კულტურული დიპლომატიის ხელშეწყობა საქართველოში

16-20 სექტემბერი, 2019

კულტურა საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროა, ერთგვარი სოციალური ინსტიტუტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას შორის, ძალზედ მტრულად განწყობილებშიც კი, ყველაზე მარტივი და გასაგები საკომუნიკაციო ენა შეიძლება გახდეს.

დიპლომატიური ინსტიტუტის, შპს „აჭარა ჯგუფისა“ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომლობის შედეგად, თბილისში, კულტურისა და დიპლომატიიის ერთიანობის მნიშვნელობაზე ძალზედ საინტერესო პროექტი განხორციელდა – „კულტურული დიპლომატიის ხელშეწყობა საქართველოში“.

მის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ქართველი დიპლომატები, საჯარო უწყებების შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. პროექტის მთავარი ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მის მონაწილეებს კარგად გაეთავისებინათ, თუ რას ნიშნავს კულტურული დიპლომატია და რა მნიშვნელობა აქვს მას თანამედროვე სამყაროში. პროექტის განმავლობაში, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ამ სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს და მიეღოთ იმ უნარ-ჩვევების პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ასე დასჭირდება თითოეულ მათგანს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს უკეთ პოზიციონირებაში.

„კულტურული დიპლომატიის“ თემაზე კურსს უძღვებოდა კარლ-ერიკ ნორმანი, ევროპის კულტურის პარლამენტის დამფუძნებელი და დირექტორი. მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართა ლექცია კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე, ასევე საჯარო ლექცია თემაზე „ვიზუალური ხელოვნების, მუსიკის, კინოსა და ლიტერატურის როლი საგარეო ურთიერთობებსა და კულტურულ დიპლომატიაში“.