დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე: რეალობა და გამოწვევები
აბსტრაქტი
არაკეთილმოსურნე სახელმწიფოების მიერ დეზინფორმაციის, არასწორი ინფორმაციის (ე.წ. „მისინფორმაციის“) და „ყალბი ამბების“ სტრატეგიების გამოყენება მზარდ ნეგატიურ გავლენას ახდენს, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკურ მოვლენებზე. სტატიაში გაანალიზებულია რუსული დეზინფორმაციული ინსტრუმენტების კონცეპტუალური განვითარება და პრაქტიკაში დანერგვა, ასევე მიმდინარე ომის კონტექსტში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია. გარდა ამისა, სტატიაში განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ ფორმირებული ნარატივები და დეზინფორმაციასთან გამკლავების მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევები.
მარიამ განუგრავა
თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის სწრაფი გავრცელება საზოგადოებას მრავალფეროვან შესაძლებლობას და, ამავე დროს, გამოწვევებსაც უქმნის. მთავარი გამოწვევა დეზინფორმაციაა, რომელიც უბიძგებს ადამიანებს არაინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებისკენ და საზიანო როლს თამაშობს, როგორც ქვეყნების შიდა პოლიტიკაში, ისე —სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში.
დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ინფორმაციული ომის კონცეფცია, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ინფორმაციით მანიპულირება და დეზინფორმაციული თავდასხმები, რომლებიც რუსეთმა ჰიბრიდული ომის კონცეფციაში (ე.წ. გერასიმოვის დოქტრინა) გააერთიანა, უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიან შეჭრამდე ბევრად ადრე იყო რუსეთის პოლიტიკის ნაწილი.
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რუსეთის დეზინფორმაციული ნარატივების მიმოხილვა და ანალიზი აჩვენებს, რომ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია წლების განმავლობაში რუსული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. რუსეთის საინფორმაციო თავდასხმები უკრაინის წინააღმდეგ მიმართულია, ძირითადად, ისტორიული მეხსიერებაზე, უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციაზე, უკრაინის დადანაშაულებასა და რუსეთი მხრიდან „სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების აუცილებლობაზე. საქართველოსა და მოლდოვის შესახებ ომის კონტექსტში განვითარებული ძირითადი ნარატივები ეხება ევროინტეგრაციის ხელის შეშლას, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვასა და მოლდოვაში ომის ინიციირების კუთხით პანიკის დათესვას.
სტატიაში პირველ რიგში მიმოხილულია რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიების კონცეპტუალური საწყისები და ათწლეულების განმავლობაში მათი პრაქტიკაში გამოყენება, როგორც რუსეთის უშუალო სამეზობლოში, ისე — დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ. შემდეგ გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის დროს უკრაინის წინააღმდეგ შექმნილი დეზინფორმაციული ნარატივები და მათი მიზნები. ბოლოს კი განხილულია საქართველოსა და მოლდოვის ადგილი მიმდინარე საინფორმაციო ომი, როგორც იმ ქვეყნების, რომლებიც, უკრაინასთან ერთად, დასავლეთთან ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან.
რუსეთის მიერ წლების განმავლობაში ორგანიზებული დეზინფორმაციული კამპანია მისი საგარეო პოლიტიკისა და „რბილი ძალის“ პროდუქტია. ჯერ კიდევ 2013 წელს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვ. გერასიმოვმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მეცნიერების ღირებულება შორსმჭვრეტელობაშია.“1 ავტორის თანახმად, „ომის წარმოების წესები შეიცვალა. გაიზარდა არასამხედრო საშუალებების როლი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად და, ხშირ შემთხვევაში, ისინი აჭარბებენ იარაღის ძალას თავისი ეფექტურობით“.2 ვ. გერასიმოვის აზრით, მსგავსი მიდგომა გამოიყენება ყველა ფრონტზე სხვადასხვა აქტორისა და ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის, ჰაკერების, მედიისა და „ყალბი ამბების“. დოქტრინა აყალიბებს ახალი ინსტრუმენტებისთვის ჩარჩოს და არასამხედრო ტაქტიკას არა ძალის გამოყენების დამხმარედ, არამედ გამარჯვების სასურველ გზად მიიჩნევს.3
რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და რბილი ძალის კონცეფციაში წამყვან ადგილს იკავებს ძალებისა და საშუალებების კონტროლი საინფორმაციო სივრცეში, რომელიც “ახალი თაობის ომის“ ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია.4 ამ თეორიების, ხედვებისა და ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოყენება რუსეთ-უკრაინის ომამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.
ყირიმის ანექსიამდე რუსეთმა აღნიშნული მეთოდები 2007 წელს ესტონეთისა და 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა. ესტონეთის ბანკებისა და სამთავრობო ვებგვერდების წინააღმდეგ კიბერშეტევების სერია ესტონეთსა და რუსეთს შორის უფრო მასშტაბური პოლიტიკური კონფლიქტის ნაწილი იყო. რუსეთმა კიბერთავდასხმა ტალინში საბჭოთა პერიოდის ძეგლის გადატანის საპასუხოდ განახორციელა.4 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის ფარგლებში რუსული გამოცემები აქტიურად ავრცელებდნენ მასალებს, ე.წ სამხრეთ ოსეთზე საქართველოს თითქოსდა თავდასხმისა და დასახლებული პუნქტებისა და ქალაქ ცხინვალის მიწასთან გასწორების შესახებ. აღნიშნული ყალბი ნარატივის თანახმად, რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავები საქართველოს ტერიტორიაზე ოსური მოსახლეობის დაცვისა და ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად შევიდნენ. დეზინფორმაციასთან ერთად, ეს იყო ინტერვენციის გამართლების მცდელობაც; საკუთარი მოქალაქეების დაცვის ნარატივი, რომელიც შიდა და საერთაშორისო მედიაში რუსეთის პოზიციონირებისთვის, როგორც წესი, ბევრად ხელსაყრელი იყო, ვიდრე სუვერენულ ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაზე ყურადღების გამახვილება.6
რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიამ ახალი მასშტაბები შეიძინა 2013-2014 წლებში, „ევრომაიდნის“ კონტექსტში, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე. პრორუსი სეპარატისტების ორგანიზებით ჩატარებულმა რეფერენდუმმა, რომელშიც ხმის მიმცემთა დაახლოებით 96%-მა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი, საბაბი გაუჩინა რუსეთს „აღესრულებინა ხალხის სურვილი.“ 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის ფორმირების პროცესში არაერთხელ გამოვლინდა მსახიობების დაქირავების ფაქტები, რომლებიც თამაშობდნენ სხვადასხვა ტრაგედიის მსხვერპლის როლს, აყალბებდნენ მტკიცებულებებს, რეპორტაჟებსა და ობიექტურ რეალობას.7
2014 წლის შემდეგ რუსული დეზინფორმაციული ნარატივი კვლავაც გულისხმობდა საკუთარი ქმედებების გამართლებას. მეტიც, 2014 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა დეზინფორმაციულმა საშუალებებმა დაიწყეს „ქსენოფობიურ რუსოფობიაში“ დადანაშაულება ყველასი, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა რუსეთის ქმედებების სამართლიანობას.8
რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდნენ დასავლეთის ქვეყნებიც. ამ მხრივ მრავალი შემთხვევიდან აღსანიშნავია შემდეგი მოვლენები:
- 2014 წლის ივლისში რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა რუსული რაკეტის გამოყენებით ჩამოაგდეს მალაიზიის ავიახაზების მე-17 რეისის თვითმფრინავი, რომელზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 80 ბავშვი და ნიდერლანდების 196 მოქალაქე.9 აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით კრემლმა მრავალგვარი დეზინფორმაციული ნარატივი განავითარა, რომელთა მიზანი სხვების დადანაშაულებით რუსეთის ბრალეულობის გამორიცხვა იყო.10
- 2017 წელს ფეისბუკმა გამოააშკარავა რომ ინტერნეტის კვლევის სააგენტომ (რუსეთში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, რომელმაც შექმნა და გამოიყენა ყალბი ანგარიშები ხალხის მოსატყუებლად და მანიპულირებისთვის) გამოიყენა 126 მილიონი მომხმარებელი 2016 წლის აშშ-ის არჩევნების წინ პოლიტიკური ნიშნით დეზინფორმაციის გასავრცელებლად. 11
- 2018 წლის მარტში, ნოვიჩოკით მოიწამლნენ და სიკვდილს გადაურჩნენ სერგეი სკრიპალი, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც ადრე რუსეთის დაზვერვის ოფიცრად მუშაობდა, და მისი ქალიშვილი იულია. 2018 წლის სექტემბერში ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუსწრებლად წაუყენა ბრალი სამხედრო დაზვერვის ორ რუს ოფიცერს მკვლელობის შეთქმულებაში, მკვლელობის მცდელობასა და ნოვიჩოკის ნერვული აგენტის გამოყენებაში.12 ამ ამბის ირგვლივაც რუსული დეზინფორმაციის მიზანი ბუნდოვანების შექმნა და ბრალის სხვა აქტორებზე გადატანა იყო.13
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია და საინფორმაციო ქმედებები უკავშირდებოდა ქაოსის წარმოქმნასა და საზოგადოების მოტყუებას. სანამ რუსული მხარე უკრაინაში ათიათასობით ჯარისკაცის შეყვანის ბრძანებას გასცემდა, კრემლმა წლები დახარჯა ცრუ ნარატივის (ე.წ „ცრუ დროშები“) გავრცელებაში სამხედრო მოქმედებების გასამართლებლად. ომის დასაწყის დროს კი, ბუნებრივია, ძალისხმევა გაიზარდა – რუსები სულ უფრო და უფრო აქტიურად ცდილობდნენ ცრუ ნარატივით მოსახლეობის დემორალიზებას, პანიკის დათესვას, უკრაინული მხარის დადანაშაულებასა და პრეზიდენტ ზელენსკის ნდობის დაკარგვას.
კრემლის მიერ უკრაინაში წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია მოიცავდა შემდეგ ნარატივებს:
- ბიოიარაღის შექმნა — „აშშ-ს მიერ დაფინანსებული კვლევითი ლაბორატორიების დახმარებით უკრაინა ბიოიარაღს ქმნის“;14
- ფაშიზმი/ნაციზმი — „ნეოფაშისტები პოპულარულები ხდებიან არა მხოლოდ უკრაინის საზოგადოებაში, არამედ — პოლიტიკურ ელიტაშიც“;15 „უკრაინელი ნაცისტები კლავენ მღვდლებს, ბერებს, ამბობს ადგილობრივი ოფიციალური პირი“;16 „ნეონაცისტები ხარკოვის ოლქში, ბაღის სარდაფში მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს იჭერენ“; 17
- უკრაინის დადანაშაულება — „უკრაინის ქალაქ ბუჩაში ომის პირველ თვეში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა დადგმულია“; „უკრაინა რუსეთს დაემუქრა, რომ მის ტერიტორიაზე შეიჭრებოდა“; „უკრაინა ამზადებს ბავშვებს ჯარისკაცობისთვის“; „უკრაინულმა ძალებმა დაბომბეს საბავშვო ბაღი ლუჰანსკში 2022 წლის 17 თებერვალს“; „ნატოს აქვს სამხედრო ბაზა ოდესაში“;
- რუსოფობია — „ევროპის უნივერსიტეტები რუს სტუდენტებს რიცხავენ უნივერსიტეტებიდან“; „დონბასში რუსულენოვანი მოსახლეობა გენოციდის მსხვერპლი გახდა“;
- ისტორიული მეხსიერება — „თანამედროვე უკრაინა მთლიანად კომუნისტურმა რუსეთმა შექმნა“; „ყირიმი ლეგალურად შეუერთდა რუსეთს“.18
ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის კვლევის მიხედვით, რუსულმა მასმედიამ (განსაკუთრებით ტელეარხებმა) მნიშვნელოვანი, ინსტრუმენტული როლი ითამაშა იმ ძირითადი ნარატივების გაცოცხლებაში, რომლებიც ასახულია რუსეთის სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტებში: „მოძმე ერები“, „საერთო ისტორია“. მართლმადიდებლური რელიგიისა და საერთო კულტურის შესახებ მონათხრობები გამოიყენებოდა სამხრეთ უკრაინაში მცხოვრებთათვის რუსეთთან საერთო მომავალზე ფიქრის გაღვივებისთვისაც. მთავარი ტექსტები შემდეგი შინაარსისაა: „უკრაინელები და რუსები — ერთი ერი, ერთიანი რუსული სამყაროს ქვეშ“; “უკრაინელები დამოუკიდებელი ერი არ არიან”; „რუსეთის ქმედებები ლეგიტიმურია“.19
საყურადღებოა ამ ნარატივების წარმატების ხარისხი. აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, გამოკითხული რუსების 52% უკრაინელებს „მოძმე ერად“ თვლიდა, მაშინ როდესაც მხოლოდ 11% მიიჩნევდა მათ მტრულად განწყობილად. თუმცა, როგორც კი პუტინის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო, მისი მხარდამჭერი მოსახლეობის 81% აღმოჩნდა.20 დეზინფორმაციული ნარატივებისა და ყალბი ამბების მსგავსი ფართომასშტაბიანი ბუნება საკმარისი აღმოჩნდა რუსი პროპაგანდისტებისთვის საკუთარ მოსახლეობაზე გავლენის მოხდენისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნარატივი რუსეთის მოქალაქეებზე ახდენს დიდ გავლენას, დასავლეთისა და გარე სამიზნე ჯგუფებისთვის რუსული დეზინფორმაციის ბუნება კარგად ნაცნობია. მეტიც, დასავლური ძალები, მათ შორის შეერთებული შტატები, უკრაინას ომის დაწყებამდე კვირების განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა გამოიყენოს რაიმე სახის პროვოკაცია სეპარატისტულ რაიონებში სამხედრო დარტყმის ან თუნდაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გასამართლებლად.21 მსგავსი „ცრუ დროშები“ კამპანიები რუსეთის მიერ ომის წარმოებისას ხშირად გამოყენებული ტაქტიკაა, რომელიც მიზნად ისახავს მტრის მოტყუებას სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად. ამ კამპანიების შედეგი იყო ისეთი ნარატივების ფორმირება, როგორებიცაა: რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ უკრაინის დონბასის რეგიონში საბავშვო ბაღის დაბომბვა; სეპარატისტების ლიდერების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია რუსეთში და სხვა. 22
რუსული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებით უკრაინის ომის კონტექსტში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან მალევე განახლდა.
საქართველოს შესახებ მთავარი ნარატივი იყო ის, რომ საქართველო არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. რუსული მხარე წერდა, რომ საქართველოს გადაწყვეტილებამ, არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დიდი გაუგებრობა და გულისწყრომა გამოიწვია უკრაინაში და უკრაინელი ხალხი ამას „ღალატად“ აფასებდა.23 რუსული მხარე აქტიურად უჭერდა მხარს იმ ნარატივს, რომ უკრაინამ საქართველო მეგობრების სიიდან „მოღალატეების“ სიაში გადაიყვანა. ამის დამადასტურებლად, ომის საწყის ფაზაში, რუსებს მუდმივად მოჰყავდათ პოლიტიკოსების სიტყვიერი დაპირისპირების მაგალითები.24 რუსული დეზინფორმაციული ნარატივის ფორმირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტშიც გაგრძელდა. მედია განიხილავდა, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობამ ქართველების გაღიზიანება გამოიწვია და ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა „გამოეფხიზლებინა“ კიდეც თბილისი.25
რაც შეეხება მოლდოვას, ომის მიმდინარეობისას გამოვლინდა არაერთი დეზინფორმაციული ნარატივი: „მოლდოვა ჩაერთვება ომში და მას რუსეთი თავს დაესხმება“, „ამერიკული თვითმფრინავები დაეშვნენ მარკულესტის აეროპორტში“, „უკრაინას თავს დაესხნენ დნესტრისპირეთის რეგიონიდან“, „კიშინიოვში დიპლომატიური მისიების ევაკუაცია მოხდება.“ 26 ხშირად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას ლტოლვილთა თავდასხმების შესახებ. ერთ-ერთი პირველი ცრუ განცხადება გავრცელდა ტიკტოკზე ვიდეოს საშუალებით, რომელმაც რამდენიმე საათში 15000-ზე მეტი გაზიარება მოიპოვა.27
შესაბამისად, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ წარმოებული ძირითადი რუსული დეზინფორმაციული ნარატივები ეხებოდა: საქართველო-უკრაინის ურთიერთობების დაძაბვასა და საქართველოს მიერ რუსეთზე ორმხრივი სანქციების არდაწესების საკითხს, მოლდოვაში კი პანიკის დათესვასა და ომში ჩართვის ილუზიის შექმნას. ნარატივების მიზანი მხარეებს შორის ურთიერთობების დაძაბვა, ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება, ქვეყნებში დასავლეთის იმიჯის შერყევა, უიმედობის განცდის გაღვივება და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსა და მოლდოვის დისკრედიტაცია იყო.
დეზინფორმაციისა და „ყალბი ამბების“ გავრცელება ხელს უშლის დემოკრატიულ განვითარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. თანამედროვე რუსეთის საგარეო პოლიტიკაში რბილი ძალისა და საინფორმაციო ომის კონცეფციას ცენტრალური ადგილი უჭირავს. საინფორმაციო სივრცეზე გავლენას კი რუსული მხარე კარგად ორგანიზებული დეზინფორმაციული კამპანიებისა და ცრუ ნარატივების ფორმირებით ახდენს.
წლების განმავლობაში რუსული დეზინფორმაციული ნარატივების ფორმირების მიზანი ცხადი იყო: გაემართლებინა რუსული სამხედრო აგრესია, დაეკავშირებინა ის საკუთარი მოსახლეობის დაცვის აუცილებელ საჭიროებასა და ისტორიულ მეხსიერებასთან, რათა შეექმნა დაბნეულობა, ცრუ ნარატივების გავრცელებით დაედანაშაულებინა მეტოქე და მოეხდინა სიმართლის მანიპულირება კრემლის ინტერესების შესაბამისად.
ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებამ და დემოკრატიულმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რუსეთის დეზინფორმაციული საფრთხეების თავიდან აცილების გზების დადგენა და მათზე რეაგირება. წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება ხაზს უსვამს უფრო სისტემური ძალისხმევის აუცილებლობას მედიისა და საინფორმაციო ეკოსისტემების გასაძლიერებლად. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, საბოლოო ჯამში, არის ბრძოლა გამჭვირვალობისა და სიმართლისათვის. რუსეთის მიერ როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მოლდოვაში განხორციელებული ქმედებები უნდა გამოაშკარავდეს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეტად რეზისტენტული და კომპლექსური ინსტრუმენტების გამოყენებით.
https://www.ccdcoe.org/uploads/2018/10/Ottis2008_AnalysisOf2007FromTheInformationWarfarePerspective.pdf [6] Fraser, C. 2022. “How Russian disinformation tactics were utilised in the context of the 2008 5-day war.” Institute for Development of Freedom of Information. November 3, 2022. https://idfi.ge/en/how_russian_disinformation_tactics_were_utilised_in_the_context_of_the_2008_5_day_war [7] Mahajan, K. 2022. “Russia’s hybrid warfare strategy: From Crimea to Ukraine.” Observer Research Foundation. March 1, 2022. https://www.orfonline.org/expert-speak/russias-hybrid-warfare-strategy/ [8] US Department of State. 2022. “Russia’s Top Five Persistent Disinformation Narratives.” January 20, 2022. https://www.state.gov/russias-top-five-persistent-disinformation-narratives/ [9] EUvsDisinfo. 2023. “To challenge Russia’s ongoing disinformation campaigns.’ Eight years of EU vs Disinfo.” July 5, 2023. https://euvsdisinfo.eu/to-challenge-russias-ongoing-disinformation-campaigns-eight-years-of-euvsdisinfo/ [10] EUvsDisinfo. 2021. “MH17: Timeline of pro-Kremlin Disinformation Narratives.” July 13, 2021. https://euvsdisinfo.eu/mh17-timeline-of-pro-kremlin-disinformation-narratives/ [11] OECD. 2022. “Disinformation and Russia’s war of aggression against Ukraine.” November 3, 2022. https://www.oecd.org/ukraine-hub/policy-responses/disinformation-and-russia-s-war-of-aggression-against-ukraine-37186bde/ [12] US Embassy & Consulates in Italy. 2022. “Putin’s poisons: 2018 attack on Sergei Skripal.”. April 11, 2022. https://it.usembassy.gov/putins-poisons-2018-attack-on-sergei-skripal/ [13] EUvsDisinfo. 2020. “Salisbury All Over Again. “September 10, 2020. https://euvsdisinfo.eu/salisbury-all-over-again/ [14] Bergengruen, V. 2023. “Inside the Kremlin’s Year of Ukraine Propaganda.” February 22, 2023. https://time.com/6257372/russia-ukraine-war-disinformation/ [15] Tsekhanovska, O. and Liubov, T. 2021. “Evolution of Russian Narratives about Ukraine and their export to Ukraine media space.” Ukraine Crisis Media Report. May 18, 2021. https://uacrisis.org/en/russian-narratives-about-ukraine7 [16] Smart, C. 2022. “How the Russian Media Spread False Claims About Ukrainian Nazis.” July 2, 2022. https://www.nytimes.com/interactive/2022/07/02/world/europe/ukraine-nazis-russia-media.html [17] Ibid. [18] Cadier et al. 2023. “Russia-Ukraine Disinformation Tracking Center.” News Guard. July 10, 2023. https://www.newsguardtech.com/special-reports/russian-disinformation-tracking-center/ [19] NATO Stratcom COE. 2015. “Analysis of Russia’s Information Campaign Against Ukraine: Examining Non-military Aspects of the Crisis in Ukraine from a Strategic Communications Perspectives.” https://stratcomcoe.org/cuploads/pfiles/russian_information_campaign_public_12012016fin.pdf [20] Castillo, D., Klynina, T., Pierce, N. and Simanovskyy, M. 2023. “Putin the historian: Russian disinformation narratives around Ukraine.” March 1, 2023. https://ukrainian-studies.ca/2023/03/01/putin-the-historian-russian-disinformation-narratives-around-ukraine/ [21] Herszenhorn, D. 2022. “Ukraine and West see false flags flying as pro-Russian separatists urge civilian evacuation.” Politico. February 18, 2022. https://www.politico.eu/article/ukraine-west-false-flags-pro-russia-separatist-urge-civilian-evacuation/ [22] Ibid. [23] Казакова, А. 2022. “Киев поссорился с Грузией из-за антироссийских санкций.” RIA Novosti. March 2, 2022. https://ria.ru/20220302/gruziya-1775899557.html [24] RIA Novosti.2022. “Грузия отказалась пропускать Украину в Евросоюз “без очереди”.” July 13, 2022. https://ria.ru/20220613/gruziya-1795095101.html. [25] Гришин, А. 2022. “Украина переместила Грузию из списка “друзей” в перечень “предателей”.” Комсомольская правда. May 2, 2022. https://www.kp.ru/daily/27387/4581672/ [26] EUvsDisinfo. 2022. “Disinformation at the Border of the war.” March 16, 2022. https://euvsdisinfo.eu/disinformation-at-the-border-of-war/ [27] Ibid.
* მარიამ განუგრავა – III მდივანი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სარჩევი
ნატოს იდენტობა და გაფართოების პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
გიორგი რობაქიძე
დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე: რეალობა და გამოწვევები
მარიამ განუგრავა