ჩინეთ-ევროკავშირის მეტოქეობა და სანქციების პოლიტიკა
აბსტრაქტი
2020 და 2021 წლებში, ჩინეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხასიათდებოდა. ჩინეთთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიუხედავად, დღეს ევროკავშირს არ შეუძლია უგულებელყოს ფართო ეკონომიკური და უსაფრთხოების ტრანსატლანტიკური ინტერესები და მათი დაცვა მხოლოდ აშშ-ს მიანდოს. ტაივანის სრუტესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილი გეოპოლიტიკური რისკებისა და ხისტი დიპლომატიის გარდა, ევროკავშირს აშფოთებს პეკინის მკაცრი შიდა პოლიტიკა და ადამიანის უფლებების დარღვევის ცნობები სინძიანში, ტიბეტში, შიდა მონღოლეთსა და ჰონგ-კონგში, რისი შედეგებიცაა სანქციების შემოღება ორივე მხრიდან და ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის შეჩერება. მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა ევროპარლამენტის 2021 წლის სექტემბრის რეზოლუცია, ევროკავშირ-ჩინეთის ახალი სტრატეგიის შესახებ და ოქტომბრის მოხსენება, ტაივანთან თანამშრომლობისა და პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ. გლობალურ საკითხებში ჩინეთი ევროკავშირის პარტნიორია, თუმცა კონფლიქტური ინტერესებისა და განსხვავებული მიდგომების გამო, ისინი ეკონომიკური კონკურენტები და მეტოქე სისტემები არიან.
დავით პიპინაშვილი
ვაჭრობა ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი ასპექტია.1 ის ვითარდება COVID-19 პანდემიის პირობებშიც. 2020 წელს ჩინეთმა გადაასწრო აშშ-ს და გახდა ევროკავშირის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი, სავაჭრო ბრუნვამ კი 586 მილიარდი ევრო (710 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა.2 იმავე წელს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის გაფორმდა შეთანხმება გეოგრაფიული აღნიშვნების (GI) ურთიერთდაცვის შესახებ.3
აღნიშნულის მიუხედავად, 2020-2021 წლებში, ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობა რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობის გამო გართულდა: დისკუსია კოვიდინფექციის წარმომავლობაზე და ჩინეთის მიერ დასავლეთის არასათანადო ინფორმირება; შედარებით აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარება პანდემიის პერიოდში; ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების დაშლა და ადგილობრივი პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროება, ასევე სინძიანში მცხოვრები უიღურების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა, რამაც ევროკავშირის სანქციები გამოიწვია; ევროპის პოლიტიკური ელიტის ნაწილმა ჩათვალა, რომ ჩინეთზე ზედმეტი დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებში; ვითარება გამწვავდა სამხრეთი და აღმოსავლეთი ჩინეთის საზღვაო აკვატორიასა და ტაივანის სრუტეში, რაც გეოპოლიტიკურ რისკებს შეიცავს რეგიონული უსაფრთხოებისთვის.
სტატიაში თავდაპირველად განხილულია ჩინეთსა და ევროკავშირს შორის არსებული ის განსხვავებული მიდგომები და პრობლემური საკითხები, რომლებიც სანქციების პოლიტიკის მიზეზი გახდა; შემდეგ ანალიზდება ტაივანისა და სამხრეთი ჩინეთის ზღვის აკვატორიის საკითხი, ბოლოს კი მიმოხილულია ევროპარლამენტის რეზოლუცია ჩინეთ-ევროკავშირის ახალი სტრატეგიის შესახებ.
ევროკავშირსა და ჩინეთს განსხვავებული, სხვადასხვა იდეოლოგიურ საწყისებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემები აქვთ. ამას ემატება ეკონომიკური განვითარების განსხვავებული ხედვა და მოდელები. დღეს მსოფლიოში საერთაშორისო გავლენისათვის ბრძოლა მიმდინარეობს არა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნებსა და ეკონომიკურ ბლოკებს, არამედ ორ სისტემას – დასავლურ ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკასა და ჩინურ (კომუნისტურ) სახელმწიფო კაპიტალიზმს – შორის. ასევე, მზარდია კონკურენცია დასავლეთსა და ჩინეთს შორის ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით.
ჩინეთის სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ დღის წესრიგში დააყენა ახალი ამოცანები აშშ-ის, ევროკავშირისა და ცალკეული ევროპული მთავრობების წინაშე.4 „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ (Belt and Road Initiative) ფარგლებში, პეკინი მის ხელთარსებული ბერკეტების გამოყენებას ცდილობს, რათა გააძლიეროს საინვესტიციო პოლიტიკა ევროკავშირის ქვეყნებში (ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის სფეროში) და ნაწილობრივ მაინც მოიპოვოს გავლენა მათ სტრატეგიულ დარგებზე. იმავდროულად, ევროპაში განიხილება ჩინური ინვესტიციების შეზღუდვის საკითხი, რათა ევროკავშირის ბაზარზე ჩინეთი არ გაძლიერდეს. ამის გამოძახილია ევროკომისიის მიერ 2021 წლის დეკემბერში შექმნილი გეგმა Global Gateway (გლობალური კარიბჭე), რომელსაც ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ევროპულ ალტერნატივასაც უწოდებენ.5 ესაა ევროკავშირის 300 მილიარდევროიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზებას ინფრასტრუქტურაში, ციფრულ ქსელებში, ჯანდაცვაში, მწვანე ეკონომიკაში, განათლებაში და ა.შ. დახმარების მიმღებ ქვეყნებს ექნებათ წვდომა ჩინური ფულის ალტერნატიულ ფინანსურ რესურსებთან.6
2021 წლის 22 მარტს, ევროკავშირმა, ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველად შემოიღო სანქციები ჩინეთის წინააღმდეგ. ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევისა და ძალადობრივი ქმედებების გამო. ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები ჩინეთიდან, ჩრდილოეთი კორეიდან, ლიბიიდან, ერიტრეიდან, სამხრეთი სუდანიდან და რუსეთიდან.7 უშუალოდ ჩინეთიდან სანქციები ოთხ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს შეეხო. მათი აქტივები „გაიყინა“ და ამ პირებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალათ.8 ბრიუსელმა ეს გადაწყვეტილება სინძიან-უიღურეთის ავტონომიაში შექმნილი ვითარებით, უიღურელი* მუსლიმებისა და სხვა ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევით ახსნა, რაც, ევროკავშირის აზრით, პეკინის რეპრესიული პოლიტიკის შედეგია. თუმცა, ხშირად დიდი ქვეყნებისადმი შემოღებულ სანქციებს სიმბოლური დატვირთვა უფრო აქვთ, ვიდრე პრაქტიკული. შესაბამისად, არც ჩინეთის შემთხვევაშია მოსალოდნელი ცვლილება მოკლევადიან პერსპექტივაში.9
პეკინმა დაგმო ევროკავშირის მიერ ჩინეთის მიმართ სანქციების ამოქმედების ფაქტი. 2021 წლის 22 მარტს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის ევროკავშირის ელჩი დაიბარეს, რომელსაც აცნობეს ჩინეთის მიერ საპასუხო სანქციების შემოღების შესახებ. ჩინეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ სინძიან-უიღურეთის შესახებ დასავლეთში გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა, რაც მსოფლიოს თვალში ჩინეთის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.10 2021 წლის 22 ივნისს, 44-მა ქვეყანამ მოუწოდა პეკინს შეეშვა დამოუკიდებელი დამკვირვებლები სინძიან-უიღურეთში. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში (HRC) გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში პეკინი გაკრიტიკებულია ჰონგ-კონგსა და ტიბეტში ადამიანის უფლებების დარღვევების გამოც.11
ჰონგ-კონგი ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რაზეც ევროკავშირსა და ჩინეთს განსხვავებული მიდგომები აქვთ. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის გავლენა დასრულდა და ეს ადმინისტრაციული რეგიონი პეკინის იურისდიქციას გადაეცა, იქ მოქმედებს პრინციპი „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“. 2019-2020 წლებში, დემოკრატიის პრინციპების დასაცავად ჰონგ-კონგში გამართული აქციების ძალისმიერი დაშლისა და ადგილობრივი პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ გატარებული მკაცრი ზომების შემდეგ, პეკინმა მიიღო კანონი ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების დაცვის შესახებ (Law on Safeguarding National Security in Hong Kong), რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა რეგიონის თვითმმართველობა და დააზიანა ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობები.12
ჩინეთისთვის რთული საკითხია ტიბეტიც. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა არაერთი დოკუმენტი გამოაქვეყნეს ტიბეტში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. ტიბეტელთა პოლიტიკური პროტესტი მრავალ წელიწადს ითვლის, თუმცა ყველაზე მწვავედ ის გამოვლინდა 2008 წელს ქ. ლჰასაში, რომელიც სამთავრობო ძალებმა დაშალეს. ევროპარლამენტმა სპეციალური რეზოლუციაც მიიღო, რომელშიც დაგმობილია პეკინის ქმედებები ტიბეტელი დემონსტრანტების წინააღმდეგ.13 ადამიანის უფლებების დარღვევებზეა საუბარი ჩინეთში ევროკავშირის დელეგაციის 2021 წლის დეკემბრის განცხადებაშიც, რომელშიც ევროკავშირი მოუწოდებს პეკინს, პატივი სცეს ყველა ეთნიკური ჯგუფის უფლებებს, მათ შორის, სინძიანში, შიდა მონღოლეთსა და ტიბეტში.14
ფაქტია, 2021 წლის გაზაფხულზე ბრიუსელმა მხარი აუბა ვაშინგტონის სანქციების პოლიტიკას. პეკინმაც საპასუხო ნაბიჯები გადადგა და სანქციები დაუწესა ხუთ ევროპელ პოლიტიკოსს, მათ შორის, ევროპარლამენტარებს. მაისში ცხადი გახდა, რომ ევროპარლამენტი არ მოახდენდა საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებას, სანქციებისა და კონტრსანქციების ფონზე.15
2020 წლის მიწურულს, პეკინმა და ბრიუსელმა „დიდი გარღვევის“ შესახებ განაცხადეს, გააფორმეს რა „ყოვლისმომცველი საინვესტიციო შეთანხმება“ (Comprehensive Agreement on Investment – CAI). ის ითვალისწინებდა ჩინეთის ბაზარზე ევროპული კომპანიების წვდომას ისეთ დარგებში, როგორებიცაა: ტელეკომუნიკაციები, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი, ელექტრომობილების წარმოება, ფინანსური მომსახურება, სადაც ადრე საგრძნობი შეზღუდვები მოქმედებდა უცხოური კაპიტალისთვის. ჩინეთმა ვალდებულება აიღო, არ მიენიჭებინა მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი ჩინური კომპანიებისთვის კონკურენტული უპირატესობები ევროპული კომპანიების საპირწონედ. შედეგად, ევროპელი მეწარმეები თითქმის იმავე პირობებით სარგებლობდნენ, როგორებიც ევროკავშირის ბაზარზე აქვთ. დოკუმენტი ასევე უზრუნველყოფდა დისკრიმინაციული მოთხოვნების გაუქმებას და დაცვის დაბალანსებული ჩარჩოს შექმნას საზღვარგარეთული ინვესტიციებისთვის.
„ყოვლისმომცველ საინვესტიციო შეთანხმებას“ (CAI) ლობირებდა: ევროკომისია, საფრანგეთი და გერმანია. მაგრამ ჩინეთ-ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივით უკმაყოფილო იყო ვაშინგტონი. ამასთან, ევროპარლამენტში არსებობენ გავლენის მქონე ჯგუფები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი პეკინის მიმართ და როდესაც 2021 წლის გაზაფხულზე ევროკავშირმა შემოიღო სანქციები ჩინეთის წინააღმდეგ, რასაც ამ უკანასკნელის კონტრსანქციები მოჰყვა, ევროპარლამენტმა უარი თქვა რატიფიკაციაზე და მიიღო რეზოლუცია პროცესის „გაყინვის“ შესახებ. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, თუ რაოდენ რთულია დღეს პოლიტიკის გამიჯვნა ეკონომიკისგან.16
2022 წლის 1 აპრილს, გაიმართა ჩინეთ-ევროკავშირის ორმხრივი ვიდეო-სამიტი, რომელიც დიდ წილად უკრაინის კრიზისს მიეძღვნა. აღინიშნა, რომ ბრიუსელი ყურადღებით მიადევნებს თვალს ჩინეთის ქცევას, რათა მან არ გაუწიოს რუსეთს სამხედრო დახმარება ან აუაროს გვერდი სანქციებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისიც განაცხადა, რომ მოსკოვისადმი თუნდაც მცირედი დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, ჩინეთი მიიღებს დიდ რეპუტაციულ ზიანს. დადო თუ არა ჩინეთმა პირობა, რომ არ დაეხმარება რუსეთს სანქციების შემსუბუქებაში, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ევროკავშირის ლიდერებმა მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ შეთანხმდნენ ჩინეთთან თანამშრომლობაზე დაძაბულობის განსამუხტად. პეკინი აცხადებს, რომ ის დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და სანქციებისა და შიდა საქმეში ჩარევის წინააღმდეგია .17
ჰონგ-კონგთან, სინძიანსა და ტიბეტთან ერთად, ჩინეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დაპირისპირების ყველაზე მწვავე სფეროებად რჩება ტაივანი* და სამხრეთი ჩინეთის ზღვის აკვატორია*. ამ მხრივ, ტრადიციულად აქტიურია ვაშინგტონი, რომელიც ტაივანის ყველაზე საიმედო მოკავშირე და უსაფრთხოების გარანტია.18 თუმცა, ბოლო წლების გეოპოლიტიკური კონფიგურაცია იცვლება და ევროკავშირიც სულ უფრო მეტად ყურადღებას ამახვილებს ტაივანისა და სამხრეთი ჩინეთის ზღვის თემებზე, რაც პეკინთან ურთიერთობის დაძაბვისა და სანქციების პოლიტიკის ფონზე ხდება. ვითარება დამძიმდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა აღნიშნული რეგიონის მილიტარიზაცია დაიწყო. ბრიუსელი შეშფოთებულია სამხრეთი ჩინეთის ზღვაში უსაფრთხოების გარემოს გაუარესებით და დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის მომხრეა, მოუწოდებს რა პეკინს, უზრუნველყოს თავისუფალი ნაოსნობა.
ოფიციალურ დონეზე ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აღიარებენ „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, პატივს სცემენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მათ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა ტაივანთან, თუმცა აქტიურად თანამშრომლობენ მასთან არაოფიციალურ დონეზე.
2021 წლის სექტემბერში ტაივანის საკითხი შევიდა ევროკომისიისა და საგარეო საკითხთა ევროპული სამსახურის (EEAS) ერთობლივ მოხსენებაში „ევროკავშირის თანამშრომლობის სტრატეგია ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინეთის მიერ სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებამ გაზარდა დაძაბულობა სამხრეთი და აღმოსავლეთი ჩინეთის ზღვების აკვატორიაში, ასევე ტაივანის სრუტეში, რამაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ევროკავშირის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. აღინიშნა ისიც, რომ რეგიონში ავტორიტარულმა რეჟიმებმა საფრთხე შეუქმნეს დემოკრატიულ პრინციპებს, რის გამოც ბრიუსელმა უნდა იზრუნოს კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ტაივანთან. ეს უკანასკნელი, სტრატეგიაში მოხსენიებულია, როგორც ევროკავშირის რეგიონული პარტნიორი.
2021 წლის 21 ოქტომბერს ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით (580 ხმა 26-ის წინააღმდეგ), მიიღო მოხსენება „ევროკავშირი-ტაივანის პოლიტიკური ურთიერთობების და თანამშრომლობის შესახებ“. დოკუმენტში საუბარია კუნძულის გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, დაგმობილია პეკინის სამხედრო რიტორიკა და ქმედებები, ისევე როგორც პროვოკაციის სხვა გამოვლინებები (ჯაშუშობა, კიბერშეტევები), რომლებიც საფრთხეს უქმნის ტაივანსა და ჩინეთს შორის არსებულ სტატუს-კვოს და სტაბილურობას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. ეს ყველაფერი, შესაძლოა, სიტუაციის ესკალაციის გამომწვევი იყოს. აღინიშნა, რომ კუნძულის მდებარეობა, მისი როლი მაღალი ტექნოლოგიების მიწოდების გლობალურ ჯაჭვში და დემოკრატიული ცხოვრების წესი, ტაივანს სტრატეგიულად მნიშვნელოვანს ხდის ევროპული დემოკრატიებისთვის. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ევროპის კეთილდღეობა აზიის უსაფრთხოებას პირდაპირ უკავშირდება და თუ ჩინეთის ქმედებები ტაივანის წინააღმდეგ და სამხრეთი ჩინეთის ზღვაში გასცდება ეკონომიკის სფეროს, ეს ნეგატიურად აისახება ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე.19
ევროპარლამენტმა ევროკომისიას ურჩია, გამოეხატა შეშფოთება ტაივანში ჩინეთის სამხედრო შეჭრის საფრთხესთან დაკავშირებით, რაც, კუნძულის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის თქმით, შესაძლოა 2025 წელს მოხდეს;20 დაგმობილია 2021 წლის ოქტომბერში ჩინეთის 150-მდე გამანადგურებელი, ბომბდამშენი და სადაზვერვო თვითმფრინავის მიერ ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონის დარღვევა.21 ევროპარლამენტმა ევროკომისიას შეახსენა, რომ ჩინეთი, სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან ერთად, წარმოადგენს საფრთხეს ევროპული დემოკრატიებისათვის დეზინფორმაციული კამპანიის გამო, რომლის მასშტაბიც, პანდემიასთან ერთად, გაიზარდა და მასთან ბრძოლა ევროკავშირისა და ტაივანის საერთო ინტერესია.
ევროპარლამენტის მოხსენება პეკინმა შეაფასა, როგორც „ერთი ჩინეთის პრინციპის“ დარღვევა და კონფრონტაციული ნაბიჯი; აღინიშნა, რომ ჩინელი ხალხი მზადაა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.22
2021 წლის სექტემბერში, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ჩინეთთან დაკავშირებით ევროკავშირის ახალი სტრატეგიის შესახებ“23, რომელშიც ჩინეთი მოხსენიებულია, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი და, იმავდროულად, „მეტოქე სისტემა“ და ეკონომიკური კონკურენტი. სინძიან-უიღურეთის, ტიბეტის, შიდა მონღოლეთისა და ჰონგ-კონგის ტრადიციულ თემატიკასთან ერთად, გამოთქმულია შეშფოთება, რომ ჩინეთი, სტრატეგიების Going Global (გახდი გლობალური), Made in China 2025 (დამზადებულია ჩინეთში 2025), China Standards 2035 (ჩინეთის სტანდარტები 2035), ასევე 16+1 მექანიზმისა და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის (BRI) წყალობით ყალიბდება გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ აქტორად, რაც ევროკავშირისთვის სერიოზული პოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური გამოწვევაა, საფრთხეს უქმნის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, მულტილატერალიზმსა და დემოკრატიულ ღირებულებებს. ევროპარლამენტის რეკომენდაციით, საჭიროა მეტი კოორდინაცია ევროკავშირის დაკავშირებადობის სტრატეგიას, Blue Dot-ის ქსელსა და Build Back Better World-ის (B3W) მექანიზმებს შორის, რომლებიც ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ (BRI) ალტერნატიული ინიციატივებია.*
გამოხატავს რა უკმაყოფილებას იმ ბარიერების გამო, რომლებსაც ევროპული ბიზნესი აწყდება ჩინეთის ბაზარზე, ევროპარლამენტი შეშფოთებულია ჩინური კაპიტალის ზრდით ევროკავშირის სტრატეგიულ აქტივებსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში. რეზოლუციაში საუბარია ახალი ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური საკუთრების ჩინეთისთვის გადაცემის რისკებზე, ე.წ. „ციფრული ავტორიტარიზმის“ ზრდასა და „ტექნოლოგიურ სუვერენიტეტზე“, რათა შემცირდეს ევროკავშირის დამოკიდებულება ჩინეთზე.
რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში ევროკავშირი შეშფოთებულია ჩინეთის მოდერნიზაციით, სამხედრო პოტენციალის ზრდითა და ექსპანსიონისტური პოლიტიკით სამხრეთი და აღმოსავლეთი ჩინეთის ზღვებში და ტაივანის სრუტეში, ასევე ჩინეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეებით, რაც გულისხმობს ევროპული კომპანიების წინააღმდეგ ჯაშუშობას და კიბერშეტევებს. ეს, ევროკავშირის აზრით, აუცილებელს ხდის თანამშრომლობის გააქტიურებას დემოკრატიულ პარტნიორებთან, მათ შორის, ნატოსა და დიდ შვიდეულთან ტრანსატლანტიკური დიალოგის ფარგლებში.
რეზოლუცია საუბრობს ჩინეთთან თანამშრომლობისა და ღია დიალოგის აუცილებლობაზე ისეთ გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება, ბირთვული განიარაღება, პოსტპანდემიური ეკონომიკის აღორძინება, ჯანდაცვის გლობალური კრიზისი, საერთაშორისო ორგანიზაციების რეფორმა, ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამა, ავღანეთი და ბრძოლა ტერორიზმთან, კოსმოსი და საჰაერო კოსმოსური მრეწველობა, ურთიერთდახმარება სტიქიური უბედურებების დროს და სხვა. ყველა ამ მიმართულებით ბრიუსელი თანამშრომლობს პეკინთან და მზადაა, გააგრძელოს მოლაპარაკებები ღია დიალოგის რეჟიმით. მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს ჩინეთს და ევროკავშირს შორის არსებულ იდეოლოგიურ და ღირებულებით განსხვავებებს, რაც მათ მეტოქე სისტემებად აქცევს (systemic rival).
რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას, პეკინში მიაჩნიათ, რომ რეზოლუცია შეიცავს დაუსაბუთებელ ბრალდებებს ჩინეთის ეკონომიკური სისტემის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის მცდელობად არის შეფასებული. პეკინის თვალთახედვით, ორ პოლიტიკურ სისტემას შორის იდეოლოგიურმა განსხვავებებმა და გეოპოლიტიკამ, ხელი არ უნდა შეუშალოს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას, მით უფრო – გლობალურ საკითხებში. აღინიშნა ისიც, რომ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც ჩინეთისა და ევროკავშირისათვის, ისე საერთაშორისო სტაბილურობისათვის.24
დღეს, ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობები რთულ ეტაპზეა. ჩინეთს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ სინძიან-უიღურეთში, ტიბეტსა და შიდა მონღოლეთში არსებული ვითარების გამო. ევროკავშირი ღიად აფიქსირებს უკმაყოფილებას ჩინეთში ეკონომიკური „გახსნილობის“ დაბალი დონის გამოც. ბოლო წლებში, ამას დაემატა კრიტიკა ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონსა და ტაივანის სრუტეში განვითარებულ მოვლენებზე. დიდი ალბათობით, ევროკავშირი მომავალშიც ამ ხაზის ერთგული დარჩება, რაც სრულად შეესატყვისება ვაშინგტონის პოლიტიკასა და ტრანსატლანტიკურ ინტერესებს. გლობალურ საკითხებში ჩინეთი ევროკავშირის პარტნიორია, თუმცა მას აქვს კონფლიქტური ინტერესები და განსხვავებული მიდგომები ბევრ სფეროში. ჩინეთი და ევროკავშირი ერთმანეთის ეკონომიკური კონკურენტები და მეტოქე სისტემები არიან.
ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირ-ჩინეთის ახალი სტრატეგიის შესახებ, ფოკუსირებულია ჩინეთთან თანამშრომლობაზე იმ საკითხებზე, რომლებშიც ეს შესაძლებელია და პრინციპულია იქ, სადაც ერთმანეთს ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები კვეთს. ფაქტია, რომ პეკინმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის, როგორც გლობალური პოლიტიკური აქტორის როლი, – ყოვლისმომცველი საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის შეჩერება, სანქციების შემოღება, ტაივანის მხარდაჭერა ამის ნათელი დასტური იყო. პეკინს არ ეგონა, რომ მისი პოლიტიკა და დასავლეთის ბრალდებები ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, ასეთ დიდ გავლენას იქონიებდა ევროპარლამენტის პოლიტიკურ ელიტაზე.
რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის ფონზე, ევროკავშირი არ ფლობს იმის მტკიცებულებებს, რომ ჩინეთი ეხმარება რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით ან სანქციებისაგან თავის არიდების მხრივ. არც ისაა ცნობილი, აქვს თუ არა ბრიუსელს გეგმა იმ შემთხვევისათვის, თუ პეკინი მაინც აღმოუჩენს მოსკოვს გარკვეულ დახმარებას.
სქოლიო
* უიღურები: თურქული წარმომავლობის ეთნიკური უმცირესობა ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, მუსლიმი სუნიტები.
* ტაივანი (Taiwan): კუნძული კონტინენტური ჩინეთის სიახლოვეს, დე-ფაქტო სუვერენული ქვეყანა (ე.წ. ჩინეთის რესპუბლიკა). მის სუვერენიტეტს არ აღიარებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, ევროკავშირის წევრების ჩათვლით. პეკინი ტაივანს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციად მიიჩნევს.
* სამხრეთი ჩინეთის ზღვის ტერიტორიულ დავაში მონაწილეობენ და სპრატლისა (Spratly Islands) და პარასელის (Paracel Islands) არქიპელაგებზე პრეტენზიას აცხადებენ: ჩინეთი, ტაივანი, ვიეტნამი, ფილიპინები, მალაიზია და ბრუნეი. სამხრეთი ჩინეთის ზღვა წარმოადგენს ერთგვარ მსოფლიო სავაჭრო არტერიას, სადაც გადის აზიური ქვეყნების იმპორტირებული ენერგომატარებლების ნაწილი, ასევე აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთების ნაწილი. სამხრეთ ჩინეთის ზღვას გააჩნია საკვანძო მნიშვნელობა ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებს შორის სამხედრო ფლოტის სწრაფად გადაადგილების კუთხითაც.
* Blue Dot Network (აშშ-იაპონია-ავსტრალიის ინიციატივა) და Build Back Better World (G-7 ქვეყნების ინიციატივა) ეკონომიკური მექანიზმებია, რომლებიც ორიენტირებულია საერთაშორისო ტრანსპარენტულ პროექტებზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურის დარგში. განიხილება, როგორც ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ (BRI) ალტერნატივა.
* დავით პიპინაშვილი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
სარჩევი
მშვიდობიანი სამეზობლო: საქართველოს როლი და ხედვა
ლაშა დარსალია
რუსეთის რევიზიონისტული ხედვა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ: კრიზისის მიზეზები და კრემლის მიზნები
ანა ჩიტალაძე
ჩინეთ-ევროკავშირის მეტოქეობა და სანქციების პოლიტიკა
დავით პიპინაშვილი
გაფართოების ახალი პოლიტიკა – ევროკავშირის რენესანსი
ლიკა ჭიპაშვილი