ბალანსირების აღდგენა გაწეულ დახმარებაში მიმღებ ქვეყნებს შორის.15
  3. განსასაზღვრია ასევე დროებითი დაცვის დირექტივის აქტივაციის გზა, რომელსაც სჭირდება ევროკომისიის რეკომენდაცია და საბჭოს უმრავლესობის მხარდაჭერა, თუმცა წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, პროცესის მიმდინარეობისას კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოითხოვონ დირექტივის აქტივაციის საჭიროებების გამოკვლევა.16
  4. ინდივიდუალურ და სახელმწიფეობრივ დონეზე შედეგების თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია მიმღები სახელმწიფოს მხრიდან ინდივიდებისათვის დაუყოვნებლივი დაცვისა და უფლებების შეთავაზება. ასევე, სახელმწიფოებისთვის პროცედურული დანერგვის პერიოდის გამარტივება და შემცირება, სისტემური ბლოკადის პრობლემების თავიდან აცილება და, საბოლოოდ, წევრ ქვეყნებს შორის სოლიდარულობის შეგრძნების შენარჩუნება .17

რუსეთ-უკრაინის ომის გამო 8 მილიონამდე ადამიანი გაექცა აგრესიას ევროპულ ქვეყნებში, რა დროსაც ტერიტორიული სიახლოვე დიდ როლს ასრულებს.18 ევროპული ქვეყნების ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მიგრაციული ნაკადის ასეთი მასშტაბური შემოდინება არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში სამხედრო დაპირისპირებების საფუძველზე ევროპას მიუღია ლტოლვილები.   დიდი გამოწვევების წინაშე დადგა ევროპული ოჯახი, რადგან ქვეყნების უმრავლესობა მოუმზადებელი შეხვდა ამ საფრთხეს.  რუსეთმა დაწყებისთანავე ეს ომი მონათლა „სპეციალური სამხედრო ოპერაციად“, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსი უმცირესობის მიმართ გამოგონილი „ნეონაცისტური მიდგომების“ აღმოფხვრას.

მოცემული მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ადეკვატურ საპასუხო რეაგირებას მოითხოვდა, რაც გულისხმობდა ომის დროს, როგორც პოლიტიკურ, ისე ჰუმანიტარულ თანადგომას. დროებითი დაცვის დირექტივა წარმოადგენდა ევროკავშირის რეაგირებას კრიზისის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერისა და თავშესაფრის უზრუნველყოფის საჭიროების ფონზე.

რუსეთ-უკრაინის ომისა და მისგან გამოწვეული შექმნილი გასაჭირის დროს უკრაინელი ხალხისათვის გადაადგილება ევროკავშირის მიმართულებით ერთადერთი გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო ტერიტორიული სასაზღვრო სიახლოვიდან გამომდინარე. ევროკავშირის ქმედებები მოიცავდა დროებითი დაცვის დირექტივის გააქტიურებასაც. პრობლემატური საკითხი მოცემულ დირექტივაში ყოველთვის რჩებოდა „ნაკადების შემოდინების“ ტერმინის განმარტება, რაც უკრაინის შემთხვევაში უდავო აღმოჩნდა.19

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიდგომა ადმინისტრაციული თვალსაზრისით დროებითი დაცვის დირექტივის განხორციელებაში განსხვავდება. გერმანიის შემთხვევაში ლტოლვილთა მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დირექტივის მეხუთე მუხლის შესაბამისად, რომელიც მოიაზრებს უცხო ხალხის ჯგუფთა მიღების აუცილებლობას ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.20 გერმანიის ბინადრობის შესახებ კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად პირებს, რომლებიც 24 თებერვლის 2022 მდგომარეობით უკრაინაში ცხოვრობდნენ, ეძლევათ გერმანიაში ბინადრობის მოთხოვნის უფლება. ასევე მიღებულ იქნა უკრაინელი ხალხის ტრანზაქციის რეგულაცია, რომელიც მოიაზრებს სამართლებრივ რეგულაციებს უკრაინელი ხალხის გადაადგილების პროცესში.21

განხორციელება

ნენსი ფეზერიმ22 საკუთარ მოხსენებაში აღნიშნა, რომ დირექტივის გააქტიურების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, 24 თებერვალს, დილის 8 საათზე გაიმართა პირველი კონფერენცია ფედერალური მიწების შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის, რაც მან ძალიან სწრაფ რეაქციად შეაფასა გერმანულ რეალობაში. ფედერაციას ფედერაციული მიწებისთვის უნდა გადაეცა მიმართვა ხალხის მიღების პროცედურის შესახებ. პროცედურა იყო შემდეგი: ქალაქებსა და დაბებში პოლონეთსა და საფრანგეთთან თანამშრომლობით შეიქმნა ცალკეული კვანძები ლტოლვითა გადანაწილებისთვის. რისთვისაც გერმანიაში გადაადგილებისთვის „კიონიგშტაინის გასაღების“* შესაბამისად გადანაწილებული თანხების მიხედვით დაიწყო საქმის წარმოება.23 ასევე შეიქმნა უფასო აპლიკაცია, საინფორმაციო პლატფორმა „germany4ukraine“ რომელიც, ზემოხსენებული 24-ე მუხლის შესაბამისად, ონლაინაპლიკაციის წარდგენის შესაძლებლობას ქმნიდა. ცალკეული ფედერაციული მიწების შესაძლებლობების შეფასებისას ფედერაციამ გაითვალისწინა აუცილებელი პერსონალური და ტექნიკური დახმარების მნიშვნელოვანი როლი, რამაც ხელი შეუწყო მათ მუშაობას.24

სამართლებრივი სივრცე

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა უკრაინელი მიგრანტებისთვის სამართლებრივი მოწესრიგების ორ მიმართულებას ქმნის.25 ერთ შემთხვევაში, კანონი ბინადრობის, დასაქმებისა და ინტეგრაციის შესახებ უცხოელებისათვის გერმანიის ფედერაციის ტერიტორიაზე 24-ე მუხლით განსაზღვრავს ბინადრობის უფლების მინიჭებას პირებისათვის, ვინც მოიაზრება დროებითი დაცვის სტატუსის მქონედ. ასეთ მოცემულობაში დროებითი დაცვის დირექტივის ქოლგის ქვეშ მყოფი პირები სარგებლობენ ამ კანონით მინიჭებული უფლებით. მეორე შემთხვევაში, შესაძლებელია თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ კანონის შესაბამისად იმოქმედოს იძულებით გადაადგილებულმა პირმა და საქმე ამ მიმართულებით აწარმოოს.

სამართლებრივი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც იმართება სიტუაცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, პირველ რიგში, არის ევროკავშირის ზემოხსენებული დირექტივა და მისგან გამომდინარე ადგილობრივ დონეზე მიღებული ცალკეული რეგულაციები თუ საკანონმდებლო ცვლილებები. თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ კანონი არეგულირებს გერმანიაში სოციალური შეღავათების მიღების და არაგერმანელი მოქალაქეთათვის იმ შესაძლებლობებით სარგებლობის საკითხს, რომელსაც გერმანიის მოქალაქეები იღებენ სოციალური კეთილდღეობის კუთხით. ეროვნულ დონეზე, მას შემდეგ, რაც დირექტივა ძალაშია შესული, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სამართლებრივი რეგულირების ზემოხსენებულ გზებს სთავაზობს უკრაინა-რუსეთის კრიზისით დაზარალებულებს.

პროცესის მართვა და შედეგი

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, პირველ პრობლემას, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები წააწყდნენ, იყო დიდი ნაკადი, რომლის გამკლავებაც ცალკეული ერთი ქალაქისა თუ სოფლის ადმინისტრაციულ ორგანოებს არ შეეძლოთ. ამისათვის გერმანიაში შეიქმნა დამატებითი კვანძები, საიდანაც ხდებოდა ქალაქებსა და სოფლებში ნაკადების სწორი გადანაწილება, რამაც გარკვეულწილად შეამცირა ადმინისიტრაციული ორგანოების გადატვირთვა. ასევე შეიქმნა და ამოქმედდა უფასო აპლიკაცია და საინფორმაციო პლატფორმა „germany4ukraine“, რომლებშიც თავმოყრილია ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რითაც პროცესი უკრაინელი ხალხისათვის გამარტივებული და დაჩქარებული ხდება. არამარტო საინფორმაციო, არამედ განცხადების გაკეთებაც სწორედ ადგილზე მიუსვლელად მოცემული პორტალით ხდება, რაც მკვეთრად ამცირებს ადმინისტრაციული პერსონალის დროს და მიმართულია სწრაფი შედეგისაკენ.

ასევე პორტალი ბუკლეტის სახით ქმნის მთავარ საკითხებზე მითითებებს, თუ როგორია ადმინისტრაციული მოწყობა ქვეყანაში, რა ენებზეა კომუნიკაცია შესაძლებელი, ასევე  მითითებულია სასწრაფო დახმარებისა თუ გადაუდებელი შემთხვევების დროს საჭირო ტელეფონის ნომრები. მოცემულია უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის მისამართი, ნომრები და სხვა ზოგადი ინფორმაცია, რაც შესაძლოა დასჭირდეს პირს. მითითებულია, თუ რომელ ფედერაციულ მიწებზე რომელი უცხოელთა სააგენტოა დროებით დაცვის სტატუსის მიღებისათვის მზად და აუცილებელ დოკუმენტთა ნუსხა, რომლებიც უნდა თან იქონიოს პირმა რეგისტრაციის დროს. აუცილებელ პირობას წარმოადგენს უკრაინის პასპორტი და ასევე გარკვეულ შემთხვევაში უკრაინული ID ბარათი, რის შემდეგაც მათ ეძლევათ ფიქციური სერტიფიკატი (Fiktionsbescheinigung), რითაც ოფიციალურ ბინადრობის ნებართვას მიღებამდე ისარგებლებენ.  ასევე მოცემულია ინფორმაცია სხვა ყველა იმ სოციალური თუ სამართლებრივი უფლების შესახებ, რითაც შეუძლიათ სარგებლობა უკრაინელებს გერმანიაში.26

სტატიის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ზოგადი ინფორმაციისათვის თავის მოყრა, დროებითი დაცვის დირექტივის გააქტიურებისა და მისი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განხორციელებისა და დანერგვის შესახებ.

სტატიაში განვიხილეთ დროებითი დაცვის დირექტივის წინარე ისტორია და შექმნის მიზეზები, მისი არსი და მნიშვნელობა, მისი როლი ევროკავშირისა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. თეორიული მსჯელობისა და განხილვის შემდგომ, სტატიაში მიმოხილულია დირექტივის პრაქტიკაში განხორციელება და მისი პირველად გააქტიურება კონკრეტულად ერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გერმანიის, მაგალითის განხილვით.

საკითხის შემდგომი კვლევისთვის ღირებული იქნება საკვანძო ტერმინის – „დიდი ნაკადები“ (mass influx) – ვრცელი განმარტება და მოცემული თემატიკის  უფრო სიღრმისეული სამართლებრივი ანალიზი.

[1] European Union External Action. 2021. “Conflict Prevention, peace building and mediation.” https://www.eeas.europa.eu/eeas/conflict-prevention-peace-building-and-mediation_en

[2] European Commission. n.d. “Common European Asylum System.” https://home-affairs.ec.europa.eu/policies/migration-and-asylum/common-european-asylum-system_en

[3] Barigazzi, J and Lynch, S. 2022. “EU debates granting temporary protection to refugees from Ukraine.” Politico. February 27, 2022. https://www.politico.eu/article/ukraine-refugees-european-union-war-russia-temporary-protection-debate/

[4] Liboreiro, J and Pitchers, C. 2022. “EU countries agree to host Ukrainian refugees under exceptional protection scheme.” Euronews. March 3, 2022.  https://www.euronews.com/my-europe/2022/03/03/eu-countries-agree-to-trigger-a-never-used-law-to-host-ukrainian-refugees

[5] Arenas, N. 2005. “The Concept of ‘Mass Influx of Displaced Persons’ in the European Directive Establishing the Temporary Protection System. European Journal of Migration and Law, 7:435-450.

[6] Akram S. M. and Rempel, T. 2004. “Temporary Protection as an Instrument for Implementing the Right of Return for Palestinian Refugees.” Boston University International Law Journal 1

[7] Beirens,H, Maas,S, Petronella, S and van der Velden, M. 2016. “Study on the Temporary Protection Directive: Final Report. European Commission. https://home-affairs.ec.europa.eu/system/files/2020-09/final_report_evaluation_tpd_en.pdf

[8] იქვე.

[9] European Commission. n.d. “subsidiary protection.” https://home-affairs.ec.europa.eu/networks/european-migration-network-emn/emn-asylum-and-migration-glossary/glossary/subsidiary-protection_en

[10]Karoline, K. 1999. “Temporary Protection in the European Union: A Chronology.” 14 Georgetown Immigration Law Journal 35

[11] Beirens,H, Maas,S, Petronella, S and van der Velden, M. 2016. “Study on the Temporary Protection Directive: Final Report.” European Commission. https://home-affairs.ec.europa.eu/system/files/2020-09/final_report_evaluation_tpd_en.pdf

[12] იქვე, გვ. 8

[13] იქვე.

[14] Beirens,H, Maas,S, Petronella, S and van der Velden, M. 2016. “Study on the Temporary Protection Directive: Final Report.” Figure 1. European Commission. https://home-affairs.ec.europa.eu/system/files/2020-09/final_report_evaluation_tpd_en.pdf

[15] იქვე, Figure 1.

[16] იქვე, Figure 1.

[17] იქვე, Figure 1.

[18] Serhii, P. 2023. The Russo-Ukrainian War. Penguin

[19] Kortukova, T., Kolosovskyi, Y., Korolchuk, O.L. et al. 2023. “Peculiarities of the Legal Regulation of Temporary Protection in the European Union in the Context of the Aggressive War of the Russian Federation Against Ukraine.” Int J Semiot Law 36, 667–678

[20] იქვე.

[21] Deutscher Bundestag. 2022. „Beschlussempfehlung und Bericht des Ausschusses für Arbeit und Soziales zu dem Gesetzentwurf der Bundesregierung.“  Drucksache 20/1768, https://dserver.bundestag.de/btd/20/017/2001768.pdf

[22] https://www.nancy-faeser.de/

[23] Bildungsserver. n.d. “Königsteiner Schlüssel.”

https://www.bildungsserver.de/onlineressource.html?onlineressourcen_id=14934

[24] Faeser, N.2022. „ Die Richtlinie 2001/55/EG: Von „der vergessenen Richtlinie“ zur Blaupause für eine neue Gemeinsame Asylpolitik?.“ ZAR 2022, 221

[25] Aida: Asylum Information Database. 2022. “Country report: Germany.” https://asylumineurope.org/wp-content/uploads/2023/04/AIDA-DE_2022update.pdf#page=111

[26] Germany4ukraine. n.d. “Entry, Residence and Return.” https://www.germany4ukraine.de/hilfeportal-en/entry-residence-and-return

* „კიონიგშტაინის გასაღები“ მოიაზრებს ფინანსირების სისტემას, რომელიც ფედერალურ მიწებს შორის გერმანული კვლევის საზოგადოების(DFG), მაქს პლანკის საზოგადოებისა(MPG) და ლაიბნიცის ასოციაციისათვის გრანტების გადანაწილებას არეგულირებს. სახელწოდება მოდის ქ. კიონიგშტაინში დადებული 1949 წლის შეთანხმებიდან, რომელიც ეხებოდა სამეცნიერო კვლევის ცენტრებისათვის დაფინანსების დანაწილების რეგულაციას.

* ოთარ ნიშნიანიძე –  კონსულტანტი, საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. მაინის ფრანკფურტში

სარჩევი