აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის (AUKUS) სამხედრო კავშირი, მინილატერალიზმი და საქართველოს პერსპექტივები
აბსტრაქტი
სტატიაში განხილულია ავსტრალიას, გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული უსაფრთხოების სამმხრივი პარტნიორობა — AUKUS, მისი შექმნის მიზეზები და შესაძლო შედეგები არა მხოლოდ უშუალოდ რეგიონის, არამედ, ზოგადად, მსოფლიოს განვითარებისათვის. სტატიაში გაანალიზებულია მინილატერალიზმი, როგორც სამხედრო კავშირის თანამედროვე, ეფექტიანი ფორმა და განხილულია, როგორ შეიძლება იქცეს იგი დამატებით ინსტრუმენტად საქართველოსთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
იმედი (ივი) ალშიბაია
2021 წლის 15 სექტემბერს მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს და ავსტრალიის მიერ ახალი სამმხრივი პარტნიორობის შექმნის ფაქტმა. ახალი პარტნიორობა მიზნად ისახავს გააძლიეროს თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.1 „ხუთი თვალის“ ფარგლებში სადაზვერვო პარტნიორობის2 შემდეგ, ტერმინი „ანგლოსფერო“, რომელიც, დიდი ხანია, როგორც დადებით, ასევე უარყოფით კონოტაციას ატარებს, კვლავ გამოჩნდა ამ კავშირში.3
კავშირის შექმნას მსოფლიოს მასშტაბით არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ჩინეთმა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მალევე გამოხატა და მოუწოდა კავშირის წევრებს, შეწყვიტონ ცივი ომის მენტალობით აზროვნება; გაისმა მუქარებიც ავსტრალიის მისამართით.4 ჩინეთისგან განსხვავებით, ინდოეთი მდუმარედ შეხვდა პაქტის გაფორმებას, თუმცა მსგავსი კავშირი მის ინტერესში შედის.5 იაპონია მიესალმა AUKUS-ის შექმნას „ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩართულობის გაძლიერების თვალსაზრისით.“6 კავშირის შექმნის შედეგად საფრანგეთსა და ავსტრალიას შორის ჩაშლილი სამხედრო კონტრაქტის გათვალისწინებით, სამი სახელმწიფოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საფრანგეთის მოსალოდნელი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ევროკავშირმაც თითქმის ერთსულოვნად უარყოფითად შეაფასა AUKUS-ის დაფუძნება,7 რაც გვაფიქრებინებს, რომ ამის მიზეზი უფრო დიდია, ვიდრე მხოლოდ ჩაშლილი კონტრაქტი. რუსეთმა საწყის ეტაპზე შედარებით მოზომილი და სიტუაციაზე დაკვირვების პოზიცია არჩია.8
სტატიაში განხილულია AUKUS-ის წევრი ქვეყნების შესაძლო სარგებელი, თუ რა გავლენას იქონიებს კავშირი გლობალურ მოთამაშეებზე, ასევე კავშირის შესაძლო გაფართოების პერსპექტივები. ამავდროულად დისკუსიის საგანია, თუ რამდენად შეიძლება შეიცვალოს (მათ შორის, AUKUS-ის პრეცედენტით) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული სამხედრო ალიანსების ფორმა; რა როლი ექნება მინილატერალური კავშირების ჩამოყალიბების ახალ ტრენდს გლობალურ პოლიტიკაში და რამდენად წარმოადგენს ის უსაფრთხოების მიღწევის შესაძლო დამატებით გზას საქართველოსთვის.
ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდი ხანია, სურდა, გაემყარებინა პოზიციები ინდოეთ-წყნარ ოკეანეში, რისთვისაც იგი პარტნიორ სახელმწიფოებს აქტიურად ეძებდა.9 ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, უპასუხოდ არ დატოვოს ის ქაოსი, რომელიც წარმოიშვა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ და გაფანტოს ამ ფაქტის გამო შექმნილი ეჭვები მის სანდო მოკავშირეობასთან დაკავშირებით. AUKUS-ის ალიანსის ჩამოყალიბებით ის ორ საკითხს უსვამს ხაზს: 1. აშშ არ აპირებს მიატოვოს პარტნიორები გასაჭირში და 2. მას სურს დააბალანსოს ჩინეთის მზარდი ძალა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.10
ავსტრალია აშშ-ს განსაკუთრებული პარტნიორია. იგი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მოკავშირედაც შეიძლება განვიხილოთ, გამომდინარე თუნდაც იქიდან, რომ 1917 წლიდან მოყოლებული დღემდე, ავსტრალიამ აშშ-ს მიერ წარმოებულ უკლებლივ ყველა ომში მიიღო მონაწილეობა.11 შესაბამისად, წყნარ ოკეანეში გავლენის სფეროების გაძლიერების საკითხში ის შტატების ნომერი პირველი არჩევანია.
კავშირის მთავარ მამოძრავებელ ძალას რომ აშშ წარმოადგენს, ხოლო გეოგრაფიულად ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი ავსტრალიაა, ამას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებაც მოწმობს. ჟან-ივ ლე დრიანმა დიპლომატიური პროტესტის ნიშნად ელჩები ვაშინგტონიდან და კანბერიდან გამოიხმო, ხოლო ლონდონიდან – არა.12
ავსტრალიის სარგებელი ახალი კავშირისგან ნათელია: ის მიიღებს უახლოესი ტექნოლოგიებით დამზადებულ ბირთვულ წყალქვეშა ნავებს (საფრანგეთთან კონტრაქტი დიზელის წყალქვეშა ნავების მიწოდებას ითვალისწინებდა); ასევე აშშ და ბრიტანეთი მას გაუზიარებენ ცოდნას და ტექნოლოგიებს კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის და კვანტური ტექნოლოგიების მიმართულებით.13 გასათვალისწინებელია, რომ ინდოეთ-წყნარ ოკეანეთში პოლიტიკურად ნეიტრალურ საფრანგეთთან კონტრაქტის გაფორმებით ავსტრალიამ თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა დაასუსტა, რამაც ჩინეთს საშუალება მისცა მასზე პოლიტიკური წნეხი გაეზარდა,14 ახლა კი ავსტრალია ამ რეგიონის აქტიური მოთამაშე ხდება.
მსგავს ალიანსებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოსთვისაც, „გლობალური ბრიტანეთის“ კონცეფციის განსახორციელებლად.15 ბრექსიტით გამოწვეული მოსალოდნელი სიძნელეების სწრაფად გადალახვა და უკეთეს საწყის პოზიციაზე დაბრუნება ბრიტანეთის მთავარი ინტერესია. ბრიტანეთს ძალიან სჭირდება ახალი ეკონომიკური ბაზრები და გრძელვადიანი სარფიანი კონტრაქტები. დიდია იმის შანსი, რომ საფრანგეთთან გაუქმებული კონტრაქტით, რამაც საფრანგეთს 56 მილიარდი ევროს სარგებელი დააკარგვინა, ასაშენებელ წყალქვეშა ნავებს ბრიტანეთის გემთმშენებელი საწარმოები დაამზადებენ.16
AUKUS-ის შექმნა დროულ და სასარგებლო ინიციატივას წარმოადგენს სამივე სახელმწიფოსთვის, როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
გამომდინარე იქიდან, რომ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი ბოლო პერიოდში წარმოადგენს დიდი ძალების ინტერესების გადაკვეთის წერტილს, AUKUS-ის შექმნა არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ ცვლილებებს მოასწავებს.
AUKUS-ის შექმნით, რომელსაც უკვე ინდოეთი-წყნარი ოკეანის ნატოსაც კი უწოდებენ17, წარმოქმნილი აჟიოტაჟი თავიდანვე მოასწავებდა დასავლელ პარტნიორებს შორის დაპირისპირების დასაწყისს. ევროკავშირის ყველა წევრმა უმალ მხარი დაუჭირა საფრანგეთს.18 ევროკავშირის ლიდერებმა უარყოფითი დამოკიდებულება ღიად გამოხატეს: ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საფრანგეთისადმი მოპყრობას „მიუღებელი“ უწოდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აშშ ერთგულებისა და ღიაობის ნაკლებობაში დაადანაშაულა, ხოლო საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა AUKUS-ს „ევროპისთვის განგაშის ზარი“ უწოდა. ევროკავშირი ალაპარაკდა თავდაცვითი კავშირის შექმნის შესახებ, საფრანგეთის ოპოზიციამ კი ნატოს დატოვება მოითხოვა.19 მოგვიანებით პრეზიდენტმა ბაიდენმა, პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ აღიარა, რომ საფრანგეთს „უხერხულად“ მოექცნენ.20
წარმოქმნილი სიტუაცია დიდწილად კავშირის შექმნის საიდუმლო ხასიათით იყო განპირობებული, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოწვეული იყო აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჩინეთის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებით. აშშ-ს არ აკმაყოფილებს ნატოსა და ევროკავშირის წევრი ცალკეული ქვეყნების, მაგალითად, გერმანიისა და საფრანგეთის დაბალანსებული პოლიტიკა ჩინეთთან.21
საფრანგეთმა, რომელსაც სურს თავი ინდო-წყნარი ოკეანის გავლენიან ძალად წარმოაჩინოს, დიდი დარტყმა მიიღო, რადგანაც მისი დელი-პარიზი-კანბერას ღერძი რეალურად აღარ არსებობს. შედეგად, საფრანგეთს მოუწევს გადააწყოს ალიანსები და მოიზიდოს „მეტი ევროპა“ რეგიონში გერმანიისა და ნიდერლანდების სახით, რათა ადგილობრივ სახელმწიფოებთან სტრატეგიული პარტნიორობის დიალოგის წარმოება გაუმარტივდეს.22 საფრანგეთი მაქსიმალურად შეეცდება სათავეში ჩაუდგეს ევროსფეროს ინდო-წყნარ ოკეანეში ანგლოსფეროს საპირწონედ.
AUKUS-ის შექმნამ დომინოს ეფექტი იქონია ნატოს შიგნითაც. საფრანგეთმა დაიწყო მინილატერალური კავშირების ძიება და მისი პირველი რეაქცია იყო საბერძნეთთან წყალქვეშა ნავებზე გაფორმებული კონტრაქტი, რაც თავისთავად ნატოს მესამე წევრ თურქეთზე აისახება; შედეგად, მოულოდნელი არ იქნება, თუ ნატოს შიგნით აზრთა სხვადასხვაობა გაიზრდება.23
ევროკავშირი, თავის მხრივ, ცდილობს მეტად იყოს წარმოდგენილი რეგიონში, რასაც მისი 2021 წლის 16 სექტემბერს გაცხადებული ინდოეთ-წყნარი ოკეანის სტრატეგია ითვალისწინებს.24 სტრატეგიის მიზანია, გააღრმაოს თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის, – ინდოეთთან, იაპონიასთან და ტაივანთან. ევროკავშირმა პირობა დადო, რომ საზღვაო დიპლომატიას გააძლიერებს და შეეცდება, მისი წევრი სახელმწიფოების მეტი საზღვაო ძალების წარმოდგენას შეუწყოს ხელი რეგიონში.25
ჩინეთისთვის კი ახალი კავშირი იმის მანიშნებელია, რომ ამერიკა ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩინეთი მარტო არ დატოვოს რეგიონში და შეარბილებინოს აგრესიული დიპლომატია რეგიონის ქვეყნების მიმართ. ჩინეთი ეცდება AUKUS-ის რთული სტარტი სათავისოდ გამოიყენოს და ისეთი ქვეყნები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ახალ ალიანსს – ინდონეზია, მალაიზია და ახალი ზელანდია – დიპლომატიური გზებით თავისთვის სასურველ პოზიციებზე გადმოიყვანოს.26
მიუხედავად სიტყვიერი შეშფოთებისა, რუსეთისთვის ეს კავშირი სასიცოცხლო საფრთხეს არ წარმოადგენს და უფრო სტრატეგიული კუთხითაა მისთვის საინტერესო.27 ოფიციალური განცხადებებიც, ავსტრალიის მიერ ბირთვული წყალქვეშა ნავების მოპოვების თაობაზე შეშფოთებას უკავშირდებოდა, ვიდრე ახალი კავშირის რაობას.28 რუსეთს შეიძლება ხელსაც აძლევდეს მსგავსი პარტნიორობის არსებობა, რათა სამხედრო საზღვაო კუთხით კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს ჩინეთთან თუ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა, იქნება ეს კომერციული მიმართულება თუ ახალ ალიანსებში მონაწილეობით თავისი გავლენის ზრდა რეგიონში.29
ინდოეთი აქტიურად ავითარებს დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობას, როგორებიცაა: აშშ, ავსტრალია, საფრანგეთი. მას ტრადიციული კავშირი აქვს დიდ ბრიტანეთთან. ამავდროულად ის QUAD-ის* წევრიცაა. გამომდინარე აქედან და ასევე იმ ფაქტიდან, რომ ინდოეთს აქვს ტერიტორიული დავა ჩინეთთან,30 მას სამომავლოდ შეიძლება გაუჩნდეს ჩინეთის დამაბალანსებელ AUKUS-ში გაწევრების სურვილი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ინდოეთი დემოკრატიული მმართველობის ყველაზე დიდი ქვეყანაა პლანეტაზე.31
იაპონია, როგორც QUAD-ის აქტიური წევრი, რომელსაც ამ ორგანიზაციის ყველა წევრთან საქმიანი ურთიერთობა აქვს, სასიცოცხლოდ დაინტერესებულია AUKUS-ის მსგავს ორგანიზაციაში გაწევრებით. შემთხვევითი არ არის, რომ AUKUS-ის გაფართოების შემთხვევაში პირველ პრეტენდენტად ზუსტად იაპონია განიხილება.32 იაპონია, როგორც დასავლეთის სანდო პარტნიორი რეგიონში, ხშირად მის საქმესაც აკეთებს ოკეანეთში. მიუხედავად იაპონური ბიზნესის ჩინური ბაზრით დაინტერესებისა, სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება დასავლეთის ქვეყნებთან სტრატეგიულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა იაპონიაში.33
რეგიონის კიდევ ერთი დიდი მოთამაშის – ინდონეზიის – დამოკიდებულება განსხვავებულია AUKUS-ის მიმართ. ინდონეზიის მთავრობა შეშფოთებას გამოხატავს, რომ მსგავსმა კავშირებმა შეიძლება რეგიონში ვითარება დაძაბოს.34 მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული სიგნალები, რომ ინდონეზია გაგებით ეკიდება ამ პარტნიორობის არსებობას,35 მისი კავშირში გაწევრება ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა.
კავშირში გაწევრების მიმართ სკეპტიკურია კანადაც. აშშ-ს მძლავრი პარტნიორი და „ხუთი თვალის“ ფორმატში მისი მოკავშირე, არ არის აქტიური ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მიუხედავად იმისა, რომ ის ამ რეგიონის ნაწილია.36 კანადა არც QUAD-ის ან ცივი ომის დროს ჩამოყალიბებული ANZUS*-ის წევრი არაა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ოტავის მხრიდან ინტერესის ნაკლებობას, ამ რეგიონში აქტიურად იყოს ჩართული, მითუმეტეს – სამხედრო კუთხით.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსის, ნიკოლას კარტერის, განცხადებით AUKUS-ის უსაფრთხოების პაქტი არ არის დახურული სხვა ქვეყნებისათვის. ეს არის პირველი ნაბიჯი და მან ზუსტად იცის, რომ თუ ამის შესაძლებლობა იქნება, მას სხვა თანამოაზრე ქვეყნებიც მიემატებიან.37 პირველ რიგში კარტერმა იგულისხმა: იაპონია, ახალი ზელანდია და კანადა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ალიანსს მომავალში ინდოეთი, ვიეტნამი და სამხრეთ კორეაც შეუერთდეს.38
XXI საუკუნეში, მინილატერალიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება.39 AUKUS მინილატერალიზმის საუკეთესო მაგალითია, ასევე მინილატერალიზმის მაგალითია QUAD. მინილატერალიზმის ერთ-ერთი განმარტება შემდეგია: „არაფორმალური ინიციატივები, რომლებიც საერთო ინტერესების მეშვეობით მიზნად ისახავს კონკრეტული საფრთხის აღმოფხვრას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში.“40
2022 წლის 17 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და უკრაინამ გააფორმა სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი,41 რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების პაქტს და მიმართულია გააძლიეროს უკრაინის უსაფრთხოება.42 ეს პაქტი ბრწყინვალე მაგალითია მინილატერალიზმის, რომელიც მიმართულია კონკრეტული საფრთხის აღმოფხვრისაკენ. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ საინტერესო იქნება, თუ რა ფორმას შეიძენს ეს კავშირი ან წარმოიქმნება თუ არა ახალი კავშირი სამომავლო აგრესიისგან უკრაინის დაცვის მიზნით.
საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა, მათ შორის 2018 წელს სამ ქვეყანას შორის გაფორმებული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი,43 შეიძლება მინილატერალიზმის საინტერესო პრეცედენტად იქცეს კავკასიის რეგიონში, თუ ამ თანამშრომლობას შესაბამისი დატვირთვა მიეცემა მომავალში ან ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებიც გამოთქვამენ სურვილს, გააძლიერონ იგი.
მოწინააღმდეგისათვის მინილატერალური კავშირები თავისი ბუნებით მოულოდნელი ხასიათისაა. მსგავსი კავშირებისგან რთულია ელოდო ტრადიციულ მიდგომებს ან მოქმედების განსაზღვრულ თანმიმდევრობას, შესაბამისად, მოწინააღმდეგისათვის ის უფრო დიდ თავსატეხს წარმოადგენს, ვიდრე ნატოს მსგავსი ტრადიციული სამხედრო ალიანსები. 44 AUKUS-ის შექმნით შეიძლება ითქვას, რომ ყალიბდება მომდევნო ათწლეულების ტრენდი მინილატერალურ კავშირებზე,45 რაც მარტივად აიხსნება მულტილატერალიზმის მიმართ გამოწვეული დაღლილობით.46
ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელსაც უჭირს საყოველთაო მხარდაჭერის მოპოვება, რათა გაწევრიანდეს უკვე არსებულ სამხედრო კავშირებში, AUKUS-ის მსგავსი ახალი კავშირები, რომლებიც თავიანთი სტრუქტურით გაცილებით მოქნილია, მეტ შესაძლებლობას იძლევა სამომავლოდ დაცულობის გარანტიების მოპოვების კუთხით.
აღმოსავლეთი ევროპის პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით შექმნილი უსაფრთხოების კუთხით მძიმე მდგომარეობა საჭიროებს გადაჭრას. ომმა უკრაინაში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან სამხედრო ალიანსის წევრები, წარმოადგნენ მარტივ სამიზნეს აგრესორი ქვეყნებისთვის, იქნება ეს სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის აგრესია. უკვე განიხილება პრობლემის გადაჭრის გზებიც. უკრაინამ გამოთქვა აზრი ახალი U-24 ალიანსის შექმნის შესაძლებლობის შესახებ, რომელმაც უნდა მოახერხოს რეგიონში ომის შეჩერება და მყისიერად დაეხმაროს დაზარალებულ ქვეყანას.47
აშშ-ს ბოლო წლების ეროვნული თავდაცვის სტრატეგია კონცენტრირდებოდა ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებზე.48 2022 წლის 24 თებერვალს განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიოს დღის წესრიგი დრამატულად შეცვალა, რამაც თავისთავად ასახვა პოვა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტშიც. განახლებული დოკუმენტის პირველად ვერსიაში რუსეთი შეფასებულია, როგორც მწვავე საფრთხე.49 ასევე ამერიკელი სენატორები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის შემდეგ შესაძლოა, საფრთხე საქართველოს და მოლდოვას ემუქრებოდეს.50 იმ პირობებში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები გამოხატავს სურვილს და მზაობას, დაიცვას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, მათ შორის, სხვადასხვა ინსტრუმენტების შექმნით, ევროკავშირსა და/ან ნატოში გაწევრების მოსურნე ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცების ერთ-ერთ შესაძლებლობად შეიძლება განიხილებოდეს ამერიკისა და მისი სამხედრო პარტნიორების მიერ მათთან ერთად დაფუძნებული მინილატერალური კავშირი; კავშირი, რომელიც ნატოს არაწევრ სახელმწიფოებთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ინსტიტუციურ ჩარჩოში მოაქცევს და მიმართული იქნება უსაფრთხოების მხრივ არსებული კონკრეტული საფრთხეების მინიმიზაციისაკენ და ნატოს არაწევრი ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.
ცივი ომის დასრულების შემდგომ ახალი თუ არსებული კავშირების განმსაზღვრელი ეკონომიკური კომპონენტი იყო. ამის მაგალითია ევროკავშირის 1990-იანი და 2000-იანი წლების ისტორია, ასევე მის მიერ შთაგონებული სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი, რომელმაც XXI საუკუნის ათიანი წლების ბოლოს სრული კრახი განიცადა.
თანამედროვე მინილატერალურ კავშირებში სამხედრო კომპონენტი კვლავ აქტუალური ხდება. AUKUS-ის შექმნით ინდო-წყნარ ოკეანის რეგიონში სამხედრო პერსპექტივის მქონე ალიანსების ჩამოყალიბებას დაედო სათავე. მინილატერალიზმის ტენდენცია სხვა რეგიონებშიც შეინიშნება. საფრანგეთ-საბერძნეთის სამხედრო თანამშრომლობა ამის კარგი მაგალითია ევროპაში. რადგან მინილატერალური კავშირები პრიორიტეტულ ხასიათს იძენენ და გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი კავშირები რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების მოგვარების დამატებითი მექანიზმია, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, წინსწრებით იმუშაოს ამ მიმართულებით უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის ახალი გზების ძიების მიზნით.
სქოლიო
* აშშ-ს, ავსტრალიის, ინდოეთის და იაპონიის ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგი.
* აშშ-ის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის სამხედრო ალიანსი.
* იმედი (ივი) ალშიბაია – მესამე მდივანი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სარჩევი
მშვიდობიანი სამეზობლო: საქართველოს როლი და ხედვა
ლაშა დარსალია
რუსეთის რევიზიონისტული ხედვა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ: კრიზისის მიზეზები და კრემლის მიზნები
ანა ჩიტალაძე
ჩინეთ-ევროკავშირის მეტოქეობა და სანქციების პოლიტიკა
დავით პიპინაშვილი
გაფართოების ახალი პოლიტიკა – ევროკავშირის რენესანსი
ლიკა ჭიპაშვილი