დასავლეთის პასუხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე – სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ნორმატიული ასპექტების ანალიზი
აბსტრაქტი
წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე განხორციელებული ქმედებები და ამ ქმედებების გავლენა, როგორც რუსეთის ფედერაციაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ისე – უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მედეგობის ამაღლებაზე. ამასთან, სტატიაში მოკლედ წარმოდგენილია უკრაინის მხარდაჭერის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები და, სამომავლოდ, საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის წინაშე მდგარი პოტენციური გამოწვევები.
გიორგი რობაქიძე
უკრაინის საზღვრებთან მრავალთვიანი სამხედრო წვრთნებისა და უკრაინის ხელისუფლებისა და დასავლეთის ქვეყნებისადმი წაყენებული აბსურდული ულტიმატუმების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ „ბლიცკრიგს“ მალევე დაასრულებდა ქვეყნის დედაქალაქ კიევის აღებით, თუმცა ომის დაწყებიდან ცხრა თვის თავზე ვითარება სრულიად განსხვავებულია. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს მოწინააღმდეგის შეჩერება, სრულად იგდეს ხელთ ინიციატივა ბრძოლის ველზე და ფართომასშტაბიანი კონტრშეტევებით საკუთარი ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლებაც მოახერხეს.
აღნიშნული წარმატება, უკრაინელი მებრძოლების თავდადებასთან ერთად, განაპირობა ორმა ფაქტორმაც: დასავლეთის (პირველ რიგში, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების) მიერ უკრაინისათვის აღმოჩენილმა მასშტაბურმა სამხედრო, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და ჰუმანიტარულმა დახმარებამ და, ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულმა უპრეცედენტო სანქციებმა.
სტატიაში განხილულია ის კონკრეტული სანქციები, რომლებიც იქნა დაწესებული ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა წამყვანი დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რამდენად ეფექტურია ამ სანქციების გავლენა რუსულ ეკონომიკაზე და რას უნდა ველოდოთ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში. სტატიაში ასევე გაანალიზებულია ის ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს დასავლეთის ქვეყნების ასეთი უპრეცედენტო ერთობა უკრაინის მხარდასაჭერად და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც შეიძლება დადგეს დასავლეთი მომავალში.
საომარი მოქმედებების დაწყებამდე დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა არაერთხელ გააფრთხილეს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ქვეყანა ფართომასშტაბიანი ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების წინაშე აღმოჩნდებოდა.
მკაცრი გაფრთხილების პარალელურად, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ცდილობდნენ დიპლომატიური გზებით ვითარების განმუხტვას. 2022 წლის 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა და ნატომ ოფიციალური, წერილობითი პასუხი გასცეს რუსეთის მიერ წამოყენებულ უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომელიც ევროპაში სამხედრო წვრთნებისა და მანევრების მეტ გამჭვირვალობასა და მხარეებს შორის ნდობის ამაღლებას ისახავდა მიზნად1. გარდა ამისა, გაიმართა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის რამდენიმე სატელეფონო საუბარი, მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრები გამართეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
ზემოაღნიშნული მცდელობების მიუხედავად, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევა დაიწყო.
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ქმედებებს მყისიერი რეაქცია მოჰყვა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. იმავე დღეს, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი პაკეტი დაამტკიცა.
პაკეტი მოიცავდა შეზღუდვებს საფინანსო, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებისათვის, ითვალისწინებდა ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის აკრძალვას და სავიზო რეჟიმის გამკაცრებას. ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის აქტივების გაყინვის შესახებ. სანქციები დაუწესდა და ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივები ჩამოერთვათ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებსა და რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს. შეჩერდა ტრანზაქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, აიკრძალა რუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცის გამოყენება და მათი წვდომა ევროკავშირის აეროპორტებში2.
საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, ევროკავშირმა, ჯამში, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციათა რვა პაკეტი დაამტკიცა, რომლებიც მოიცავს შემდეგ შეზღუდვებს:
- თავდაცვით სფეროში სანქციები დაუწესდა უმსხვილეს რუსულ კომპანიებს: ОБОРОНОПРОМ-ს, УРАЛВАГОНЗАВОД-ს და ОБЪЕДИНЕННАЯ АВИАСТРОИ-ТЕЛЬНАЯ КОРПОРАЦИЯ-ს. აიკრძალა ამ კომპანიებზე 30 დღეზე მეტი ვადით სესხის გაცემა და მათთვის ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდება;
- ფინანსურ სექტორში სანქციები დაუწესდა რუსეთის ხუთ წამყვან ბანკს: ГАЗПРОМБАНК-ს, РОССЕЛЬХОЗБАНК-ს, СБЕРБАНК-ს, ВНЕШЭКОНОМБАНК-ს და ВТБ-ს. აღნიშნულ ბანკებს შეეზღუდათ წვდომა ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე;
- ენერგეტიკულ სფეროში შეიზღუდა თანამშრომლობა რუსულ ენერგოკომპანიებთან და აიკრძალა მათთვის ისეთი ევროპული ინოვაციური მოპოვებითი ტექნოლოგიებისა და სერვისების მიწოდება, როგორებიცაა: ღრმა წყლების, არქტიკისა და ფიქლის ნავთობის მარაგების ასათვისებლად საჭირო საბურღი მოწყობილობები3.
სანქციების ეფექტურად აღსრულების მიზნით ევროკომისიამ შექმნა ორი დამოუკიდებელი სამუშაო ჯგუფი: „რუსეთის ელიტები, მარიონეტები და ოლიგარქები“ (The Russian Elites, Proxies, and Oligarchs (REPO))4 და „გაყინვა და ჩამორთმევა“ (Freeze and Seize)5. ამ ჯგუფების კოორდინირებული ძალისხმევის შედეგად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გამოვლენილი და ჩამორთმეული იქნა სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანილი რუსეთის მოქალაქეების კუთვნილი 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ფინასური აქტივები.
დაყადაღებული იქნა რუსი ოლიგარქების კუთვნილი იახტები და ფეშენებელური უძრავი ქონება, რომელთა საერთო ღირებულებაც ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს. გარდა კერძო პირებისა, ევროკავშირის სანქციები შეეხო რუსეთის ცენტრალურ ბანკს, რომელსაც შეეზღუდა წვდომა ევროპის ბაზრებზე განთავსებულ 300 მილიარდი დოლარის აქტივებზე6.
2022 წლის 3 დეკემბერს ევროკავშირის საბჭო, G7-ის ქვეყნები და ავსტრალია შეთანხმდნენ ზღვით გადასაზიდი რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ, რომელიც განისაზღვრა ბარელზე 60 აშშ დოლარის ოდენობით7.
სანქციების პარალელურად, საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან ევროკავშირი აქტიურად ახორციელებდა უკრაინის დახმარებას, როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული კუთხით. ევროკავშირის ტერიტორიაზე უკრაინელი დევნილების მისაღებად ამოქმედდა „ლტოლვილთა მიღებისა და დროებითი დაცვის მექანიზმი“ და გამოიყო 20 მილიარდი ევრო მათ დასახმარებლად. უკრაინაში ეკონომიკური სტაბილურობის ხელშესაწყობად გამოიყო 9 მილიარდი ევრო, ხოლო სამხედრო დახმარებისთვის – 2,5 მილიარდი ევრო8. ამასთან, ევროკომისიამ, უკრაინის მთავრობასა და მსოფლიო ბანკთან ერთად, შეაფასა უკრაინისათვის საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზარალი, რომელიც 2022 წლის 1 ივნისის მდომარეობით 349 მილიარდ ევროს შეადგენს. თუმცა, საომარი მოქმედებების მიმდინარეობის პარალელურად, ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება9. ევროკავშირთან ერთად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს: გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ, იაპონიამ, სამხრეთმა კორეამ, სინგაპურმა და ტაივანმა. ევროკავშირის მსგავსად, აღნიშნული ქვეყნების სანქციები მოიცავს საფინანსო, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებს, ითვალისწინებს ორმაგი დანიშნულების საქონლისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის, მათ შორის, მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების ექსპორტის აკრძალვას.
რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას, იგი წარმოადგენს თავდაცვით ორგანიზაციას და მისი მანდატი არ ითვალისწინებს ცალკეული ქვეყნებისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებას ან სანქციების დაწესებას. ეს ალიანსის ინდივიდუალური წევრების პრეროგატივაა. ნატოს გენერალურმა მდივანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ალიანსი არ აპირებს პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დაიცავს საკუთარი წევრების ტერიტორიის თითოეულ დუიმს10.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ დაწესებული სანქციები და უკრაინისათვის აღმოჩენილი სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება. ჯამში აშშ-ის კონგრესმა უკრაინის ასიგნებების აქტისა (USAA; P.L. 117-103, Div. N) და უკრაინის დამატებითი ასიგნებების აქტის (AUSAA; P.L. 117-128) ფარგლებში თითქმის 54 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გამოყო11. საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაამტკიცა შემდეგი სანქციები:
- სრულად დაებლოკათ წვდომა აშშ-ში არსებულ ქონებაზე ან საკუთრებაში არსებულ აქტივებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, პრემიერმინისტრ მიხეილ მიშუსტინს, რუსეთის უშიშროების საბჭოსა და მთავრობის წევრებს, მათ შორის საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრებს, შეიარაღებული ძალების მეთაურს, რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრთა უმეტესობას და კრემლთან დაკავშირებული ბიზნეს ელიტის წარმომადგენლებს12.
- სავიზო შეზღუდვები დაუწესდა რუსეთის 3100 სამხედრო ოფიცერს და 650 ჩინოვნიკს;
- ინდუსტრიულ სექტორში სანქციები დაუწესდა რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია ГАЗПРОМ-ს, რუსეთის სარკინიგზო კომპანია РОССИЙСКИЕ ЖЕЛЕЗНЫЕ ДОРОГИ-ს, რუსეთის უდიდეს საზღვაო და სატვირთო გადამზიდავ კომპანია СОВКОМФЛОТ-ს, მაღალტექნოლოგიური სამრეწველო პროდუქციის განვითარების, წარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობის სახელმწიფო კორპორაცია РОСТЕХ-ს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თავდაცვის, სამრეწველო და ტექნოლოგიურ კომპანიებს, რუსულ საჰაერო კოსმოსურ და თავდაცვის ინდუსტრიულ ფირმებს, რუსეთის უმსხვილეს ალმასის მომპოვებელ კომპანია АЛРОСА-ს, რუსეთის ფოლადის უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია СЕВЕРСТАЛЬ-ს, „ჩრდილოეთ ნაკადი II-ის“ მფლობელ კომპანიებს, დეზინფორმაციის გამავრცელებელ და პროპაგანდისტულ საინფორმაციო საშუალებებს და მათ წარმომადგენლებს, ასევე ვირტუალური ვალუტის ე. წ. მაინინგკომპანიებს;
- საფინანსო სექტორში სანქციები შეეხო რუსეთის ცენტრალურ ბანკს და ექვს უმსხვილეს რუსულ ბანკს, რომლებსაც შეეზღუდათ დოლარში დენომინირებულ სავალუტო რეზერვებზე წვდომა და აეკრძალათ ოპერაციები აშშ-ის ტერიტორიაზე;
- აიკრძალა რუსეთში ამერიკული კომპანიების მხრიდან ახალი ინვესტიციების განხორციელება;
- განსაკუთრებით ხაზგასასმელია რუსეთთან ვაჭრობის კუთხით დაწესებული შეზღუდვები. კერძოდ, შეჩერდა აქამდე მოქმედი სავაჭრო რეჟიმი და აიკრძალა აშშ-ის ტექნოლოგიების, მათ შორის, ისეთი ტექნოლოგიების, რომლებიც შესაძლოა წარმოებულია უცხო ქვეყნებში, თუმცა მასში გამოყენებულია აშშ-ის წარმოშობის პროგრამული უზრუნველყოფა, ტექნოლოგია ან აღჭურვილობა, რუსეთში ექსპორტი;
• აიკრძალა აშშ-ში რუსული ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტების, თხევადი ბუნებრივი აირის, ქვანახშირის, ოქროს, ბრილიანტის, ზღვის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი; - აიკრძალა აშშ-იდან ფუფუნების საქონლისა და დოლარში დენომინირებული ბანკნოტების ექსპორტი;
- აიკრძალა რუსული თვითმფრინავების შესვლა აშშ-ის საჰაერო სივრცეში;
- აიკრძალა ამერიკულ პორტებში რუსული გემების შესვლა13.
სანქციების ეფექტურად აღსრულების მიზნით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა შექმნა სპეციალური უწყებათაშორისი საგამოძიებო ჯგუფი (Task Force KleptoCapture)14, რომლის უმთავრეს ამოცანებს წარმოადგენს რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გამოვლენა, ამ პროცესში ჩართული პირების დადგენა და დევნა.
შთამბეჭდავია აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებაც, კერძოდ, 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინულ მხარეს გადასცა: Stinger-ისა და Javelin-ის ტიპის სისტემები, Switchblade-ის, Phoenix Ghost-ისა და Scan Eagle-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, Mi-17-ის ტიპის ვერტმფრენები, საჰაერო სათვალთვალო რადარები, NASAMS-ის და HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემები, სხვადასხვა კალიბრის ჰაუბიცები შესაბამისი ზუსტი დამიზნების მართვადი ჭურვებით, ტაქტიკური სატვირთო და დაჯავშნილი მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები, საბრძოლო ვაზნები, ღამის ხედვის მოწყობილობები, თერმული გამოსახულების სისტემები, ოპტიკური და ლაზერული სამიზნეები და ა. შ.15
უკრაინისადმი აშშ-ის ხელისუფლების მიერ გაწეულ დახმარებას კიდევ უფრო თვალნათლივ წარმოაჩენს გრაფიკი #1, რომელზეც ასახულია 2022 წლის 24 იანვრიდან 2022 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში 10 უმსხვილესი დონორის მიერ უკრაინისადმი გაწეული სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება.
უკრაინისთვის გაწეული სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება (მილიარდი ევრო)
გრაფიკი #1: „უკრაინისთვის გაწეული სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება (მილიარდი ევრო).“ წყარო: Antezza et al. 2022. „The Ukraine Support Tracker” Kiel WP16.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს უკრაინისათვის საქართველოს ხელისუფლების მიერ აღმოჩენილი დახმარებაც, კერძოდ:
- საქართველოს მთავრობამ, გამოყო 1 მილიონი ლარი ($315,457) მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად;
- უკრაინაში გაიგზავნა 104 350 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, ძირითადად, საკვები, ტანსაცმელი და მედიკამენტები;
- საქართველოში უკრაინიდან დევნილი მოქალაქეებისთვის ამოქმედდა სპეციალური პროგრამები ქვეყნის ტერიტორიაზე მათი განსახლების, საჭირო ნივთებით, ტანსაცმლით, საკვებით და სათანადო სამედიცინო მომსახურებით (მათ შორის, ბავშვთა ფსიქოლოგიური დახმარების ჩათვლით) უზრუნველყოფის მიზნით;
- უკრაინის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გაიგზავნა სხვადასხვა სახის სამედიცინო საშუალებები, მათ შორის: ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა – 2000 ფლაკონი, TD (ტეტანუს-დიფთერიის ვაქცინა) – 20000 დოზა, B ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატი – 30000 დოზა, BCG ვაქცინა – 40000 დოზა;
- აღსანიშნავია, რომ სამთავრობო დახმარების პარალელურად, უკრაინას აქტიურად ეხმარებიან საქართველოში არსებული კერძო კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ცალკეული მოქალაქეები17.
მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების ხმამაღალი განცხადებებისა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები არაეფექტურია და ნაკლებ ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკას, რეალურად სანქციები საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ამის დასტურია რუსეთის ფედერაციის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მოკლე ანალიზიც.
რობერტ შუმანის მოწინავე კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, 2022 წლის ბოლომდე რუსეთის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 14,80 %-ით შემცირდება. ამასთან, რუსეთის ეკონომიკას ყველაზე დიდი ზიანი ქვეყნიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადინების შედეგად მიადგება (იხ. გრაფიკი #2).
რეალური მშპ-ის პროცენტული ცვლილება
გრაფიკი #2. „რეალური მშპ-ის პროცენტული ცვლილება.“ წყარო: CEOR. 2022. „Potential economic effects of sanctions on Russia.“18
გარდა ამისა, საშუალოვადიან პერსპექტივაში შემცირდება რუსეთში იმპორტის მოცულობა 50,7 %-ით და რუსეთიდან ექსპორტის მოცულობა 22.6 %-ით. ეს იმ ფონზე, როდესაც დასავლეთის ქვეყნები, საშუალოდ, დაკარგავენ რეალური მშპ-ის მხოლოდ 0,52 %-ს. მათი იმპორტის მოცულობა შემცირდება 0,21 %-ით, ხოლო ექსპორტის მოცულობა – 0,28 %-ით19.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 8,5 %-ით შემცირდება, ინფლაცია 24 %-მდე გაიზრდება, ხოლო უმუშევრობა გაორმაგდება და 9,6 %-ს მიაღწევს20.
2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ უკვე შეაჩერა რუსეთში ან რუსეთთან ოპერაციები. ამასთან, რამდენიმე მსხვილმა რუსულმა ქარხანამ ასევე შეაჩერა წარმოება, უცხოურ მაკომპლექტებელ დეტალებზე ან საჭირო მომსახურებაზე (როგორიცაა კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა ან მსხვილი დასავლური ბუღალტრული ფირმების აუდიტი) წვდომის შეზღუდვის გამო. ყოველივე ამის შედეგად, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის შეფასებით, მხოლოდ ქ. მოსკოვში 200 000 ადამიანი სამუშაოს დაკარგვის საფრთხის წინაშეა21.
შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით და მოგვიანებით 2014 წელს ყირიმის ანექსიით დაიწყო ცივი ომის შემდგომ დამკვიდრებული ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის რღვევა, რამაც, საბოლოოდ, გამოიწვია 2022 წლის ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება. დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზისას, საჭიროა საკითხის განხილვა არამარტო გეოპოლიტიკურ, არამედ ისტორიულ რაკურსშიც, რაც საშუალებას იძლევა უფრო თვალნათლივ წარმოჩნდეს ამ მხარდაჭერის მორალური ასპექტები.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინას მემკვიდრეობით ერგო ბირთვული არსენალის უმსხვილესი მარაგი, რაც მას მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვულ სახელმწიფოდ აქცევდა. 1994 წლის 5 დეკემბერს უკრაინამ ხელი მოაწერა „ბუდაპეშტის მემორანდუმის“ სახელით ცნობილ დოკუმენტს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ბირთვულმა ქვეყნებმა – აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთის ფედერაციამ – აიღეს პოლიტიკური ვალდებულება, რომ იქნებოდნენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტორები, სანაცვლოდ კი უკრაინამ დათმო ატომური იარაღის არსენალი და შეუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ გაეროს ხელშეკრულებას22.
ჯერ კიდევ 2014 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ მიმართა „ბუდაპეშტის მემორანდუმის“ გარანტორ სახელმწიფოებს დახმარებისთვის, თუმცა უშედეგოდ. ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთი, მიუხედავად მათ მიერ აღებული ვალდებულებისა, არ აღმოჩნდნენ მზად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისთვის. ამასთან, ვაშინგტონი, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, კარგად აცნობიერებდა საკუთარ მორალურ პასუხისმგებლობას ოფიციალური კიევის წინაშე და უკრაინა-რუსეთის კრიზისის დაწყების პირველივე დღეებიდან ყველანაირად ცდილობდა მისთვის აქტიურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას.
აშშ-ის ტრანსატლანტიკური აკადემიის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, დასავლეთის მიდგომა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით ეფუძნება ოთხ ძირითად ელემენტს: 1) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში შესვლის დაუშვებლობა; 2) დიპლომატიური არხების მეშვეობით (მათ შორის, უმაღლეს დონეზე) რუსეთის ფედერაციის მუდმივი დარწმუნება მათი კურსის ცვლილების აუცილებლობაში; 3) რუსეთის წინააღმდეგ იძულებითი ქმედებების განხორციელება, მათ შორის, ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების შემოღების გზით და 4) უკრაინის აქტიური მხარდაჭერა, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო კუთხით, მისი თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის ამაღლება23.
საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში იცვლება. თუკი 1990-იან წლებში, სამხედრო, ეკონომიკური და იდეოლოგიური ძალაუფლების თვალსაზრისით, დასავლური ლიბერალური დემოკრატია მსოფლიოში უკონკურენტო იყო, 21-ე საუკუნის დასაწყისიდან შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის გლობალურმა გავლენამ გარკვეული ეროზია განიცადა და მას ჩინეთისა და რუსეთის სახით ძლიერი კონკურენტები გამოუჩნდნენ, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ არ ითხოვენ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ანდა ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებათა დაცვას. როგორც ნიუ დელის უნივერსიტეტის პროფესორმა, ინდოეთის ბირთვული დოქტრინის თანაავტორმა ბრაჰმა ჩელენმა მართებულად აღნიშნა, რუსეთისა და ჩინეთის მიდგომა მარტივია და ის ეფუძნება პრინციპს „საერთაშორისო სამართალი შეიძლება ძლევამოსილი იყოს უძლურთა წინააღმდეგ, მაგრამ უძლურია ძლევამოსილთა წინააღმდეგ24.“
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განაცხადებით, „რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ პირდაპირ გამოწვევას უქმნის საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს“25 , შესაბამისად, ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად. კიდევ უფრო მკაფიო იყო ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება: „[დასავლეთი] იხდის მაღალ ფასს უკრაინის მხარდაჭერისთვის, […] მაგრამ ეს ფასი ბევრად უფრო მაღალი იქნება, თუკი რუსეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები ირწმუნებენ, რომ მათ შეუძლიათ შეიჭრნენ მეზობელ სახელმწიფოებში და დაუსჯელად დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი. […] ჩვენ გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ დემოკრატიას ევროპის გულში26.“
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ეს მოვლენა წარმოადგენს იმას, რასაც გერმანელები უწოდებენ Zeitenwende-ს27 , ანუ გარდამტეხ ისტორიულ შემობრუნებას, რომელიც გავლენას მოახდენს ყველაფერზე, საერთაშორისო ვაჭრობითა და წარმოებით დაწყებული გლობალური უსაფრთხოების საკითხებით დამთავრებული. ის საეტაპო მოვლენაა და უდიდესი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის სახელმწიფოების, განსაკუთრებით, ევროპული ქვეყნების შემდგომი უსაფრთხოებისთვის. რუსეთის ქმედებებზე თვალის დახუჭვა და ამ ქმედებებით გამოწვეული შედეგების მიღება საბოლოოდ დაასამარებს საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაფუძნებულ მსოფლიო პოლიტიკურ სისტემას.
უკრაინის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სამ ძირითად ფაქტორს: I. უკრაინელი ხალხის სიმამაცესა და მედეგობას, II. დასავლეთის დახმარების გაგრძელებასა და გაძლიერებას, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური კუთხით და III. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შენარჩუნებას და კიდევ უფრო გაფართოებას, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში მოუსპობს რუსეთის ხელისუფლებას აგრესიული საომარი მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას.
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღეს, ჩვენ თვალწინ, მიმდინარეობს ახალი „მრავალწესრიგიანი“(Multi-Order) მსოფლიოს კონტურების ჩამოყალიბება, რომლის ფორმირებაზეც დიდ გავლენას მოახდენს ის გარემოება, თუ რამდენად მზად აღმოჩნდება დასავლეთი, დაიცვას საკუთარი ფასეულობები, პირველ რიგში, კი სუვერენული სახელმწიფოს ხელშეუხებლობისა და მისი საგარეო პოლიტიკის თავისუფალი არჩევანის პრინციპის ერთგულება.
* გიორგი რობაქიძე – უფროსი მრჩეველი, საქართველოს წარმომადგენლობა ნატოსთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სარჩევი
საქართველოს ევროპული პერსპექტივა: ახალი ბიძგი ინსტიტუციური და ყოველდღიური ინტეგრაციისთვის
თეიმურაზ ჯანჯალია
დასავლეთის პასუხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე – სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ნორმატიული ასპექტების ანალიზი
გიორგი რობაქიძე
ნატოს გაფართოების ახალი ტალღა: რუსეთის რეაგირება და ასპირანტი ქვეყნების შესაძლებლობები
ირინე ხულუზაური