წლის მოხსენება 2019
პროექტი „წლის მოხსენება 2019“ ჩვენი ინსტიტუტის ორგანიზებითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მის ფარგლებში, 2019 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი, მოხსენებით გამოვიდა. მან დამსწრე აუდიტორიასთან ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების ასპექტებზე ისაუბრა.
„ჩემთვის პატივია, რომ ელჩ ლევან მიქელაძის პატივსაცემად გამოსვლა მთხოვეს, ის ჩვენი კარგი მეგობარი იყო, – აღნიშნა მან შეხვედრაზე, – განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე მიწევს საუბარი, მით უფრო ახლა, ამ ღონისძიებაზე, რომელიც ლევანის პატივსაცემად იმართება. მიხარია, რომ ეს ინსტიტუტი აქ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ფუნქციონირებს. ძნელი იქნებოდა იმ პიროვნების უფრო უკეთ შერჩევა, ვის სახელსაც ეს ინსტიტუტი ატარებს, იმიტომ რომ იგი განსაკუთრებით ზრუნავდა საქართველოზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და, ასევე, იმ ახალგაზრდა დიპლომატებზე, რომლებიც აქ სწავლობენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე სხვა საჯარო უწყებების, კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.