ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე: არათანაბართა პარტნიორობა?
აბსტრაქტი
სტატიაში განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მოსკოვსა და პეკინს შორის არსებული „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ განვითარების დინამიკა. უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა აღნიშნულ პარტნიორობას, რომელშიც ჩინეთზე რუსეთის დამოკიდებულების ახალი ტენდენციები იკვეთება. რუსეთ-ჩინეთის პრაგმატული თანამშრომლობა დიდწილად ეფუძნება ერთობლივ სწრაფვას მულტიპოლარული საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბებისაკენ, თუმცა მათი განსხვავებული ამბიციები, მათ შორის, პეკინის მისწრაფება მოსკოვზე უპირატესობა შეინარჩუნოს, სრულად ჰარმონიულ ურთიერთობას არარეალისტურს ხდის.
ლუკა გაწერელია
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა ევროპის არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა და, ზოგადად, წესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის მდგრადობა. აღნიშნული სისტემის შენარჩუნებისთვის, გამოიკვეთა აუცილებლობა იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის მორიგი ომი უპასუხოდ არ დარჩენილიყო და მას მნიშვნელოვანი საფასური გადაეხადა საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევისთვის. შესაბამისად, დასავლეთი, ერთი მხრივ, უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვან სამხედრო და პოლიტიკურ დახმარებას უწევს, ხოლო, მეორე მხრივ, შეიმუშავა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების და უპრეცედენტო სანქციების პოლიტიკა,1 რამაც კრემლისთვის გააჩინა აუცილებლობა, ეპოვა გამოსავალი აღნიშნული პოლიტიკურ-ეკონომიკური იზოლაციიდან და გაეძლიერებინა კავშირები იმ ქვეყნებთან, რომლებიც, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე, მოსკოვთან ღია პოლიტიკურ კონფრონტაციაში არ შესულან.
რუსეთისთვის, პარტნიორობის მნიშვნელოვანი პოტენციალი, ამ მხრივ, ბუნებრივია, ჩინეთს აქვს, როგორც სახელმწიფოს, რომლის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა კრემლის მიზნებს ემთხვევა — არ დაუშვას აშშ-ის ლიდერობით ერთპოლუსიანი, ჰეგემონიური საერთაშორისო სისტემის სრულად ჩამოყალიბება და უზრუნველყოს მულტიპოლარული გეოპოლიტიკური გარემო.2 ამავდროულად, რუსეთისა და ჩინეთის საერთო საგარეო პოლიტიკურ ამოცანას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით კი აზია-წყნარ ოკეანეთსა და ცენტრალურ აზიაში, აშშ-ის გავლენების ზრდის პრევენცია წარმოადგენს.3
საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, ერთი შეხედვით, პერსპექტიული უნდა იყოს, იქნება ეს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა, პარტნიორობა ენერგეტიკის სფეროში, სავაჭრო შეთანხმებები თუ ერთობლივი საინვესტიციო პროექტები. თუმცა, ბოლოდროინდელი ტენდენციების გათვალისწინებით, იკვეთება, რომ რუსულ-ჩინური „ალიანსი“ ურთიერთსასარგებლოა, თუმცა მოსკოვისთვის მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, ხოლო ჩინეთი საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების ფონზე, აღნიშნული პარტნიორობის პირობებით გაცილებით მნიშვნელოვან სარგებელს იღებს როგორც მოკლევადიან ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
სტატიაში თავდაპირველად განხილულია რუსეთ-ჩინეთის ომამდელი ურთიერთობები, შემდეგ — უკრაინაში ომის ფონზე არსებული ურთიერთობები და გაანალიზებულია პარტნიორებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ასიმეტრია და მისი შედეგები.
სი ძინპინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსეთთან ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კავშირები თანდათანობით გაღრმავდა. ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიამდე, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები უკვე „კოორდინაციის ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობად“ მოიხსენიებოდა,4 ხოლო დღეს ჩინეთისთვის პარტნიორობის იერარქიაში ყველაზე მაღლა სწორედ რუსეთი დგას. 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, ქვეყნებმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც საუბარია ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობების „ახალ ერაზე“, მულტიპოლარული სისტემისკენ სვლაზე, მსოფლიოში ძალთა ბალანსის ახლებურად გადანაწილებასა და მშვიდობის მნიშვნელობაზე. რაც მთავარია, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა გახდება „შეუზღუდავი“ და არ იარსებებს თანამშრომლობის არავითარი აკრძალული სფერო.5
რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები უფრო გაძლიერდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. ნიშანდობლივია ამ პერიოდში ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, რომლის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმება რუსეთის მიერ ჩინეთისთვის 400 მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ.6 საერთო ჯამში, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვაც გაიზარდა (მიუხედავად 2015-2017 წლებში არსებული ჩავარდნისა) და 2021 წელს პიკს მიაღწია.7
ორი ქვეყანა გეოპოლიტიკურადაც დაახლოვდა. რუსეთი და ჩინეთი გლობალურ საკითხებში, მათი აღქმით, დასავლეთის „უხეშ ჩარევას“ ეწინააღმდეგებიან. რუსეთი საფრთხედ აღიქვამს ნატოს გაფართოებას თავის სამეზობლოში, ხოლო ჩინეთი შეშფოთებულია აშშ-ის ალიანსებით აზიაში.8 აღნიშნული დაახლოება გამოიხატა, მათ შორის, საერთაშორისო პლატფორმებზე ერთმანეთის პოზიციის ფაქტობრივ მხარდაჭერაში. მაგალითად, ყირიმის ანექსიის დროს, გაეროს უშიშროების საბჭომ გამოსცა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, რეფერენდუმის შედეგები არალეგიტიმურად უნდა შეფასებულიყო. ბუნებრივია, რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა, ხოლო ჩინეთმა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.9 მალევე რუსეთმა და ჩინეთმა იგივე პოზიციები დააფიქსირეს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის შესახებაც, რომელიც უარყოფდა ნებისმიერ ცვლილებას ყირიმის სტატუსთან მიმართებით.10 ჩინეთის პოზიცია ყირიმთან მიმართებით უცხო ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობის პრინციპითაა ნაკარნახები. გეოპოლიტიკური დაახლოების კიდევ ერთი დასტურია ჩინეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის შემდგომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუღებლობა. ზოგადად, ჩინეთი არ ემხრობა სანქციების გამოყენების პოლიტიკას და არ მიაჩნია ის კონფლიქტების მოგვარების ეფექტურ საშუალებად, რაც ხაზგასმულია მის „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივაშიც.“11
უნდა აღინიშნოს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებში სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურების ტენდენციაც. ორმა ქვეყანამ ერთობლივი წვრთნები ჩაატარა 2015 წელს ხმელთაშუა და იაპონიის ზღვებში, 2016 წელს — სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ხოლო 2017 წელს — ბალტიის ზღვაში. მოგვიანებით გაიმართა ერთობლივი საავიაციო პატრულირებაც, რომელიც მოიცავდა იაპონიისა და სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცეებს. რუსეთ-ჩინეთის „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ ნათელი დემონსტრირება მოხდა „ვოსტოკი 2018-ში“ ჩინეთის მონაწილეობაც.12 აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება აშკარად მიუთითებს ორ ქვეყანას შორის ნდობის ზრდაზე, რასაც ამყარებს რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული საერთო ხედვები.
კავშირების გაღრმავება აგრეთვე გამოიკვეთა ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის სფეროში თანამშრომლობით. ჩინეთმა ნათლად გამოხატა საკუთარი ინტერესი რუსული სამხედრო ტექნოლოგიების, მათ შორის, სამხედრო თვითმფრინავების, სარაკეტო სისტემებისა და საზღვაო ეკიპირების შეძენის კუთხით. ინდოეთის შემდეგ, ჩინეთი მეორე ადგილზეა რუსული შეიარაღების შესყიდვის ოდენობის თვალსაზრისით13 და ამ ტენდენციამ აშკარად შეიტანა წვლილი ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში.
აქედან გამომდინარე, ყირიმის ანექსიის შემდეგ, მაშინ, როცა რუსულ-დასავლური ურთიერთობა მეტად დაიძაბა და დასავლეთი რუსეთის შეზღუდულ, თუმცა მაინც შესამჩნევ იზოლაციაზე იყო კონცენტრირებული, ჩინეთმა ფაქტობრივად ყველა ძირითადი მიმართულებით განავითარა კავშირი მოსკოვთან. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რუსეთმა სრულად მოახერხა ისედაც მინიმალური მასშტაბის დასავლური სანქციებისგან მიყენებული ზიანის კომპენსაცია და მოკლევადიანი პერსპექტივით, ამ საქმეში ერთობ სასარგებლო მოკავშირე აღმოჩნდა ოფიციალური პეკინი.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსულ-ჩინურმა ეკონომიკურმა პარტნიორობამ აღმავლობა განაგრძო და ახალ პიკს მიაღწია. კერძოდ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს რეკორდულ მაჩვენებელს — 190 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.14 2023 წლის იანვარ-მაისის სავაჭრო მაჩვენებელმა (93.8 მილიარდი აშშ დოლარი) წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 40%-ით გადააჭარბა, რაც არც ისე არარეალისტურს ხდის რუსეთის პრემიერ-მინისტრის პროგნოზს, რომლის თანახმადაც, 2023 წლის საბოლოო მაჩვენებელი ახალ რეკორდს — 200 მილიარდზე მეტს მიაღწევს.15 შედეგად, დასავლური, უპრეცედენტო სანქციების ფონზე, რუსეთი ჩინეთის ყველაზე სწრაფად მზარდი სავაჭრო პარტნიორი გახდა მსოფლიოში და ამით მოსკოვმა გლობალური საფინანსო სისტემიდან „გაძევების“ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყრდენი შეიძინა პეკინის სახით.
ამავდროულად, რუსული ენერგიის ექსპორტის მაჩვენებელი ჩინეთში ზომიერად გაიზარდა მოცულობის თვალსაზრისით, თუმცა საგრძნობლად გაიზარდა ღირებულების კუთხით. გარდა ენერგეტიკული ექსპორტისა, ქვეყნებს შორის გაიზარდა ლითონის რესურსებით ვაჭრობა — რუსეთს ჩინეთში გააქვს ოქრო, სპილენძი, ფოლადი და სხვა; ხოლო ჩინეთი რუსეთში ახორციელებს ალუმინის ექსპორტს, რაც ბუნებრივია მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია სამხედრო დანიშნულებით გამოყენების კუთხით.16
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთმა განაგრძო „დაბალანსებული“ პოზიციონირება, რაც გარკვეულწილად ემთხვევა კრემლის ინტერესებს, შესაბამისად, მისი „ჩაურევლობის“ პოლიტიკა რუსულ-ჩინური ტანდემის გაგრძელებად შეიძლება მოვიაზროთ. კერძოდ, სიტყვიერად ჩინეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას, თუმცა რუსული ნარატივის შესაბამისად, ნატო დაადანაშაულა ომის პროვოცირებაში.17 აგრეთვე, გაეროს ფორმატით პეკინი კვლავ თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან.18 ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პეკინის პოზიცია, გარკვეულწილად, მართლაც არაერთმნიშვნელოვნად გამოიყურება. უკრაინაში ომის დასრულების ჩინური გეგმა, ერთი მხრივ, შედგება ისეთი პუნქტებისგან, როგორებიცაა: ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების იმპლემენტაცია, მეორე მხრივ კი, ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერებას.19 თუმცა, 2023 წლის მარტში ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტმა უფრო რთული გახადა პეკინის ნეიტრალურ შუამავლად აღქმა, თუნდაც იმ ფონზე, როცა სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს „საუკეთესო მეგობარი“ უწოდა. აღნიშნული ვიზიტი და ერთობლივი გზავნილები აშკარად იმ „შეუზღუდავი პარტნიორობის“ სულისკვეთებას გამოხატავს, რომელზეც მხარეები უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეთანხმდნენ.20 თუმცა, იმის მიუხედავად, რომ პეკინი არ მალავს მოსკოვთან სიახლოვეს, გაცხადებული ნეიტრალური პოზიციის წარმოსაჩენად მან გარკვეული ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, აპრილში სი ძინპინის სატელეფონო საუბარი გაიმართა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სადაც ჩინურმა მხარემ კონფლიქტის მოგვარებაში ჩართულობის ინტერესი გამოხატა. ორმხრივი კომუნიკაციის გაღრმავებისთვის, ჩინეთის ლიდერმა ევრაზიულ საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნა ქ. კიევში, ხოლო, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა სტრატეგიული მრეწველობის ყოფილი მინისტრი, პავლო რიაბიკინი დანიშნა ელჩად ჩინეთში.21
ჩინეთის რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას ხელი ვერც უკრაინაში ფართომასშტაბიანმა ომმა შეუშალა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს ამ დრომდე არ აღმოუჩენია პირდაპირი სამხედრო დახმარება რუსეთისთვის, ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა გრძელდება. უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში, ჩინეთმა კვლავ მიიღო მონაწილეობა რუსულ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებში —„ვოსტოკ-2022-ში“,22 რითაც ორმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ისინი ერთიანნი არიან აშშ-იდან მომდინარე საფრთხეების, ე.ი. „მსოფლიო დომინაციის“ წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს ასევე ჩინეთის მკაფიო წინააღმდეგობა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების მიმართ, რაც აღნიშნულია, მათ შორის, უკრაინაში მშვიდობის დამყარების 12-პუნქტიან გეგმაშიც. პეკინი ეწინააღმდეგება აგრეთვე ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას (ასევე კვლევას და განვითარებას) ნებისმიერი ქვეყნის მიერ.23
ამავდროულად, პეკინი განაგრძობს რუსული იარაღის შესყიდვას, თუმცა სამხედრო ექსპერტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ამ მხრივ დინამიკის ცვლილებაზე. თუ წლების განმავლობაში ჩინური არმიის აღჭურვა მასობრივად ხდებოდა რუსული სამხედრო თვითმფრინავებით თუ საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ბოლო დროს აშკარაა ჩინეთის მიერ რუსული ტექნოლოგიის ათვისების და საკუთარი წარმოების განვითარების ტენდენცია. გასათვალისწინებელია ისიც, უკრაინაში მიმდინარე ომი სავარაუდოდ კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას, იყოს მოწინავე ექსპორტიორი შეიარაღების კუთხით, მათ შორის, ჩინეთში. ამ მხრივ, ჩინეთმა, შესაძლოა, სათავისოდ გამოიყენოს რუსეთის ომი უკრაინაში და დროთა განმავლობაში შეიარაღების უფრო მიმზიდველი მიმწოდებელი გახდეს მსოფლიო ბაზარზე.24
სხვადასხვა სფეროში ზემოაღნიშნული თანამშრომლობის გათვალისწინებით, ჩნდება მნიშვნელოვანი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ორ ქვეყანას შორის ურთიერთგავლენის ხარისხი და რამდენად თანასწორ პარტნიორებად შეგვიძლია მოვიაზროთ ისინი.
წლების განმავლობაში მოსკოვი და პეკინი ცდილობდნენ, ეკონომიკური თანამშრომლობა ყოფილიყო ქვეყნებს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედი. სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ფონზე, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ თანაფარდობა, რომელიც ნათელს ხდის რუსეთის მზარდ დამოკიდებულებას ჩინეთზე. ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე, რუსეთის სრული სავაჭრო ბრუნვის გაცილებით დიდი ნაწილი მოდიოდა ჩინეთზე, ვიდრე პირიქით.25 შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ მოსკოვს სურს, თავი თანასწორ პარტნიორად წარმოაჩინოს, მზარდი ასიმეტრია ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში უფრო ძნელი დასამალი ხდება. უკრაინის წინააღმდეგ ომისა და დასავლური სანქციების პირობებში, რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია (2022 წელს მან რეცესიაც კი განიცადა26), მაშინ როცა ჩინეთი განაგრძობს ეკონომიკურ აღმავლობას.
ფაქტობრივად, ეკონომიკური, ტექნოლოგიური თუ სამხედრო მიმართულებით ჩინეთი „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორთან“ შედარებით სულ უფრო ძლიერდება. 2020 წელს პირველად, ჩინეთმა გადააჭარბა რუსეთს ნომინალური მშპ ერთ სულზე მაჩვენებლით. ამავე წლის მდგომარეობით, შენარჩუნებულია ასიმეტრია სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისით, კერძოდ, ჩინეთის ვაჭრობაში რუსეთის წილი მხოლოდ 2%-ს შეადგენს, მაშინ როცა რუსეთის ვაჭრობის 18% მოდის ჩინეთზე.27
ამავდროულად, თუკი შევადარებთ რეალურ მშპ-ის მაჩვენებლებს (2015 წლის მუდმივ ფასებში), დავინახავთ, რომ ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის სრული მოცულობა დაახლოებით 10-ჯერ აღემატება რუსეთისას, თანაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა რუსეთთან შედარებით გაცილებით თვალსაჩინოა.28
ბუნებრივია, პეკინისთვის მოსკოვიდან მიღებული ენერგორესურსები კვლავ რელევანტურია, თუმცა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, შესაძლებელია, რუსეთმა აღნიშნული ღირებულებაც დაკარგოს. საქმე ისაა, რომ ჩინეთი სულ უფრო მეტად ზღუდავს სასარგებლო წიაღისეულის ენერგიისთვის გამოყენებას და ავითარებს განახლებადი ენერგიის მოდელს. რუსეთი კი ჩინეთს აწვდის სწორედ წიაღისეულ საწვავს — ნავთობს, ბუნებრივ აირსა და ქვანახშირს. პეკინის მიერ განახლებადი ენერგიის მოდელის დანერგვა საკმაოდ რეალისტური ჩანს, იმ ფონზე, როცა ჩინეთი ამ მიმართულებით მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა. ბოლო მონაცემების მიხედვით, ვარაუდობენ, რომ ჩინეთი 2025 წლისთვის შეძლებს, 1200 გიგავატი ელექტროენერგია გამოიმუშაოს ქარისა და მზის ენერგიის საშუალებით, რაც თავდაპირველად 2030 წელს მისაღწევ მიზნად იყო განსაზღვრული. აგრეთვე ცნობილია, რომ 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ჩინეთის მიერ გამომუშავებულმა კომუნალური მასშტაბის მზის ენერგიამ 228 გიგავატს მიაღწია, რაც დანარჩენი მსოფლიოს მთლიან მაჩვენებელზე მეტია. სპეციალისტების პროგნოზით, ჩინეთი მარტივად გადააჭარბებს თავის სამიზნე მაჩვენებელს, რომელიც 2030 წლისთვის ქვეყნის ენერგიის მოხმარების მესამედის განახლებადი ენერგიით უზრუნველყოფას გულისხმობს.29 შესაბამისად, მოსკოვის წიაღისეული საწვავი ჯერ კიდევ ინარჩუნებს მნიშვნელობას, თუმცა დროთა განმავლობაში, ის ნაკლებად ღირებული უნდა გახდეს პეკინისთვის.
სანქციების ფონზე, მოსკოვის დამოკიდებულება ჩინეთზე იზრდება, როგორც ენერგეტიკული ვაჭრობის დანიშნულების წერტილზე. თუმცა კრემლმა ჯერ-ჯერობით ვერ შეძლო მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვა „ციმბირის ძალა 2-ის” მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელმაც რუსული ბუნებრივი აირი უნდა მიაწოდოს ჩინეთს.30 ამ პროექტის შეფერხება შეიძლება აიხსნას პეკინის სურვილით, არ დაუშვას დამოკიდებულების ზრდა რუსულ მიმწოდებლებზე და მიმართოს დივერსიფიკაციის პოლიტიკას. თუმცა, ზოგიერთი წყაროს თანახმად, პროგრესის ნაკლებობა განაპირობა ბუნებრივი აირის მიწოდების ფასზე შეუთანხმებლობამ.31
პეკინზე მზარდი დამოკიდებულების კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს რუსეთის ე.წ. „იუანიზაცია“. მიუხედავად მოსკოვის მცდელობისა, ენერგეტიკული ვაჭრობა დასავლეთთან რუბლებში გადაეტანა, შედეგად ვხედავთ მის მზარდ დამოკიდებულებას ჩინურ იუანზე. რუსული ექსპორტისთვის ჩინური იუანის წილი გაიზარდა 0.5%-იდან (2021 წელს) 16%-მდე (2023 წლის დასაწყისში).32 რუსეთი იუანით ვაჭრობაზე გადადის არამხოლოდ ჩინეთთან, არამედ აზიის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის სხვა ქვეყნებთანაც. აღნიშნული დინამიკა მოსკოვს საკმაოდ მოწყვლადს ხდის პეკინთან მიმართებით, რომელსაც, თეორიულად, საკუთარ ვალუტაზე კონტროლის მეშვეობით რუსეთის შემოსავლებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ეძლევა.
უკრაინაში მიმდინარე ომში არსებული გამოწვევების ფონზე, კრემლისთვის აგრეთვე არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა ჩინეთის მხრიდან სამხედრო დახმარების აღმოჩენა. თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ჩინეთის მხრიდან ლეტალური იარაღის პირდაპირი მიწოდების ფაქტი არ დასტურდება და ის მხოლოდ ორმაგი დანიშნულების კომპონენტების მიწოდებით შემოიფარგლება. მოსალოდნელია, რომ ჩინეთი შეინარჩუნებს ამგვარ არაერთმნიშვნელოვან მიდგომას სამხედრო დახმარების კუთხით, მათ შორის, დასავლური სანქციების საფრთხის გათვალისწინებით. ეს გარემოება საფუძვლიანს ხდის შეფასებას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ჩინეთზე დამოკიდებულების სანაცვლოდ პრაგმატული კავშირის შესაბამის სარგებელს ვერ იღებს. თავის მხრივ, ჩინეთის დამოკიდებულება რუსულ შეიარაღებაზე თანდათან მცირდება, განსაკუთრებით 1991-2005 წლების პერიოდთან შედარებით (როცა რუსული იარაღის მიწოდება პეკინისთვის მკვეთრად გაიზარდა). ეს განაპირობა, ერთი მხრივ, ჩინეთის გაზრდილმა თვითკმარობამ და ე.წ. უკუინჟინერიის (reverse engineering) პრაქტიკამ, რაც მოსკოვს აიძულებს, პეკინისთვის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდება შეზღუდოს. აღსანიშნავია, რომ შეიარაღებით ვაჭრობის მნიშვნელობის შემცირების ფონზე, გაიზარდა ერთობლივი ტექნოლოგიური წარმოების კუთხით თანამშრომლობა. ამ თვალსაზრისით, რუსეთი გარკვეულ უპირატესობას ინარჩუნებს, რადგან იგი მეტწილად რუსეთის ტექნოლოგიებს ეფუძნება.33
საერთო საგარეო პოლიტიკური მიზნების მიუხედავად, რუსეთისა და ჩინეთის განსხვავებული პრიორიტეტები იკვეთება ცენტრალურ აზიაში, სადაც ამ ეტაპზე რუსეთი წარმოადგენს მთავარ ანგარიშგასაწევ ძალას. თუმცა, ბოლო დროს, უკრაინაში ომის კვალდაკვალ, რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური რესურსების შემცირებისა და ჩინეთზე დამოკიდებულების ზრდის ფონზე, ჩვენ, შესაძლოა, ვაკვირდებით რუსეთის პოზიციების შესუსტების დასაწყისს მის ტრადიციულ გავლენის სფეროებზე და იქ ჩინეთის მომძლავრებას. ამას ადასტურებს 2023 წლის მაისში გამართული პირველი ჩინეთ-ცენტრალური აზიის სამიტი, რომელშიც ჩინეთთან ერთად მონაწილეობდნენ: ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. თუმცა, რუსეთს ძლიერი გავლენის ბერკეტები აქვს აღნიშნულ რეგიონზე, მათ შორის სავაჭრო დამოკიდებულების კუთხით. რაც შეეხება ჩინეთს, მას უფრო დიდი მოცულობის და უფრო სწრაფად მზარდი ვაჭრობა აქვს ცენტრალურ აზიასთან. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ფუნდამენტურ ინტერესებში თანხვედრა კვლავ არსებობს, რაც გულისხმობს ცენტრალური აზიის რეჟიმების შენარჩუნებას და იქ აშშ-ის გავლენის ზრდის პრევენციას. რეგიონში ჩინეთის გავლენების ზრდას მოსკოვი გაგებით ეკიდება, იქიდან გამომდინარე, რომ თავად ამ ორ ქვეყანას შორის კავშირები ღრმავდება. თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობის ასიმეტრიას, გრძელვადიანი პერსპექტივით ცენტრალურ აზიაში ქვეყნებს შორის კონკურენცია მოსკოვისთვის შესაძლოა საფრთხის შემცველი გახდეს.34
ჩინეთი პრაგმატული მოთამაშეა, რომლისთვისაც ნაკლებად მნიშვნელოვანია ღირებულებითი განსჯები საერთაშორისო პოლიტიკაში; შესაბამისად, მისი მიდგომა რუსეთისადმი მუდმივად ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხელშეწყობას ემსახურება. ჩინეთს ესმის, რომ მთელ დასავლურ სამყაროს მარტო ვერ გაუმკლავდება, სჭირდება მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ საქმეში, თუმცა ისეთი, რომელიც მასზე „დაბალ ლიგაში“ ითამაშებს. პოტენციურად რუსეთი აღნიშნულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ამავდროულად, თავისი ბუნებრივი და ენერგორესურსებით, წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, პეკინისთვის სარგებლის მომტანია, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. პეკინი მზადაა, დაეხმაროს რუსეთს მხოლოდ ისეთ სფეროებში, რომლებიც, საბოლოოდ, წაადგება ჩინეთის ეროვნული ინტერესებს.
საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, რთულია იმის თქმა, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჩინეთს სხვადასხვა მიმართულებით. თუკი გავითვალისწინებთ არსებულ მონაცემებს, მათი ურთიერთობა მეტ-ნაკლებად თანასწორია, თუმცა აშკარად შეინიშნება ტენდენცია, რომელიც აჩვენებს პოლიტიკური, სამხედრო და განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთის აღმავლობასა და რუსეთის დასუსტებას. შესაბამისად, უთანასწორობა ქვეყნებს შორის იზრდება და მომავალ ათწლეულებში ძალთა თანაფარდობის ცვლილება პარტნიორებს შორის, სავარაუდოდ, მეტად მკაფიო გახდება.
სტატიაში მიმოხილული ტენდენციები ბევრისთვის მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ჩინეთის „ვასალი“ ხდება.35 თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პეკინს სურს, დომინირებდეს მოსკოვზე, მის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს რუსეთის ზედმეტად დასუსტება, რითაც მას დაეკარგებოდა სასარგებლო მოკავშირე დასავლეთთან კონფრონტაციის ფონზე. ჩინეთს სჭირდება ოქროს შუალედი, რომელიც ემსახურება უმთავრეს მიზანს — ზესახელმწიფოდ ქცეულ ჩინეთს, რომელიც მკვეთრად ცვლის ძალთა ბალანსს მსოფლიოში.
https://foreignpolicy.com/2023/02/24/russia-sanctions-war-ukraine-lessons-putin-energy-gas-oil/ [2] Clegg, J. 2009. China’s Global Strategy: Towards a Multipolar World. London: Pluto Press. [3] Stronski, P. and Nicole, Ng. 2018. “Cooperation and Competition: Russia and China in Central Asia, the Russian Far East, and the Arctic”. Carnegie Endowment for International Peace. February, 2018. https://carnegieendowment.org/files/CP_331_Stronski_Ng_Final1.pdf [4] Ministry of Foreign Affairs of the People’s Republic of China. n.d. “China and Russia”
https://www.fmprc.gov.cn/eng/gjhdq_665435/3265_665445/3220_664352/ [5] President of Russia. 2022. “Joint Statement of the Russian Federation and the People’s Republic of China on the International Relations Entering a New Era and the Global Sustainable Development.” February 4, 2022. http://en.kremlin.ru/supplement/5770 [6] Luhn, A. and Macalister, T. 2014. “Russia signs 30-year deal worth $400bn to deliver gas to China.” The Guardian. May 21, 2014. https://www.theguardian.com/world/2014/may/21/russia-30-year-400bn-gas-deal-china [7] TASS. 2022. “Trade turnover between Russia and China gained 35.8% in 2021 – Chinese Customs.” January 14, 2022. https://tass.com/economy/1387967 [8] Patricia M. K. 2023. “The Limits of the No-Limits Partnership”. Foreign Affairs. https://www.foreignaffairs.com/china/limits-of-a-no-limits-partnership-china-russia [9] Lihua, Z. 2015. “Explaining China’s Position on the Crimea Referendum.” Carnegie Endowment for International Peace. April 1, 2015. https://carnegieendowment.org/2015/04/01/explaining-china-s-position-on-crimea-referendum-pub-59600 [10] UN General Assembly. 2014. “Resolution 68/262. Territorial integrity of Ukraine.” https://documents-dds-ny.un.org/doc/UNDOC/GEN/N13/455/17/PDF/N1345517.pdf [11] Ministry of Foreign Affairs of the People’s Republic of China. 2023. “The Global Security Initiative Concept Paper”.
https://www.fmprc.gov.cn/mfa_eng/wjbxw/202302/t20230221_11028348.html [12] Weitz, R. 2021. “Assessing Chinese-Russian Military Exercises: Past Progress and Future Trends”. Center for Strategic & International Studies (CSIS). July 9, 2021. https://www.csis.org/analysis/assessing-chinese-russian-military-exercises-past-progress-and-future-trends [13] Al Jazeera. 2022. “Infographic: Which countries buy the most Russian weapons?” March 9, 2022. https://www.aljazeera.com/news/2022/3/9/infographic-which-countries-buy-the-most-russian-weapons [14] Essen, von H. 2023. “Russia-China Economic Relations since the Full-Scale Invasion of Ukraine”. Stockholm Centre for Eastern European Studies (SCEEUS). July 5, 2023. https://sceeus.se/en/publications/russia-china-economic-relations-since-the-full-scale-invasion-of-ukraine/ [15] He, L. 2023. “Russia predicts trade with China will hit record $200 billion in 2023”. CNN Business. May 24, 2023. https://edition.cnn.com/2023/05/24/economy/russia-china-trade-new-record-intl-hnk/index.html [16] Essen, von H. 2023. “Russia-China Economic Relations since the Full-Scale Invasion of Ukraine.” Stockholm Centre for Eastern European Studies (SCEEUS). July 5, 2023. https://sceeus.se/en/publications/russia-china-economic-relations-since-the-full-scale-invasion-of-ukraine/ [17] Reuters. 2022. “China blames NATO for pushing Russia-Ukraine tension to ‘breaking point.” March 9, 2022. https://www.reuters.com/world/china-blames-nato-pushing-russia-ukraine-tension-breaking-point-2022-03-09/ [18] UN General Assembly. 2022. “Resolution ES‑11/1. Aggression against Ukraine.”
https://documents-dds-ny.un.org/doc/UNDOC/GEN/N22/293/36/PDF/N2229336.pdf [19] Ministry of Foreign Affairs of the People’s Republic of China. 2023. “China’s Position on the Political Settlement of the Ukraine Crisis”.
https://www.fmprc.gov.cn/eng/zxxx_662805/202302/t20230224_11030713.html [20] Al Jazeera. 2023. “Russia-China ties enter ‘new era’ as Xi meets Putin in Moscow.” March 21, 2023. https://www.aljazeera.com/news/2023/3/21/chinas-xi-says-ties-with-russia-entering-new-era [21] Hatton, C. and Kirby, P. 2023. “Ukraine’s Zelensky holds first war phone call with China’s Xi.” BBC News. April 26, 2023. https://www.bbc.com/news/world-europe-65396613 [22] Ferris, E. and Nouwens, V. 2022. “Russia’s Vostok 2022 Military Drills: Not Size or Tanks, but Context.” The Royal United Services Institute. September 15, 2022. https://rusi.org/explore-our-research/publications/commentary/russias-vostok-2022-military-drills-not-size-or-tanks-context [23] Ministry of Foreign Affairs of the People’s Republic of China. 2023. “China’s Position on the Political Settlement of the Ukraine Crisis”.
https://www.fmprc.gov.cn/eng/zxxx_662805/202302/t20230224_11030713.html [24] China Power Team. 2022. “How Deep Are China-Russia Military Ties?” Center for Strategic and International Studies (CSIS). Updated September 6, 2022. https://chinapower.csis.org/china-russia-military-cooperation-arms-sales-exercises/ [25] Hillman, E. J. 2020. “China and Russia: Economic Unequals.” Center for Strategic and International Studies (CSIS).July 15, 2020. https://www.csis.org/analysis/china-and-russia-economic-unequals?fbclid=IwAR2OmosLSVd3iUNUvO3Qj_sbVrZHMvbJ1Q9iqBivAz1MJYMAocFfGBbiDwM [26] Al Jazeera. 2023. “Russian economy shrank 2.1% in 2022, much less than expected.” February 21, 2023. https://www.aljazeera.com/news/2023/2/21/russias-economy-contracted-2-1-in-2022 [27] China Power Team. 2022. “What Are the Weaknesses of the China-Russia Relationship?” Center for Strategic and International Studies (CSIS). Updated August 22, 2022. https://chinapower.csis.org/china-russia-relationship-weaknesses-mistrust/ [28] European Parliament Briefing. 2023. “China-Russia relations: A quantum leap?” https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/BRIE/2022/729349/EPRS_BRI(2022)729349_EN.pdf [29] Hawkins, A. and Cheung, R. 2023. “China on course to hit wind and solar power target five years ahead of time”. The Guardian. June 29, 2023.
https://www.theguardian.com/world/2023/jun/29/china-wind-solar-power-global-renewable-energy-leader [30] Stognei, A., Leahy, J. and Yang, Y. 2023. “Power of Siberia: China keeps Putin waiting on gas pipeline.” Financial Times.May 24, 2023. https://www.ft.com/content/541f8bcb-118a-419e-869f-3273fcc9ce92 [31] European Parliament Briefing. 2023. “China-Russia relations: A quantum leap?” https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/BRIE/2022/729349/EPRS_BRI(2022)729349_EN.pdf [32] McElwee, L., Snegovaya, M., Chopenko, A. and Dolbaia, T. 2023. “Xi Goes to Moscow: A Marriage of Inconvenience?” Center for Strategic & International Studies (CSIS). March 28, 2023.
https://www.csis.org/analysis/xi-goes-moscow-marriage-inconvenience [33] Gorenburg, D., Wishnick, E., Schwartz, P. and Waidelich, B. 2023. “How Advanced is Russian-Chinese Military Cooperation?” War on the Rocks. June 26, 2023.
https://warontherocks.com/2023/06/29000/ [34] Umarov, T. and Gabuev, A. 2023. “Is Russia Losing Its Grip on Central Asia?” Foreign Affairs.
https://www.foreignaffairs.com/china/russia-losing-its-grip-central-asia?utm_medium=promo_email&utm_source=lo_flows&utm_campaign=registered_user_welcome&utm_term=email_1&utm_content=20230818 [35] Gabuev, A. 2022. “China’s New Vassal”. Foreign Affairs. August 9, 2022.
https://www.foreignaffairs.com/china/chinas-new-vassal
* ლუკა გაწერელია – კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს ატაშე, პოლიტიკური დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სარჩევი
ნატოს იდენტობა და გაფართოების პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
გიორგი რობაქიძე
დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე: რეალობა და გამოწვევები
მარიამ განუგრავა