საკონსულო კრიზისების მართვა
2018-2019
„მიგრანტები კრიზისულ ქვეყნებში: მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომების მხარდაჭერა ეფექტური და ერთობლივი სახელმწიფო ქმედებებისათვის“ (MICIC), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4-წლიანი პროექტი იყო, რომელიც 2015-2019 წლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ განხორციელდა. მისი ამოცანა იყო სახელმწიფოებისა და სხვა სუბიექტების შესაძლებლობათა გაძლიერება, რომლებიც თავის მხრივ შეძლებდნენ კრიზისულ სიტუაციებში მყოფი მიგრანტებისთვის საჭირო დახმარებისა და დაცვის აღმოჩენას.
2018-2019 წელს დიპლომატიური ინსტიტუტისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში საკონსულო კრიზისების მართვის პროგრამა განხორციელდა. მისი მიზანი იყო საზღვარგარეთ მყოფი საკონსულოების თანამშრომლებისა და დიპლომატიური ინსტიტუტის წარმომადგენელთა მომზადება და სამინისტროსთან ერთად იმ საერთო სამუშაო გეგმის შექმნა, რომელიც მათ კრიზისულ სიტუაციებში მუშაობასა და კრიზისულ ქვეყნებში მცხოვრები მიგრანტების დასახმარებლად დასჭირდებოდათ.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების წესი“, სადაც დეტალურადაა გაწერილი კრიზისებისა და მათთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემა, სამინისტროსა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ, საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა მუშაობის მექანიზმები, მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების ნუსხა. შემუშავდა საკონსულო კრიზისების მართვის მოდული დიპლომატიური ინსტიტუტისათვის და გადამზადდა შესაბამის ტრენერთა ჯგუფი. TOT ანუ ტრენერთა ტრენინგი ორ ეტაპად ჩატარდა. ტრენინგის პირველი ეტაპი დაეთმო სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და მას ბრიტანელი, ამერიკელი, ფრანგი, შვედი და ფილიპინელი ექსპერტები უძღვებოდნენ. მეორე ეტაპი ფოკუსირებული იყო სამინისტროს მიერ შემუშავებულ ზემოთხსენებულ დოკუმენტზე. პროგრამის ფარგლებში გაიმართა სემინარები არა მხოლოდ საკონსულოს, არამედ დიასპორის საკითხებზე მომუშავე სამინისტროს თანამშრომელთათვის.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ ერთწლიანი პროექტით, რომელიც არაერთ სამუშაო შეხვედრასა და სემინარს მოიცავდა, სამინისტრომ და ჩვენმა ინსტიტუტმა ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს კრიზისულ ქვეყნებში ჩვენი საკონსულოების სწორი და თანმიმდევრული ფუნქციონირებისათვის.