აშშ-ჩინეთის ცივი ომის კონტურები და საერთაშორისო წესრიგის განსხვავებული ხედვა
აბსტრაქტი
აშშ-ჩინეთის ინტერესები ბევრ ასპექტში ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მათ შორის, ძირითადად: ტაივანი, რეგიონული უსაფრთხოება ინდოეთ-წყნარ ოკეანეთში (აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის და სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიის ჩათვლით), ჩინეთის მზარდი სამხედრო შესაძლებლობები, ადამიანის უფლებები (განსაკუთრებით, სინძიანგ-უიღურეთში), ჰონგ-კონგის მოვლენები, სავაჭრო დავები. ამ საკითხებზე მხარეები წლები ვერ თანხმდებიან. ამ ტრადიციულ თემებს, სხვა მოვლენებთან ერთად, დაემატა COVID-19-ის პანდემიის საკითხი, ჩინურ კომპანიებსა და 5G ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემა, ჩინელი ჰაკერების კიბერ-შეტევები და რუსეთის აგრესია უკრაინაში, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩინურ-ამერიკულ ურთიერთობებზე და ე.წ. „ახალი ცივი ომის“ სახეს იღებს.
დავით პიპინაშვილი
თავდაპირველად სტატიაში განხილულია აშშ-ჩინეთის სტრატეგიული მეტოქეობის ზოგიერთი ასპექტი. შემდეგ გაანალიზებულია უკრაინის კრიზისის გავლენა აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე და რუსეთის ფაქტორი. ბოლოს მიმოხილულია ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა და საერთაშორისო წესრიგზე მისი შესაძლო გავლენა.
2019 წლის 4 დეკემბერს ლონდონის დეკლარაციაში ნატომ (NATO) პირველად ახსენა ჩინეთი და მისი მზარდი გავლენა საერთაშორისო პოლიტიკაზე, როგორც სისტემური პრობლემა2. 2020 წლის 19 მარტს, დონალდ ტრამპმა ბრალი დასდო ჩინეთს COVID-19-ის ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის დამალვაში და აღნიშნა, რომ ინფორმაციის დამალვით ეპიდემია გლობალურ პანდემიაში გადაიზარდა. 2020 წლის ივლისში ვაშინგტონმა პეკინს მოსთხოვა გენერალური საკონსულოს დახურვა ქალაქ ჰიუსტონში, ბრალი დასდო რა ჩინელ ჰაკერებს ინტელექტუალური საკუთრებისა და კონფიდენციალური კომერციული ინფორმაციის მოპარვაში. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჰაკერები დანაშაულს სჩადიოდნენ ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის დავალებით3. საპასუხო ზომის სახით, ჩინეთმა დახურა აშშ-ის გენერალური საკონსულო სიჩუანის ქალაქ ჩენგტუში. ივლისშივე, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს ჩინეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ. 2021 წლის 23 თებერვალს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციიდან მალევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სინძიანგში არსებული ვითარება შეაფასა, როგორც უიღური ხალხის გენოციდი და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული4.
2021 წლის 16 მარტს, ტოკიოში, აშშ-იაპონიის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომიტეტის (2+2) სხდომა შედგა, რომლის ფარგლებშიც ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ალიანსის სიმტკიცეს. მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, გაკრიტიკებულია ჩინეთი, რომელიც აშშ-ისა და იაპონიის აზრით, არღვევს საერთაშორისო წესრიგს, ქმნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, ტექნოლოგიურ რისკებს საერთაშორისო საზოგადოებისათვის5. იაპონიისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები იღებენ ვალდებულებას, შეეწინააღმდეგონ პეკინის ამ ქმედებებს. განცხადებაში საუბარია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის: აშშ-იაპონიის უსაფრთხოების ხელშეკრულების მეხუთე მუხლზე (ავალდებულებს ვაშინგტონს დაიცვას იაპონია, სენკაკუს არქიპელაგის ჩათვლით), სტაბილურობაზე ტაივანის სრუტეში, პეკინის უკანონო პრეტენზიებზე სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიაში და ადამიანის უფლებების დარღვევაზე სინძიანგ-უიღურეთის ავტონომიურ რაიონსა და ჰონგ-კონგში. 17 მარტს ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა დაგმო აღნიშნული დოკუმენტი და ჩინეთის ინტერესების საწინააღმდეგო უწოდა მას. მისივე თქმით, აშშ და იაპონია ხელმძღვანელობენ ცივი ომისა და ბლოკური კონფრონტაციის მენტალიტეტით, ცდილობენ რა ანტიჩინური წრის შეკვრას6.
2021 წლის 18 მარტს, ალასკის ქ. ანკორიჯში, გაიმართა აშშ-ჩინეთის სტრატეგიული დიალოგი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ეს იყო მხარეთა პირველი მაღალი დონის შეხვედრა ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. პეკინი შეეცადა, დაერწმუნებინა აშშ, გაეუქმებინა სანქციები ჩინეთის ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ (მოეხსნა შეზღუდვები ჩინური კომპანიებისთვის „Huawei“ და „SMIC“)*. ვაშინგტონმა, თავის მხრივ, ძირითადი აქცენტი ადამიანის უფლებებზე გააკეთა7.
2022 წლის 9 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED), რომელსაც კონფრონტაციის გაღვივებაში დასდო ბრალი და შტატების მეორე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) უწოდა8. მეტიც, ჩინელმა დიპლომატმა ეს ორგანიზაცია დაადანაშაულა საზღვარგარეთის ქვეყნებში, მათ შორის, უკრაინასა და საქართველოში „ფერადი რევოლუციების“ ორგანიზებაში9. აღინიშნა ისიც, რომ ფონდი ეწევა ჩინეთის საწინააღმდეგო საქმიანობას, მხარს უჭერს ტაივანის „დამოუკიდებლობას“ და დესტრუქციულ ძალებს სინძიანგში, ჰონგ-კონგსა და ტიბეტში10.
2022 წლის 26 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წარადგინა მოხსენება, რომლის დროსაც, უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის მიუხედავად, საერთაშორისო წესრიგის ყველაზე სერიოზულ გრძელვადიან გამოწვევად ჩინეთი დაასახელა11. სინძიანგის, ტიბეტისა და ჰონგ-კონგის პრობლემების განხილვასთან ერთად, გააკრიტიკა ჩინეთის პრეზიდენტი და აღნიშნა, რომ სი ძინპინის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჩინეთის კომუნისტური პარტია გახდა ბევრად უფრო რეპრესიული ქვეყნის შიგნით და აგრესიული –საზღვარგარეთ12. ბლინკენის თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდაცვის დეპარტამენტს დაავალა ჩინეთის, როგორც მთავარი გამოწვევის „გაერთიანებული შეკავება“ (Integrated Deterrence)13 , რათა გარანტირებული იყოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების პირველობა. ბუნებრივია, სახელმწიფო მდივნის მოხსენებას პეკინის მკაცრი შეფასება მოყვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 27 მაისს განაცხადა, რომ ბლინკენი ე.წ. „ჩინური საფრთხის“ შესახებ დეზინფორმაციით ერევა ჩინეთის შიდა საქმეებში, რომლის მიზანიც ვაშინგტონის ჰეგემონიის შენარჩუნებაა. რაც შეეხება აშშ-ჩინეთის მეტოქეობას, ჩინელი დიპლომატის თქმით, ვაშინგტონი უკანონო სანქციებით ცდილობს საწარმოო ჯაჭვების გაწყვეტას და ჩინური ბიზნესის კანონიერი ინტერესების შელახვას14.
ენტონი ბლინკენის მოხსენებამდე, 23 მაისს პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაქვეყნა ინდოეთ-წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური აღორძინების ჩარჩო დოკუმენტი (Indo-Pacific Economic Framework for Prosperity – IPEF)15 , ხოლო 24 მაისს მან მონაწილეობა მიიღო აშშ-ავსტრალია-იაპონია-ინდოეთის უსაფრთხოების ოთხმხრივ დიალოგში (QUAD). საფუძველი ჩაეყარა ინდოეთ-წყნარ ოკეანეთის ახალ საზღვაო პარტნიორობას (Indo-Pacific Partnership for Maritime Domain Awareness). ვაშინგტონი აძლიერებს პარტნიორობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციასთან (ASEAN), რომლის შვიდი წევრი ქვეყანა IPEF-ის თანადამფუძნებელი გახდა. ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ჯო ბაიდენის 2022 წლის 12 ნოემბრის ვიზიტი კამბოჯაში, სადაც, სამიტის ფარგლებში მიღებული იქნა ერთობლივი განცხადება, ASEAN-ის და აშშ-ის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ (ASEAN-U.S. Comprehensive Strategic Partnership)16.
გეოპოლიტიკური კონტექსტის თვალსაზრისით, ვაშინგტონის სტრატეგიული მიზანია პეკინის შეკავება ინდოეთ-წყნარი ოკეანეთის რეგიონში, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვისა და ტაივანის სრუტის ჩათვლით. პეკინი უკმაყოფილოა აშშ-იაპონიის ალიანსით და სხვადასხვა რეგიონული ფორმატებით, როგორებიცაა: აშშ-ავსტრალია-კანადა-ახალი ზელანდია-დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ალიანსი „Five Eyes“ (FVEY); აშშ-ავსტრალია-იაპონია-ინდოეთის ოთხმხრივი დიალოგი „QUAD“; აშშ-ავსტრალია-დიდი ბრიტანეთის სამმხრივი პაქტი „AUKUS“. ეს ნიშნავს, რომ დაძაბულობის ეპიცენტრი წყნარი და ინდოეთის ოკეანეების რეგიონზე გადადის. ჩინეთი განსაკუთრებით აკრიტიკებს AUKUS-ს, რომელიც 2021 წელს შეიქმნა და მას „ცივი ომის“ მენტალიტეტისა და ვიწრო აზროვნების გეოპოლიტიკური კონცეფციების პროდუქტს უწოდებს. ამ პაქტის ფარგლებში, აშშ გეგმავს ავსტრალიის მომარაგებას ატომური წყალქვეშა ნავებით. ეს საშუალებას მისცემს კანბერას, შეასრულოს პატრულირება სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ტაივანის სრუტეში, რაც სრულ თანხვედრაშია ჩინეთის შეკავების ამერიკულ სტრატეგიასთან. მეტიც, AUKUS მზადაა, აგრესიისაგან დაიცვას ტაივანი, რაც დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორია პეკინისთვის. AUKUS-ის უსაფრთხოების პაქტის გარდა, განხეთქილების მიზეზია ტრანსწყნარი ოკეანის ყოვლისმომცველი და პროგრესული პარტნიორობის შეთანხმება (CPTPP), რომელთან მიერთების სურვილიც გამოთქვა ტაივანმა და ჩინეთი ამის წინააღმდეგია.
სამხრეთ ჩინეთის ზღვა სავაჭრო არტერიაა, სადაც გადის ენერგომატარებლებისა და ტვირთების დიდი ნაწილი. აკვატორიას აქვს საკვანძო მნიშვნელობა ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებს შორის სამხედრო ფლოტის გადაადგილების კუთხითაც. აშშ პეკინს რეგიონის მილიტარიზაციაში სდებს ბრალს. აშშ-ს მიაჩნია, რომ აკვატორიის სადაო ტერიტორიები უნდა დარჩეს ნეიტრალურად და უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი ნაოსნობა ამ წყლებში.
ტაივანის საკითხი ყველაზე ფაქიზია აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში. პეკინისთვის მთავარი პოსტულატია „ერთი ჩინეთის“ პრინციპი, რომელსაც მსოფლიოს 180 ქვეყანა აღიარებს, შტატების ჩათვლით. ამის მიუხედავად, პეკინში არცთუ უსაფუძვლოდ თვლიან, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ხშირად არღვევენ ამ პრინციპს და კუნძულოვან რესპუბლიკასთან ოფიციალური, მათ შორის, სამხედრო-პოლიტიკური კონტაქტების დამყარებას ცდილობენ, რომლის საბოლოო მიზანიც ე.წ. „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მხარდაჭერაა. ვაშინგტონი ტაივანის მთავარი პარტნიორი და უსაფრთხოების გარანტია. აშშ არ აღიარებს ტაივანის (ე.წ. ჩინეთის რესპუბლიკის) სუვერენიტეტს, თუმცა ინარჩუნებს მასთან სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ კავშირებს და აგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას აშშ-ჩინეთის სამი ერთობლივი კომუნიკეს (China-US Three Joint Communiqués)*, ტაივანთან ურთიერთობების შესახებ კანონისა (Taiwan Relations Act)* და ტაივანის ექვსი გარანტიის (The Six Assurances to Taiwan)* თანახმად. გარდა ამისა, 2018 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი ტაივანში მოგზაურობის შესახებ (Taiwan Travel Act), რის საფუძველზეც ნებისმიერი დონის ამერიკელ ოფიციალურ პირებს შეუძლიათ კუნძულზე გამგზავრება ტაივანელ კოლეგებთან შესახვედრად, ტაივანელ მაღალჩინოსნებს კი შტატებში მოგზაურობის უფლება აქვთ17. 2020 წელს აშშ-ის კონგრესმა ტაივანის საერთაშორისო მოკავშირეების მხარდაჭერისა და დაცვის კანონიც მიიღო (Taipei Act). ამ დოკუმენტით აშშ მხარს უჭერს ტაივანის დიპლომატიურ და სხვა ტიპის კონტაქტებს მსოფლიოს სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობას18. ბოლოს ვითარება ტაივანის სრუტეში დაიძაბა 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოზის კუნძულზე ვიზიტის გამო, რის შემდეგაც ჩინეთმა ტაივანის ნაპირებთან მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები წამოიწყო და ბალისტიკური რაკეტები ისროლა19.
ორმხრივი ვაჭრობა აშშ-ჩინეთის ურთიერთობის მნიშვნელოვანი შემადგენელია. თუმცა, ის უკვე აღარ წარმოადგენს მასტაბილიზირებელ ფაქტორს. პირიქით, გამოკვეთილია სავაჭრო და საფინანსო დავების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა. ჩინეთი ბრალს სდებს აშშ-ს სავაჭრო პროტექციონიზმში. აშშ, თავის მხრივ, აკრიტიკებს ჩინეთის „არაკეთილსინდისიერი კონკურენციის“ პრაქტიკას. 2021 წელს, აშშ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 657,5 მილიარდი აშშ დოლარი (ჩინეთი შტატების მესამე სავაჭრო პარტნიორია)20. აქედან, ამერიკული ექსპორტი იყო 151,1 მილიარდი, რაც 21,4%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს. ჩინეთიდან შტატებში შესულმა იმპორტმა შეადგინა 506,4 მილიარდი აშშ დოლარი (ზრდა 16,5%). შესაბამისად, სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 355,3 მილიარდი აშშ დოლარია (ზრდა 14,5%) ჩინეთის სასარგებლოდ21.
2022 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტმა ბაიდენმა ერთი წლით გააგრძელა დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანების მოქმედება, რომელიც კრძალავს ამერიკულ ინვესტიციებს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ ჩინურ კომპანიებში. ვაშინგტონის პოზიციაა, რომ ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, მისი ჩართულობა სამხედრო, სადაზვერვო, უსაფრთხოების კვლევებსა და პროგრამებში, ისევე როგორც იარაღის და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის წარმოება, საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. საფრთხედ აღიქმება ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიის (5G) გამოყენებაც22. პეკინმა ეს გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, რაც აზიანებს ჩინური საწარმოებისა და გლობალური ინვესტორების კანონიერ ინტერესებს23.
უთანხმოებათა სიმრავლე სრულებითაც არ უშლის ხელს ვაშინგტონსა და პეკინს, რომ, ურთიერთსაჭიროებიდან გამომდინარე, ითანამშრომლონ გლობალურ თემებზე, მათ შორის 21-ე საუკუნის გამოწვევებზე, როგორებიცაა: ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება, ირანის ბირთვული პროგრამა, ენერგეტიკული და ფინანსური უსაფრთხოება, სასურსათო კრიზისი, კლიმატური ცვლილებები და ა.შ. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 2022 წლის 14 ნოემბერს, „დიდი ოცეულის“ (G20) ბალის სამიტზე, სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრისას, რაც უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, თუნდაც იმიტომ, რომ მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფების შექმნასა და კომუნიკაციის გაგრძელებაზე. სამუშაო ჯგუფები იმუშავებენ ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებაზე, გადადგამენ პრაქტიკულ ნაბიჯებს ჩინურ-ამერიკული ურთიერთობების სტაბილური განვითარების კალაპოტში დასაბრუნებლად და განაახლებენ დიალოგს კლიმატურ ცვლილებებზე, რომელიც შეწყდა მიმდინარე წლის აგვისტოდან, ნენსი პელოზის ტაივანში ვიზიტის შემდეგ24.
აშშ-ის სტრატეგია ჩინეთის მიმართ შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: 1) ინვესტირება აშშ-ის კონკურენტურიანობაში, ინოვაციებში, დემოკრატიაში; 2) ძალისხმევის კოორდინაცია მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან, ერთობლივი მოქმედება საერთო მიზნისთვის; 3) პასუხისმგებლობიანი კონკურენცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აშშ-ის ინტერესების დასაცავად და მომავლის ხედვის შესაქმნელად25.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის თანახმად, ჩინეთი და რუსეთი, სულ უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს, თუმცა პრობლემები, რომლებსაც ისინი ქმნიან, ბევრი ასპექტით განსხვავებულია26. აშშ-სთვის პირველხარისხოვანია ჩინეთზე კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნება უკიდურესად სახიფათო რუსეთის შეკავების ფონზე27.
2022 წლის 4 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ჩინეთს ეწვია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მიღებულ იქნა ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი განცხადება, რომელიც მიმართულია ნატოს (NATO) და AUKUS-ის წინააღმდეგ, ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების სამხედრო უპირატესობის თავიდან ასაცილებლად ევროპასა და აზია-წყნარ ოკეანეთში28. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთმა ოფიციალურ დოკუმენტში დააფიქსირა უარყოფითი პოზიცია ნატოს გაფართოების საკითხზე, მათ შორის, უკრაინის ხარჯზე. მეტიც, – ჩინეთმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიდგომას ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, პეკინმა იმთავითვე უარი თქვა, დაეგმო რუსეთის უკანონო შეჭრა. მეტიც, სი ძინპინმა გარკვეულწილად მხარიც კი დაუჭირა კრემლის რიტორიკას და კონფლიქტის პროვოცირებაში აშშ და ნატო დაადანაშაულა, რამაც გაართულა ურთიერთობა ვაშინგტონსა და ბრიუსელთან. 2022 წლის 24 მარტს, ნატოს სამიტზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში, ლიდერებმა მოუწოდეს ჩინეთს, დაიცვას არსებული საერთაშორისო წესრიგი და შეწყვიტოს კრემლის უკრაინის ომის და ნატოს შესახებ ყალბ ინფორმაციაზე დაფუძნებული რიტორიკის გავრცელება29. ჩინეთ-რუსეთის პოზიციების დაახლოება უკავშირდება მათ საერთო ინტერესს, დაასუსტონ აშშ. ამ და რიგი სხვა მიზეზების გამო, ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთის დროებითი მოკავშირეები არიან არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ხშირად მოქმედებენ კოორდინირებულად საერთაშორისო წესრიგის თავის სასარგებლოდ შესაცვლელად. პეკინის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომზე შემდეგია: ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ითვალისწინებს უკრაინის თემის რთულ ისტორიულ კონტექსტს და რუსეთის ‘ლეგიტიმურ’ შეშფოთებას უსაფრთხოებაზე. ერთი მხრივ, პეკინი წუხს უკრაინის მდგომარეობის გამო და უწევს მას ჰუმანიტარულ დახმარებას, ხოლო, მეორე მხრივ, აკრიტიკებს დასავლეთს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამო. თუ პეკინი დაეხმარება მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ, აშშ გაამკაცრებს სანქციების პოლიტიკას ჩინეთის მიმართ. ამას მოჰყვება გეოპოლიტიკური შედეგები, მათ შორის, გლობალურ ეკონომიკაში.
ჩინეთისა და რუსეთის მზარდი ურთიერთქმედების მიუხედავად, არ არსებობს სამართლებრივი ხელშეკრულება ან თავდაცვითი პაქტი, რომელიც განსაზღვრავდა მათ სამოკავშირეო ვალდებულებებს სამხედრო სფეროში ურთიერთდახმარების შესახებ. ამ ობიექტური მიზეზების გამო, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა მხოლოდ სიტუაციური მოკავშირეობაა, სამხედრო კომპონენტის გარეშე. ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ბირთვული იარაღის საფრთხის ფონზე, ჩინეთი სულ უფრო თამამად საუბრობს მისი თავიდან აცილების აუცილებლობაზე. „დიდი ოცეულის“ ბალის სამიტზე, სი ძინპინი დაეთანხმა ჯო ბაიდენს, რომ დაუშვებელია ბირთვული იარაღის გამოყენება ან ბირთვული იარაღის გამოყენებით მუქარა30. ამავე სულისკვეთებით არის გამსჭვალული G20 სამიტის დეკლარაციაც31. მსგავსი პოზიცია დააფიქსირა და ევრაზიის ბირთვული კრიზისის საფრთხეზე გააკეთა აქცენტი ჩინეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პეკინში ვიზიტის დროსაც32.
2021 და 2022 წლებში, ჩინეთმა მსოფლიოს წარუდგინა 3 გლობალური ინიციატივა: გლობალური სასურსათო უსაფრთხოების თანამშრომლობის ინიციატივა (Cooperation Initiative on Global Food Security); გლობალური განვითარების ინიციატივა (Global Development Initiative); გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა (Global Security Initiative – GSI).
პირველი ორი ინიციატივა, უმეტესწილად, ეკონომიკური შინაარსის დოკუმენტია. რაც შეეხება ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას (GSI), რომელიც პრეზიდენტმა სი ძინპინმა 2022 წლის 21 აპრილს წარუდგინა მსოფლიოს, გამსჭვალულია ანტიდასავლური რიტორიკით და ბევრი ასპექტით იმეორებს ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების 2021 წლის 4 თებერვლის განცხადების პათოსს. ინიციატივა შედგება ექვსი ძირითადი პუნქტისაგან33. ის ღიაა და ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მიუერთდეს მას. დოკუმენტის მესამე პუნქტში საუბარია „ცივი ომის“ მენტალიტეტისა და „ბლოკური კონფრონტაციის“ მიუღებლობაზე. აშშ ნახსენები არ არის, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ პეკინის კრიტიკის მთავარი სამიზნე სწორედ ვაშინგტონი და მისი ნატოელი მოკავშირეები არიან. მეექვსე პუნქტი ეხება რეგიონულ დავებსა და გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის, ბიოუსაფრთხოებას. არც ამ შემთხვევაშია ნახსენები რომელიმე კონკრეტული ქვეყანა, თუმცა, ცნობილია, რომ ჩინეთი ბრალს სდებს აშშ-ს ბიოლოგიური იარაღის გავრცელებაში, მათ შორის, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში განთავსებული ბიოლაბორატორიების მეშვეობით. ინიციატივის მეოთხე პუნქტი, მხარს უჭერს ე.წ. „უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს“ (principle of indivisible security). ეს სწორედ ის პრინციპია, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად იყენებს. ამ პრინციპის თანახმად, უსაფრთხოების დილემის გადაწყვეტა უნდა მოხდეს კოლექტიურად, ხოლო, თუ რომელიმე ქვეყნის მოქმედება საფრთხეს შეუქმნის სხვა ქვეყნის უსაფრთხოებას, ეს ჩაითვლება უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის დარღვევად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩინეთი და რუსეთი თვლიან, რომ არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა გაამყაროს საკუთარი უსაფრთხოება სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე და მხოლოდ ასეა შესაძლებელი ევროპული უსაფრთხოების დაბალანსებული და მდგრადი არქიტექტურის შექმნა. მოსკოვისა და პეკინის პოზიციაა, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, მით უფრო უკრაინის ხარჯზე, საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას.
ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის ინსტიტუციონალიზაცია ჯერ არ მომხდარა, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისაგან (BRI) განსხვავებით. მოცემულ ეტაპზე, GSI წარმოადგენს მხოლოდ ჩინეთის ხედვას, გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ. გაეროს (UN) ფარგლებში დაწყებული აქტიური დიპლომატიური კამპანიის ფარგლებში, ჩინეთი შესაძლოა შეეცადოს მხარდამჭერი ქვეყნების ერთგვარი ჯგუფის შექმნას, რათა გაზარდოს ამ ინიციატივის საერთაშორისო გავლენა34. ასევე, მსოფლიოში დღეს არსებული გლობალური კრიზისების ფონზე, უკრაინის ომის ჩათვლით, ჩინეთი შეეცდება, ნატოსა (NATO) და უსაფრთხოების იმ ალიანსების გავლენის შემცირებას, რომლებშიც ლიდერი ვაშინგტონია. შესაბამისად, დღევანდელი გადმოსახედით, ინიციატივის მსოფლიო ან თუნდაც რეგიონული მასშტაბით რეალიზება, მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში ნაკლებად მოსალოდნელია.
გლობალური ლიდერობის გზაზე, ჩინეთის მთავარი სისუსტეა ოფიციალური მოკავშირეების, ე.წ. „უსაფრთხოების ქსელის“ (security network) ფაქტობრივად არარსებობა (ჩრდილოეთ კორეის გარდა)35. რაც შეეხება აშშ-ს, პირიქით, მისი „უსაფრთხოების ქსელი“ განუზომლად დიდია და არ აქვს ანალოგი, როგორც მასშტაბებითა და სტრუქტურით, ისე სხვა მახასიათებლებით36. ამდენად, ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის (GSI) ერთ-ერთი სავარაუდო სტრატეგიული მიზანი, შესაძლოა ამ მოცემულობის შეცვლაც იყოს.
აშშ-ჩინეთის ურთიერთობა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ორმხრივ კავშირს დღევანდელ მსოფლიოში. დიდწილად სწორედ ამ ორი ქვეყნის ქცევა განაპირობებს დანარჩენი მსოფლიოს ბედს. ვაშინგტონი თანამშრომლობს პეკინთან იმ სფეროებში, რომლებშიც ინტერესთა თანხვედრაა და დაუშვებელია უთანხმოებებმა შეაფერხონ საერთო პრიორიტეტების რეალიზაცია. მეტოქეობა მათ შორის იყო, არის და იქნება. მთავარია, მხარეებმა ამ წინააღმდეგობების კონტროლი შეძლონ.
ჩინეთი მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელთაგან შეიძლება გამოიყოს ორი ძირითადი. კერძოდ, ერთი მხრივ, მისი სურვილია პრაგმატული ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთთან, უდიდეს მეზობელთან, რომელიც ბუნებრივი რესურსების და სამხედრო ტექნოლოგიების წყაროა, ხოლო მეორე მხრივ, ჩინეთი სავაჭრო-ეკონომიკური, ტექნოლოგიური კავშირების გაღრმავებას ცდილობს შეერთებულ შტატებთან და განვითარებული დასავლეთის სხვა ქვეყნებთან. პეკინი-ვაშინგტონის ურთიერთობები პერიოდულად რთულდება უკრაინისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამოც. ვაშინგტონი უკმაყოფილოა იმ პოლიტიკით, რასაც ჩინეთის კომუნისტური პარტია ატარებს, მით უფრო ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ სინძიანგში, ჰონგ-კონგსა და ტიბეტში და აძლიერებს ზეწოლას პეკინზე, რაც ამ უკანასკნელის გაღიზიანებას იწვევს. განხეთქილების დამატებითი ფაქტორებია: ტაივანი, სამხრეთ ჩინეთის ზღვა და ა.შ.
უსაფრთხოების დასავლური კონცეფციები (NATO, FVEY, QUAD, AUKUS), რუსეთისა და ჩინეთის მიერ შექმნილი უსაფრთხოების ფორმატების (ОДКБ, ШОС) საწინააღმდეგო პლატფორმებია, რაც ქმნის გლობალური უსაფრთხოების დილემას თანამედროვე მსოფლიოში. რაც შეეხება ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას (GSI), რომელიც ღიაა ყველა ქვეყნისთვის, მისი ერთ-ერთი შესაძლო მიზანი შტატებისა და ნატოს გლობალური როლის დელეგიტიმაციაა. ამ და სხვა მიზეზების გამო, მისი შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია, გართულდება.
https://www.justice.gov/opa/pr/two-chinese-hackers-working-ministry-state-security-charged-global-computer-intrusion [4] U.S. Department of State. 2021. “Department Press Briefing – February 23.” https://www.state.gov/briefings/department-press-briefing-february-23-2021/ [5] MFA of Japan. 2021. “Joint Statement of the Japan-U.S. Security Consultative Committee (Japan-U.S. “2+2”).” March 16, 2021. https://www.mofa.go.jp/na/st/page3e_001112.html [6] MFA of China. 2021. “Foreign Ministry Spokesperson Zhao Lijian’s Regular Press Conference.” March 17, 2021. https://www.fmprc.gov.cn/mfa_eng/xwfw_665399/s2510_665401/2511_665403/202103/t20210317_9721239.html [7] CNBC. 2021. “Here are the highlights from the heated exchange between the U.S. and China in Alaska.” March 19, 2021.https://www.cnbc.com/2021/03/19/here-are-the-highlights-from-the-heated-us-china-exchange-in-alaska.html [8] MFA of China. 2022. “Foreign Ministry Spokesperson Zhao Lijian’s Regular Press Conference.” May 9, 2022. https://www.fmprc.gov.cn/mfa_eng/xwfw_665399/s2510_665401/2511_665403/202205/t20220509_10683549.html [9] Ibid. [10] Ibid. [11] U.S. Department of State. 2022. “The Administration’s Approach to the People’s Republic of China, A. J. Blinken, Secretary of State.” May 26, 2022. https://www.state.gov/the-administrations-approach-to-the-peoples-republic-of-china/ [12] Ibid. [13] O’Hanlon, E.M, Sisson, W.M. and Talmadge, C. 2022. “Managing the risks of US-China war: Implementing a strategy of integrated deterrence.” Brookings. September 2022. https://www.brookings.edu/research/managing-the-risks-of-us-china-war-implementing-a-strategy-of-integrated-deterrence/ [14] MFA of China. 2022. “Foreign Ministry Spokesperson Wang Wenbin’s Regular Press Conference on May 27, 2022.”https://www.fmprc.gov.cn/mfa_eng/xwfw_665399/s2510_665401/2511_665403/202205/t20220527_10693733.html [15] The White House. 2022. “Statement on the Indo-Pacific Economic Framework for Prosperity.” May 23, 2022. https://www.whitehouse.gov/briefing-room/statements-releases/2022/05/23/statement-on-indo-pacific-economic-framework-for-prosperity/ [16] The White House. 2022. “ASEAN-U.S. Leaders’ Statement on the Establishment of the ASEAN-U.S. Comprehensive Strategic Partnership.” November 12, 2022. https://www.whitehouse.gov/briefing-room/statements-releases/2022/11/12/asean-u-s-leaders-statement-on-the-establishment-of-the-asean-u-s-comprehensive-strategic-partnership/ [17] Congress.gov. 2018. “An Act to encourage visits between the U.S. and Taiwan at all levels, and for other purposes/Taiwan Travel Act, PUBLIC LAW 115–135.” March 16, 2018. https://www.congress.gov/115/plaws/publ135/PLAW-115publ135.pdf [18] South China Morning Post. 2020. “Donald Trump signs TAIPEI Act to support Taiwan’s international relations.” March 27, 2020. https://www.scmp.com/news/china/diplomacy/article/3077192/donald-trump-signs-taipei-act-support-taiwans-international?module=perpetual_scroll_0&pgtype=article&campaign=3077192 [19] Chen, K. 2022. “Nancy Pelosi’s visit to Taiwan causes an ongoing Chinese tantrum in the Taiwan Strait.” The Conversation, August 8, 2022. https://theconversation.com/nancy-pelosis-visit-to-taiwan-causes-an-ongoing-chinese-tantrum-in-the-taiwan-strait-188205 [20]U.S. Department of Commerce. 2021. “U.S. Trade with China.” https://www.bis.doc.gov/index.php/country-papers/2971-2021-statistical-analysis-of-u-s-trade-with-china/file [21] Ibid. [22] The White House. 2022. “Notice on the Continuation of the National Emergency with Respect to the Threat from Securities Investments that Finance Certain Companies of China.” November 8, 2022. https://www.whitehouse.gov/briefing-room/presidential-actions/2022/11/08/notice-on-the-continuation-of-the-national-emergency-with-respect-to-the-threat-from-securities-investments-that-finance-certain-companies-of-the-peoples-republic-of-china-2/ [23] MFA of China. 2022. “Foreign Ministry Spokesperson Zhao Lijian’s Regular Press Conference.” November 9, 2022.
https://www.fmprc.gov.cn/mfa_eng/xwfw_665399/s2510_665401/2511_665403/202211/t20221109_10891661.html [24] The New York Times. 2022. “U.S. and China Restart Climate Talks.” November 14, 2022. https://www.nytimes.com/2022/ 11/14/business/china-us-climate-change.html [25] The White House. 2022. U.S. National Security Strategy.” October 12, 2022. https://www.whitehouse.gov/wp-content/ uploads/2022/10/Biden-Harris-Administrations-National-Security-Strategy-10.2022.pdf [26] Ibid. [27] Ibid. [28] Kremlin. Ru. 2022. “Совместное Заявление Российской Федерации и Китайской Народной Республики о Международных отношениях, вступающих в новую эпоху, и глобальном устойчивом развитии.” 4 февраля 2022 года. http://kremlin.ru/supplement/5770 [29] NATO. 2022. “Statement by NATO Heads of State and Government.” March 24, 2022. https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_193719.htm [30] The White House. 2022. “Readout of President Joe Biden’s Meeting with President Xi Jinping of the People’s Republic of China.” November 14, 2022. https://www.whitehouse.gov/briefing-room/statements-releases/2022/11/14/readout-of-president-joe-bidens-meeting-with-president-xi-jinping-of-the-peoples-republic-of-china/ [31] The White House. 2022. “G20 Bali Leaders’ Declaration.” November 16, 2022. https://www.whitehouse.gov/briefing-room/statements-releases/2022/11/16/g20-bali-leaders-declaration/ [32] MFA of China. 2022. “President Xi Jinping Meets with German Chancellor Olaf Scholz.” November 4, 2022.https://www.fmprc.gov.cn/mfa_eng/zxxx_662805/202211/t20221104_10800546.html [33] Xinhua News Agency. 2022. “Xi Focus: Xi proposes Global Security Initiative.” April 21, 2022. https://english.news.cn/ 20220421/2c0c40da15af4dbeabb1df4d8a9911be/c.html [34] United States Institute of Peace. 2022. “Xi Kicks Off Campaign for a Chinese Vision of Global Security.” October 5, 2022. https://www.usip.org/publications/2022/10/xi-kicks-campaign-chinese-vision-global-security [35] Norrlof, C and Wohlforth. G. W. 2019. “Raison de l’Hégémonie (The Hegemon’s Interest): Theory of the Costs and Benefits of Hegemony.” Security Studies, 28(3);422-450, DOI: 10.1080/09636412.2019.1604982 [36] Ibid.
სქოლიო
* 2019 წელს, შტატებმა ჩინური კომპანია „Huawei“ შეიყვანა შავ სიაში იმ მოტივით, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას აქვს პირდაპირი წვდომა მის ქსელში მოხვედრილ ინფორმაციაზე. 2020 წელს, სანქციები იქნა შემოღებული ჩინეთის მიკროსქემების უმსხვილესი მწარმოებლის „SMIC“ მიმართაც.
* 2017 წლის დეკემბერში, პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარდგენილ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, ჩინეთი მოხსენიებულია, როგორც „გრძელვადიანი სტრატეგიული კონკურენტი“ (long-term strategic competitor). 2020 წლის 12 ნოემბერს, №13959 ბრძანებით (Executive Order 13959), დონალდ ტრამპმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის წინაშე მდგარი საფრთხეების აღმოსაფხვრელად. ეს გამოწვეული იყო აშშ-ის მიერ ზოგიერთი ჩინური კომპანიის ფასიან ქაღალდებში განხორციელებული ინვესტიციებით. ამას მოყვა, ჯო ბაიდენის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანება №14032, რომელმაც გააფართოვა №13959 ბრძანების მოქმედების არეალი და მასშტაბები. 2022 წლის ოქტომბერში ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში პეკინი, მოსკოვთან ერთად, კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად. იმავე დროს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინეთი ერთადერთი კონკურენტია (the only competitor), რომელსაც განზრახული აქვს საერთაშორისო წესრიგის შეცვლა და აქვს მზარდი ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ტექნოლოგიური რესურსი საამისოდ.
* China-US Three Joint Communiqués: აშშ-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობის ფუნდამენტური დოკუმენტები; 1972 წლის კომუნიკეთი, ვაშინგტონი აღიარებს, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია; 1978 წლის კომუნიკეთი, აშშ-ს და ჩინეთს შორის დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა ვაშინგტონმა შეინარჩუნა ეკონომიკურ-კულტურული კავშირი კუნძულთან; 1982 წლის კომუნიკეთი, მხარეები ადასტურებენ წინა ორ კომუნიკეში ასახულ დებულებებს.
* Taiwan Relations Act: მიღებულ იქნა კონგრესის მიერ 1979 წელს, დღესაც ძალაშია და ითვალისწინებს ვაშინგტონის მიერ ტაივანის მხარდაჭერას და დაცვას, უსაფრთხოების ჩათვლით.
* The Six Assurances to Taiwan: აშშ-ის საგარეო პოლიტიკის 6 მთავარი პრინციპი ტაივანთან ურთიერთობებში. დაერთო ცალმხრივი განმარტებების სახით აშშ-ჩინეთის 1982 წლის კომუნიკეს და იძლეოდა გარანტიას, რომ აშშ გააგრძელებდა ტაივანის მხარდაჭერას, ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის მიუხედავად.
* დავით პიპინაშვილი – საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სარჩევი
საქართველოს ევროპული პერსპექტივა: ახალი ბიძგი ინსტიტუციური და ყოველდღიური ინტეგრაციისთვის
თეიმურაზ ჯანჯალია
დასავლეთის პასუხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე – სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ნორმატიული ასპექტების ანალიზი
გიორგი რობაქიძე
ნატოს გაფართოების ახალი ტალღა: რუსეთის რეაგირება და ასპირანტი ქვეყნების შესაძლებლობები
ირინე ხულუზაური