აღმოსავლეთ-პარტნიორობის მომავალი და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ახალი პერსპექტივები
აბსტრაქტი

სტატიაში განხილულია აღმოსავლეთ-პარტნიორობის ინიციატივის განვითარების გზა, პარტნიორობის 13 წლის თავზე მიღწეული შედეგები და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. სტატია ასევე მიმოიხილავს 2021 წლის 15 დეკემბერს ჩატარებული სამიტის შედეგებსა და აღმოსავლეთ-პარტნიორობის ინიციატივის სამომავლო პერსპექტივებსა და გამოწვევებს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის ფონზე, განხილულია საქართველოს მხრიდან წევრობაზე განაცხადის გაკეთების გადაწყვეტილების მნიშვნელობა და შესაძლო შედეგები.

ბაია კაპანაძე

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მზარდი დინამიკით ხასიათდება. ორმხრივი ურთიერთობები, მალევე, 1996 წელს „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების (PCA) გაფორმებით და 2004 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში (ENP) მონაწილეობით განისაზღვრა. სამეზობლო პოლიტიკა მიზნად ისახავს ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთდაახლოების პროცესის მხარდაჭერას.1

ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმაც განაპირობა, როგორიცაა ხმელთაშუა ზღვის კავშირის ჩამოყალიბება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, რომელმაც საჭირო გახადა ევროკავშირის აქტიური მონაწილეობა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და დემოკრატიული პრინციპების გავრცელებაში. შედეგად, 2009 წელს აღმოსავლეთ-პარტნიორობის (Eastern Partnership – EaP) ინიციატივა ჩამოყალიბდა, რომლის მიზანიც, მთელი რიგი ორმხრივი და მრავალმხრივი ინიციატივების მეშვეობით, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დემოკრატიისა და კეთილდღეობის განმტკიცება იყო.2

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ-პარტნიორობა ევროკავშირში გაწევრიანების კომპონენტს მკაფიოდ არ მოიაზრებდა, პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესმა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას შეუწყო ხელი. აღმოსავლეთ-პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები, რომლებმაც საქართველოს ხელშესახები შედეგები მოუტანა და ასოცირებული ქვეყნის სტატუსამდე მიიყვანა, 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთგვარი წინაპირობაც გახდა; თუმცა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილმა საერთაშორისო პოლიტიკური გარემომ განაპირობა საქართველოს მხრიდან 2022 წლის 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაჩქარებული წარდგენა.

აღმოსავლეთ-პარტნიორობის განვითარების გზის განსახილველად, სტატიაში პირველ რიგში აღწერილია ინიციატივის შექმნის მნიშვნელობა და მიზანი; პარტნიორობის 13 წლის თავზე არსებული შედეგებისა და მოლოდინების მიმოხილვით, გაანალიზდება აღმოსავლეთ-პარტნიორობის ბოლო სამიტზე განხილული საკითხები და პარტნიორობის ფორმატის მომავალი, მათ შორის, ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე.

2004 წლის გაფართოების შემდეგ, ევროკავშირმა, სამხრეთით და აღმოსავლეთით მყოფ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და კავშირების დამყარების მიზნით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა შექმნა.3 აღმოსავლეთ-პარტნიორობა, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთის ჩარჩო-ურთიერთობა, ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე ექვს მეზობელ ქვეყანასთან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) გაფორმდა და, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ურთიერთობებს გულისხმობდა.

აღმოსავლეთი პარტნიორობის ინიციატივა ოთხი ფართო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად, რომლებშიც ერთიანდება: დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, ენერგოუსაფრთხოება და ხალხთაშორისი კავშირები.4 EaP-ის მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს ექვსი ფლაგმანი ინიციატივა წარმოადგენს, რომელიც პარტნიორობას დამატებით სტიმულს და კონკრეტულ შინაარსს სძენს. სწორედ ფლაგმანი ინიციატივების დახმარებით ხდება სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან დაფინანსების მოპოვება და კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვა. აღმოსავლეთ-პარტნიორობის ფლაგმანი ინიციატივები გულისხმობს, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმს, ისე ენერგიის მოწოდების ალტერნატიული წყაროს მოძიებას და გარემოს დაცვის ხელშეწყობას და კლიმატის ცვლილებების საკითხზე არსებული პრობლემების გადაჭრას.5

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ-პარტნიორობის ზოგიერთმა პარტნიორმა ქვეყანამ უფრო დროულად უზრუნველყო ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და, შესაბამისად, უფრო სწრაფად დაიწყო ევროკავშირთან როგორც ეკონომიური ინტეგრაცია ისე პოლიტიკური ასოციაცია. მაგალითად, საქართველომ და მოლდოვამ 2014 წელს მოაწერეს ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ხოლო უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად (2014 წლის სახალხო პროტესტი უკრაინაში და რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია) უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ იმავე წელს მოაწერა ხელი შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად რუსეთის ზეწოლის ქვეშ მყოფმა ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ 2013 წელს უარი განაცხადა შეთანხმების ხელმოწერაზე; შედეგად, აღნიშნული სამი ქვეყნის ასოცირების პროცესი ფორმალურად 2016 წელს დასრულდა.6

დანარჩენ სამ პარტნიორ ქვეყანასთან უფრო რთული აღმოჩნდა მსგავსი მოლაპარაკებების წარმოება. ამ კუთხით აღსანიშნავია, რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები და მისი გავლენა რეგიონზე. სომხეთმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და 2015 წელს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა. 2021 წლის მარტში ძალაში შევიდა „ყოვლისმომცველი და გაღრმავებული პარტნიორობის შეთანხმება“ (რომელიც არ მოიცავს DCFTA კომპონენტს), რომლის ხელმოწერაზე მოლაპარაკებები 2018 წელს დაიწყო.7 ასევე, აღსანიშნავია, რომ 1999 წლის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ჩანაცვლების მიზნით, მსგავს შეთანხმებაზე აზერბაიჯანთან 2017 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.8 აღსანიშნავია ბელარუსსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესება, რამაც 2021 წლის 28 ივნისს ბელარუსთან პარტნიორობის შეჩერება გამოიწვია.9

აღმოსავლეთ-პარტნიორობამ, როგორც მრავალმხრივმა ინსტრუმენტმა, ხელშესახები შედეგები მოუტანა ასოცირებულ ქვეყნებს, რაც დამატებითი საფუძველი გახდა ერთობლივი ასოცირებული ტრიოს ინიციატივის (Associated Trio) ჩამოყალიბებისთვის.10 2021 წელს ჩატარებული სამიტის შედეგად, სამი ქვეყნის პრეზიდენტმა ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით მოუწოდა ევროკავშირს, აღიაროს ამ ქვეყნების სამომავლო პერსპექტივა, რომ ერთ დღეს ისინი გახდებიან ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები.

ევროკავშირის მიერ პარტნიორ სახელმწიფოთა დიფერენციაციის მთავარი საფუძველი მათი მხრიდან სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENI) ეფექტიანი განხორციელება, ENP-ის სამოქმედო გეგმებში განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების შიდა რეფორმების გატარება და ქვეყნების მხრიდან ევროინტეგრაციისკენ დეკლარირებული პოზიციაა. ასოცირებული ტრიოს ქვეყნები 2016 წლიდან აქტიურად ახორციელებდნენ რეფორმებს, რასაც ცხადყოფს ევროკავშირში ასოცირების სამოქმედო გეგმის შესრულების ყოველწლიური ანგარიშები;11 აღნიშნული მათ, ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, აღმოსავლეთ-პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან შედარებით მოწინავე მდგომარეობაში აყენებს. ამ მხრივ საყურადღებოა სამოქალაქო ფორუმის მიერ გამოქვეყნებული „აღმოსავლეთ-პარტნიორობის 2020-2021 წლების ინდექსი“, რომელიც აფასებს ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირთან ნორმატიული და საკანონმდებლო დაახლოების დონეს. დოკუმენტის მიხედვით, ტრიოს ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება კიდევ უფრო განავითარებს აღნიშნული ქვეყნების საბაზრო ეკონომიკას, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას.12

ევროკომისიის მიერ 2019 და 2020 წლებში ჩატარებული ფართო და ვრცელი კონსულტაციების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ-პარტნიორობამ კონკრეტული, პოზიტიური შედეგები მოუტანა, როგორც პარტნიორი ქვეყნებს, ისე – ევროკავშირს.13 აღსანიშნავია აღმოსავლეთ-პარტნიორობის სამი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა და მოლდოვა) მიერ მიღწეული შედეგები და მათი ევროპული მისწრაფებები. ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა,14 რამაც დამატებითი გამოწვევები შექმნა რუსეთისთვის, რომელსაც სტრატეგიული ინტერესები გააჩნია რეგიონში. საგანმანათლებლო კუთხით, სამივე პარტნიორ ქვეყანაში წარმატებულად ხორციელდება სტუდენტთა გაცვლის პროგრამა Erasmus+, რომელშიც 2015 წლიდან 43000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.15 ეკონომიკური და საგანმანათლებლო კავშირები გაუმჯობესდა აღმოსავლეთ-პარტნიორობის დანარჩენ სახელმწიფოებთანაც.16

აღსანიშნავია ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიზნით განხორციელებული პროექტების მხარდაჭერა. ასევე მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით ვიზალიბერალიზაციისა და ვიზაფასილიტაციის პროცესი, რომელმაც ხელი შეუწყო ასოცირებული პარტნიორების მოსახლეობის უვიზო გადაადგილებას, ხოლო სხვა ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაში ვიზის გამარტივებულ მოპოვებას. აღსანიშნავია, რომ ასოცირებულმა ქვეყნებმა ბევრი რამ შეცვალეს სხვადასხვა პრიორიტეტული სექტორული მიმართულებებით, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, შრომის უსაფრთხოება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; მტკივნეული რეფორმების გატარების ფონზე, საკმაოდ მაღალია: ემიგრაცია განვითარებულ ქვეყნებში, უმუშევრობა და პოლიტიკური არასტაბილურობა.17

არსებული პრობლემური საკითხების აღმოფხვრის მიზნით, ევროკავშირის ინიციირებით უკვე შემუშავდა ორი მასშტაბური გეგმა, რომელშიც რეგიონისთვის საყოველთაო სარგებლის მომტანი პრიორიტეტებია ასახული. ერთ-ერთია 2017 წლის ნოემბერში გამართულ, აღმოსავლეთ-პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ დამტკიცებული რეფორმების გეგმა „20 შედეგი 2020 წლისთვის“,18 რომელმაც უკვე მოუტანა ხელშესახები სარგებელი მოქალაქეებს პარტნიორ ქვეყნებში ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეკონომიკა, მმართველობა, კავშირები და საზოგადოება. მიუხედავად ამისა, პრობლემების ნაწილი კვლავ გადასაჭრელია, განსაკუთრებით კი, – კანონის უზენაესობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებში.19

ამავდროულად, COVID-19 პანდემიის შემდგომი პერიოდისათვის, შემუშავდა ახალი გეგმა „აღდგენა, გამძლეობა და რეფორმები 2020 წლის შემდგომ პერიოდში“, რომელიც 2021 წლის ივლისში ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სამუშაო დოკუმენტს ეყრდნობა და რომლის მიხედვითაც, მომდევნო წლებში, პარტნიორობის ფარგლებში, თანამშრომლობა ორ მთავარ საყრდენზე იქნება დაშენებული: მმართველობა და ინვესტიციები. ამასთანავე, გეგმაში განსაკუთრებული ადგილი კლიმატის ცვლილების შედეგების შემცირებისა და გარემოს დაცვის საკითხებსაც დაეთმობა.20 აღსანიშნავია ევროკავშირის მხრიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება აღმოსავლეთ-პარტნიორობის, როგორც წარმატებული ინიციატივისადმი, რომელმაც „მოლოდინები გაამართლა და წარმატებასა და ეფექტიანობაზე ორიენტირებული პროექტი გახდა“.21 წევრი ქვეყნების მეთაურების მხრიდან სამომავლო ნაბიჯებზე გამახვილდა ყურადღება, რაც მიზნად ისახავს: უკვე მიღწეული შედეგების განმტკიცებას, პარტნიორ ქვეყნებში სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის განვითარებას, ჰიბრიდული საფრთხეებისა და დეზინფორმაციის კუთხით განათლების პროგრამების განხორციელებასა და უფრო ამბიციური პარტნიორებისთვის, ევროკავშირის პირობითობასა და სტიმულირებაზე დაფუძნებული „მეტი მეტისთვის“ მიდგომის საფუძველზე, დამატებითი სარგებლის მოტანას.22

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვისაც დიფერენციაციის პრინციპი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან კონკრეტულ პარტნიორ ქვეყანაზე მორგებულ მიდგომას უფრო მეტი შესაძლებლობების მოტანა შეუძლია, რადგან ასეთი მიდგომა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის უფრო დამოუკიდებლად მართვის საშუალებას იძლევა, როგორც დროის, ისე ხარისხის კუთხით.23 აღმოსავლეთ-პარტნიორობის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა დონის შეხვედრებსა თუ ევროკავშირის ანგარიშებში, საქართველო სახელდება, როგორც მოწინავე ქვეყანა რეგიონში და არსებობს შესაბამისი მოლოდინები, რომ მან მომავალშიც უნდა შეინარჩუნოს ეს სტატუსი. 24 აღნიშნული განპირობებულია ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესრულების დინამიკითა და ეტაპობრივი და ზედმიწევნითი ევროინტეგრაციის პროცესით. ამასთან, ენერგო-თანამეგობრობის წევრობა, უსაფრთხოების დიალოგის კონტექსტში დაფუძნებული განსაკუთრებული ფორმატები და ევროკავშირთან უმაღლესი დონის დიალოგი ასევე ადასტურებს საქართველოს ლიდერობას რეგიონში.25

საქართველოს მხრიდან ლიდერი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველოს სამთავრობო გეგმაში უკვე ასახულია ის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა განხორციელებაცაა საჭირო ამ კუთხით.26 ასევე ასახულია ის სფეროები, რომლებშიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული: უვიზო რეჟიმის მოპოვება, საგანმანათლებლო პროგრამა Erasmus+, Horizon 2020, ევროპული სკოლა, ევროკავშირთან საქართველოს ვაჭრობის ზრდა, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობა.27

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, აღმოსავლეთ-პარტნიორობის ინიციატივა დაეხმარა საქართველოს ტრანსფორმაციასა და მოდერნიზაციაში და ხელს უწყობს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას. მისი განცხადებით, დღეს საქართველო არის ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორი. სწორედ ამიტომ გაჩნდა ამბიცია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადის გაკეთების თაობაზე, რაც სრულფასოვან ინტეგრაციასა და მომავალში ევროკავშირის წევრობას გულისხმობს.28 თუმცა, რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, კერძოდ, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის გამო, საქართველომ, სხვა ასოცირებულ პარტნიორებთან ერთად, 2022 წლის 3 მარტს დაჩქარებული წესით შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.29

აღმოსავლეთ-პარტნიორობის ფარგლებში, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების თვალსაზრისით, არსებობს რიგი სექტორები, რომლებიც საქართველოსთვის ამ ეტაპზე გამოწვევას წარმოადგენს, ესენია: ტრანსპორტი, გარემოს დაცვა და დაზღვევა. რეფორმების დანერგვა ამ სფეროებში დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული და მოკლევადიან პერიოდში ის არაპოპულარულია მოსახლეობაში.30 შესაბამისად, ამ რეფორმების განხორციელების შეფერხება ქმნის საფრთხეს, რომ საქართველოს მოწინავე ქვეყნის როლი ჩამოერთვას, რაც თავისთავად შესაძლოა დაფინანსების შემცირებისა და „ნაკლები ნაკლებისთვის“ პრინციპის ამუშავების წინაპირობა იყოს.31 ამ კუთხით აუცილებელია, ევროკავშირთან მუდმივი კომუნიკაცია და შესაბამისი არგუმენტაციის ქონა.

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაჩქარებულად წარდგენის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების გაგრძელება. იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება ევროკომისიის დასკვნა საქართველოს წევრობის განაცხადზე (კანდიდატის სტატუსის თუ პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭება), ასოცირების შეთანხმება კვლავ დარჩება მექანიზმად, რომლის შესრულება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ევროკავშირის წევრობის შემდგომ ეტაპებზე საქართველოს პროგრესს.

2021 წლის 15 დეკემბერს აღმოსავლეთ-პარტნიორობის სამიტზე პარტნიორობის ხუთმა ქვეყანამ შეიმუშავა პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც ასახულია ევროკავშირის მხრიდან რეგიონში კეთილდღეობის ზრდის, მშვიდობის, სტაბილურობის, მდგრადობისა და მედეგობის მხარდაჭერა. ასევე, დიფერენციაციისა და ინკლუზიურობის პრინციპების გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ-პარტნიორობის ფარგლებში „ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით“ ტრიოს ინიციატივის მიმართ მტკიცე მხარდაჭერაზე.32 აღმოსავლეთ-პარტნიორობის რიგით მე-6 სამიტის დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია დანარჩენ სამ ქვეყანასთან პარტნიორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა. ევროკავშირის მხრიდან აღინიშნა, სომხეთსა და ევროკავშირს შორის „ყოვლისმომცველი და გაღრმავებული პარტნიორობის შეთანხმების“ 2021 წლის მარტში ძალაში შესვლის მნიშვნელობა და ამავე მიმართულებით ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ახალ ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი. ასევე დეკლარაციაში გამოითქვა სინანული ბელარუსი ხელისუფლების მხრიდან აღმოსავლეთ-პარტნიორობაში მონაწილეობის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ.33 დეკლარაციით განისაზღვრა ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას ენერგეტიკული უსაფრთხოების, მართლმსაჯულების, სტრატეგიული კომუნიკაციის, ჯანდაცვის, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროების მიმართულებით.34

უახლესი სამიტის დეკლარაციით რეგიონში განსაზღვრული კონკრეტული ინიციატივებით, ნათლად ჩანს ევროკავშირის ერთიანი მიდგომა აღმოსავლეთ-პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივასთან მიმართებით, მიუხედავად ასოცირებული ტრიოს მცდელობისა, რომ განასხვაოს პარტნიორი ქვეყნები. შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ-პარტნიორობა კვლავ რჩება სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტად, რომელიც ექვს პარტნიორ ქვეყანასთან პარტნიორობას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ-პარტნიორობის ინიციატივამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების, ასევე, ასოცირებული ტრიოს შემთხვევაში, პოლიტიკური დაახლოების მხრივ, პარტნიორ ქვეყნებში კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები კარგი მმართველობის მიმართულებით35 და რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების კუთხით. ასოცირებული ქვეყნების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები შეუძლებელს ხდის ოკუპირებულ რეგიონებში აღმოსავლეთ-პარტნიორობის სარგებლის სრულფასოვან გავრცელებასა და ინსტიტუტების ფუნქციონირებას.36 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომის შედეგად შეცვლილი ვითარება და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კვლავ არსებული პოლიტიკური განსხვავებები, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ბელარუსის ახლანდელი ხელისუფლების თანამონაწილეობა, ართულებს აღმოსავლეთ-პარტნიორობის ქვეყნებს შორის მრავალმხრივ თანამშრომლობას.

დაარსებიდან ცამეტი წლის შემდეგ, აღმოსავლეთ-პარტნიორობის ინიციატივა გარდამტეხ ფაზაში შედის. ერთი მხრივ, უმჯობესდება ევროკავშირსა და პარტნიორებს შორის ეკონომიკური, ხალხთაშორისი და პოლიტიკური კავშირები, მეორე მხრივ, იკვეთება პარტნიორობის ქვეყნების შორის განსხვავებული ევროპული მისწრაფებები. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ურთიერთობები ევროკავშირთან ხარისხობრივად განსხვავდება აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელარუსის ევროკავშირთან ურთიერთობებისგან. ამ განსხვავებების მიუხედავად, ევროკავშირი აღმოსავლეთ-პარტნიორობის მიმართ ერთიანი პოლიტიკის გატარებას ემხრობა და კვლავ, როგორც ექვსის პარტნიორობას მოიაზრებს. მისი საფუძველი დიფერენციაციის პრინციპია, რომლის მიხედვითაც, თითოეული პარტნიორი თავად განსაზღვრავს ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების ხარისხს. ბოლო დროს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა (ბელარუსის მხრიდან აღმოსავლეთ-პარტნიორობის დატოვება, 2020 წლის ყარაბაღის ომი, რუსეთ-უკრაინის ომი) აჩვენა აღმოსავლეთ-პარტნიორობის წინაშე არსებული გამოწვევები.

იმისათვის, რომ აღმოსავლეთ-პარტნიორობა დარჩეს რეგიონული თანამშრომლობის მძლავრ ინსტრუმენტად სამეზობლოში და ევროკავშირის უფრო ამბიციური საგარეო პოლიტიკის სამაგალითო მოდელად, რომელიც ფოკუსირებულია გეოსტრატეგიულ მიზნებზე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ-პარტნიორობა, როგორც სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტი და გაძლიერდეს ასოცირებულ ტრიოსთან დიფერენციაციის პრინციპი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომამდე, არ არსებობდა კონკრეტული მოსაზრება ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მიცემასთან დაკავშირებით. თუმცა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, რასაც მოჰყვა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაჩქარებული წარდგენა, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ლიდერების კონსენსუსი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების სასარგებლოდ შეცვალოს. ევროკავშირის პასუხი ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირის წევრობის განაცხადზე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს აღმოსავლეთ-პარტნიორობის მომავალსა და მის შემდგომ განვითარებას.

[1] საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. n.d. „ევროპული სამეზობლო პოლიტიკა.“ https://old.infocenter.gov.ge/euinfo-the-eastern-partnership

[2] Council of the European Union. 2009. “Joint Declaration of the Prague Eastern Partnership Summit.” 7 May, 2009. https://www.consilium.europa.eu/media/31797/2009_eap_declaration.pdf

[3] Walter, Aaron Thomas. 2020. “Future Of The Eastern Partnership In The Region”. In Analyzing Political Tensions Between Ukraine, Russia, And The EU, 1st ed., 42-60. Denmark: Billund Kommunes Museer.

[4] შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. n.d. „აღმოსავლეთ პარტნიორობა სიტყვარი.“ https://smr.gov.ge/uploads/prev/__d7f81b04.pdf

[5] European Commission. 2021. “Q/A: The Eastern Partnership post 2020 priorities.” July 2, 2021. https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/QANDA_21_3381

[6] Darchiashvili, David and Bakradze, David. 2019. “The EU Eastern Partnership Initiative And Georgia”. Politeja. No. 5(62): 117-140. doi:10.12797/politeja.16.2019.62.07

[7] European Council-Council of the European Union. n.d. “EU Relations with Armenia.” https://www.consilium.europa.eu/en/policies/eastern-partnership/armenia/

[8] European Council-Council of the European Union. n.d. “EU Relations with Azerbaijan.” https://www.consilium.europa.eu/en/policies/eastern-partnership/azerbaijan/

[9] Mirel, Pierre. 2021. “The Eastern Partnership: Between Resilience and Interference”. European Issues N°589. Foundation Robert Schuman. https://www.robert-schuman.eu/en/doc/questions-d-europe/qe-589-en.pdf

[10] Euractiv. 2021. “The Associated Trio in Action.” Special Report, pp.1-17. https://en.euractiv.eu/wp-content/uploads/sites/2/special-report/The-Associated-Trio-in-action-Special-Report-1.pdf

[11] საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. n.d. „ასოცირების შეთანხმებისა და დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმები.“ MFA.gov.ge

[12] Eastern Partnership Civil Society Forum. 2021. “Eastern Partnership Index 2020-21. Charting Performance in the Eastern Partnership: Democracy and Good Governance, Policy Convergence and Sustainable Development.” https://eap-csf.eu/wp-content/uploads/EaP-Index-2020-2021.pdf

[13] European Commission. 2021. “Q/A: The Eastern Partnership post 2020 priorities.” July 2, 2021. https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/QANDA_21_3381

[14] Przetacznik, Jakub and Russell, Martin. 2021. “Eastern Partnership post-2020 agenda.” EPRS European Parliamentary Research Service, pp.1-30. https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/IDAN/2021/698858/EPRS_IDA(2021)698858_EN.pdf

[15] European Commission. 2022. “EU-Eastern Partnership cooperation through Erasmus+.” https://ec.europa.eu/assets/eac/erasmus-plus/factsheets/regional/easternpartnership-regional-erasmusplus-2020.pdf

[16] euneighbours. 2019. “Top 10 Achievements of the Eastern Partnership in the last 10 years.” https://www.euneighbours.eu/sites/default/files/publications/2019-05/Factsheet_EAP_10Years_2019_EN_0.pdf

[17]Mirel, Pierre. 2021. “The Eastern Partnership: Between Resilience and Interference”. European Issues No. 589. Foundation Robert Schuman. https://www.robert-schuman.eu/en/doc/questions-d-europe/qe-589-en.pdf

[18] European Commission. 2021. “20 Deliverables For 2020: Bringing Tangible Results For Citizens.” https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/system/files/202111/112021_eap_deliverables_factsheet_2021_eng.pdf

[19] European Commission. 2021. “Q/A: The Eastern Partnership post 2020 priorities.” July 2, 2021. https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/QANDA_21_3381

[20] European Commission. 2021. „Recovery, Resilience and Reform: Post 2020 Eastern Partnership Priorities.” https://eeas.europa.eu/sites/default/files/swd_2021_186_f1_joint_staff_working_paper_en_v2_p1_1356457_0.pdf

[21] საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 2019. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ უაღრესად წარმატებული პროექტია და ის ევროკავშირის დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ საკითხად დარჩება -ააღ მარგოტ ვალსტრომი.“ https://mfa.gov.ge/News/agmosavlet-partnioroba-uagresad-carmatebuli-proeqt.aspx

[22] საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 2019. „ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით პარტნიორ ქვეყნებს უფრო ამბიციური პერსპექტივები უნდა შესთავაზონ.“ https://mfa.gov.ge/News/chekhetis-sagareo-saqmeta-ministris-ganckhadebit-p.aspx

[23] საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 2021. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა. Ebook. 1st ed. თბილისი

[24] Blockmans, Steven. 2018. “Georgia’s European Way: What’s Next?”. Eastern Partnership Civil Society Forum. https://eap-csf.eu/georgias-european-way-whats-next/

[25]European Commission. 2021. “2021 Association Implementation Report In Georgia.” 2021. https://eeas.europa.eu/sites/default/files/2021_association_implementation_report_in_georgia.pdf

[26] საქართველოს მთავრობა. 2020. „სამთავრობო პროგრამა 2021-2024: „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის““. http://gov.ge/files/68_78117_645287_govprogramme2021-2024.pdf

[27]საქართველოს მთავრობა. 2019. „სამთავრობო პროგრამა 2019-2020.“ https://bit.ly/3IMXSa3 ; The Council of the European Union and the European Council. 2020. “Facts and Figures About EU-Georgia Relations. 2020.”. https://www.consilium.europa.eu/media/44400/685-annex-5-d-georgia-factsheet.pdf

[28] საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 2019. „ბათუმის კონფერენციის ფარგლებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პერსპექტივებზე სესიის „სიცოცხლე ასოცირების შემდეგ: უფრო მაღალი მიზნის ძიებაში“ იმსჯელეს.“ https://mfa.gov.ge/News/batumis-konferenciis-farglebshi-agmosavlet-partnio.aspx

[29] საქართველოს მთავრობა. 2022. „ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.“ https://www.gov.ge/print.php?gg=1&sec_id=573&info_id=81400&lang_id=GEO

[30] საქართველოს მთავრობა. 2020. „სამთავრობო პროგრამა 2021-2024: „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის““. http://gov.ge/files/68_78117_645287_govprogramme2021-2024.pdf

[31] European Commission. 2021. “Eastern Partnership Summit- Joint Declaration.” December 15, 2021. https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/news/eastern-partnership-summit-joint-declaration-2021-12-15_en

[32] Ibid.

[33] Ibid.

[34] Ibid.

[35] Przetacznik, Jakub and Russell, Martin. 2021. “Eastern Partnership post-2020 agenda.” EPRS European Parliamentary Research Service, pp.1-30. https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/IDAN/2021/698858/EPRS_IDA(2021)698858_EN.pdf

[36] Mirel, Pierre. 2021. “The Eastern Partnership: Between Resilience and Interference”. European Issues No. 589. Foundation Robert Schuman. https://www.robert-schuman.eu/en/doc/questions-d-europe/qe-589-en.pdf

* ბაია კაპანაძე – მესამე მდივანი, ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

სარჩევი